გამარჯვებული ნიკო
გამარჯვებული ნიკო ავტორი: ეკატერინე გაბაშვილი |
1896 |
გამარჯვებული ნიკო
I
ქალაქი დილის ტკბილს ძილში იყო. არავითარი მოძრაობა არ არღვევდა მოქალაქეთა მოსვენებას; მხოლოდ აქა-იქ დუქნის წინ ასასები ზმორებით და შმუშვნით ილაგებდნენ ლოგინს და მიეშურებოდნენ სახლში. ორი-სამი ეტლი ძილმორეული მეეტლეთი ზლაზვნით და ტაატით მირიხინებდა შინისკენ.
აღმოსავლეთი ოქროსფრად იყო შეღებილი. ჰაერი არ იძვროდა. ცხადი იყო, რომ იმ დღეს საკმაოდ ეცხელებოდა. ამ დილის რიჟრაჟზედ ორი მანდილოსანი ავლაბრის აღმართს შეუდგნენ. უფროსს მძიმედ გატენილი ბოხჩა ჰქონდა იღლიაში, გახუნებულ დრაფის ტალმის ქვეშ და მეორე ხელით წამდაუწუმ იწევდა თავისს კაბის უშველებელ ბოლოს, რომელიც მახესავით ედებოდა ფეხებში და უშლიდა სიარულს. მეორე თანამგზავრი კუდიანის კაბის პატრონისა ახალგაზდა თვრამეტ-ცხრამეტის წლის ქალი იყო; ეს დაღონებულისა და დაძმარებულის სახით მისდევდა თავისს დედას, თუმცა ფიქრით კი სულ სხვაგან იყო.
მზემ ამოაშუქა და ეს ორნი შევიდნენ ავლაბრის მოედნის ერთ ბაკში, სადაც კახეთში წასასვლელი დილიჟნები სდგას ხოლმე. მეეტლე ცხენებს უვლიდა. ქალების დანახვაზედ მეეტლემ ზიზღით და დაცინვით გადაავლო თვალი ახალ მოსულთ და უზრდელად წაიტუტუნა: ,,ვა, მამალს ფთას აღარ შემოაკვრევინებდით, თქვენი სახლი ხომ წყალს არ წაუღია, რომ ასე ადრე მობძანდით?!”
- რას მიჰქარავ, რასა, ვიღაცა ოხერი გდიხარ? - შეუტია უფროსმა ქალმა: - ადრე მოვსულვართ, გვიან ხომ არა, რას ბურტყუნებ? რომ გვეცდევინებინა, მაშინ უფრო მადლობელი იქნებოდი?
- დედა, რას ელაპარაკები? წავიდეთ იქით. კუნჭულში დავსხდეთ სადმე, მანამ სხვა მგზავრებიც შეიკრიბებიან.
ბაკის გარშემო ბოსლები, საქათმეები, საღორეები და კიდევ ბევრი წვრილმანი შენობანი იყო შემორიგებული და ამისთვის ეზო პატივითა და ჭუჭყით იყო მოცული. ჩამოსაჯდომი ალაგი ძნელი სანდო იყო ამ უსუფთაობის გამო და ამისათვის დედა და შვილი მივიდნენ დანგრეულ, გახუნებულ, ადამის ჟამის გაკეთებულ დილიჟანთან და ჩასხდნენ შიგა. მეეტლემ ეხლა უფრო უზრდელად და ხმამაღლა დაიღრიალა: ,,არა, რომ სხდებით, რას სხდებით? ხომ ჰხედავთ. ჯერ ორი საათიც გაივლის წასვლამდე; ყველა ხომ თქვენსავით ღამის მთეველი არ არის, რომ გაუთენებლივ მოვიდეს და ორი საათი უნდა ტყუილად ხეხოთ დილიჟნის სკამის მაუდი?
- ქა, რას ჩაგვაცივდა ეს მამაოხერი? გაგონილა! დედავ და თვალო, ფული ხომ მიღებული გაქვს, რაღას გვერჩი, თავი დაგვანებე! ჩვენის მოსვლით შენ რა დაგაკლდება, სასმელს არა გთხოვთ და საჭმელსა.
- ეგღა გაკლდათ რაღა, საჭმელ-სასმელიც მოგართვათ! მე შენ გითხრა, ,,ნავოდკად” სულ ჭრელ აბაზებს გადმომიყრით. ვოიჰ, მანდილოსანის მგზავრობა კი... - და აქ საშინელის სიტყვით გაილანძღა ქალაქელი კინტო, რაღაც მანქანებით კუჩრად გადაქცეული.
- ოჰ, ღმერთო! ღმერთო! ეს რა მოგვივიდა? - თვალებზე ხელის დაფარებით ამოიკვნესა უმცროსმა ქალმა, - უკაცოდ ამ ბრიყვებში რა გვეშველება?!
- რა დაგემართა, ქა? გულს რაზედ იხეთქამ, შვილო. ამდენი მიჰქაროს, მინამ მოსწყინდებოდეს. ერთ დროს ათი მაგისთანა ძაღლი მდგომია თავსა, მაგრამ რა ვქნათ, ,,ჟამნი მეფობენო”, ნათქვამია.
- შენ, ეი, ადამიანო, ნუ ილანძღები, თორემ მამაჩემი საქუა არ წამიწყდება, განანებ. თუ კნეინა ბძანდები, რატო შენი საკუთარი ,,ერეკლეს” ეკიპაჟით არ მიბძანდები გომბორის მთაზე!
ვინ იცის, სადამდის მივიდოდა კუჩრის ზრდილობიანი ბაასი, რომ ახალი პასაჟირი არ მოჰმატებოდა მარცხენა ფეხზე ამდგარ ეტლის პატრონს. ახალი მოსული ახალგაზრდა ყმაწვილი კაცი იყო, ოცდასამისა, თუ ოცდახუთის წლისა. თავისს პატარა, მხრებში წახრილ, გულჩავარდნილ ტანზედ ეცვა სუფთა, ახლად შეკერილი შავი ტანისამოსი და ნაცრისფერი, ფეხებამდის გრძელი პალტო. თავზედ ახალივე შავი კარტუზი ეხურა.
პირველ შეხედვაზედ მოგაგონებდათ ქარვასლის ნოქარს, მაგრამ როდესაც დააკვირდებოდით იმის გაუბედავ, მორცხვს მიხვრა-მოხვრას და სათნოებით სავსე პირისახეს, დარწმუნდებოდით, რომ უფრო პატივსაცემის ჯურის კაცი იყო. ყმაწვილმა კაცმა უჩუმრად შესდო დილიჟნის ჩამოსაჯდომ სკამ ქვეშ თავისი პატარა ბოხჩა და უჩუმრადვე, დაბლა თავდაღუნული მიჯდა დილიჟნის მეორე თავში ქალების მოშორებით. შემდეგ მოვიდა მღებარი, საღებავით მომაკვდავივით გალურჯებულ ფრჩხილებით. კალმუხის გარიბალდი კოხტად გვერდზე ჰქონდა წამოდებული და ყელზედ ჭრელი ქალაღაია ეხვია. მისი ჩალვადრისებური ხურჯინი კარგა რიგიანად იყო გაჭიკნილი და თითქმის ნახევარი დილიჟანი დაიჭირა. შემდეგ მოვიდნენ: სირაჯი, ოქრომჭედელი თავისის ნივთეულობის ყუთებით და ერთი ვიღაც ძნელად მისახვედრის ხარისხის კაცი, სამხედრო ქუდით, ყურთმაჯებიანი კაბით და ზედ ეცვა მეტად მოკლე, ახალ მოდაზედ შეკერილი, ბურძგლიანი პალტო. ყველა ამ მგზავრთა ბარგმა ისე აავსო დილიჟნის ორ სკამს შუა დარჩენილი ალაგი, რომ ყოვლად შეუძლებელი შეიქნა ევროპიულად ჩამოჯდომა და მგზავრებმა ნებაუნებურად მუხლთ მოიკეცეს ჩვენებურად.
თუმცა ახალგაზრდა მგზავრ ქალს საშინლად ეძნელებოდა მოკეცა და წამდაუწუმ გაღვიებულ მჭადივით იღმეჭდა პირისახეს, მაგრამ ბოლოს ესეც დაემორჩილა თავისს ხვედრს და მღებრის ხურჯინზე შეაწყო თავისი კოპწია ტუფლებში გამოკრული ფეხები.
დილიჟანი მძიმედ დაიძრა. პატარა ხნის სიჩუმის შემდეგ, მგზავრებმა გააბეს ჩვეულებრივი საგზაო საუბარი: სად მიხვალ? რისთვის? რა საქმე გაქვს? რამდენიმე წამის განმავლობაში, ყველანი მეგობრულად ბაასობდნენ ერთმანეთში, გარდა ყმაწვილის ქალისა და ყმაწვილის კაცისა, რომელნიც დილიჟნის თავსა და ბოლოს ისხდნენ და უფრო ბევრს ყურადღებას აქცევდნენ გარშემო ბუნების გაღვიძებას და თავისს აზრების მსვლელობას.
ახალგაზრდა ქალი იყო ლიზა კოშკაძისა და თავისს დედით მართათი მიემგზავრებოდა კახეთს ძნელის და ფრიად სავალდებულო თანამდებობის აღსასრულებლად - სასოფლო სკოლის მასწავლებლად იყო დანიშნული. მან მხოლოდ მაისში გაათავა სწავლა და, როგორც უმოწყალეო ღარიბმა, ითხოვა ალაგი ერთ სასოფლო სკოლაში. მართა ტყუილად არა ტრაბახობდა დილიჟანის კუჩერთან - შენისთანა ხუთი და ათი თავსმდგომი და მოსამსახურე მყავდაო. ფრიად გაკეთებულის თავადიშვილის ქალი იყო და ბევრი ბიჭი და მოახლე ჰყავდა ლალად სიყმაწვილეში, მაგრამ, როგორაც თითონ სთქვა: “ჟამნი მეფობენო”, და დღეს თავისის ხელის თითების ნამუშავრით იკვებავდა თავსა და თითო-ოროლა გროშსაც უნახავდა თავის კურსდასასრულებელ საყვარელ ლიზას. აი ეს მოდაზედ შეკერილი ლიზას კაბა, კოხტა შლიაპა, ლამაზი გამოკვართული ბაშმაკები, ხელთათმანები და სხვა, სულ ამის დღე და ღამ ნატეხის ნამუშავრით არის შეძენილი.
მართა ამირხანაძისა კარგა ხნის გასათხოვარი ქალი იყო, როდესაც იმის მამის სოფელში ლილიფარიანში გამზომი კომისია მოვიდა.
მიწის მზომელი რუსი იყო და თან თარჯიმნად ჰყავდა ახალგაზრდა აზნაურიშვილი, მეხუთე თუ მეექვსე კლასიდან გამოსული, ივანე კოშკაძე. მიწის მზომელი მართას მამის სახლში დასახლდა, რადგანაც მთელ სოფელში ამის მეტი რიგიანი სახლი არსაით მოიძებნებოდა. მართამ დიდი ყურადღება მიაქცია ყმაწვილს და მოხდენილს თარჯიმანს და შემოდგომაზედ, როდესაც კომისია ქალაქს დაბრუნდა, მართაც მამის ჩუმად კოშკაძეს თან გაჰყვა იმ იმედით, რომ გაანჩხლებული მშობელი მალე დაშოშმინდებოდა და აპატიებდა დანაშაულს თავისს ქალ-სიძეს. მაგრამ მამა საშინლად განრისხდა ასეთის შეურაცხყოფისათვის და მიტევების მაგივრად ქალი შეაჩვენა და თავისს საცხოვრებელი თავისს უმცროს ქალს დაუმტკიცა; ესეც არ აკმარა განრისხებულმა თავადმა თავისს საცოდავ ქალს, ყოველი ღონისძიება იხმარა და სამსახურიდან გამოაგდებინა ივანე. მართა, სიმდიდრეში და ფუფუნებაში აღზრდილი, შეიქმნა თავისს გატაცების მსხვერპლად და ჩავარდა საშინელ სიღარიბეში. ორი-სამის წლის შემდეგ ქმარიც მოუკვდა და დარჩა პატარა ლიზათი სრულიად უმოწყალოდ. ბევრის წვითა და დაგვით გამოზარდა მართამ თავისი ლიზა რვა-ცხრა წლამდე და, შემდეგ ბევრის ცდისა და დიდკაცების ფეხების ლოკვისა, ბინა გაუჩინა “ზავედენიაში”.
ლიზა დღეს კურსშესრულებულია და აი ახლა თითონ იწყებს შრომას, რომ მოამაგე დედას ლუკმა პური გაუჩინოს და თვითონაც პატიოსანის შრომით იცხოვროს.
ლიზა დიდის გულის ტკივილით განშორდა ქალაქს. მისი გულითადი სურვილი იყო, ქალაქში ეშოვნა ალაგი მასწავლებელისა, მაგრამ საუბედუროდ, იმისი დიპლომი პირველის ხარისხისა არ იყო, და მუდმივი ალაგი სახელმწიფო პანსიონებში ასცდა და დღიურად გაკვეთილებით ცხოვრება ვერ იკისრა, კონკურენციისა ეშინოდა; ისევე სოფლის მასწავლებლობა ირჩია და აი მიდის სოფელში გულგატეხილი და დაძმარებული. ლიზას თვალთ წარმოდგენილი აქვს სოფელი თავისის დედის ნაამბობის მიხედვით:
- სიმარტოვე, სიმარტოვე და უფერული და ერთგვარი ცხოვრება, შვილო, სხვას ნურას მოელი, - ეტყოდა ხოლმე მართა და ამის გამო ლიზაც უნუგეშოდ უყურებდა თავისს მომავალს, სოფლის სკოლის მასწავლებლობას.
- ყოველთვის ერთი და იგივე, დილიდგან საღამომდე! - ამოიოხრებდა ხოლმე ლიზა: - ბავშვები, ბავშვები და ბავშვები. არც წასაკითხი წიგნი ჩემთვის, არც ერთი განათლებული ადამიანი ხმის გასაცემად! მთელი ჩემი სიყმაწვილე მარტოდ მარტო უნდა გავატარო მხოლოდ ლუკმა პურის შესაძენად! ჩემი ამხანაგები კი ეხლა, ვინ იცის, რა სიამოვნებასა და დროს გატარებაში არიან; თავიანთ სახლებში, მორთულნი, მხიარულნი, ბედნიერნი თავისის თავისუფლებით და მე კი! - მე უბედური მივარდნილ სოფელში, გამოყრუებული, ოცდახუთის მანეთის შემაცქერალი. ოჰ, ღმერთო! რად გააჩინე ღარიბი ადამიანი ქვეყანაზედ!
ყველა ეს ფიქრები ცხადად ებეჭდებოდა ლიზას პირსახეზედ და ნაღველით და ცრემლებით ავსებდა იმის გონიერ თვალებს.
დილიჟნის მეორე ბოლოში მჯდომი უფრო სხვა ფიქრებში იყო გართული. ეს იყო სოფლის შვილი და სიამოვნებით მიილტოდა სოფლისაკენ. ყმაწვილის კაცის ოცნება სავსე იყო მრავალის მაღალის აზრებით. იმედი ჰქონდა თავისი კეთილი აზრები დაემყნო სოფლის ნიადაგზედ. ესეც იმავე აზრით მიდიოდა კახეთში, როგორც ლიზა; ამასაც სოფლის მასწავლებლობა ჰქონდა მინდობილი, მაგრამ ეს თანამდებობა უფრო სანუგეშო და სასიამოვნო აზრებს ჰბადავდა მის გულში, ვიდრე სამწუხაროს. ლიზა იტანჯებოდა მხოლოდ პირადის უბედურებით, სწუხდა მხოლოდ თავისს მარტოობას, თავისს ოცდახუთ მანეთის ჯამაგირის სიმცირეს და ნიკო ბერიშვილს კი საკუთარ პირადობის ფიქრი აინუნში არ მოსდიოდა. ფიქრობდა მხოლოდ იმ მოვალეობისათვის, რომელიც თავისს ცხოვრების ასპარეზად აირჩია და რომელიც თავისს ქვეყანაში საუკეთესო შრომად მიაჩნდა. თვალ-წინ ჰყვანდა მხოლოდ ის პატარა მოწაფეები, რომლებისთვისაც გონების თვალები უნდა აეხილნა, რომლებისთვისაც სინათლის გზა უნდა ესწავლებინა, რომელთა გულში სწავლა და მეცნიერება უნდა დაენერგა. სოფლის მღვდლის შვილი იყო, სიღარიბეში წვა და დაგვით გამოზრდილი. ამიტომ ძალიან კარგად იცოდა სოფლის ავი და კარგი, მისი მწვავი და წყლულნი და ფიქრობდა, რომ ერთადერთი სინათლის მომფენი სოფლის ბნელს ცხოვრებაში სკოლა იყო, და ამ სინათლის მოფენა, ამ სიბნელის გაშუქება საბედნიერო საქმედ მიაჩნდა და სხვაგვარი პირადი ბედნიერება სრულიად მივიწყებული ჰქონდა.
ნიკო ბერიშვილს, როდესაც დილიჟნის ჯანჯღარში ხანდისხან ფიქრი შეუწყდებოდა, უნებლიეთ გადაჰხედავდა ლიზას და, თუ შენიშნავდა, რომ ისიც მე მიყურებსო, მორცხობით თავს ჩაჰღუნავდა ხოლმე.
კარგა დასაღამოჟამებული იყო, როდესაც დილიჟანი ნელ-ნელა შეუდგა გომბორის მთის აღმართს ქალაქის ახლომახლო მიდამონი გვალვისაგან გარუჯულნი, შეიცვალა მშვენიერის ბუნებით: ყვითელ, თვალგადაუწვდენელ მინდვრის და ზედ გველივით გაწოლილ მტკვრის მაგივრად, გამოჩნდა სასიამოვნო მწვანე ტყე და ველი. მაგრამ მთის ბურუსმა მალე იწყო ძირს ჩამოსვლა და ერთის საათის განმავლობაში სულ მთლად მოიცვა არე-მარე. “კუჩერი” მაღლა ხმით უშტიალებდა ცხენებს, მგზავრებმა თავები ჩაქინდრეს და იწყეს მარჯვნივ და მარცხნივ რხევა. მართა ბავშვივით მიეყრდნო თავისს ლიზას და ამოუშვა ხვრინვა. დილიჟანში სრული სიბნელე იყო და სიბნელისავე შესაფერი მყუდროება. მხოლოდ ლიზა და ნიკო ფხიზლობდნენ და ეხლა უფრო ხშირად და გაბედვით გადაჰხედავდნენ ხოლმე ერთმანეთს და იქნება ხშირათ ცქერაც იყო მიზეზი ამათის სიფხიზლისა, თორემ დილიჟანის ნელი რყევა, იქ მსხდომთა მადიანი ხვრინვა და გარშემო ჩამოვარდნილი ბინდი და ბურუსი ძლიერ ხელს უწყობდა მგზავრობის გამო შემოკლებულ დღევანდელ დილის ძილის გასაგრძობად.
II
ცხრა საათი იქნებოდა, როდესაც დილიჟანი შევიდა კარგა დიდ ეზოში სოფელ გომბორს. ეზო გაჩაღებული იყო ორის ფარნით. ეზოს აქეთ-იქით დიდის ხის ფარდულების ქვეშ რამდენიმე ცხენი ქერსა სჭამდა და ისმოდა ხმა ხრამა-ხრუმისა. ეზოში ახალ მოსულს დილიჟანს გარდა ორი სხვა დილიჟანიც იდგა. სახლიდან ჟღავი-ჟღუვი გამოდიოდა. ლიზა და მართა თავიანთ ბოხჩით მოწიწებით შევიდნენ ოთახში. სქელი, ფაშფაშა დედაკაცი მოეგება, გაფარფარებულის, განიერის კაბით, თავზედ ხელსახოცგაკრული.
- მობძანდით, მობძანდით, აი ქალების ოთახი, - დამახინჯებულის ქართულის ენით უთხრა ქალებს სახლის პატრონმა, რუსის დედაკაცმა.
