გემი
Appearance
გემი ავტორი: ტერენტი გრანელი |
მარტი, ყვავილი, ცრემლი,
გაწყდა ნერვების ძაფი.
ასე ღამდება, გემი
მიუახლოვდა ნაპირს.
ზღვა სარკესავით ელავს,
სადა ხარ, მე შენ გელი.
ასე ღამდება, ნელა
ზღვიდან იძახის გემი.
ნისლივით მიმაქვს ცისკენ
გლოვა, სხვისი და ჩემი.
ახლა ღამდება ისევ
და ნელა მიდის გემი.