Jump to content

განცხადება

From Wikisource
განცხადება
ავტორი: ქრისტეფორე III
გამოქვეყნდა გაზეთი „კომუნისტი“ N64, 1930 წლის 20 მარტი


რელიგიის თავისუფლება საქართველოში უზრუნველყოფილია საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი კონსტიტუციით და დამატებით საქართველოს ცაკის 1924 წლ. 21 ნოემბრის N124 დადგენილებით. რასაკვირველია, ჩვენში აქვს ადგილი გადამახინჯებებს რელიგიის საკითხებში, მაგალითად, ადგილობრივი ხელისუფლების ზოგიერთი წრეგადასული წარმომადგენლები ხურავენ ეკლესიებს, როცა არა აქვს ამისათვის საკმაო საფუძველი, მაგრამ ასეთ მოვლენებსჰგმობს ცენტრალური საბჭოთა ხელისუფლება. კანონიერებისგან ასეთი დაუშვებელი გადახვევების შესახებ ოფიციალურად იცემა მითითებები, შემდეგში მათი განმეორების თავიდან აცდენის მიზნით. ხოლო უცხოეთის სახელმწიფოების ჩარევა საბჭოთა კავშირის შინაურ საქმეებში, ამ შემთხვევაში რელიგიის საკითხებში, ზედმეტია. ჩვენ ვაღიარებთ საბჭოთა მთავრობის სუვერენიტეტს ყველა შინაურ და საგარეო საკითხების გადაჭრაში და საჭირო შემთხვევებში საქართველოს ეკლესიის სინოდი ეკლესიის შესახებ უდგენს თავის მოსაზრებებს საქ. მთავრობას, რომელიც ამ მოსაზრებებს იღებს მხედველობაში საეკლესიო საკითხების გადაჭრის დროს და გამოაქვს სათანადო დადგენილებები. როგორც, მაგალითად, ამას ადგილი ჰქონდა 1924 წელს, როცა მიღებულ იქნა საქართველოს ცაკის ზემოთ დასახელებული დადგენილება 1924 წლის 21 ნოებრის თარიღით, N124, რომელიც უფლებას აძლევდა შვიდი პირისაგან შემდგარ ჯგუფს, ჰქონოდა ეკლესია და ჰყოლოდა მღვდელთმსახურნი.

რაც შეეხება რომის პაპის და ევროპისა და ამერიკის სხვა სასულიერო სამოქალაქო პირთა გამოსვლებს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა კავშირში, რელიგიის ტავისუფლების დამცველებს არა არავითარი არც ფორმალური და არც ზნეობრივი უფლება ასეთი გამოსვლისათვის. ანდა როგორ დაუშვებს მთავრობა, რომელიც თავის თავს პატივს სცემს, ასეთ ჩარევას თავის შინაურ საქმეებში. ჩრდილოეთ ამერიკაში თვითეულ შტატს (სახელმწიფოს) თავისი კანონმდებლობა აქვს, კერძოდ, რელიგიის საკითხში. 1903-06 წლებში საფრანგეთში რადიკალების (კომბისა და რუვიეს) სამინისტროების დროს პალატამ მიიღო კანონი მონაზვნების კონგრეგაციების წინააღმდეგ. პაპს, მიუხედავად მისი ყოველმხრივი ცდისა, ფრანგებმა არ დაანებეს ჩარევა საფრანგეთის საეკლესიო საქმეებში, საფრანგეთი, რომელსაც რომის ეკლესიის „უფროს ქალიშვილს“ უწოდებენ.

კერძოდ, როცა ვლაპარაკობთ პაპის როლზე, საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგო „ჯვაროსნულ ლაშქრობაზე“, უნდა აღინიშნოს, რომ ის ჯვაროსნული ლაშქრობანი, რომელნიც მოაწყვეს პაპებმა საშვალო საუკუნეებში, ყოველთვის მარცხით დამთავრდა. მათი შედეგი იყო ლაშქრობის მონაწილეთა, „გმირთა“, დიდთა და ბავშთა (ბავშთა ჯვაროსნული ლაშქრობა) მასიური გაჟლეტა, ლათინთა სკანდალური იმპერიის დაარსება მართლმადიდებლურ აღმოსავლეთში და სხვა ამნაირი მოვლენები, საბოლოოდ კი — არაფერი.

ამას რომ თავი დავანებოთ, რელიგიური თავისუფლების დამცველის როლი არ შეეფერებათ პაპებს. ისინი არა მარტო შორეულ წარსულში განირჩეოდენ შეურიგებლობით რელიგიურ მოწინააღმდეგეთა მიმართ (იოანე გუსის ცეცხლზე დაწვა და მრავალი ასეთი მაგალითი), არამედ ეხლაც ასეთსავე შეურიგებლობას იჩენენ სხვა სარწმუნოების მიმდევართა მიმართ, ამას წინად, ა.წ. იანვრის დასაწყისში, ჩვენ ძმა ქრისტესით, პოლონეთის ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიის წინამძღოლი, ვარშავის და ვოლინის დიდად პატივცემული მიტროპოლიტი დიონისე თავის ძმურ მომართვაში გვატყობინებდა მეტად სამწუხარო ამბავს, თუ როგორ ახდენს რომის ეკლესია „ბეთლემელ ყრმათა“ ამოჟლეტას პოლონეთში: „ჩვენს წმინდა მართლმადიდებლურ ეკლესიაზე პოლონეთში, — სწერს მიტროპოლიტი დიონისე — ღმერთმა გასულ (1929 წ.) წელს მოავლინა უბედურება, რომელიც ბეთლემელ ყრმათა გაჟლეტას უდრის, ვინიაიდან რომის ეკლესიას სურს წაგვართვას ჩვენი წმინდა ტაძრების ნახევარი და მათ ორ მილიონზე მეტ მორწმუნე ყრმას (დაახლოებით საქართველოს მოსახლეობას უდრის) მოუსპოს სულიერი საზრდო და საეკლესიო ცხოვრება.“

ასეთი „ყრმათა გაჟლეტა“ ხდება რომის პაპის მფარველობითა და კურთხევით. ეს ცოცხალი მაგალითი რომის პაპების მოღვაწეობიდან ყველასათვის ნათელს ხდის, თუ რა მიზანს ისახავენ რომის პაპა და მისი მოკავშირეები ქადაგებით „ჯვაროსნულ ლაშქრობის“ შესახებ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. მათი მიზანი რელიგიურ თავისუფლების დაცვაა საბჭოთა კავშირში, თუ სხვა რამ?

ღმერთმა დაგვიფაროს „ასეთი მსაჯულებისაგან“, „რელიგიური თავისუფლების დამცველებისაგან“.

ხელ აწერს - საქართველოს პატრიარქი-კათალიკოსი — ქრისტეფორე. 1930 წელი, 20 მარტი.