ოთახი, რომელშიაც შეიწვია სახლის პატრონმა დედა და შვილი, რიგიანად მოწყობილი იყო; სტოლზედ ლამპარი ენთო და ცხოვლად ანათებდა პატარა ოთახს, რომელსაც სუფთა შპალიერი ეკრა, ფანჯრებს თეთრი კისაის ფარდები ეფარა და კედლებთან ორი საწოლი ედგა ზედ გაშლილი სუფთა ლოგინით. ამ სადგურ სახლში, რომელსაც ,,ანასტასიას” უწოდებდნენ, რამდენიმე ოთახი იყო მგზავრებისათვის და დღეს თითქმის ყველა ოთახი გაევსოთ მგზავრებს, რადგანაც ენკენისთვის ათი იყო და ,,ალავერდობისათვის” ბევრი მიეშურებოდა კახეთს. მომეტებული მათგანი ვაჭარი ხალხი იყო, ზოგი თელავიდან და სიღნაღიდან და ზოგიც ქალაქიდან. ანასტასიამ საჩქაროზედ აადუღა ოთხი-ხუთი სამოვარი, ყველა ოთახში თითო-თითო შეიტანა თავისს ჩაის იარაღით და ცხელ-ცხელის რძით დიდრონ ქაშანურის სარძევეებით.
მართა და ლიზაც შემოუსხდნენ სამოვარს და მდუმარებით შეექცეოდნენ ჩაის. მარტო ნიკო ბერიშვილი შედიოდ-გადიოდა აივნიდან ოთახში და ოთახიდან აივანზედ: ყმაწვილს კაცს თითქო ეკრძალებოდა სახლის პატრონისა და ვერ ჰბედავდა ერთი სტაქანი ჩაი მოეკითხნა.
- დედა, გენაცვა, დაუძახე იმ ყმაწვილს, - უთხრა ლიზამ მართას, - საწყალი სულ მარტოა, არავის ეკარება. ან იქნება ფულიც არა აქვს, რომ ჩაი დალიოს.
- დავუძახოთ, შვილო, ადამიანები არა ვართ. ერთი სტაქანი ცხელი წყალი რა დასაზოგავია. - მაშინვე კარებიდან გასძახა ნიკოს: - ყმაწვილო, დაგვეწვიეთ, შვილო, ჩაიზედ, ჩვენც მარტონი ვართ და დიდად ვისიამოვნებთ.
ნიკო მოკრძალებით შემოვიდა ოთახში. დაბლა თავჩაღუნული მივიდა ლიზასთან ხელის ჩამოსართმევად და საჩქაროდ წაიჩურჩულა თავისი გვარი და სახელი.
რამდენისამე წამის შემდეგ ლიზამ და ნიკომ უამბეს ერთმანეთს თავიანთ მოგზაურობის მიზეზი. აღმოჩნდა, რომ ესენი ახლო მეზობლები იქნებიან ერთმანეთისა, რადგანაც სულ რამდენიმე ვერსია ნაციხურალსა და ლეკისკარას შუა, სადაც ამათი სკოლებია.
- თქვენც პირველად მიხვალთ, თუ გამოცდილი ბრძანდებით მასწავლებლობაში? - ჰკითხა მართამ ნიკოს.
- არა, წელს მესამე წელიწადია. კანიკულებში შინ გახლდით, ზემო ქართლში მყავს დედ-მამა და ახლა ისევ ვუბრუნდები ჩემს თანამდებობას.
- ზემო ქართლში? მაშ აქ რა გინდათ, განა თქვენში კი არ არის სკოლები, რომ თქვენ სახლთან ახლო ყოფილიყავით?
- ზემო ქართლში, ბატონო, საუბედუროდ, აგრე რიგად ხშირი არ გახლავთ სკოლები. მეც ბევრი ვეჩიჩინე ჩვენის სოფლის გლეხებს, მაგრამ ხარჯისა ეშინიანთ და არც არავინ მეთაური ჰყავთ, გულის შემატკივარი; ამის გარდა ქართლში ძნელი იმისათვის არის სკოლის დაარსება, რომ სოფლები ძლიერ პატარებია, ოცდაათი-ორმოცი კომლი სკოლას ვერ შეინახავს და რამდენისამე სოფლისთვის ერთად საძნელოა. კახეთში კი სოფელი არ არის, რომ ხუთას-რვაასი კომლი არ სცხოვრობდეს და ამისათვის მთავრობას არ უძნელდება სკოლების დაარსება.
ყველა ამეებს ლიზა გულისხმიერებით უგდებდა ყურს; მისთვის სოფელი ქართლშიაც და კახეთშიაც ერთგვარად უცნობი იყო. ლიზა თუმცა ყოფილა თავისს სიცოცხლეში ორიოდ-სამჯერ სოფლად თავისს ამხანაგების სახლობაში, მებატონეებთან და მხოლოდ შორიდგან თუ მოუკრავს თვალი გლეხკაცის ცხოვრებისათვის, თორემ იმათი ავი და კარგი გაგონებითაც არ გაუგონია და ეხლა კი გარემოებამ წილად არგუნა მდაბიო ხალხში ტრიალი, იმათის შვილების განვითარება და, ცოტად თუ ბევრად, იმათი შემზადება თავიანთ ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
- ყმაწვილები როგორ სწავლობენ, ადვილად? ნიჭიერები არიან? - დაეკითხა ლიზა ნიკოს.
- ნიჭით, როგორ მოგახსენოთ, ქალაქის მემკვიდრეთა შვილებზე უნიჭოები არ არიან, მაგრამ სოფლელები უფრო ძნელად შეიგნებენ ხოლმე საგანს და მეორე-მესამე წელიწადს კი უფრო დაკვირვებით ექცევიან საქმეს. საუბედუროდ, სწავლისათვის ცოტა დროა დანიშნული და, როდესაც გონება ეხსნებათ, სწავლის გემოს იღებენ, იძულებულნი არიან სკოლას თავი დაანებონ.
- ოჰ, რანაირად მეშინიან უნიჭო ყმაწვილებისა! - მწუხარებით წარმოსთქვა ლიზამ. - დაბალ კლასებში ვასწავლიდი და უნიჭოები ამატირებდნენ ხოლმე თავიანთის სისულელით, გაუგებრობით!
- არა, გლეხებთან ტირილით ვერას გააწყობთ, - ღიმილით მიუგო ბერიშვილმა. - იმათთან მხოლოდ დიდის მოთმინებით და გულმხურვალებით თუ გახდებით რასმე.
ამათ ბაასში სხვა ოთახების სტუმრებმა ჩაიც გაათავეს და ვახშამიც გაიშალეს. გაიმართა ,,ალავერდი” და ,,იაღშიოლ”, ზედ მოჰყვა “მრავალჟამიერ”, შემდეგ გარმონის ჭყვიტინი და შეუძლებელი შეიქმნა ლაპარაკის განგრძობა. ბერიშვილი გამოეთხოვა დედა-შვილთ და წავიდა ღამე გაეთია სადმე, რომელისამე ოთახის კუნჭულში.
სიმღერა, ,,ალავერდი”, ხანდახან დოლის მაგივრად სტოლის ფიცრის შემწეობით ლეკური არ შეწყვეტილა გათენებამდის. ირიჟრაჟა თუ არა, ორმა-სამმა თანამგზავრმა ფანჯარა დაურაკუნეს ლიზას: “ადექით, რაღა! გათენდა, გეყოფათ მოსვენება, დროა წავიდეთ”.
- ჯერ ხომ დილიჟანი მზად არ არის, დეე, ცოტა მოისვენონ, - მოწიწებით სთხოვა ნაბახურევებს ბერიშვილმა. - მთელი ღამე სულ ხმაურობა იყო... იქნება თვალი არც კი მოუხუჭნიათ უბედურებს.
- დეე მოისვენონ, დეე, - უთხრა ერთმა მიკიტანმა მეორეს თვალის ქნევით და დაცინვით. - ხომ ჰხედავ ამ ,,ტუტენტს” გული სტკივა! ბარიშნას თვალები! ვა რა თვალებია, იალბუზის ვარსკვლავივით კი აბრიალებს-და!
- გაჩუმდით-მეთქი! - მუქარით შეუტია ნიკომ ლაზღანდარებს და მუშტზედ დაიხედა.
- ვა, ვა ეს რა სტროგი ვინმე ყოფილა. ვა, შენი ვინმე ხომ არ არის, რომ აგრე ცხარობ?
- გაჩუმდით-მეთქი!
ამ ორ სიტყვაში იმდენი სიმამაცე და გულის სიამაყე იყო, რომ მიკიტნები ჩაჩუმდნენ, აქეთ-იქით გაიფანტნენ და მხოლოდ იქ მისცეს ნება თავისს გესლიან და ავს ბუნებას.
ლიზა სწორედ ამ ფანჯარასთან იწვა, საცა ეს ბაასი მოხდა და ყოველივე დაწვრილებით გაიგონა. დედაკაცის თავმოყვარეობამ გაიღვიძა და სიამაყით ჩაიცინა. თუმცა მართა აჩქარებდა ლიზას, ჩქარა, შვილო, ცხენებს აბმენ, იმ ოხერ “კუჩრის” სალაპარაკოდ აღარ გავხდეთო, მაგრამ ლიზა ზლაზვნით იკრავდა ბაშმაკის ღილებს და ფიქრით თავისს ახალ კავალერს დასტრიალებდა.
- რა შვილია! - ტუჩის აბზუებით ამბობდა ლიზა: - ტანდაბალი, ქათამივით პაწაწინა თვალები აქვს, ყურებამდის შავი ბალანი ასხია. ტანისამოსი, ტანისამოსი?! სწორედ იარმუკაზედ ექნება ნაყიდი. ახლა იმის რუსული ლაპარაკი: ღოსპოდინ ისპეკტორ. ხა, ხა, ხა! - უცებ გადაიხარხარა ლიზამ და საშინლად გააშტერა თავისს დედა მართა.
- ქა, რა დაგემართა, ქალო, რა ეშმაკები მოგეჩვენა? ეგრე უსაბაბოდ ხარხარი გაგონილა! ვინც გაიგონებს, რას იტყვის!
- ეხლავე, დედაჯან, ეხლავ მზად ვიქნები, - და საჩქაროდ ფეხზედ წამოხტა.
III
მშვენიერი რამ იყო ამ შემოდგომის დილაზედ სოფელი გომბორი, ახოვან მთის მწვანე კალთებზედ მოკეცილი! რა მსუბუქი და ნესტით გაჟღენთილი იყო ეს მთის ჰაერი. ცხოველ სურათად წარმოუდგა ლიზას ეს სოფელი თავისის პატარა თეთრის სახლებით და სოფლის შუა მწვანე მეიდანზედ გაშლილ საქონლით. ბრწყინვალე ვარაყიანის რკალით იყო შემორკალული გომბორის მთის წვერები ამომავალ მზის სხივების წყალობით. ყმაწვილი ქალი მთლად ცქერად გადაიქცა. ეს მშვენიერი სურათი უფრო ცხოვლად იხატებოდა იმის შეუჩვეველ თვალს წინა და უფრო ღრმად იბეჭდებოდა მის გულში ეს მდიდრულად შეხამებული ბუნება.
დღეს დილიჟანში, განგებ თუ შემთხვევით, ნიკოლოზის გვერდით იჯდა და ამაყად უცქეროდა თავიანთ პირდაპირ მჯდომარე ქალაქელ ვაჭრებს; ისინიც მოწიწებით ექცეოდნენ დღეს ქალებს და დიდის სიფრთხილით ირჩევდნენ საუბრის საგანს.
- დედი, - უთხრა მართას ოქრომჭედელმა, - ალავერდს ხომ არ მიბძანდები? ისეთი ნივთები მიმაქვს, რომ კაცს თვალს მოსტაცებს. უყიდე რამე შენს მშვენიერ ქალსა, იაფად მოგირიგდები.
- არა, შვილო, ჩვენ ნივთების ფული ვინ მოგვცა. ჩემი ქალი ერთი საწყალი მასწავლებელი არის. ალავერდში თუ მიხვალ, იქ ბევრი კნეინები იქნებიან, იმათზე გაასაღე.
- ბარიშნა, ბროწეულს არ მიირთმევ? ისეთი ბროწეულია, ისეთი, როგორც შაქარლამა! პირდაპირ ჰერევნიდან მიმიღია, მე და ჩემმა ღმერთმა.
ლიზამ ღიმილით მიიღო ბროწეული და თან ბერიშვილს გადაჰხედა, თითქო ამ გადახედვით მადლობა უნდა ეთქვა იმისთვის, რომ დღეს მგზავრები ასე თავაზიანად ექცეოდნენ.
- ლიზა, შვილო, გაიხედე, რა მშვენიერი ტყეა! ჰხედავ შიგადაშიგ რა ახოვანი ხეებია წაქცეული კაცის მოუსვენარის ხელისაგან.
მართლაც, მშვენიერი რამ არის ბუნება, გომბორის პირველ მაღლობიდან რომ დაეშვება შოსე ახოვან ტყეში. განიერი, სუფთა, ვერცხლივით მოჭედილი გზა, თითქმის გადახურული აქეთ-იქიდან დაბურული ტყის ტოტებით. თავდაღმართში ცხენებმაც გაიღვიძეს და ამაყად გააქროლეს თავისი მძიმე ტვირთი. ბუნების მეტისმეტმა მშვენიერებამ და დილიჟანის ჩქარმა სრიალმა კარგს გუნებაზედ დააყენა ყველა.
- შენი ჭირიმე, შენი, ვანიჩკო, აბა თუ ,,ნავოტკი” გინდა, გაჰკა! - შესჭყიოდნენ მგზავრები დაღვრემილ მეეტლეს. - აბა, მარჯვედ, ვანიჩკოჯან, მარჯვედ! თელავში ადრე ჩაგვიყვანე და იქ ჩაგაჭყაპებთ წითელ ღვინოს!
მაგრამ ამათმა სიხარულმა დიდხანს არ გასტანა, დაღმართი შესწყდა, დილიჟანი შეუდგა გომბორის უდიდესს და უკანასკნელ აღმართს და ცხენებმა ისევ ჩაჰკიდეს თავები. ბერიშვილს გულით უნდოდა ეთქვა რამე ლიზასთვის, განეგრძო წუხანდელი დაწყებული ბაასი, შეეტყო მისი აზრი, მიმართულება, შეხედულობა იმ საგანზედ, იმ შრომაზედ, რომელსაც ეს ქალი უნდა შესდგომოდა, მაგრამ წყეული ხასიათი, ბურსაში აღმოცენებული მუდმივი კრძალვა, ენაზედ მუხრუჭს უჭერდა და მთელი გზა ლიზამ და ნიკომ თითქმის უსიტყვოდ გაიარეს.
IV
საღამოს ექვსი საათი იქნებოდა, როდესაც დილიჟანი შევიდა კახეთის დედა-ქალაქში. ნეტა იმის ნეტარებას, ვისაც შორიდან დაუნახავს თელავი და შიგ კი არ გაუვლია. თელავი გარედან შეხედვით წარმოადგენს ხელოვნურად შეკრულ ვარდის კონას, რომლის ცქერაც არ დაჰღალავს არც თვალს და არც გონებას: მაღალს სერზედ გადამდგარი ქალაქი მთლად გატენილია ბაღ-ვენახებით, რომლებ შუა აქა-იქ წითელის კრამიტით დახურულ ლამაზად აგებულ სახლებს ვარდივით ამოუყვიათ თავები. ზემო და ქვემო თელავი ერთი-ერთმანეთზედ ჩამოკიდებულ ნინევიის ბაღებს წარმოგიდგენთ, მაგრამ შიგ ქალაქში კი რომ შეხვალ, ვაი შენს ოცნებას. ვიწრო, ნაგვით სავსე ქუჩები და ზოგან ქუჩების მაგივრად გამშრალი განიერი და დიდრონის ქვებით სავსე ხევები გიკარგავენ ყოველგვარ ილუზიას, შორიდან დანახულის სურათით აღძრულს.
შუა ქუჩას, რომელიც ქალაქს ორად ჰყოფს; ჩამომწკრივებული აქვს ორივ მხრივ დუქან-ბაზარი, სადაც ვაჭრობა კარგა რიგიანად უნდა მიდიოდეს, თუ ამ აუარებელ ხალხს მივიღებთ მხედველობაში, რომელიც ირეოდა იმ დღეს, როდესაც ჩვენი ნაცნობი დილიჟანი, შემდეგ ბევრის რახრახისა გაუთავებელ რიყეებზედ, გაჩერდა შიგ შუა ბაზარში.
დილიჟანში მსხდომნი თავიანთის ბარგით ეშურებოდნენ გადაბძანებას. მხოლოდ ლიზა და მართა გაშტერებული იცქირებოდნენ.
- გადმოდით, რაღა! - თავისებურის უზდელობით უთხრა ვანიჩკამ ქალებს. - ვერ გაიგეთ, მოვედით! ცხენები მინდა დავაბინაო ხვალამდის ხომ აქ არ ისხდებით!
- წავალთ, შვილო, წავალთ, - თითქო ახალი გამოფხიზლებულიაო, ისე წამოხტა მართა. - ღმერთი მოწყალეა, ქვეყანაზედ კეთილი ადამიანი არ გაწყვეტილა, ერთიც არის ვინმე გზას გვიჩვენებს.
ლიზა ეხლა უფრო საშინლად ჰგრძნობდა თავისს მარტოობას. რა ექნა უცხო ქალაქში, ვისთვის მიემართნა, როგორ გაეგო, საით იყო იმისი ახალი ბინა. მანამ მართა ამოალაგებდა თავის ბარგი-ბარხანას, ლიზა ხელებჩამოყრილი, ყოვლად უმოწყალოდ, იდგა შუა ბაზარში; გარს შემოეხვივნენ ქუჩის გოგო-ბიჭები, გამვლელ-გამომვლელნი, შესჩერებოდნენ და დაკვირვებით უყურებდნენ გზაში გაჩერებულ უცხო ქალსა.
ბოლოს მართაც ჩამოვიდა და ბარგით ხელში მიჰმართა ერთ მედუქნეს:
- შვილო, ვერ მიგვასწავლი სადმე ბინას, რომ ღამე გავათიოთ? დღეს სადღა წავალთ, დაღამებულია.
- რა ვიცი, როგორი ბინა გინდათ? თუ გსურთ, აი პირდაპირ სასტუმროა, იქ მიდით; გინდათ აი ამას იქით რომ დუქანია, იქ მიდით: დუქნის ოთახი აქვთ, გაქირავებენ.
- უჰ, კაცები! ბრიყვები! - სასტიკად სთქვა ლიზამ: - ის ბერიშვილი იყო თუ ვიღაც, რა იქნა! აქაური იყო და ასე თავი დაგვანება, გზას ვერ გვასწავლიდა, ზურგზე ხომ არ ავეკიდებოდით...
ლიზას ეს სიტყვები ჯერ არ გაეთავებინა, რომ ნიკო საჩქაროდ მოვიდა და უთხრა ქალებს:
- მობძანდით, აი აქეთ მობძანდით, ერთი ნომერი ვიშოვნე სასტუმროში. სუფთა ოთახია, საჭმელსაც ცოტაოდენს იშოვნით რასმე.
ლიზას შერცხვა თავისს უალაგო აჩქარებისა და გაწითლებულმა მაგრა ხელი ჩამოართვა ნიკოს და უთხრა:
- თქვენ ძლიერ კეთილი ხართ. მე მეგონა, რომ ამ უცხო ალაგას თავი დაგვანებეთ-მეთქი. მაპატივეთ, რომ ამ გვარი ეჭვი გავივლე გულში.
ნიკომ მორცხვად გაიღიმა და საჩქაროდ ავიდა სასტუმროს დაფერხვილ კიბეზედ.
