განშორების შემდეგ

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
განშორების შემდეგ
ავტორი: ტერენტი გრანელი


ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს,
მე შენ მომეცი უწინ პირობა.
შენ იგონებდი შორეულ წარსულს
და როიალიც ჩვენზე ტიროდა.

მიქროდა წამი თანდათანობით,
სულის დაღუპვას ვგრძნობდი წინათაც,
შენ განშორებას უფრო ნანობდი
და თვალში თეთრი ცრემლი ბრწყინავდა.

ნელა წყდებოდა ფოთლები ხეებს
და სადღაც სდუმდა ხე გაძარცული.
შენ იგონებდი გაფრენილ დღეებს
და თვალწინ გედგა ჩვენი წარსული.

ის არ ვიყავი, რასაც ელოდი,
ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს.
მე შეგამჩნიე - იცრემლებოდი
და როიალიც ტიროდა წარსულს.

ჩანდა ღრუბლისგან ცა გაძარცული,
იდგა მიწასთან ღამე გვიანი.
შენ მოგაგონდა ჩვენი წარსული
და მომაჩერდი თვალცრემლიანი.

ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს,
მე შენ მომეცი უწინ პირობა.
შენ იგონებდი შორეულ წარსულს
და როიალიც ჩვენზე ტიროდა.

რესურსები ინტერნეტში[edit]