თელავის სასტუმრო ერთადერთია მთელ ქალაქში და ისიც მთლად ცარიელი დაუხვდათ ჩვენს მგზავრებს. სასტუმროს მისავალი კარი და კიბე ისე ფამფალებდა, რომ მგზავრებმა დიდის სიფრთხილით ძლივს მოახერხეს ასვლა; აივანი, ოთახები წარმოადგენდნენ ერთ რაღაცა ნაოხარს, მტვრითა და აბლაბუდით გატენილს. პირმოტეხილი კოკა, გვერდზედ გადახრილი ხის სტოლი, ადამის ჟამის გაუხეხავი ცალყურა სამოვარი და ჭრელის ნაჭრების საბნით გადაფარებული ხის ტახტი, აი რა იყო მორთულობა საუკეთესო ოთახისა ამ სადგურში.
ლიზამ თავისუფლად ამოისუნთქა, როდესაც თავისი თავი ჭერქვეშ დაინახა. პირი დაიბანა, თმა გაისწორა და გავიდა სასტუმროს აივანზედ, რომელიც გადაჰყურებდა მთელ ალაზნის ხეობას და მის დანახვაზედ აღტაცებით შესძახა: ეჰ, ღმერთო, რა მშვენიერებაა, რა სურათია! და მართლაც, თითქო სამოთხე იყო იმის თვალ-წინ გადაშლილი: აყვავებული, კეკლუცად მორთული ალაზნის ველი, განიერი, მწვანე ჭალებით და აჭრელებული, ხნულ-ნაწვერლებით სავსე მინდორი, თვალგაუწვდენელი მდელო, შუაზედ გაყოფილი ალაზნის ვერცხლისებრივად მობრჭყვრიალე ზოლით და შემოკალთული ცალმხრივ დაღესტნის ახოვანის მთებით და მეორე მხრივ გომბორის სიმაღლეებით. ამ მთების კალთებზე ხშირ მწვანეში გახვეული წითელი კრამიტებით დახურული სახლები სოფლებისა აგვირგვინებდნენ ძვირფას სურათს კახეთისას, ამ საუკეთესო და სასიქადულო მხარეს საქართველოსას. ჩამავალი მზე რაღაც რბილს, ნაზს შუქს აყენებდა მთლად ამწვანებულ არემარეს და მათ ზემოდან თოვლით თავწაყრილ დაღესტნის მთების ზოლსა. ლიზა არ იყო შეჩვეული დაკვირვებას; იმისი ბუნება ძნელად შთაიბეჭდავდა ხოლმე მშვენიერების ძალას, მაგრამ ამ დიადმა, ბრწყინვალე ბუნების სიმდიდრემ მთლად დაატყვევა იმისი თვალი. ნიდაყვზედ დაყრდომილი ხშირ ბინდამდე ხარბად სტკბებოდა ბუნების მშვენიერებით; ბინდმა მხოლოდ სურათის ფერი შესცვალა და უფრო სიტურფეთი და პოეტური საიდუმლოებით შეავსო. აქა-იქ, ალაზნის გაღმა და გამოღმა ცეცხლები აენთო, დაღესტნის მთებს ბურუსი შემოეხვია, გარშემო სრული სიჩუმე ჩამოვარდა, მიწყდა კაცთა ხმაურობა, სიოც კი არ არხევდა შემოდგომის სიტკბოებით გატენილს ჰაერს. ლიზა ისევ ნიდაყვზე დაყრდომილი იყო და გონებადაუტანებლივ, უაზროდ, მთელის თავისს არსებით შთანთქმულიყო ბუნების მზერით. ოთახში მართას მიეძინა, აივნის კარები ღია იყო და იქიდან მკრთალი ნათელი გამოდიოდა გარეთ; უცებ ამ შუქს რაღაც აეფარა და აივანზე სრულიად ჩამობნელდა; ამ შემთხვევამ შესწყვიტა ლიზას ოცნება; ყმაწვილი ქალი ნელა წამოდგა და ოთახისკენ გაეშურა. ოთახის კარებში შეხვდა ვიღაც ყმაწვილ კაცს ჩერქეზულის ტანისამოსით და სახლის პატრონს ქალს, რომელიც ყმაწვილს მოწიწებით თავს უხრიდა და ბოდიშს იხდიდა იმასთან:
- კნიაზო, მაპატივეთ, რომ თქვენი ოთახი სხვას მივეცი. არ ვიცოდი თქვენი მოსვლა, თორემ რა ღმერთი გამიწყრებოდა!
- არ ვიცოდი, არ ვიცოდი! - მედიდურად, ხმამაღლა უწყრებოდა კნიაზი ქალს. - განა არ შეიძლება ერთი ოთახი ყოველთვის ჩემთვის იყოს დარჩენილი, რა იშვიათი სტუმარი მე აქ ვარ! სხვა თქვენს ოთახებში კაცს არ ედგომინება. მე, საცა იქნება, იქ წავალ და დღეიდან კი აღარ ვიცნობ თქვენს ჭუჭყიანს სასტუმროს კი არა, ტრახტირს, ბოსელს, საქათმეს!
- რათა სჯავრობთ, ბატონო, - წყნარად უთხრა ლიზამ თავადს. - ჩვენ ადვილად შეგვიძლიან სხვა ოთახში გავათიოთ ღამე და ეს ოთახი ერთ წამში თავისუფალი იქნება თქვენთვის. დედა! - მიუბრუნდა მერე ლიზა გამოფხიზლუბულ მართას, - ამ ბატონს ჰქონია ყოველთვის ეს ოთახი დაქირავებული, ადე, ჩვენ მეორეში გადავიდეთ, სახლისპატრონს პირს ნუ გავუტეხავთ.
- უკაცრაოდ, უკაცრაოდ, ნუ შეწუხდებით, ქალები ბრძანებულხართ, არ ვიცოდი! - დაბლა თავის დაკვრით წაიტუტუნა თავადმა, როდესაც ლიზას მშვიდი და ზრდილობიანი სიტყვები გაიგონა, ამასთანავე, რასაკვირველია, არც ლიზას ლამაზი თვალები და ლაზათიანი ფიგურა დარჩა შეუნიშნავი კნიაზს.
- მე თვითონ არა მიშავს რა სხვა ოთახში. ნინო, - მიუბრუნდა შემდეგ სახლისპატრონს, - მეორე ოთახში დააგვევინე, როგორც იქნება, გავათევ ღამეს!
- უკაცრაოდ, მადმოაზელ, მაპატიეთ, თქვენი ღვთის გულისთვის, ჩემი სიბრიყვე, რომ ასე უდროოდ დავარღვიე თქვენი მყუდროება! გთხოვთ მიცნობდეთ დღეიდან თქვენს პატივისმცემელ თავ. იასონ ჯამბადრუკიანს.
- ძალიან სასიამოვნოა ჩვენთვისაც თქვენი გაცნობა. დაბრძანდით, ბატონო, მანამ თქვენს ოთახს მოამზადებენ, - კეკლუცობით და მიმოხვრით უთხრა ლიზამ თავადს.
- დიდად გმადლობთ, - მოხდენით დაუკრა თავი იასონმა ყმაწვილ ქალს და ჰკითხა: - თუ უკაცრაოდ არ გახლდებით, საიდან მობრძანდებით, ან აქ სად აპირებთ ჩამოხდომას?
- ნაციხურალის სოფლის მასწავლებლის ალაგი უნდა დავიჭირო, - მიუგო ლამაზმა და, თითქო არ იყო, სირცხვილის სიწითლემ გადაჰკრა პირისახეზდ.
ეს შენიშნა თავადმა და სიბრალულით უთხრა:
- სოფლის სკოლის მასწავლებლად, თქვენ? ეგ შეუძლებელია! მთელი დღე გლეხკაცების ჭუჭყიან, ბრიყვ ბავშვებთან, ხომ ჭკუაზედ შესცდებით, მადმოაზელ!
“მადმოაზელს” დიდის მეცადინეობით გამოსთქვამდა ხოლმე იასონ ჯამბადრუკიანი, თითქო ამ სიტყვებით უნდოდა დაერწმუნებინა ლიზა, რომ განათლებული და სხვადასხვა ევროპიულ ენების მცოდნე ვარო, და ლიზაც ცოტა არ იყოს, მოჰხიბლა იასონის გაწვრთნილმა მიხვრა-მოხვრამ, იმისმა გაშალაშინებულმა ბაასმა; ამასთან ერთად იასონ ჯამბადრუკიანი მშვენიერი შეხედულების ვაჟკაცი იყო. იმის წერწეტი, კარგად მოყვანილი ტანი ხელოვნებით შეკერილ ჩერქესკაში იყო გამოწყობილი, ბროწეულის ფერი ატლასის ახალუხი ძლიერ უხდებოდა იმის ცხვრისფერ თვალებს და ხორბლისფერ პირისახეს. შავი ქამარ-ხანჯალი და შავი უბრალო მასრები რაღაც სიდარბაისლის ხასიათსა სდებდა იმის მორთულობას.
იასონი ტკბილად აცეცებდა თავისს დიდრონ ბეც თვალებს ლიზას და კმაყოფილებას უღვიძებდა ნორჩ, გამოუცდელ გულში.
იასონი ერთი-ორი წამით სახლის პატრონს რაღაცას დაეხმაურა და ერთის საათის შემდეგ, მართას და ლიზას დაუკითხავად, სადგურის პატრონის მოსამსახურემ სუფრას დაუწყო შლა მათ ოთახში.
ძვირფასმა კახურმა ღვინომ, ცვრიანმა მწვადებმა და ცივმა დედალმა სიამოვნების მაგივრად ძალიან შეაშინა მართა. რა ხუმრობაა ამისთანა მასპისძლობა! იქნება მე მშიერსაც დამეძინა, ვინ ეხვეწებოდა იმ დალოცვილს სახლის პატრონს. მაგრამ ვახშამი ტყუილად გაიშხამა ამ საშინელის ფიქრებით. იასონმა მიიწვია ისინი ვახშმად და თითონვე დაუწყო მასპინძლობა:
- მიირთვით, შენი ჭირიმე, მიირთვით. მერე არა სთქვათ ქალაქელებმა, კახეთში მასპინძლობა არ იციანო. ნაციხურალი ახლოა ჩემს სოფლებზედ და იმედი მაქვს იქ უფრო რიგიანად გაგიმასპინძლდებით; რაც შეეხება თქვენს სამძიმო თანამდებობას, მადმოაზელ, ვეცდებით როგორმე უფრო სუფთა საქმე გაგიჩინოთ, ვიდრე სოფლის მასწავლებლობა. ოჰ, სოფლის მასწავლებლობა ყმაწვილი, გაზდილი და ლამაზი ქალისათვის, это нечто весьма грубое, - ჩაურუსულა იასონმა, რადგან ეგონა, რომ ქართულად ასე ცხოვლად ვერ გამოსახავდა თავისს მძულვარებას სასოფლო სკოლის მიმართ. - Предоставьте это дело семинаристам. ვერ წარმოიდგენთ, ზედ გამოჭრილები არიან ბურსელები სკოლებზედ, აი თუნდ ჩვენი სოფლის ლეკიკარას სკოლის მასწავლებელი მთელი დღე, კვირაობითაც კი, განუყრელად გლეხებში ზის, იმათ ელაპარაკება, იმათში ერთობა; ჩვენ კი ვერას გზით ვერ შევიჩვიეთ. გასაკვირველი არ არის, განათლებული კაცი და განათლებულ საზოგადოებას ერიდებოდეს და გლეხებში, იმ უმეცარ, თითქმის გაპირუტყვებულ ხალხში დროს ატარებდეს და თანაც კმაყოფილებით ჰგრძნობდეს თავს!
- ჩვენ ის გზაში გავიცანით, ერთის დილიჟანით მოვედით, - უთხრა მართამ იასონს - ეტყობა ძალიან სინდისიანი ყმაწვილი კაცია; უთუოდ თავისს თანამდებობასაც სინდისიერად ექცევა, გლეხები მიუნდვიათ იმისათვის და ცდილობს სარგებლობა მოუტანოს რამა.
- დიაღ, ლიბერალობა მე თითონ კარგად მესმის, მე თითონ ხშირად ვეხმარები გლეხებს გაჭირვებაში, მაგრამ მთელი თავისი დრო რომ იმათ შესწიროს განათლებუ ლმა კაცმა, этого решительно понять не могу. Помилуйте, это равносильно самоубийству!
ამ სიტყვებით, რასაკვირველია, იასონმა მიჰმართა ლიზას, რადგან მართა ღირსად არ სცნო ამ მაღალ აზრების გასაზიარებლად.
- ოხ, რა რიგად მიხარიან, კნიაზ იასონ, რომ თქვენისთანა მეზობლები მე ყოლებიან. Вообразите, მე კი მეგონა, რომ გამოყრუებულ სოფელში ჭკუაზედ შევიშ ლებოდი, - გულის სიწრფელით ეუბნებოდა ლიზა იასონს.
- За ваше здоровье прелестная гостья наша! - აღტაცებით უთხრა იასონმა ხუთი-ექვსის სტაქნის შემდეგ ყმაწვილ ქალსა. - სიმშვენიერეს სიფაქიზე ეკუთვნის და ჩვენც ვეცადოთ რისიც ღირსი ხართ, ის მოგიზღვნათ.
ამ სიტყვებთან ერთად იასონმა უფრო სიტკბოება მისცა თავისს მზერას და შეუწყვეტელმა ცქერამ და ალერსიანმა ბაასმა მთლად მოაჯადოვა ჩვენი ლიზა. ყმაწვილი ქალი კეკლუცობით იხრიდა დაბლა კისერს და ტკბილისავე ღიმილით მადლობას უხდიდა კნიაზს.
კარგა შუაღამე გავიდა; იასონმა მესამე ბოთლი გამოსცალა და ბაასის შეწყვეტას კი არ აპირობდა; მართას, თუმცა სთვლემდა, დაღალულობა თავს ართმევდა, მაგრამ ზრდილობა ნებას არ აძლევდა სტუმარი, ანუ უკეთ რომ ვთქვათ ძალად მასპინძელი დაეთხოვნა.
ლიზა თავისს სიცოცხლეში პირველად ელაპარაკებოდა ასე თავისუფლად ყმაწვილს კაცს და ეს ძლიერ აღელვებდა და დაღალვასა და მოსვენებას სულ ავიწყებდა. წამოწითლებული, თვალებგაბრწყინვალებული ეტიტინებოდა იასონს და ფიქრადაც არ მოსდიოდა, თუ რა მახეს უბამდა თავისს გულს და ზიანს აძლევდა თავისს სახელს ულმობელი საზოგადოების თვალში.
V
ნაციხურალი თითქმის ერთს ვერსზეა გაჭიმული. განიერი, ჩინებულად მოვლილი შოსე ორად ჰყოფს სოფელს. გზის ორთავე მხრივ დუქან-ბაზარია გამართული და აქეთ-იქით სოფლის შენობებია ჩამწკრივებული თავ-თავისის დიდრონის ამწვანებულ ეზოებით. აქ ხშირად შეხვდებით ორსართულიან, ჩინებულად ნაგებ ქვითკირის სახლებს, რომლებიც გაკეთებულის გლეხკაცების საკუთრებაა და საზოგადოდ კი მომეტებულ მოსახლეთ ხის დარბაზები უდგიათ, კრამიტით ან ჩალით დახურული საბძლურად. შესანიშნავია, რომ ამ სოფელში და თითქმის სხვაგანაც მთელს კახეთში იშვიათად შეხვდებით ბოლის ასასვლელს; უთუოდ ტკბილი კახური უცეცხლოდაც ათბობს აქაურობას, ან ამათი თვალები ადვილად იტანს კომლის სიმწარეს.
კარგა მოზრდილ მინდორზედ, სოფლის ბოლოს, სდგას ნაციხურალის სკოლის შენობა; მშვენივრად არის აგებული, კედლები თეთრად აქვს გალესილი და წითელის კრამიტით დახურული. გარეგანი შეხედულება მნახველს საკმაოდ ასიამოვნებს. დღეს, თორმეტ სექტემბერს, სკოლის ეზო მთლად სავსე იყო გლეხკაცებით. სკოლის მეორე მხარეს, განიერ აივანზედ შეკრებილნი იყვნეენ სოფლის დედაკაცები და შიგ სკოლის ოთახში სამოცამდე ყმაწვილი, რომელთა უმეტესობა გოგოები იყო. ბავშვებსაც და დედ-მამასაც კახეთში წმინდად აქვთ დაცული ძველებური ტანთსაცმელი: აბორკიანი, კერასიანი კაბა და კინტოური ყელიანი ჩუსტები, რომელიც ქართლში ძლიერ გახშირებულია, აქ იშვიათად, თითქმის არც კი მოიპოვება ოთხკუთხი გულამოჭრილი კაბა სარტყელ-გულისპირით თითქმის ყველა დედაკაცს უმშვენებს წამოსადეგ წერწეტს ტანსა.
მასწავლებლის ოთახშიაც კარგა ბლომად ირევა ხალხი: ამ სოფლის მღვდელი თავისის კრებულით, მთავრობისაგან დანიშნული და გამოგზავნილი მოხელე სკოლის კურთხევაზე დასასწრებლად, ამ სოფლის ორიოდ-სამი თავადიშვილი, სოფლის მოსამართლენი და მამასახლისი და რამდენიმე ახლო-მახლო სკოლის მასწავლებელი, მათ შორის ჩვენი ნაცნობი ნიკო ბერიშვილიცა.
ლიზა კოშკაძისა, სადღესასწაულო ტანისამოსით მორთული, თუმცა ჩვეულებრივად ჰშვენის, მაგრამ დღეს საშინლად ფერმიმკრთალია. მას ცოტა არ არის, აშინებს ის აზრი, რომ ამოდენა ხალხში, მღვდლისა და მთავრობის წარმომადგენელის თანდასწრებით, უნდა შეუდგეს თავისს თანამდებობას და ვაი თუ შევკრთე, როგორც რიგია, ისე ვერ დავიწყო ჩემი პირველი გაკვეთილიო.
ორ საათზე ყველანი სასკოლო ოთახში შეიყარნენ. მღვდელმა ოლარი გადაიგდო და დაიწყო პარაკლისი. ლიზა ფანჯარასთან იდგა და მოუთმენლად უყურებდა გზას.
- უთუოდ მომატყუა იასონმა, - ფიქრობდა მწუხარებით. - იმ ღამეს, მე მგონია, ღვინო მეტი მოუვიდა და იმიტომ მექცეოდა ისე ალერსიანად: ,,ჩვენო მშვენიერო, ძვირფასო სტუმაროო!” რამდენი სიტკბოება იყო იმ ორ უბრალო სიტყვაში. რა სიამოვნებით და მეგობრულად დამაშტერებდა ხოლმე თავისს ლამაზ ბეც თვალებს! ოჰ, ნეტავი კი აასრულოს დაპირება და დღეს ამ სკოლის კურთხევის ცერემონიას დაესწროს. ასე ადრე რად დაიწყეს პარაკლისი, ათი საათია. იქნება, იმას, ჯერ არც კი გაუღვიძნია!
პარაკლისი თავდებოდა, როდესაც სკოლის ეზოში შემოგრიალდა ლაზათიანი საგზაო კალიასკა. კალიასკაში გადაწოლილი იჯდა იასონ და მის გვერდით ვიღაც ზორბა, გულზვიადობით სავსე მოხუცი კაცი. ძვირფასის ქართულის ტანისამოსით.
იასონმა მოწიწებით ხელი მოჰკიდა მოხუცს და კალიასკიდან გადმოსვა. ამათ შემოსვლაზე ხალხში ჩოჩქოლი ატყდა. ყველამ გზა დაუთმო მოხუცს და პირმოთნეობით სავსე სალამი მისცა.
- ეს ის ყმაწვილია, გუშინ რომ მასწავლებელი ქალი მოიყვანა, - უთხრა ერთმა აივანზე მდგომმა დედაკაცმა მეორეს.
- მართლა? ქა, ეგ ხომ ლეკიკარიანთ ბატონიშვილია! ამბობენ გზაზე გოგოს არ გაატარებს, რომ უკან არ აედევნოსო, ქა, მაგას რათ მისდევდა, თუ ეგ კარგი ქალია?!
- ვინ იცის , რა წყლისა და რა სინდისისაა! - წაიტუტუნა მესამემ. - ერთი შეხედეთ, რა რიგად გაუყარა თვალი-თვალში იმ ყმაწვილს, ლეკიკარიანთ ბატონიშვილს!
მართლადაც და ლიზა მთლად ცქერად გადაიქცა. იასონი დღეს საშინლად ჰშვენოდა: ამაყად ყელმოღერებული, თავიდან ფეხებამდე ლაზათიანად გამოწყობილი, მამაცურად ხანჯალზედ ხელდაყრდომილი დიდად ერჩეოდა აქ შეყრილებში. ხშირად მიიდებდა ხოლმე ბეც თვალებზე ოქროს პენსნეს და ასე ათვალიერებდა აივანზედ მდგომ ქალებს და შემდეგ თითქო ადარებსო, ისევ დააშტერდებოდა ლიზას სახეს.
პარაკლისის შემდეგ წარმოითქვა რამდენიმე სიტყვა სკოლის მნიშვნელობის შესახებ, მეორე მოხელემ განიხილა ყოველივე მოწყობილობა სკოლისა, გადასცა ლიზას მთავრობის პროგრამა, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელათ წლის განმავლობაში მასწავლებლებს, და მოიწადინა მოსმენა სამაგალითო გაკვეთილისა.
ლიზამ ხმის კანკალით უბრძანა ბავშვებს დამსხდარიყვნენ და შეუდგა გაკვეთილს; ჯერ თრთოდა გაუბედაობით, მკვდრის ფერი დაედო, მუხლთ ეკეცებოდა, მაგრამ მოაგონდა, რომ აქ სხვათა შორის, იასონიც არისო და წელში გასწორდა და ხმამაღლა დაიწყო ყმაწვილების სწავლება.
სასწავლებელში უფროსი კლასების შეგირდები ხშირად ასწავლიდნენ სანიმუშოდ უმცროს კლასების შეგირდებს და ამისათვის ლიზა, როგორც გამოცდილი, რიგიანად გაუძღვა თავის გამოსაცდელ გაკვეთილს. მოხელე კმაყოფილი დარჩა, თანაგრძნობით ჩამოართვა ხელი, ორიოდე-სამი ტკბილი სიტყვა უთხრა მასწავლებელს და გაეშურა. იმას გაჰყვნენ სხვებიც... ოთახში დარჩნენ მხოლოდ იასონი თავისის მამით და ნიკო ბერიშვილი, რომელსაც გულით უნდოდა მიელოცნა ლიზასთვის გამარჯვება.
იასონის მამა, ლუარსაბ ჯამბადრუკიანი, კარგა ხნის მოხუცი იყო, მაგრამ წელი ჯერ სწორედ ეჭირა და თავისს სიბერის ნისლით გადაკრულ თვალებს არშიყობით აჭყეტდა ლიზას:
- მიხარიან, თქვენმა მზემ, მიხარიან, რომ სკოლებში თქვენისთანა კეთილშობილ ქალებს აძლევენ ალაგებს. განათლებული ადამიანი ყოველთვის სასიამოვნოა სოფელში და ეს ჩვენი ბატონი მასწავლებლები კი ბუსავით გვიყურებენ თავადიშვილებს. თქვენ კი, იმედი მაქვს, აგრე არ გვიზამთ, მიხვალთ, მოხვალთ, პატივსა გვცემთ და პატივსაც მიიღებთ.
- დიდად ბედნიერი ვარ, ბატონო, რომ ინებეთ სკოლის დათვალიერება და იმედი მაქვს, ყურადღებას არ მოგვაკლებთ შემდეგშიაც, - ზრდილობიანად უპასუხა მოხუცს ლიზამ.
- არა, არა, ნუ გეშინიან, ყოველთვის თვალ-ყურს ვადევნებთ თქვენს საქმიანობას. ნუ გეშინიან... ხა... ხა... - ნაძალადევად, უაზროდ გადიხარხარა ლუარსაბმა და მხარზედ ხელი დაადო ლიზას: - ნუ გეშინიან, ნუ, ჩვენო შავთვალავ. მშვიდობით, მშვიდობით, ლამაზი და კარგი ქალი ხარ, მე და ჩემმა ღმერთმა! - მსუნაგ კატასავით ტუჩები გაიწკმატუნა თავადმა ლუარსაბმა.
იასონი უსიტყვოდ გამოეთხოვა ლიზას და მხოლოდ დიდმნიშვნელოვანებით ჩამოართვა ხელი.
ნიკო კლასში იდგა ჩაფიქრებული და არ იცოდა, რა ეთქვა ლიზასთვის იმის დღევანდელის ქცევის შემდეგ. ყმაწვილი კაცი გულის ტკივილით ჰხედავდა, რომ ლიზას იზიდავდა სულ სხვა საზოგადოება, სულ სხვა მისწრაფება აღელვებდა და არა ის ნიადაგი, რომელზედაც უნდა გაეძლიერებინა თავისი მოღვაწეობა. ლიზამ ხმაც არ გასცა დღეს ყმაწვილების მშობლებს, არც თითონ ყმაწვილებს; ის თავს ევლებოდა სულ სხვებს, აჰყოლოდა მხოლოდ თავისს გულის თქმას და სრულიად ივიწყებდა თავისს მოვალეობის საგანს.
- ოჰ, ბატონო ნიკო, - კმაყოფილების სიცილით უთხრა ლიზამ, როდესაც სტუმრები გააცილა და ოთახში შემობრუნდა. - რარიგად მომწონს ეს მოხუცებული ლუარსაბ, რა კეთილი, რა ლმობიერი თავადია! იმედი მაქვს, რომ დიდ შემწეობას გაუწევს ჩემს სკოლას!
- ტყუილი იმედია! ლუარსაბი მხოლოდ ბებერი ყბედია და უნამუსო კაცი: ნუ მიენდობით მაგის ტკბილ სიტყვებს და მაცდურ ენას. თუ შემწეობა უნდა, განა თავისს სოფელში არ ააქვს სკოლა, რატომ არ უნდა შეჰხედოს და თანაგრძნობის მაგივრად რად სდევნის ყოველ ჩემ განზრახვას? მე ვიცი იმისი ბოროტი სული და სწორედ ბოროტის განზრახვითაც მოვიდა დღეს თქვენს სკოლაში. ერთი შვილი ჰყავს კიდევ პატიოსნებით სავსე! მე თქვენ გირჩევთ, ბატონო ლიზა, იმათთან დაახლოვებას ერიდეთ.
- ოჰ, ღმერთო ჩემო, რა არის მაგვარი თქვენი სიავკაცე! - ოხუნჯობით უთხრა ლიზამ ნიკოს. - თქვენ რაც გინდათ ისა სთქვით და მე კი აღტაცებული ვარ მამისაგანაცა და შვილისაგანაც, მაგრამ ახლა იმათ კი თავი დავანებოთ. რატომ არ მილოცავთ, რომ ასე კარგად გადავრჩი დღევანდელ განსაცდელს?
- მაგისთვის დავრჩი, მაგრამ...
- რაღა მაგრამ? არ იცით, როგორ, რა სიტყვით მომმართოთ? გინდათ გასწავლოთ? მაგრამ დრო არ არის, კვლავ იყოს, ეხლა კი წავიდეთ მეორე ოთახში, დედა დიდი ხანია სადილად გველის. ეგ რა წიგნები გიჭირავთ ხელში, არ შეიძლება გადავათვალიერო? სპენსერი, უშინსკი, პესტალოცი, ჰა, ჰა, ჰა! სად შეგიგროვებია მაგდენი გენიოსი ერთად.
- ეს წიგნები თქვენთვის მოვიტანე, მაგრამ...
- ოჰ, ღმერთო, რა არის მაგდენი მაგრამ ! მაგრამ რა? ახლა კი გნებავთ ისევ უკან წაიღოთ?
- მე მგონი, აგრე ემჯობინება. თქვენ დრო სად გექნებათ ამათის კითხვისათვის? კლასებს შემდეგ აღარავინ მოგაცლით: ტანცაობა, სეირნობა, სტუმრობა მოინდომებს თქვენს დანარჩენ თავისუფალს დროს.
- რეებსა ლაპარაკობთ, ბატონო ნიკო! მაშ თქვენ გინდათ, რომ მე მთელი დღე თქვენსავით, როგორც იასონი ამბობს, გლეხებში ვიჯდე და იმათთან ვილაპარაკო?
- დიაღ, ჩემის აზრით, ეგ საუკეთესო დროს გატარება უნდა იყოს სოფლის მასწავლებლისათვის, თუ, რასაკვირველია, გეცოდინებათ, რა ელაპარაკოთ. ამისთვის მომზადებაა საჭირო.
- ეგ თავის დღეშიაც არ იქნება! - მოუთმენლად დაჰკრა ფეხი ლიზამ მიწას. - ნახევარი დღეც საკმარისია იმათ შვილებთან თავის სახეთქად. დანარჩენი დრო მე ისე მინდა მოვიხმარო, როგორც ჩემი ნებაა: ვიტანცაო, ვისეირნო, სტუმრად ვიარო, როგორც თქვენ დამცინით, და მე კი სრულებით სასაცილოდ არ მიმაჩნია, - ცოტა არ იყოს გაბუტვითა სთქვა ლიზამ.
VI
ენკენისთვის ცამეტს, სკოლის კურთხევის მეორე დღეს, ლიზა სკოლის კიბეზედ იჯდა და გულხმიერებით კითხულობდა პესტალოცის, მაგრამ ვერას გზით ვერ დაეძლია, ვერ მოენელებინა იმის გაუხსნელ გონებას ამისთანა უჩვევი ტვირთი. ზოგიერთ ალაგს სამჯერ-ოთხჯერ კითხულობდა და მაინც ვერ შეეთვისებინა იმისი აზრები. ისე იყო გართული ლიზა ამ მძიმე შრომაში, რომ მანამ კიბესთან არ გაჩერდა ეტლი, არც კი შეუნიშნავს; ახლა კი შეჰკრთა, გაოცდა ამ გვარის შემთხვევით და უცებ ფეხზედ წამოხტა.
გუშინდელს ჯამბადრუკიანთ კალიასკაში გადაწოლილი იჯდა ლუარსაბ; მის გვერდით იჯდა ყვითლად ჩამომხმარი, მაგრამ კეთილშობილურის შეხედულებით სავსე, ხნიანი დედაკაცი. წინ, სკამზედ, იჯდა იასონ, ჩვეულებრივად მორთული და მხიარული.
- აბა, ბარიშნავ, წამოდი ალავერდში, - გაჩერების უმალვე გადმოსძახა ლუარსაბმა ლიზას: - ეკიპაჟში ალაგი გვქონდა და მე ვუთხარ ქეთევანს: მოდი უჩიტელნიცა წავიყვანოთ, მადლია, თვალს გაახელს-მეთქი.
- ჩემი წამოსვლა, აბა , როგორ შეიძლება. სკოლა მხოლოდ გუშინ გაიხსნა და დღესვე თავი როგორ დავანებო, - მოწიწებით უპაბუხა ლიზამ მოწყალე თავადს.
- Это все глупости! მოემზადეთ, ჩვენ არც კი გადმოვალთ. ისე მოგიცდით, - ბძანების კილოთი უთხრა ლუარსაბმა ლიზას.
- დედისაც მეხათრება, მარტო დარჩება, - მორცხვობით დაუმატა ლიზამ.
- დედათქვენს რა უშავს, - სწრაფად მიუგო იასონმა: - მთელი სოფლის დედაკაცები შემოეხვევიან, რაკი მარტოდ დაიგულებენ.
ამ დროს სახლიდგან გამოვიდა მართა, მიუახლოვდა ეკიპაჟს. დაბლა თავი დაუკრა თავადებს და შემდეგ მიჰმართა ლიზას - შვილო, რაღას ალოდინებ, ჩქარა მოემზადევი, რატომ ღმერთს მადლობას არ სწირავ, რომ ამისთანა პატიოსანნი ცდილობენ თვალი გაგახელინონ. რატომ არ გადმობრძანდებით, კნეინა, რატომ არ გააბედნიერებთ ჩვენს საცოდავ სახლს. ღმერთმა გადაგიხადოთ, ბატონებო, ჩემი ობლის პატივისცემა.
- გმადლობთ, - წყნარად მიუგო ქეთევანმა მართას. - კვლავ გნახავთ, ეხლა ძლიერ დაგვიღამდება, ოცი ვერსი მეტი გვაქვს კიდევ გასავლელი.
- კარგი ქალი გყოლია, მე და ჩემმა ღმერთმა. ძლიერ მომეწონა, ლაზათიანი გოგონაა! - უთხრა ლუარსაბმა მართას, როდესაც ლიზა სახლში შებრუნდა მოსამზადებლად. - ღირსია, ღირსი, რომ ვანუგეშოთ, ხალხში გამოვიყვანოთ.
ამ ლაპარაკის დროს ქეთევანი ჩუმად იყო და მხოლოდ იმის გაყვითლებულ პირისახეს უფრო ფერი ჩაუჯიგრდა და მშვენიერ თვალებზე თითქო ნისლი გადაეფარა.
იასონი ჩუმად იდგა კალიასკის გვერდით და პატარა ბავშვივით მოკრძალებით უსმენდა მამას.
ამასობაში ლიზაც გამოვიდა თავისი პატარა ბოხჩით და ალაგი დაიჭირა იასონის გვერდით ეკიპაჟის წინა სკამზე.
მშვენიერი, მყუდრო და ტკბილი საღამო იყო. გზატკეცილზე ჩარდახიანი ურმები შეუწყვეტლივ მიჭრიალებდნენ და დართული გლეხის ქალნი და რძალნი უკან ფეხით მისდევდნენ ურმებს. ხანდისხან ეკიპაჟებიც გაჰქროლავდა ხოლმე და ცხენოსნებს ხომ ბაწარივით გადაბმული ჰქონდათ თავი ერთმანეთზედ.
თუმცა ჯამბადრუკიანთ ეკიპაჟს ოთხი მშვენიერი ცხენი ნიავივით მიაქროლებდა რკინასავით მოჭედილ გზატკეცილზედ, მაგრამ ალავერდი კარგა მოშორებით იყო ნაციხურალზედ და ძლიერ დაღამდა, როცა ჩვენი მლოცველნი მიუახლოვდნენ ალავერდის ეკლესიას.
გზაში ლიზამ ორჯერ-სამჯერ იგრძნო, რომ ვიღამაც ფეხი-ფეხზე დაადგა და ამ გარემოებამ ძალიან დააღონა; თითქო სინანული დაიწყო, რომ უპატრონო ყმაწვილი ქალი თითქმის უცნობ ხალხს გამოჰყვა; ნიკო ბერიშვილის სიტყვებიც მოაგონდა ლუარსაბის ხასიათის შესახებ და მწუხარებით კინაღამ ცრემლები გადმოჰყარა. ყმაწვილს ქალს გულმა ფრიალი დაუწყო; ლიზამ მუდარებით შეჰხედა ქეთევანს და იმისმა პატიოსნებითა და სიკეთით სავსე თვალებმაც ნუგეში სცა საცოდავსა და დააშოშმინა.
საოცნებო სახილველი იყო ამ დროს ალავერდის წინ გადაშლილი მინდორი: ეკლესიიდან დაწყებული, გალავნის კარების მარცხნივ და მარჯვნივ, ჩამორიგებული იყო წყობისად გადაჩარდახებული ურმები და მათ წინ დიდი ცეცხლი ენთო; ურმებს შუა, ეკლესიის კარებგასწვრივ, სიგრძეზედ, ორპირად დუქან-ბაზარი იყო გამართული. ამ განიერ გზას მრავალი ფარანი აშუქებდა. ცოტა მოშორებით, იქ, სადაც დაცემული მინდორი ალავერდისა ცოტაოდნად მაღლდება და თითქოს საგანგებოდ გაკეთებულ ტახტსა ჰგავს, აშენებული იყო მწვანე ხის ტოტებითა და ბორდოხით დაფარული დიდრონი ფანჩატურები და მათ წინ გაბმულ თოკზე ჩამოკიდებული იყო სხვადასხვაფერად აყვავებული ქაღალდის ფარნები. რაღაც საზღაპრო სახილველი ეგონებოდა კაცს ამ დროს ეს არემარე. შორს, შორს ამ ბრწყინვალე სურათის ბოლოს მოსჩანდა სიბნელეში დიდი, ახოვანი, თეთრად განსპეტაკებული ალავერდის წმ. გიორგის ეკლესია, რომლის გალავანშიაც სრული სიჩუმე და მყუდროება სუფევდა. გალავანს გარეთ კი საშინელი ხმაურობა იყო: შარმანკები, ზურნა, დაირა, სტვირი, სიმღერა, ვაჭრების ძახილი, პირუტყვთა ღრიალი ერთად შეერთებულიყო და საოცარი ჟრიამული იდგა.
ეკლესიის კარებთან ჯამბადრუკიანთ მოეგებნენ მღვდელი, ორი პოლიციის ჩაფარი და დიდის პატივისცემით აიწვიეს საუკეთესო სახლში, რომელიც გალავანს ჰქონდა დატანებული. ამ სახლის განიერი და გრძელი აივანიც მთლად გაჩაღებული იყო ფარნებით. კედელთან ჩარიგებულ სკამებზე მრავალი მორთული ქალი და კაცი ისხდნენ და ჩაის შეექცეოდნენ. ახალ მოსულებს საკუთარი ოთახი დახვდათ მომზადებული, სადაც დილიდგანვე გამოგზავნილ მოსამსახურეებს დაელაგებინათ ბარგი და ვახშმის სამზადისს შესდგომოდნენ კიდეც.
ჩაის შემდეგ ლუარსაბმა სთხოვა ქალებს, ერის დასათვალიერებლად წავიდეთო. ქეთევანმა დიდის ბოდიშის მოხდით უთხრა თავისს ქმარს: ,,მე თავი მტკივა საშინლად, აქ დავრჩები, თქვენ გაისეირნეთ და ამ ქალსაც უჩვენეთ აქაურობა”.
- არა, ბატონო, მე თქვენ თავს არ დაგანებებთ, მეც აქ დავრჩები და აი ფანჯრიდგან გადავიხედავ. აქედგან უფრო კარგად დავათვალიერებ მთელ არემარეს.
- მაშ მეც აღარ წავალ, ვაჟო! - თავისებურის უსულო ხარხარით სთქვა ლუარსაბმა. - თუკი ქალები არ წამოხვალთ, მე რაა? ალავერდობა ჯერ არ მინახავს თუ? თქვენთვის მინდოდა მეჩვენებინა ჩვენი ჯვარობა, ბარიშნავ; ამისთანა რამ თქვენს ქართლში ხომ არა გენახებათ რა. სულ რომ ცოტა ვსთქვა, ათი ათასი ურემი აღარ იქნება დღეს მოსული? ეხლა ხალხი უნდა ნახოთ-და! ვის არ შევხვდებით აქ: თუშს, ფშავს, ხევსურს, ინგილოს, დიდოელს, ლეკს, თათარს, ჩერქეზსაც კი. ყველა თავისის ეროვნულის ტანისამოსით და იარაღით არიან დაკაზმული. თავ-თავიანთ ქვეყნების ნაწარმოები აქვთ მოტანილი გასასყიდად: მშვენიერი შალები, ნაბდები, ქუდები, ლეკური, ხმალ-ხანჯლები, საფენი, ზოგს ერბო მოაქვს, ზოგს ყველი, ზოგს მრავალი საქონელი მოუდის, ცხენი, ცხვარი, ძროხა და კამეჩი ხომ აუარებელია გასასყიდი. არა, არა, ქალბატონო, წავიდეთ, გავისეირნოთ. აბა, ახლა აქაური ქალი და კაცი ნახეთ: თქვენებურებივით კი არ დახაშმულან და დაგვალულან. თქვენზე კი ნუ მიიღებთ, - საზიზღარის ღიმილით უთხრა ლუარსაბმა ლიზას, - თქვენ აქაურებსაც თვალს მოსთხრით სილამაზით და სინარნარით!..
მამის ლაპარაკზე ლიზამ შვილს შეხედა. უნდოდა იმის სახეზედ ამოეკითხა უკმაყოფილება, გაკიცხვა მამის შეუსაბამო ქცევისა. მაგრამ იასონ ჩვეულებრივად, მოკრძალების ღიმილით უსმენდა მამას.
- ჩემის გულისათვის ნუ დაიშლი, შვილო, - ნაზად უთხრა ქეთევანმა ლიზას. - მე აქ ნაცნობ ქალებთან ვისაუბრებ და ვახშამს მოგიმზადებინებთ. ძლიერ კი ნუ დაიგვიანებთ, დაღალულები ვართ.
გულის კანკალით გაჰყვა ლიზა მამას და შვილსა, ყმაწვილი ქალი გაოცებული იყო იასონის ქცევით. იასონი, თელავში ალერსიანი, ტკბილი, მხიარული მოლაპარაკე, ლიზას არშიყობით გატაცებული, დღეს მამას გვერდით უსიტყვო, უაზრო, ხელშეკრულ მონასა ჰგავდა. მთელი ორი დღე, გუშინ და დღეს, ეძებდა ლიზა იასონის სახეზედ თახაგრძნობის ერთს ხაზს, ერთს მეგობრულ სიტყვას, მაგრამ იასონი პირმოკუმული იყო და, თუ ხანდისხან შეხედავდა, მხოლოდ მაშინ, როდესაც მამა მოშორებით იყო.
ლუარსაბი დიდის ყურადღებით ათვალიერებინებდა ლიზას ყველაფერს, რაც კი ერობაში შესანიშნავი იყო რამე: სავაჭროს, ხალხის ნაწარმოებს; უხსნიდა აქ მყოფს ხვადასხვა ხალხის ზნე-ჩვეულებას, არკვევდა იმათ ტანთსაცმელის სხვადასხვაობას - თუშის გაქონილ ტყავ-შალის პერანგებს, ფშავების ქალთა ძველის ვერცხლის ფულით გაკეთებულ სამკაულებს, ლეკის ქალების ახალუხ-კაბას, დიდოელების მელურ, ბოროტებით სავსე პირის მეტყველობას და სხვ.
ერის დათვალიერების შემდეგ ლუარსაბმა ლიზა მიიყვანა თავადიშვილების უბანში გაჩაღებულ ფანჩატურებთან. აქ ქალები, დიდის გემოვნებით ჩაცმულები ევროპიული ძვირფასის ტანისამოსით, ფანჩატურის უკანა მხარეზე ჩარიგებულ სკამებზე ისხდნენ. მათ წინ ძირს გაშლილ ქეჩა-ხალიჩაზე მოკეცილები ისხდნენ ქართულად ჩაცმულნი მანდილოსანნი და აქა-იქ ქალებშუა ყმაწვილი კავალრები, ზოგი სერთუკ-პიჯაკებით და ზოგი ჩერქეზულად დაკაზმული. ფანჩატურსგარეთ, ცოტა მოშორებით, საზანდრები დამღეროდნენ თარის სევდიან ნელ-წკრიალა ხმას, ან მედუდუკენი უბერავდნენ ტკბილ დუდუკს და დაირა-ნაღარას გაჰქონდა გუგუნი.
ლუარსაბმა მამობრივის ერთგულებით გააცნო ლიზა ყველას; ლუარსაბის ხათრით ლიზა პირფერად პატივისცემით მიიღეს და გულში კი ყველამ ტუჩი აუბზუა. ლუარსაბთან გავლაც საკმარისი იყო, იმათის აზრით, რომ ყმაწვილ ქალს სრულებით დაჰკარგოდა სახელიცა და პატიოსნებაც.
ყმაწვილები სიცილით ეუბნებოდნენ იასონს : ,,შე საწყალო, როდემდის უნდა გგლეჯდეს მამაშენი პირიდგან ლუკმას? აი ეგ ლამაზი გოგრუცუნაც მაგას უგდია ხელში! “
- ჰო-და! - ორაზროვანის სიცილით უპასუხებდა იასონი. - მე ეგ ,,მადმოაზელა” თელავის სასტუმროში ვიპოვნე, კარგი ვახშამი მივართვი, გათენებამდე ვებაასე. ერთი სიტყვით, რაღა გაგიგრძელოთ, ძლიერ დავმეგობრდით, მეორე დღეს ჩემის კალიასკით მივაბრძანე ნაციხურამდე, დავაბინავე და პირობა მივეც, ხვალვე გნახავ-მეთქი. წარმოიდგინეთ ჩემი სისულელე! ავიღე და ყველა ეს მამაჩემს ვუამბე. ერთიც ვნახოთ, მეორე დღესავე, დილა-ადრიან, კალიასკას აბმევინებს. - მამა სად მიხვალ? - ნაციხურალში, დღეს იქაურ სკოლას აკურთხებენ, შენც წამო, დავესწროთ, ვნახოთ რა ამბავი იქნებაო. მე მაშინვე ენაზე ვიკბინე. მაგრამ რაღას გავაწყობდი. წავედით. მამაჩემი მთლად გადაირია მაგის სიმშვენიერით. შინ დავბრუნდით თუ არა, დედაჩემს ჩააცივდა, ალავერდში უნდა წავიდეთო. დედამ ბევრი იუარა, ავად ვარო, მაგრამ, შენც არ მომიკვდე, ფაცაფუცით დილითვე ბარგი გამოგზავნა და ნაშუადღევს კი, ისე უცბად, ამ ქალის კარებზე მიგვიყვანა. ჩააცივდა, უთუოდ ალავერდი უნდა გაჩვენოვო და აი ხედავთ, ჩემს ნაპოვნს მე ახლოც აღარ მაკარებს.
- შეხე, შეხე, ბიჭო, იმ ,,მადმოაზელას” კი თვალები შენსკენა რჩება. ფიქრი ნუ გაქვს, ბებერი როგორ გაჯობებს. შენ შენებურად პენსნე დაუმიზნე ხოლმე! შორიდანაც გასჭრის შენი თვალები... ხა... ხა... ხა!
- თუ მამაჩემი მოშორდა როგორმე, მაგის მე ვიცი! მაგრამ ცხვრის ქოფაკსავით უგურგურებს, ერთ წამს თვალს არ აშორებს.
გაიმართა ლხინი, ცეკვა. ლიზა შეუფერხებლივ გადადიოდა ერთი კავალრის მხრიდან მეორისაზედ: ქალი ყმაწვილურის აღტაცებით ეძლეოდა მხიარულებას და ვერ ამჩნევდა იმ უწესო ქცევას, რომელსაც მოცეკვავენი ჰკადრულობდნენ იმის შესახებ. მეტადრე იასონი, წაქეზებული ამხანაგების უშვერის ლაზღანდარობით, ხელებს ამტვრევდა ლიზას და რაც ძალი და ღონე ჰქონდა იკრავდა გულზედ.
მრავალ მაყურებელთა შორის ბერიშვილიც უყურებდა ამ ლხინს და მოუთმენლად ცმუკავდა, მრისხანების თვალს ატანდა ყველას, ვინც კი ლიზას კადნიერად თვალს გაუსწორებდა და გულში ბუტბუტებდა: ,,უბედური გომბიო, ჩაერია ამ უზნეო, ქარაფშუტა, უსაქმო ლაწირაკებში და დაიღუპა, ნამდვილად დაიღუპა!” მრავალი ქალი თამაშობდა. მრავალ ქალებს ეტრფიალებოდნენ კავალრები, მაგრამ ნიკოს ეგონა, რომ მხოლოდ ლიზას ექცევიან შეუფერებლად, უკანონოდაო; უნდათ ყმაწვილი ქალი დაამცირონ და სახელი გაუტეხონო. ასე ეგონა იმიტომ, რომ პირველსავე დანახვაზედ ნიკომ ლიზა თავისს გულში ჩაისვენა, თავისს სათაყვანებელ ხატად გახადა და ყოველგვარი სითამამე, ღიმილი, ხელის შეხება ამ ხატის შეურაცხყოფად მიაჩნდა და მზად იყო თავისს მცირე, სუსტის ჯანით დაეფარა, დაეცვა ეს ობოლი, უპატრონო, საწყალი მასწავლებელი ქალი.
ყველაზედ მომეტებულად ააშფოთა ნიკო იასონის და იმის ამხანაგების ურცხვმა ბაასმა ლიზას შესახებ. ყმაწვილი კაცი მთლად აენთო, ხელების მტვრევას მოჰყვა, გულმა ძაგძაგი დაუწყო.
- ოჰ, ბატონო ნიკოლოზ! - დაცინვით უთხრა ლუარსაბმა ბერიშვილს, როდესაც ლხინი დაიშალა და ლიზასთან ხელი-ხელგაყრილი გამობრუნდა: - თქვენც აქა ყოფილხართ?
- დიაღ, აქ გახლავართ! თვალს ვადევნებ, ყურს ვუგდებ, ვსტკბები ჩვენის ვაჟკაცების გმირობით ყმაწვილი ქალების სახელის შესალახავად.
- რას ჰბოდავ, მამა გიცხონდა, რა ფილოსოფიას ჩმახავ? ბიჭო, სულ ხომ ბუზღუნი არ იქნება, ერთხელ გაიღიმე, ერთხელ ადამიანურად მოიქეცი, ამყოლს აჰყე, დამყოლს დაჰყე, ქვეყანას შენ მიჰბაძე, განა შესაძლებელია, რომ ქვეყანამ შენ მოგბაძოს? - მამაშვილურის დარიგების კილოთი უთხრა ლუარსაბმა ნიკოს და მხარზე ხელი დაჰკრა.
- არა, მაგრამ გული მტკივა, სისხლი მემღვრევა, როდესაც გალაღებული მაძღარი ბედმძიმე ღატაკს სთელავს, მომავალს უბნელებს... - და ამ სიტყვებთან ერთად ნიკომ ზიზღით შეხედა იასონს, იასონი კი იმ დროს რაღაცას ჩასჩურჩულებდა ლიზას და ისიც იღიმებოდა, ნეტარებას ეძლეოდა.
ლიზა, დაღალულ-დაქანცული, გაუხდელად ამოუჯდა გვერდში ქეთევანს და იმის კალთის მფარველობის ქვეშ ტკბილს, ოცნებით სავსე ძილს მიეცა; მის გარშემო სრული სიჩუმე და მყუდროება სუფევდა, მხოლოდ გალავან გარეთ მთელი ღამე ხმაურობა და ჟრიამული არ შეწყვეტილა; იქ სიცოცხლე სდუღდა და გადმოდიოდა: შეზარხოშებული ვაჟკაცნი მოუსვენრად დაეხეტებოდნენ ზურნა-დალაბანდით უბან-უბან და დაღალულ მლოცველთ ძილს უფრთხობდნენ, მოსვენებას არ აძლევდნენ. ვაჭარნი გაფაციცებით სწმენდდნენ, ჰფერავდნენ, ჰბერტყავდნენ თავიანთ ფართალს, საუკეთესოს თვალსაჩინოდ აწყობდნენ და დამპალ-დამპალს ქვეშ ალაგებდნენ მყიდველის თვალის ასაბმელად.
მხოლოდ თვით ტაძარი იდგა დადინჯებული, დარბაისლად და მდუმარებით გადმოჰყურებდა ათასობით შეგროვილს ხალხს, ხალხს ვითომდა სალოცავად მოსულს, ის კი არა თუ მაცდურობით სავსეს, დაუწყნარებელს და ხორციელის მღელვარებით გატაცებულს.
ლუარსაბსაც არ ეძინა, მთელს ღამეს აივანზედ იჯდა და შინელში გახვეული ჩიბუხს ეწეოდა. ხანდისხან მღელვარებით წამოდგებოდა და ბოლთასა სცემდა, ხანდახან გადაეყუდებოდა აივანს და თითქოს სტკბებოდა წინ გაშლილის მშვენიერის სურათით, ხან შუბლზედ ხელს გადაისვამდა და თითქო ცდილობდა თვალიდან მოეშორებინა ის მძლავრი ფიქრები თუ სურვილები, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა. ბოლოს მისი თვალი გაჩერდა დიდებულ, თითქო შუბლშეკრულ ტაძარზედ და თავადმა უნებლიეთ პირჯვარი გადაიწერა, ამოიხვნეშა, დარცხვენილი სკამზედ დაჯდა და კვლავ ჩიბუხი გააბოლა. მაგრამ ვერას გზით ვერ დასძლია თავისი ვნებითა და ჟინით აფორიაქებულ ბუნებას და ისევ ზეზე წამოხტა.
- ჰე, ჰე, ეს რა მემართება, აგერ განთიადია და ძილი არ მეკარება, ნუთუ ეშმაკი ჩემზედ ძლიერია? - ძლიერია, მა რა ჯანაბაა. ის დღეა, რაც ის გონბიო ვნახე და გონება ამერია, სამოც წელში მიხწეულ კაცს ძარღვებში სისხლი ამიდუღდა, სურვილი აღმეძრა... ეხლა აქ ჩემი ლაწირაკი მეღობება წინ და ეს უფრო მაგიჟებს, იქ ის ვიღაცა დიაკვანი... დიაკვანი... ჰმ, იმას კი გავსრეს, გავანადგურებ... მაგრამ თითონ გოგოა საქმე... რა თვალები აქვს! რა ბაგე! ბაგე თვით უმანკოება... უნდა მოვგლიჯო, უთუოდ უნდა მოვგლიჯო ის უმანკოების ვარდი, ის ტკბილის ცვარით დანამული ვარდი... მაშ მე ლუარსაბი არა ვყოფილვარ და თავზე ქუდი არა მხურებია... ვარდს ვარდებში ვაგორავებ, დიბა-სტავრაში ჩავსვამ, ოქრომკედის გრეხილს შემოვავლებ, ალმასებით ავაბრჭყვიალებ და ქალს სხვა რა უნდა, ისიც ვიღაც კოშკაძის ქალს... სკოლის მასწავლებლობას მალე გასცვლის ფუფუნებაზედ, დიაღ გასცვლის...
სწორედ ამ სიტყვებზედ ლუარსაბის თვალი კიდევ ეკლესიას მიაჩერდა და იქ კედელზედ მიყრდომილი, გულხელდაკრეფილი ნიკო დაინახა და გაფითრდა: ,,იქნება ჩემს სახეზედ წაიკითხა ყველა ის, რაც მაღელვებს, რაც მწყურიან? - იქნება, მაგრამ რაო! მაგას, მაგ ბაღლინჯოს, მაგ არა-კაცს უნდა შევუშინდე? ხა, ხა, ხა!” - მძლავრად გადიხარხარა ლუარსაბმა და დაცინვით გადასძახა ნიკოს: - ლოცულობ, ფილოსოფოსო, ლოცულობ? მხოლოდ პირი აღმოსავლეთის მაგივრად ჩრდილოეთისკენ გაქვს მიქცეული.
- დიაღ, ჩრდილოეთისკენ, რადგან ჩრდილოეთს უფრო ესაჭიროება გამჭრიახი თვალი! - მრავალმნიშვნელობით მიუგო ნიკომ და გასწია გალავანის კარებისაკენ.
VII
ცა პირისფრად შეიღება. მზემ ნელ-ნელა იწყო ამოსვლა დაღესტნის მთებზე შემოკრულის ბურუსიდან. ალავერდის არემარემ, მის წინ გაშლილმა ფართო მინდორმა მზის სხივებზე მხრები შეანძრია, გაიღიმა და განთიადის მოწყალებით ცოტას ხნით შეყურებულმა ხელ-ახლად მძლავრი ხმა ამოიღო: ზურნას ჩაჰბერეს და გაისმა ჩვეულებრივი “საარი”, მომღერლებმა ხმა ამოიწმინდეს, მერიქიფემ ყანწი-საღვინე მოიმართა და ლხინი გაჩაღდა; აღებ-მიცემამ, ვაჭრობამ დუღილი დაიწყო.
ალავერდის ტაძრის სამრეკლოდან ზარების რეკვა მოისმა და მლოცველნი სალოცავად მიიწვია. გალავანს მოაწყდა აუარებელი ხალხი და იმის ვიწრო შესავალ კარებში ჭედვისაგან ერთი ალიაქოთი იყო. თვით ფართო გალავანი ზღვასავით ღელავდა და ხალხის ბრბოს ჩოჩქოლი გაჰქონდა. ეკლესიაში ერთგვარის სასოებით ლოცულობდნენ ქრისტიანე ხევსურნი, კახელნი და სხვა მთიულნი და მაჰმადიანნი: ლეკნი და ჩერქეზნი; საწირავიც ერთგვარის გულუხვობით იწირებოდა და ჭრელ-ჭრელი აბაზიანები ქრისტიანეთა და მაჰმადიანთა ერთ კალთაში გადადიოდა. რამდენიმე მღვდელი ვერ ასწრობდა დაწყალობებას და ფულის კრებას.
ეკლესიის კარის ბჭესთან ხომ მთელი ზღვა იყო შესაწირავებისა: აუარებელი ტყავები ხარებისა, ცხვრებისა, ქადა-ნაზუქი, ხაჭაპური, ცხვრის ბარკლები, ძროხის ბეჭი, ზვარაკი, მამლები ხორა-ხორად იდგა; ზედაშის სავსე საღვინეები ჯარივით იყო გამწკრივებული და სამი მოძღვარი ვერ ასდიოდა კურთხევას შესაწირავებისას. მრავალი დიაკვანი ჰკრებდა ნაძღვნევს და მაინც ვერ ასწრობდა აკრებას; ასობით იცდიდნენ შემომწირველნი და საშინელი წაკვრა-წატანება იყო; ყველანი ცდილობდნენ მოეშორებინათ თავიდან თავისი ვალი და მისცემოდნენ გალავანს გარეთ გამართულს საერთო ლხინს და შვებას.
ეკლესიის ერთ კუნჭულში ქეთევანი იდგა და ხელგაპყრობილი, ცრემლებით სავსე თვალებით, რაღაცას შესთხოვდა ალავერდის სასწაულთ-მომქმედს წმ. გიორგის; იმის პირისახეს ჩვეულებრივი სატანჯველის შეხედულების მაგიერად რაღაცა ზეციური ნუგეში მოჰქონდა და სანატრელ ელფერს სდებდა მის მაღალ ზნეობით გამსჭვალულ ბუნებას. იმის შორიახლოს იდგა იასონი, ოქროს პენსნეთი აღჭურვილი, ქალების ჯგუფს ათვალიერებდა, ლიზა კი მოკუნტული, ფრთებშეკრეჭილ მერცხალივით ლუარსაბს გონებაგაფანტვით უგდებდა ყურს და თითქო ცდილობდა იმის კლანჭებიდან თავის დაღწევას, მაგრამ ამაოდ, ბებერ არშიყს მოთმინება ეკარგებოდა წირვის გაჭიანურებით და ამიტომ ლიზას უთხრა:
- დღევანდელ დღეს წირვის მოსმენა ყოვლად შეუძლებელია, წავიდეთ ერში, აბა, ახლა დღისით ნახეთ, რა არის ,,ალავერდობა”; ეს უბრალო თქვენებური ქართლური ჯვარობა კი ნუ გგონიათ, ბაზარია, იარმუკა მთელის დაღესტნის მაზრისა, ფშავ-ხევსურეთის, ლეკ-დიდოელთა, ქიზიყელთა და მრავალთა სხვათა. აქ იკრიბება ყოველი მშრომელი თავისი ნაწარმოების გასასყიდლად და მსყიდველი მთელი წლის საჭირო ავეჯის შესაძენად.
ლიზამ ამ დროს შენიშნა იასონი, რომელიც ნელ-ნელა კარებისკენ მიდიოდა და სიხარულით აასრულა ლუარსაბის სურვილი.
გალავანი ახლა უფრო სავსე იყო, ახლა უფრო გაძნელებულიყო მოძრაობა და ამიტომ ლუარსაბმა მარჯვედ გაუყარა ლიზას მკლავში ხელი და დიდის ვაი-ვაგლახით გალავნიდგან კარში გაიყვანა.
ქალი შეკრთა, დაიფანტა, როდესაც მარტოდმარტო, ხელიხელგაყრილი ამოდენა ხალხში ლუარსაბთან დარჩა, მაგრამ რაღას გააწყობდა; უნებურად გაჰყვა თავისს კავალერს და თან იმედს არა ჰკარგავდა, რომ იპოვიდა თვალიდგან ასხლეტილ იასონს.
ლუარსაბი კი მიდიოდა წინ არხეინად, მაღლა თავაღებული, ამაყი და კმაყოფილი, რომ იასონის დაუზვერავად, მტრის თვალთ მოშორებით, ხელთ ჰყავდა თავისის სურვილის საგანი.
- ხედავ, ჩემო კარგო, ამ აუარებელ ხალხს, ამ სიცოცხლით სავსე ცხოვრებას, ამ მშვენიერ, კეკლუც ბუნებას? განა რომ ღირს კაცმა იცოცხლოს, იდღეგრძელოს, სიამოვნების ფიალა სვას, სვას და გული გაიმეფოს?! გაიხედე, გაღმა დაღესტნის მთებს გაჰხედე, რა დევებივით წამომსხდარან და რა მდიდრულ, დიად ჩარჩოდ შემოჰკვრიან კახეთის მშვენიერს ველს, რა ეშხით გალობს და მიიმღერის ჩვენი ცელქი, ტკბილ-სასმელი ალაზანი. ჰხედავ ამ მშვენიერს თვალტანადს, მარჯვე მთიელ ბიჭებს, მათის ქალების მდიდარ სამკაულს, მათს ძველებურს, მაგრამ ლამაზ ტანსაცმელს? შეხედე, რამდენი ვაჟკაცობა და სიკეკლუცე აქვთ ამ მოჯირითე ჩერქეზებს, დახე, თითქო ჰაერში ფრინავსო ეგ დალოცვილი, მალხაზი, მარდი, შავარდენის მსგავსი ყმაწვილი, ხან ძირს ახტება თავისი ტაიჭიდგან და ხან ფრინველსავით ზედვე ევლება, ეალერსება, ყელზე ეხვევა, ვით ძვირფასს სატრფოს! ხედავ, მშვენიერო, - თანდათან ხმის დადაბლებით ჩასჩურჩულებდა ტკბილის ხმით ლუარსაბი ლიზას და ცდილობდა თავისის მჭევრმეტყველებით მოეხიბლა, დაეთრო თავისი თანამგზავრი. ლიზაც თანდათან უფრო თანაგრძნობით უგდებდა ყურს გონიერი თავადის ტკბილს, ნიჭით და დაკვირვებით სავსე საუბარს და შეუმჩნევლად მასთან ერთად გავიდა ერიდან და სოფლის სახლ-კარ-მიდამოებს მიუახლოვდა.
- ძლიერ შორს წავედით, კნიაზო, ხედავთ, სად დაგვრჩა ეკლესია! ხომ ძებნას დაგვიწყებენ, კნეინა ქეთევანი რას იტყვის?
- რაც უნდა სთქვას, ჩვენ რას დავეძებთ? - გატაცებით სთქვა ლუარსაბმა.
- თქვენ, ბატონო, გინდათ ყველას შემაძულოთ... ყველას ჩემი ავი ათქმევინოთ, - და ხელი გამოგლიჯა ქალმა ლუარსაბს, - რას მერჩით? - ტირილის ხმით დაუმატა ლიზამა და გამობრუნდა.
- ლიზა, მშვენიერო ლიზა, რად მწამებ მაგ საშინელს ცილსა? მე მინდა, რომ ყველას შეგაძულო, ყველას ცუდი ვათქმევინო შენი? ოჰ, პირიქით, მე მსურს, რომ ყველა გათაყვანებდეს, ყველა ისეთივე მონა იყოს შენი, როგორც მე, ჩემო ლამაზო ანგელოზო, სანატრელო, - და ლუარსაბმა ხელი წაატანა გულზე მისაკრავად.
ლიზა შეკრთა და მთლად ცახცახი დააწყებინა.
- რას შვრებით? არა გრცხვენიათ?.. - ძლივს წამოილუღლუღა და სახლისაკენ გაეშურა.
- ლიზა, ქალო! - ქშენით მისდევდა უკან ლუარსაბი და ამშვიდებდა: - რა დაგემართა, რა გეწყინა? განა მე შენი მამა არა ვარ, მამობრივი სიყვარულით არ გეპყრობი? სხვანაირად კი არა ჩამომართვა რა! სირცხვილი, სირცხვილი შენთვის!
ლიზა ახლა უფრო შეკრთა და შერცხვა, არ იცოდა, მართლა შესცდა, თუ არა. ლუარსაბი იქნება მხოლოდ მამობრივის გრძნობით ჰპატრონობდა, უალერსებდა ისე, როგორც მომავალ სარძლოს, როგორც... ,,მაგრამ არა, გული სხვას მეუბნება, შიში თვალთ მიბნელებს... ზიზღი მახრჩობს... მაგრამ განა შესაძლებელია?.. “ამ აზრებით გზადაბნეულმა ლიზამ უარი აღარ უთხრა ლუარსაბს, როდესაც მან კვლავ ხელი გამოართვა და საჩქაროდ გამობრუნდა ეკლესიისაკენ.
შუადღე კარგად გადასული იყო, ხალხი აშლილიყო ნადიმიდგან, დუქან-ბაზარს ალაგებდნენ, ურმებს აბამდნენ, ცხენებს ჰკაზმავდნენ, ხალხი აპირობდა დაშლას, როდესაც ლუარსაბი და ლიზა მოხუშულის პირისახეებით ეკლესიის გალავანში შემოვიდნენ.
გალავნის დაჩრდილულ მხარეს დიდი სუფრა იყო გაშლილი, მრავალი სტუმარი დასტრიალებდა მასპინძელს კნეინა ქეთევანს, რომელიც ფრიად აღელვებული შეჰყურებდა გალავნის კარებს; ლუარსაბის მოსვლაზე ერთბაშად სუყველანი ჩაჩუმდნენ, ყველა იქ მყოფს რაღაც საზარელმა ფიქრმა გაურბინა გულში, მაგრამ ლუარსაბის მხიარულმა კისკისმა და მხურვალე ბოდიშის მოხდამ ყველა მალე დაამშვიდა და სუფრას სწრაფად შემოუსხდნენ.
ლიზა თავჩაღუნული, გულსევდიანი სუფრის ბოლოს დაჯდა. დიდხანს იყო ჩაფიქრებული, თუმცა იმას, როგორც ყმაწვილს, ჯერ სრულიად ცხოვრების უცნობს არსებას, კარგად ვერ გამოერკვია, თუ რა არის უბედურება, მაგრამ მაინც მიხვდა, რომ იმის სახელს რაღაც ჩირქი მოეცხო და სევდით გული ევსებოდა; მიხვდა, რომ წამოვიდა აქ, უცხო საზოგადოებაში, უპატრონოდ, უმფარველოდ; თვალები ცრემლებით აევსო და რომ ქვითინი არ დაეწყო, აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა. იმის თვალებმა ჯერ ბერიშვილი გაარჩია, რომელიც სუფრის მეორე ბოლოში იჯდა, და გულმოკლული, მწუხარებით სავსე ლიზას უყურებდა; ლიზა მერე იასონს შეაშტერდა; ეს ყმაწვილი კაცი სწორედ ლიზას პირდაპირ იჯდა და მრისხანე მსაჯულის დაშტერებით ცდილობდა ლიზას დარცხვენის მიზეზი შეეტყო და ჭეშმარიტებით აეხსნა, რა .ამბავი იყო მის თავს; ამ ორთავეს სახემ ლიზა, დამშვიდების მაგივრად, უფრო ააღელვა, უფრო გაუორკეცა ის ნაღველი, რომელიც მის გულსა სწამლავდა: ,,მაშ ლუარსაბის საქციელი გასაკიცხი, უმსგავსი იყო, რომ ეს ყმაწვილები მრისხავენ: ერთი სიბრალულით მეკიდება და მეორე სასტიკად მსჯის”, - გაიფიქრა ყმაწვილმა ქალმა და უფრო ჩაუღრმავდა თავისს ვარამს.
სადილის დაწყებისას სუფრაზედ სრული წესიერება და დაწყნარებული ბაასი იყო სტუმართა შორის; ეკლესიის სიახლოვე ნებას არ აძლევდა ხმამაღალს ლხინს გაჰყოლოდნენ, სიმღერა, საკრავების დაკვრა დაეწყოთ, მაგრამ ჩინებულმა კახურმა, ლუარსაბის განთქმულმა ,,მაცხონემ” მალე ააჭიკჭიკა ჯერ ჭაბუკნი, მერე ხნიერთაც ხმა ამოაღებინა და ერთ საათს შემდეგ სრული რევოლუცია მოახდინა; აქა-იქ სიმღერის ხმაც გაისმა, სადღეგრძელოები უფრო გახშირდა, ოხუნჯობამ და კამათმა იმატა, ქალ-ვაჟთ თვალები აუჟუჟუნდათ და ცდილობდნენ ერთი-ერთმანეთს დაახლოვებოდნენ; ზოგმა ალაგი იცვალა, შემთხვევით შეხვედრილი, და სასურველს ალაგს დაჯდა. აქაო და ასეთი არეულობააო, იასონმა მიიქცია ყურადღება ლიზასი და სუფრაზე დანის წვერით დაუწერა: ,,სადილს შემდეგ აღმოსავლეთის კარებთან გელი”.
სადილი დაუბოლოვებელი შეიქმნა, მსმელები ლუარსაბს შემოუსხდნენ, ხნიერი ქალები ქეთევანს მიუახლოვდნენ და ვინც ამ ორ წრეს არ ეკუთვნოდა, ან ვისაც არ უნდოდა, რომ ჰკუთნებოდა, აქეთ-იქით გაიშალნენ გალავანში; ზოგი ბოლთას სცემდა, ზოგი ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ და ბაასობდნენ.
ლიზამ რა წამს თავისუფალი დრო იპოვნა, აღმოსავლეთის კარებისაკენ მიაშურა და გულის ფანცქალით შესდგა. იასონი უკვე იქ იყო და აღელვებით შემოჰყვირა: “მადლობა ღმერთს, რომ გამხადეთ ღირსი თქვენის დანახვისა... მაგრამ, მაგრამ... ეგ გემოვნებაზე ყოფილა დამოკიდებული, ზოგს ასი წლის ბებერი მოსწონს და ყმაწვილს, მისთვის მკვდარს, შეხედვასაც არ აღირსებს!”
- თქვენ ცილსა მწამებთ, ბატონო იასონ; თქვენ თვითონაც არ გჯერათ, მე მგონი, თქვენი სიტყვები. ორი დღეა თქვენ გელით. თქვენს ერთს სიტყვას, ერთს თანაგრძნობის ნიშანს, და თქვენ კი მიმატოვეთ და მართლა ბებერის და მასთან უღირსის ადამიანის ანაბარას დამაგდეთ... მე კი პატივს ვცემდი, როგორც თქვენს მშობელს... მამას... - ხმის კანკალით ამბობდა ლიზა და თან იასონს მორცხვად, მოწიწებით გაჰყურებდა, სტკბებოდა იმის ღვინისაგან აღელვებულის, ეშხით სავსე პირისახით.
- მაშ, ჩემო მშვენიერო, არ მოგხიბლა მამაჩემის ბაყბაყმა? იმის მაღალ ფარდებში ფრენამ, იმისმა დაჩლუნგებულმა ტრფიალმა? მე კი ეჭვით დავდნი, შურით კინაღამ გადავირიე და, თუ აქ არ მოსულიყავ, ვინ იცის, რა მომექმედნა, ჩემო მშვენიერო! - უფრო ტკბილად გაიმეორა იასონმა და ლიზას ხელი ხელში აიღო და ცოტაოდენის ყოყმანის შემდეგ პირთან მიიტანა და გრძნობით აკოცა. - მაშ სიტყვას მაძლევ, რომ მამაჩემი შენს თავს ვერ წამართმევს? რომ შენი გული მე მეკუთვნის? რომ შენ საუკუნოდ ჩემი იქნები, ჩემი? - გატაცებით ჩასჩურჩულებდა იასონი თავჩაღუნულ, ცეცხლივით ანთებულ ლიზას.
- შენ, შენ, იასონ? განა მართალს ამბობ? განა სხვა არავინ მოგწონს? - მორცხვად ლუღლუღებდა თავბრუდახვეული ლიზა.
- მომწონს ვინმე მაშინ, როდესაც შენ გხედავ? განა ეგ შესაძლებელია, ჩემო მშვენიერო?! შენი სახე, შენი ძლევამოსილი შავი თვალები პირველ დანახვაზედვე გულს ჩავისახე და ამით ვცოცხლობ მას დღეს აქეთია, რაც პირველად სასტუმროში გნახე, ჩემო ნუგეშო, ანგელოზო, ალვის ხევ! - უფრო და უფრო თავდავიწყებით შესტრფოდა შეზარხოშებული იასონ და ხელს ულმობელად უჭერდა მოჯადოებულს, გულუბრყვილო ლიზას.
ლუარსაბი, თუმცა ჩვეულებრივ ბევრსა სვამდა, ყანწი ყანწზე გადაჰყავდა ,,მოუკუპრავში”, მაგრამ გუნებაზე კი მაინც ვერ იყო; იმისი ღვინის წყალობით გაწითლებული პირისახე სიამოვნების მაგივრად საშინელის ბრაზით იყო ალანძული: ერთი-ორჯერ კიდეც ადგა ლუარსაბი სუფრიდგან, ვითომდა განკარგულების მოსახდენად, მაგრამ ნამდვილად კი იმისთვის, რომ დაეთვალიერებინა ლიზა და იასონი, რომლების განცალკევება იმის გამჭრიახ თვალს არ გამოჰპარვია. ბოლოს მაინც თავი ვერ შეიმაგრა, ვეღარ მოითმინა და შორიახლო მდგომ ბერიშვილს უთხრა: ,,ნიკო, შენ გაზრდას, წადი, იასონს დაუძახე, უთხარ, უზრდელობაა შენგან სუფრიდან ადგომა მაშინ, როდესაც სტუმრები ისევ სხედან და შეექცევიან-თქო”.
ბერიშვილი პირდაპირ აღმოსავლეთის კარებისაკენ წავიდა, რადგან ამანაც კარგად შენიშნა, საითაც წავიდნენ ლიზა და იასონ და იმისი გულიც ლუარსაბის გულზედ არა ნაკლებ ცახცახებდა და იქით მიისწრაფებოდა. ნიკო საჩქაროდ მიუახლოვდა მოტრფიალეთ და თავზარდაცემული შესდგა: ლიზა გაბრწყინვალებულის თვალებით ხმატკბილად ეფიცებოდა იასონს: ,,გეფიცები ამ წმინდა ეკლესიას, რომ შენს მეტი ჯერ თვალში არავინ მოსვლია ლიზას და არც მოუვა თავის დღეში, თავის დღეში!..”
- მართლა, მართლა? - აღტაცებით მივარდა იასონ ლიზას ხელს, მაგრამ ბერიშვილმა შეაჩერა:
- კნიაზო, მამათქვენი გიბრძანებთ, - დაცინვით უთხრა იასონს და ლიზას კი უზომო გულისტკივილით და სიბრალულით გადახედა.
ქალი არ შეკრთა, არ დაიბნა, სირცხვილის ალ-მური არ ავარდა მის სახეზედ ამ საყვედურით სავსე შეხედვაზედ; პირიქით, ლიზა თითქო კიდეც ამაყობდა, რომ მოინადირა, დაიმონა ის რაინდი მშვენიერებისა, რომელიც პირველსავე დანახვაზე გულის მეფად გაიხადა, პირიქით, მზად იყო თავისი ბედნიერება ეუწყებინა ქვეყნისათვის, დაეყვირნა, ბუკი დაეკრა, მოეფინა თავისი გულის ბედნიერების სხივები მთელ ცასა და დედამიწაზედ.
იასონმა კი დარცხვენით წაიდუდუნა: ,,მაშ, მე წავალ”, და ქურდულად, ფეხაკრეფით გაიპარა.
ლიზამ ხმა არც კი გასცა წინ მდგომ განადგურებულს, მიწასთან გასწორებულს ბერიშვილს, თითქო ვერც კი შენიშნა და ეკლესიის კარებისაკენ გაბრუნდა. აქ, კარის ბჭეში, დაიჩოქა და მხურვალე, გულწრფელი ლოცვა დაიწყო: ,,ოჰ, ღმერთო, წმინდაო გიორგი, გმადლობ, გადიდებ, თაყვანსა გცემ იმ უდიდესი ბედნიერებისათვის, რომელიც ეხლა მე მომანიჭე. ოჰ, ეხლა კი ბოლო მოეღება დედიჩემის წანწალს, დღიური ლუკმისათვის შრომას, დაუსრულებელ ზრუნვას, ჩემი ლიზა შიმშილით არ მოკვდეს, უპატრონო ობოლი არავინ შეურაცხჰყოსო! საწყალი დედა, როგორ გაიხარებს, როგორ თაყვანსა სცემს თავისს მანუგეშებელ მაცხოვარს, ღვთის მშობელ დედას”. აქ ლიზას თვალწინ გაირბინა იმ დაუსრულებელმა სიღარიბემ, შიმშილმა და დაუსრულებელმა მშობლის ცრემლების გუბემ და თვალები ცრემლებით აევსო, ხელები აღაპყრო და ხმამაღლა შეჰღაღადა წმინდა ეკლესიას: „შენ აკმარე გაჭირვებულს, ბედკრუელს, ქვრივ-ობოლს...”
- შენ სტირი, იადონო? სტირი მაშინ, როდესაც მე აქ, შენ ახლო ვარ, მაშინ, როდესაც მზად ვარ თაყვანი ვსცე შენს მშვენიერებას! ადე, მთხოვე, რაც გინდა! სიმდიდრე, მორთულობა, ძვირფასი თვლები, უზომო ფუფუნება, სიყვარული ძლიერი, მწველი! დიაღ, გიჟი ვარ შენთვის, გიჟი! - და თან ამ ცეცხლმფრქვეველ სიტყვებთან ერთად ვეფხვივით მივარდა ლიზას და ხელში აიტაცა შეუმჩნევლად მოახლოვებულმა ლუარსაბმა.
- მხეცო, უნამუსოვ რას შვრები მაგას? - გველის სისინივით მოესმა ლუარსაბს და ერთს წამს შემდეგ ნიკოს მკლავებით შებოჭილი მიასკდა კედელს.
- შენ!.. შენ ხარ, დიაკვანო? შენა?.. ხა, ხა, ხა! უბედურო! ვის ებრძვი, ვის? ხომ გაგსრისე, გაგანადგურე... შე საზიზღარო ბაღლინჯოვ, ქვემძრომო, არა-კაცო!... - კბილების კრაჭუნით, დორბლების სროლით ცოფობდა კედელზე მიჯაჭვული კნიაზი და სიკაპასით მთლად თრთოდა.
VIII
დაბინდდა, ალავერდის არემარე სულ მთლად დაცარიელდა. აქა-იქ თითო-ოროლა დაგვიანებული მედუქნეღა ალაგებდა თავისს გაუსყიდლად დარჩენილ ფართალს. გუშინდელი სიცოცხლით სავსე მოძრაობის მაგივრად სრული სიჩუმე და მყუდროება იყო გარშემო; ვრცელი მინდორი იმ გაჩაღებულ ცეცხლის მაგივრად, რომელიც ურმებ წინ ჩამწკრივებულ და დართულ პატარძალთ აღგზნებულ სახეებს აბრწყინვალებდა, დღეს მხოლოდ ნახშირითა და ნაცრის გროვებითღა იყო მოდებული და ეს მყუდროება და სიცარიელე სრულიად არ შეეფერებოდა ბერიშვილის სულის მღელვარებას. ეს ყმაწვილი კაცი, რომელსაც დიდი ცეცხლი ენთო გულში, მოჩვენებასავით დაეხეტებოდა ამ ჩამქრალ ნაცეცხლართა შუა და საშინლად ჰგმინავდა.
- რა ვქნა? რა? - სასოწარკვეთილებით შესდგებოდა ხოლმე და შემდეგ ისევ გაქანებული დარბოდა. ნიკომ კარგად იცოდა, რაც მოჰყვებოდა იმის თავხედობას, იმის გაბედულს საქციელს: ალაგის დაკარგვა, შიმშილი, წვრილ და-ძმათა დაწიოკება, საყვარელ მოწაფეთა უპატრონოდ დატოვება. ხან თითქო შეძრწუნდებოდა, ნანობდა, რად ავყე ჩემი გულის ძვრასაო, მაგრამ შემდეგ ისევ მზად იყო გაქანებულიყო და ხელახლად მიეკრა ტაძრის კედლებზედ ის ბებერი, აზავებული უნამუსო და შეეფურთხებინა ჭაღარა ურცხვ სახეში.
ვინ იცის, როდემდის და სადამდის ივლიდა თავისის შავბნელ ფიქრებით გატაცებული ნიკო, რომ წესის დამცველად დატოვებულ ჩაფარს არ შეეყენებინა:
- ვინ ხარ? რას დაეხეტები ამ დროს, თუ ავი სული არა ხარ? სად არის შენი ბინა?
- ჩემი ბინა? - გაშტერებით დაეკითხა ბერიშვილი, - რა ვიცი... მაგრამ, ჰო, მართლა, აიქ, სოფელში, გლეხკაცისას მიბია ცხენი.
- სადაური გლეხკაცისას, ხომ არ გაგიჟდი? მანდეთ ხომ ალაზნის ჭალებია, ვის ატყუებ, ოხერო! - და აქ ჩაფარი უზრდელად წასწვდა კისერში.
- რას მიჰქარავ, გამიშვი! ვერა მხედავ, გზა ამერია, - ახალი გამოფხიზლებულივით სთქვა ნიკომ და სოფლისკენ გამობრუნდა.
- საწყალი, რარიგ გამობრუჟულა! - ცოტაოდენის შურით წაიტუტუნა შიმშილისაგან ფერდი-ფერდს მიკრულმა ჩაფარმა.
მართლაც მთვრალივით გაბრუებული შეჯდა ნიკო ნაქირავებ ბეხრეკზე და ჩაქჩაქით გაუდგა თავისს სოფლის გზას. თავჩაღუნული, ფიქრებში გართული მიდიოდა ზედ შუა გზაზე და ამის გამო კინაღამ ქვეშ არ მოიტანა გამოქროლებულმა ეტლმა, რომელმაც თავისის ჯავარიანის ოთხის ცხენით ნიავ-ქარივით გამოურბინა გვერდით. ნიკომ მხოლოდ თვალი მოჰკრა ბურუსში გახვეულ მთვარის შუქზე, რომ ეტლის წინა სკამზე, იასონის გვერდით, ლიზა იჯდა მობუზული და რაღაც უცნაურის მუდარებით მისჩერებოდა პირისპირ მჯდომარე ქეთევანის ფერმკრთალ სახეს.
ლიზა, თუმცა დაღალულ-დაქანცული იყო სულითაც და ხორცითაც, მაინც მეორე დღესვე შეუდგა თავისს საქმეს. გულმოდგინედ უჩვენებდა ბავშვებს დიდ დაფაზე დახატულ ასოს და თან ხმამაღლა ამეორებინებდა მთელს კლასს ერთად ამ ასოს სახელს.
კლასში საშინელი ჟრიამული იდგა; ორმოცის ბავშვი ყვირილი ერთად რაღაც ჯოჯოხეთურ ჰანგებს უერთებდა ლიზას ყურში გამჯდარ ზურნის ხმას და დაღალულ-გაბრუებულ თავს უფრო უბრუებდა, მაგრამ მან მაინც თავისი არ დაიშალა, შუადღემდე არ მოსპო სწავლება და შუადღისას კი, შეგირდების დათხოვნის შემდეგ, გაფითრებული, მოწყვეტილი ყვავილივით დამჭკნარი დაეცა თავისს ლოგინზე და გამოურკვეველ ოცნება-ფიქრს მიეცა.
- შვილო ლიზა, ადექ, რა დაგემართა, რით ვერ დაისვენე? დაღამდა კიდეც. აი ბ-ნი ნიკო მოვიდა, ადე, გახედე, აბა მე რა ველაპარაკო? - ალერსიანად აღვიძებდა მართა თავისს ნებიერს, რომელიც სიყმაწვილეს დაეძლია, შავი ფიქრები გაეფანტა და ღრმა, ტკბილს ძილს მისცემოდა იმისი დაღლილი ბუნება.
- ნიკო?.. იასონი კი არა ? - გულის წუხილით წარმოთქვა ლიზამ.
- რას ამბობ, ქალო! ნეტა რაში გეკნაჭება? ვის გაუგონია ყოველდღე უცხო კაცების თრევა და ან ვინ რას იტყვის! ნეტა ალავერდშიც არ გამეშვი, მთელი სოფელი თურმე აგანგაშებულა, ჯამბადრუკიანთ ამყოლი ქალი ვერაფერი მასწავლებელი იქნებაო.
- მართლა უთქვამთ, დედა, მართლა! - შეჰყვირა ლიზამ და საშინელი ტირილი მორთო. - რად გამიშვი, რადა? განა შენ კი არ უნდა გეფიქრა, განა შენ კი...
- სუ, ქალო, სუ! ხომ გეუბნები ი ყმაწვილია აქა-მეთქი.
გაღებულ კარებიდან სულ ესმოდა ეს საუბარი ნიკოს, რომელიც კლასის ოთახში მოუთმენლად ბოლთასა სცემდა; ყმაწვილმა კაცმა რამდენჯერმე ჩაახველა, მაგრამ ტირილი და ყვედრება მაინც არ შესწყდა.
ბოლოს გამოვიდა ლიზა, თვალებდასიებული ტირილით და ნიკოს გრძნობით ხელი ჩამოართვა; უნდოდა მადლობაც ეთქვა, მაგრამ სიტყვების მაგივრად მდუღარება გადმოსცვივდა. ყელში ქვითინი მოაწვა. ნიკო უნებლიეთ დაიხარა და მოწიწებით, როგორც წმინდანს, მიეტანა სამთხვეველად. ასე ეამბორა ხელზედ.
- ჩემი ძმა ხარ, მეგობარი, მხსნელი! - ტირილით ლუღლუღებდა ლიზა და მზად იყო ძმასავით ყელზედ მოჰხვეოდა. მართა, რომელიც პატარა ხანს უკან შემოვიდა, გაოცებული იდგა და ვერ გაეგო მიზეზი ამათის აღელვებისა.
- ნუთუ ლიზა ამას ირთავს?! - გაუელვა გულში მართას და კინაღამ წაიქცა. - როგორ? ესეც გლეხს, უგვაროს, უსახლკაროს!..
მაგრამ მართას მწუხარება დიდხანს არ გაგრძელდა, ნიკოს შემდეგმა სიტყვებმა მალე დააშოშმინა გული დედისა.
- ლუარსაბი დღეს დილით საჩქაროდ წავიდა ქალაქში; ეს კარგს არას მოასწავებს ჩემთვის: ამ ორ-სამ დღეში გამისტუმრებენ აქედან.
- ქა, რისთვის, შვილო, რა დანაშაულისათვის? ან კნიაზს რა ხელი აქვს შენთან?
ლიზამ საჩქაროდ ანიშნა ნიკოს და იმანაც გადაასხვაფერა საუბარი.
- ისე, საქმე გაგვიჩნდა საერთო და მეც უთუოდ უნდა წავიდე.
- დედა, გენაცვა, ჩაი მოგვიმზადე, მე დღეს ხომ არა მიჭამია რა და შიმშილით გული მიწუხს.
მართას გასვლის უმალ ლიზა მიუახლოვდა ნიკოს და გულმტკივნეულად უთხრა: - დაგითხოვენ სკოლიდან ჩემის გულისათვის! რაღა ვქნა, რა მოვიმოქმედო, რომ ეხლა მე გადაგარჩინო განსაცდელს? ყოვლად შეუძლებელია თქვენი აქედან გაძევება! მერე რისთვის, რისთვის? რა დააშავეთ, ვის შეუძლიან პატიოსნებისათვის კაცი დასაჯოს?!
- ჩემი შველა ყოვლად შეუძლებელია. ლუარსაბი დამითმობს თავისს შეურაცხყოფას? იმის მადლობელიც უნდა ვიყო, რომ ბიჭებს არ მომაკვლეინა ცემით... მაგრამ ამისათვის ნუ სწუხართ, ღმერთი მოწყალეა, ულუკმაპუროდ არ დავრჩები ქვეყანაზე. მე მხოლოდ, მხოლოდ თქვენი ჯავრი მაქვს, რომ ამ სვავ-ყორნებში უპატრონოდ რჩებით... მე მინდა გთხოვოთ... შეგევედროთ, - კანკალითა და დარცხვენით ამბობდა ნიკო, - დიაღ, შეგევედროთ, რომ ერიდოთ იმათ. ან ეხლავე ეცადეთ სხვაგან გადაყვანას... თუ აქ დარჩით, დაიღუპებით, ლუარსაბს ხუმრობა არ უყვარს... ძალა იქნება, თუ ნება, ის თავისას აასრულებს; ხომ ხედავთ, რარიგად არის გადარეული? რითი შეიკავებთ, ვინ დაგიცავთ იმ ღვთის რისხვისაგან?
- იასონ... დიაღ, იასონი! განა ეხლა ის არ უნდა იყოს ჩემი მფარველი? გუშინ, მე მგონი, გაიგონეთ, რა რიგ მეფიცებოდა: “მიყვარხარო...”
ამ სიტყვებზე მთლად გაწითლდა ლიზა და კიდევ ტირილს მოჰყვა:
- იასონი? იმისი სიტყვები?! ჰო, მაგრამ...
- რა? განა იასონიც გეზიზღებათ, გძულთ? ისიც ავაზაკია? - უკმეხად მიუგო ლიზამ და ტუჩაბრეკილი უკან მიჯდა.
- ნუ მიწყრებით, ბატონო ლიზა, - ალერსით უთხრა ნიკომ. - თქვენ ჯერ გამოუცდელი ბავშვი ხართ და ნება მომეცით გაგაფრთხილოთ, ცოტაოდენად გაგაცნოთ ის, რომელმაც აგრე ადვილად მოინადირა თქვენი გული... ეგ ყმაწვილი იმ კრებულის კაცია, რომლის წევრნიც ყოვლად უსაქმურნი, ამაყნი, გონებაგაუხსნელნი ბრძანდებიან, ამ ვაჟბატონების აზრით, ყოველი ღარიბი იმიტომ არის გაჩენილი, რომ იმათი ლუკმა გახდეს, იმათ ოქროს არ გადურჩეს შეუსყიდველი, დაუძლეველი. პირველი ხომ თქვენ არ იქნებით. ლუარსაბს მთელ ამ მხარეში სახელი აქვს განთქმული, როგორც აბეზარს, ყოველის ოჯახის წამბილწველს, მრავალი რიგიანი დედაკაცის ნამუსის ამხდელს! შეხედულებით მშვენიერი ვაჟკაცი, შეძლებით ხელგაშლილი, გონებამახვილი, ხელმწიფის სახლში მცველად და ამალის წევრად ნამყოფი და იქ დახელოვნებული ,,დონჟუანობაში”, ლუარსაბი ადვილად იმონებდა დღემდის ყველა მანდილოსნის გულს და დღეს, თუმცა სიბერემ ცოტა არ არის კისერში ჩაუკაკუნა, მაგრამ მაინც ეგ უფრო საშიშია თავისის არშიყობის ხელოვნებით, მანამ იმისი შვილი იასონი, რომელიც, თუმცა პარიჟშია ნამყოფი, განათლება რიგიანი აქვს მიღებული, მაგრამ ბევრში კი ძლიერ ჩამორჩება თავისს ბრწყინვალე მამას. მაშინ, როდესაც გემოგახსნილი მამა ვარჯიშობს მაღალ საზოგადოებაში, შვილი გლეხის გოგოების გაბრიყვებასაც სჯერდება: ჯერ მაგალითი არ ყოფილა, რომ შვილი წინ გადაჰღობებოდეს მამას; იმათ ყოველთვის ბრძოლის მეიდანი განსაზღვრული აქვთ. თქვენ კი ისინი ერთმანეთს შეახვედრეთ და ვეჭვობ, რომ შვილი დარჩეს გამარჯვებული. ვშიშობ, რომ იმათს ჭიდილში თქვენ არ გაიჭყლიტოთ, თქვენი სახელი არ დაიჩრდილოს... კიდევ ბოდიშს ვიხდი, ბატონო ლიზა, რომ ასე კადნიერად გელაპარაკებით და ვბედავ გაგაფრთხილოთ, მაგრამ ძალა არა მაქვს, დავსძლიო ჩემი თავი... იმ დღიდგან, როდესაც თქვენ ვანიჩკა კუჩერმა გაგიბედათ ურიგო სიტყვა, როდესაც გზაში ბრიყვმა ბაზაზხანელებმა გაკადრეს ოხუნჯობა, ჩემი თავი თქვენს დამცველად... თქვენს...
- ჩემს პატრონად გგონიათ? ბავშვად მიგაჩნივართ? ფეხის ადგმას მიპირობთ? - ახლა კი სრულიად ამრეზილად სთქვა ლიზამ და ფანჯარასთან მივიდა.
ნიკომ ოთახში დაიწყო სიარული. მასწავლებელი ხანდახან შესდგებოდა და შეჰხედავდა ხოლმე გაბუტულ ლიზას, მზად იყო მდუღარებით შეეტირნა, აეხსნა, რომ ჩემი შიში, ჩემი გაფრთხილება მხოლოდ მეგობრობის ნიშანია, მხოლოდ მოძმის ხელის გამოწვდენაა გაჭირვების დროსაო, მაგრამ ვეღარ გაჰბედა, ენამ უმტყუნა და მხოლოდ გულმა უწყო ჩუხჩუხი.
ლიზა კი ფანჯარასთან იდგა ფიქრებში გართული და თითქო აღარც კი ახსოვდა ბერიშვილის აქ ყოფნა და მისი წრფელი გულის წუხილი.
- მშვიდობით! - უცებ სთქვა ნიკომ და საჩქაროდ გავიდა ოთახიდან.
ლიზა შეკრთა, ერთ წამს რაღაც სულისკვეთება იგრძნო, უნდოდა მოსწეოდა ნიკოს, მეგობრულად ხელი გაეწვდინა, დაჰპირებოდა, გავფრთხილდებიო, წინდახედვით მოვიქცევიო, მაგრამ შუა გზაზე შესდგა, მერე ისევ გაღებულ ფანჯარასთან მივიდა და იქიდან მოუთმენელის მოლოდინით დააშტერდა სკოლის წინ გაშლილ, მოკრიალებულ შოსეს, რომელიც მთის კალთებისაკენ მიიკლაკნებოდა.
მშვენიერი, ტკბილი საღამო იყო, ერთი იმ საღამოთაგანი, როდესაც დიდის ხნის ჩასული მზე მხოლოდ წითლადღა აფერადებს ცას და შებინდებას რაღაც საიდუმლო მყუდროებას აძლევს. თუმცა სექტემბრის ნახევარს გადასული იყო, მაგრამ კახეთი ისევ მწვანით იყო შემოსილი, აქა-იქ ოდნავ ვაზის ფოთოლს თუ შეჰპაროდა ოქროს მსგავსი სიყვითლე და ისიც მხოლოდ აქა-იქ. აი ბინდის დროსაც კი ისეთი სითბო და სინესტე იყო ჰაერში, რომ ბევრი სხვა მხარე მკათათვეშიაც შეჰნატრებდა ამ ღვთის მოწყალებას.
ნიკო ბერიშვილი, მხარზედ პალტო გადაგდებული, ქუდმოხდილი, შოსეს გასწვრივ ბილიკ-ბილიკ მიდიოდა; მიდიოდა, მაგრამ ფეხქვეშ დედამიწას კი არა ჰგრძნობდა; იმისი თავი შავის ფიქრებით იყო სავსე და გარემოცული; მშვენიერი ბუნება სიამოვნების მაგივრად ერთი მეორეზედ უფრო საშინელს, უფრო სავალალო სურათებს უყენებდა თვალწინ.
უცებ მყუდრო ჰაერში გაისმა ცხენის ფეხის ხმა და გზაზედ მალე გამოჩნდა მშვენიერი მხედარი, რომელიც მშვენიერს მერანს მოაგოგმანებდა და ტკბილად ღიღინებდა:
ოდეს სატრფოს, შეეყარო,
ვისთვის გიძგერს მარად გული,
თუ რომ ჭეშმარიტად გიყვარს,
ასე უნდა სიყვარული!
ნიკომ მალე იცნო იასონის მიღერებული ტანი, იმისი ბედნიერების ღიმილით მოცული ლამაზი სახე და ამოიოხრა: ,,ესეც იქ მიდის, იქ, საიდანაც მე გამომაგდეს და სადაც ამას კი გულში ჩაიკვრენ”, და პირველად თავისს დღეში, ამ ხალხის შვილს, შეშურდა კეთილშობილთა უპირატესობა. ,,მუქთა აზნაურთა” ზიზღით მაყურებელი დემოკრატი დღეს პირველად შეჰნატროდა მხოლოდ იმიტომ, რომ საყვარელი არსება ცუღლუტი იყო და ზიზილ-პიპილას მეტად აფასებდა, მანამ დამჯდარ ჭკუას და მაღალ სინდისს, უხერხულ და უშნო გვამში დაბუდებულს.
შუაღამე მოტანებული იყო, როდესაც იასონი სკოლიდან გამოვიდა, სახლის კარებში ლიზა სანთლით იდგა და ბედნიერების აღმომეტყველ თვალებით შეჰყურებდა, როდესაც ყმაწვილი კაცი მარდად მოახტა მერანს და დაბლა თავის დაკვრით უთხრა:
- მაშ, აგრე, ჩემო ბატონო, ლიზა. ხვალ საღამოზედ ცხენებით ვსეირნობთ!
- დიაღ, ბატონო იასონ, თუმცა კი...
- რაღა კი! განა სიტყვა არ მომეცით?
ლიზას მოაგონდა ნიკოს აზრი იასონის შესახებ და ცოტაოდნად შეყოყმანდა, მაგრამ ცხენით სიარული, ეს მუდმივი მისი სანატრელი სიამოვნება, ისე იზიდავდა ყმაწვილის ქალის ოცნებას, რომ წამს შემდეგ მხიარულად ათქმევინა: ,,დიაღ, დიაღ, დიდის მოუთმენლობით მოგელოდებით; მხოლოდ ცხენი დინჯი იყოს, ხომ გითხარით, მე ჯერ ცხენზე ჯდომა არც კი ვიცი”.
- არხეინად ბრძანდებოდეთ, დედაჩემის საჯდომ ცხენს გაახლებთ და მეც ურიგო მეჯინიბობას არ გაგიწევთ... - დიდ მნიშვნელობითა და თავმოწონებით დაუმატა ყმაწვილმა თავადმა.
IX
გავიდა ორი კვირა და ამ ხნის განმავლობაში იასონი და ლიზა ყოველდღე დასეირნობდნენ ცხენებით. მშვენიერი დარი თითქო განგებ უწყობდა ხელს ახალგაზრდა მიჯნურთ; შემოდგომის მზე, სიტკბოებით და სინაზით სავსე, მუდამ თან ახლდა ცხენოსანთ და იმათ ისედაც ბედნიერებით გაბრწყინვალებულ არსებას უფრო ატკბობდა და ანაზებდა.
ბევრჯერ შეხვდა ნიკოს კოშკიკარის მივარდნილ მშვენიერ მიდამოთა შორის ეს სასიამოვნო კავალკადა და ბევრჯერ გამოიწვია იმის გულში მწვავე შური და გულის კვნესა, მაგრამ რა ექნა? რა შეეძლო? ყოველი ღონისძიება მეტიჩარაობად მიაჩნდა და ცდილობდა მოთმინებით გაეტანა თავი, მაგრამ მისი გულის ვარამი ისე ძლიერი იყო, ლიზას ტრფიალებამ ისე ღრმად გაიდგა ფესვი ნიკოს უმანკო სიყვარულის სურვილით აღსავსე გულში, რომ მოთმინება ტანჯვად, ავადმყოფობად გადაექცა. მეტადრე ის აზრი, ის რწმენა, რომ საყვარელი არსება უთუოდ გაწბილდებოდა, გათახსირდებოდა უშვერის ხელით, ჰკლავდა იმის ბუნებით სუსტს არსებას და არღვევდა მის ჯანმრთელობას.
ორის კვირის შეუწყეეტელმა ტანჯვამ მთლად გამოსცვალა ნიკო, რაღაც მოსიარულე მოჩვენებად გარდააქცია და, როდესაც კვირა დღეს ჩვეულებრივ შეუძღვა ეკლესიში თავისს მოწაფეებს საგალობლად, ეს ცვლილება ყველამ შენიშნა. წირვის შემდეგ ყველანი თანაგრძნობით დაეკითხნენ ავადმყოფობის მიზეზს. მეტადრე კნ. ქეთევანი მოექცა გულმოდგინედ:
- შვილო ნიკო, რა ამბავია შენს თავს? რატომ არა სწამლობ, ავადმყოფი ხარ, სახეზედ მკვდრის ფერი გადევს!
- ავად არა ვარ, ბატონო ქეთევან! მხოლოდ სულიერად ვიტანჯები და, თუ ნებას მომცემთ, თქვენა გთხოვთ ჩემის შვების წამალს.
- თუკი შემიძლიან რამე, დიდის სიამოვნებით! მე მზად ვარ ყოველი ღონისძიება ვიხმარო შენ გასაკურნად! - ტკბილად მიუგო ქეთევანმა და თანაგრძნობით დაუწყო გამოკითხვა.
ნიკოს გული პირამდე სავსე იყო მწუხარებით და ქეთევანის თანაგრძნობამ აიძულა ეთქვა სრული აღსარება, გაემჟღავნებინა თავისი სასოწარკვეთილებით სავსე ფიქრი და ეჭვი, გადაეშალა ზღვასავით მღელვარე და მშფოთავი გული უიმედო მიჯნურისა.
- ბატონო ქეთევან, უნდა დაეხმაროთ საცოდავ ქალს, უნდა გადაარჩინოთ დაღუპვას, - მხურვალედ ემუდარებოდა ნიკო ქეთევანს. - ცოტაოდენი ხათრი აქვს თქვენი თქვენს შვილსა, ჩააგონეთ, აუხსენით, რომ საშინელს საქმესა კისრულობს, ჰკლავს, აუწმინდურებს ყმაწვილის ქალის იმ ერთადერთს სამკაულს, რომელსაც უმანკოებას, დედაკაცის სახელის სიწმინდეს ეძახიან. თქვენ შეგიძლიანთ ააცდინოთ ლიზას ის ღვთის რისხვა, რომელიც მოელის. იასონმა არ მოიშალა მისი დაჟინებით ტრფიალი... გუშინ წყლის პირას ისხდნენ, ცალის ხელით აღვირები ეჭირათ და ცალით ერთმანეთის ხელი; ლიზა სულგანაბული ისმენდა ალაზნის ბუტბუტს, იასონი კი აღგზნებული, თავდავიწყებული მარტო ლიზას გულისცემას უგდებდა ყურსა, ერთი წამი კიდევ და... მაგრამ ჩირგვებში ფაჩუნი მოისმა და ლიზა გამოფხიზლდა, ერთი-ორი ამისთანა შემთხვევა კიდევ და გაჰქრა მომავალი, დატრიალდა უკუღმა ყმაწვილის ქალის ცხოვრების ჩარხი, დაღი დაესვა იმის კეთილს სახელს...
ასე უამბობდა გზა და გზა თავისს გულის ტკივილს, თავისს სულის ავადმყოფობის მიზეზს ნიკო ქეთევანს და თან კანკალებდა, ცრემლები ერეოდა თვალებში. ქეთევანის ჩვეულებრივი ფერმკრთალი, ტანჯული პირისახე მთლად გაფითრდა, მუხლებმა კანკალი დაუწყო, იმისმა დედაკაცურმა ღირსებამ კარგად გაზომა ის საფრთხე, ის უზნეო განზრახვა, რომელშიაც იმისი საყვარელი იასონ შეუბრალებლივ აბამდა საბრალო არსებას და შეძრწუნდა. პატარა ხანს უკან დაბეჯითებით უთხრა ნიკოს: ,,მესმის, მესმის და ვტირი ჩემის შვილისათვის!.. ვეცდები, ყოველ ღონისძიებას ვიხმარ, რომ უბედურება ავაცილო თავიდგან შენს სატრფოს. ოჰ, თვალებო, რად სჯობნით ყოველთვის დედაკაცის გონებას, რად არჩევინებთ იმას, რაც დამღუპველია და რად ათქმევინებთ უარს იმაზე, რაც შემრგოა და ბედნიერების უტყუარი თავდები”, - ამოოხვრით დაუმატა თავისის გამოცდილებით გულდამწვარმა ქეთევანმა და სახლში შევიდა.
ხშირ-ბინდი იყო, ცოტა არ იყოს წამოიღრუბლა კიდეც. მართა დაღონებული უჯდა სამოვარს და მოუთმენლად მოელოდა ლიზას. “რა ვქნა, - ფიქრობდა თავისს გულში, - ხომ არა შეემთხვა რა იმ უბედურს. რაზე ატყდა ასე საშინლად: ყოველდღე ცხენი, ცხენი და ცხენი. სხვა არა იყოს რა, ვინ რას იტყვის, ყმაწვილ კაცთან დაეხეტება ტყესა და ველში; მაგრამ რა ვქნა. ხმა ვეღარ ამომიღია. შენი რა საქმეაო, მე ვიცი და ჩემმა თავმაო, თანაც ალერსს მომიყვება: “დედი, ბედი მიღიმებს და შენ ხელს მიშლიო”. ვინ იცის, ეგებ მართალსაც ამბობს, თუმცა კი ღარიბია, უოჯახო ქალის ბედს...” მართას ფიქრები უცებ შეწყდა, სკოლის აივანზე ფეხის ხმა მოისმა.
- ვაიმე, შვილო! - შეჰკივლა მართამ და ფეხები ძლივს მიათრია კარებამდის, საიდგანაც იასონმა გულზე მიყრდომილი ფერმიხდილი ლიზა შემოიყვანა, ბავშვივით ხელში აყვანილი. მართამ დაიკივლა და წაიჩოქა. გული თითქო შეუჩერდა, ენა ჩაუვარდა.
- ნუ გეშინიან, დედა-ჯან, ნუ, ფეხი მაქვს მხოლოდ ნაღრძობი, უზანგში ჩამრჩა და გადამეგრიხა. მადლობა უთხარ იასონს, - აქ ლიზას ღონემ უღალატა და ცოტას ხნით გული შემოეყარა. მართა საშინელის წიოკებით იცემდა თავ-პირში და გიჟივით იწვევდა ქვეყანას საშველად.
ერთ წამში მთელი სოფელი თავს დაეხვია მასწავლებელს და ვინც კი რა წამალი იცოდა, ყველა ზედ მოახმარა; მარილწყლით უზელდნენ ნაღრძობს, ულოცავდნენ, თბილებს ადებდნენ; ბოლოს სოფლის ჯარა-ექიმი გოგიაც მოიყვანეს. გოგიამ დაშავებული ფეხი გულხმიერად გასინჯა და ღიმილით უთხრა ლიზას: თქვენი სეირნობა ძვირად დაუჯდება თქვენს ბალღებს, ერთ-ორ კვირას ვეღარ მოისმენენ თქვენს სწავლას.
- რას ამბობ, გოგია? - შეჰყვირა იასონმა. - იქნება ბატონი ლიზა დაკოჭლდეს კიდეც?
- სიკოჭლისა კი ფიქრი არ არის, მაგრამ ცხენზე ჯდომა კი ძნელი იქნება! - ქვეშ-ქვეშურის ღიმილით სთქვა გოგიამ და ლიზას ფეხი მაგრა შეუბოჭა არტაშნებით.
- შვილო იასონ, მოდი ჩემთან. მინდა ძლიერ მძიმე საქმეზე მოგელაპარაკო, - უთხრა ქეთევანმა თავისს შვილს, რომელიც დაღონებული ფანჯარას მიჰყუდებოდა და რაღაცას ღიღინებდა. ისიც მიუახლოვდა საყვარელ დედას და გულმოდგინედ ხელებზე კოცნა დაუწყო.
- რას მეტყვით, დედაჩემო? მამაჩემის ამბავი ხომ არა მოგივიდა რა? ხომ არ გაჯავრებს კიდევ ის ბებერი ცუღლუტი? - ღიმილით ჰკითხა იასონმა დედას.
- შვილო, შენ ღიმილით იხსენიებ მამიშენის ცუღლუტობას, იმ ცუღლუტობას, რომელსაც კაცები სიცოცხლით და თამაშობით ტვირთულობთ და არც ერთს თქვენგანს ფიქრად არ მოუვა, თუ რამდენ ცრემლად უღირს ის ცუღლუტობა დედაკაცს, რამდენ შავს და ბნელ ყოფაში აგდებს; ეგ ცუღლუტობა ბევრჯერ მთელ სიცოცხლესაც უწამლავს, უკარგავს სამუდამოდ ოცნებას, უხშობს იმედს საუკეთესო მომავლისას. აბა, თუნდ ჩემი სიცოცხლე წარმოიდგინე! რა იყო წინათ და რა არის დღესაც, თუ არ დაუშრობელი ცრემლი და განუწყვეტელი წამება! მამიშენის უზნეობა, რომელსაც შენ და შენთან ათასნი მხოლოდ ცუღლუტობას ეძახიან, განუწყვეტელი ჯოჯოხეთის ამგები იყო ჩემთვის მთელი ოცდაათის წლის განმავლობაში და დღეს, თუმცა ჩემ ხორციელ ტანჯვას იმისთანა მწვავი ხასიათი აღარა აქვს, სამაგიეროდ ზნეობრივი ტანჯვა გაორკეცებულია. როგორ! ორმოცდათხუთმეტის წლის მოხუცმა, მთლად გაჭაღარებულმა დარბაისელმა, გონებას არ მოკლებულმა თავადმა ხელი შეახო, არშიყობა დაუწყო თვრამეტის წლის გომბიოს, რომელიც სულით და გულით მოენდო შენს ჭაღარას, შენს დარბაისლობას? - ამის მაყურებელს მე თავზედ ბალანი კიდევ შემრჩეს? გონება, ღირსება არ შემერყეს? განა შეგიძლიან წარმოიდგინო, რა ცეცხლი ენთო ჩემს გულში მაშინ, როდესაც საქვეყნოდ, მოურიდებლად ალავერდში, ფეხთ გაეშალა მამაშენი იმ გომბიოს? ოჰ, მე ყოველთვის მომთმენი, ჩემის ხვედრის მონა, მზად ვიყავ მაშინ ყელში ვწდომოდი, ლაფი დამესხა გათეთრებულ წვერ-ულვაშზედ, მაგრამ კიდევ იმ გომბიოს სიბრალულმა მომათმენინა. რა შუაში იყო საცოდავი, რა დანაშაული ჰქონდა ქალს იმ ურცხვ საქციელში, რომელიც მამაშენმა მოიქმედა ათასის მტრისა და მოყვარის წინაშე... მაგრამ რაც მამაშენმა დამაკლო, შვილო, ახლა შენ უნდა შემისრულო? ის, რაც ცოლის გულს ნაღვერდალი დააკლდა, ის დედის გულს უნდა დაუმატო? ეხლა, როდესაც დავაჟკაცებული დაგინახე, როდესაც დედის გული შენი სიმშვენიერით და ზნეობის ძალით უნდა გაიფურჩქნოს, ხელახლად აჰყვავდეს, რას მიქადი შენ? შენც იმავე გზით იწყებ სიარულს, რომლითაც მამაშენმა დედამიწასთან გამასწორა? რათ, შვილო? განა სხვა გზა, სხვა საქმე, სხვა უკეთესი ასპარეზი არ არის ვაჟკაცობისათვის, ქალის გულის დამორჩილებისათვის, მისის შელახვის და წაბილწვის გარდა? აი, მაგალითად, აიღე ეს ღარიბი საცოდაობაში აღზრდილი მღვდლის შვილი, რამდენ კეთილს სთესავს თავისს გარშემო, რამდენ გაჭირვებულს უხელს თვალს, რამდენ გზადაბნეულს უკვლევს კვალს. განა შენ, მდიდარს, ნასწავლს, გულკეთილს და კეთილშობილს უფრო სავსებით არ შეგიძლიან ყოველივე ეს აასრულო? აი მე, ჯანმიხდილი, ნახევარ ცხოვრების გზა გავლილი და ყოველისფრის უსწავლელი დედაკაცი გამოვფხიზლდი და რარიგ ვნუგეშობ, რა სიამოვნების წყაროს ვპოვებ მით, რომ ბერიშვილის სიტყვისამებრ ვეხმარები ღარიბ-ღატაკს, ცოტაოდნად ვშველი ტვირთ-მძიმეთა. განა შენ ჩემი შვილი არა ხარ, განა შენ ჩემი კეთილი, გულუხვი, ლმობიერი იასო არა ხარ? მაშ, მოშორდი საწყალ ქალს, თავი დაანებე. დეე ერგოს იმას, ვინც მზად არის თავი შესწიროს იმას, ენაცვალოს, სალოცავ ხატად გაიხადოს.
- რას ამბობ, დედაჩემო! მე მირჩევ თავი დავანებო ლიზას, რომ მამაჩემმა გაიხაროს? გაოცებული ვარ შენის ლაპარაკით!
- მამაშენმა? ხომ არ გაგიჟდი! მე ნიკოზე გელაპარაკები!
- როგორ! განა ნიკოსაც უყვარს?
- საშინლად, გატაცებით და მასთან წმინდისა და წრფელის სიყვარულით, იმგვარ სიყვარულით, რომელიც ჩვენთვის ძნელი მისანდობია.
- ახლა ლიზასაც დაეკითხე! ხა, ხა, ხა! - გადაიხარხარა იასონმა. - ნიკო და ლიზას გემოვნება სულ შორი-შორს არის. ლიზა, დედაჩემო, თავით-ბოლომდე ესტეტიკაა და ნიკო ბურსა. რა არის იმათ შუა საერთო? გარდა ამისა, დედაჩემო, უნდა გამოგიტყდე, რომ ეხლა გვიანღაა. ლიზა მე მიყვარს და იმას მე ვუყვარვარ. ნიკომ ეს ყველაფერი კარგად იცის. დღეს იმან თავისის უმსგავსი ქცევით კინაღამ მოჰკლა ლიზა. ბედი იმისი, რომ ქალი განსაცდელში იყო და იმას მივეშველე, თორემ მე იმას იქიდან ცოცხალს გაუშვებდი?!
- როგორ? რა მოხდა? - შეკრთომით დაეკითხა ქეთევან და პირჯვარი გადიწერა, - ნუთუ მოგასწროთ?..
- შოსეზედ ნაბიჯით მოვდიოდი, ლიზას ცხენი ისე ახლო იყო ჩემს ცხენზე, რომ მე უნებლიეთ ხელი გადავხვიე ყმაწვილ ქალს და ისე გაყუჩებულნი, ბედნიერნი მივდიოდით შინ, ერთმანეთს გარეშე ვეღარას ვხედავდით; ბინდი იყო, მთვარე ღრუბლებს მოეფარა. უცებ ლიზას ცხენი შეფრთხა და თვალის დახამხამებამდე ქალი ცხენზე დაეკიდა, უზანგში ფეხი ჩარჩა, ჩამოვარდნის დროს გადაეგრიხა და გულშეწუხებული ნაღრძობის ტკივილით, ცოცხალმკვდარი, ძლივს გადმოიღეს უნაგირიდან.
- მერე? ნიკო რა შუაშია? შენა ხარ მიზეზი და სხვას ემუქრები?
- როგორ თუ რა შუაშია! შუაგულ გზაზედ გაწოლილიყო გულაღმა და ვარსკვლავებსა სთვლიდა, ჩვენის ცხენების ფეხის ხმას ყური მოუყრუა და თავისს უგუნურობით კინაღამ ადამიანი შემოიკლა.
- საწყალი ნიკო! ვინ იცის, როგორ იტანჯება ახლა? ქალი, ქალი როგორ არის? თავი როგორ დაანებე? პატრონი ვინა ჰყავს? - გულაღშფოთებული ეკითხებოდა ქეთევან იასონს.
- ეხლა აღარა უშავს რა, გოგიამ შეუკრა ფეხი არტაშნებით და ტკივილი ცოტათი შეუამდა; ოჰ, რანაირად იტანჯებოდა, დედაჩემო, რომ გენახა, შეგებრალებოდა!
- მაშ გიყვარს? ცოლად შეირთავ? - ამ კითხვაზე ისე დააშტერდა დედა იასონს, თითქო უნდოდა იმის გულის პასუხი სინამდვილით ამოეკითხნა, იმის გრძნობის სიღრმე გაეზომა.
- დიაღ, მიყვარს და მზადა ვარ ცოლად შევირთო, თუ მამა...
- მამა! კიდეც ეგ არის, შე უბედურო, რომ მამაშენზეა დამოკიდებული შენი მომავალი, შენი ყოველი ნაბიჯი, თვით შენი სუნთქვაც და შენ კი იმისთანა საქმეებს ეკიდები, რაზედაც ის თავისს დღეში ხელს არ მოგიმართავს. როგორ გგონია, ლუარსაბ ჯამბადრუკიანი, ის ამაყი, ზვიადი, ამპარტავანი ლუარსაბი, რომელიც მთელს კახეთში კაცს არ იდრის, რომელიც უბრწყინვალეს გვარიშვილს ცდილობს დაუმოყვრდეს, ნებას მოგცემს ვიღაც უგვარტომო უჩიტელნიცა შეირთო? მერე ის უჩიტელნიცა, რომელიც თითონაც მოუვიდა თვალში; რომლის დასაკუთრებას თავდავიწყებამდე ეტანება?!
- ახლა ქალაქში ის ბევრს სხვასა ნახავს, ბევრზე გაირთობს გულს და სოფლის მასწავლებელი აქ მოსვლამდე კიდევაც გადაავიწყდება.
- ოო, შვილო, შენ ისე კარგად არ იცნობ მამაშენს, როგორც მე. ის ერთხელ წინ გადადგმულს ნაბიჯს უკან თავის დღეში აღარ გადასდგამს. პირიქით, ძლიერ ვშიშობ, რომ იმისი ასე უეცრად ქალაქში გაქცევა უმიზეზო არ იყო. ვინ იცის, რა მოახერხოს, სად გადაიყვანოს ეგ ქალი, ან იქნება შენ გაგაბას სადმე, რომ თავიდან მოგიშოროს; განა არ იცი, დიდი ხანია აპირობს შენს სამსახურში გამწესებას და, აბა, თუ შეუძლიან რამე, რაღა დღისთვისღა დაზოგავს. მე შენ გითხრა, დიდი გავლენიანი ნათესაობა და მეგობრები არა ჰყავს! თვით მთავარმმართებელს გულითად მეგობრად მიაჩნია. რამდენჯერ უთქვამს მამაშენს, ამპარტავნება ნებას არ მაძლევს, თორემ რა ალაგსაც მინდა, იქ გავმწესდებიო.
- მართალს კი ამბობ, დედაჩემო! უთუოდ იმისთვის გაეჩქარა, რომ თავიდან მომიშოროს და ლიზა ხელიდან გამომგლიჯოს, მაგრამ ტყუილად ეცდება, ლიზა მე იმაზე აღარ გამცვლის, ის სულითაც და ხორცითაც ჩემია და ჩემი იქნება!
- შვილო, კიდევ გაგონებ პატიოსნებას, შენს მოვალეობას! ნუ დაუკარგავ იმ ობოლ გოგოს თავისს შესაფერს, პატიოსნებით სავსე საქმროს და მეგობარს. ნუ დაჰკლავ უდანოდ ნიკოს, იმ საწყალს, ღატაკს ქონებით, მაგრამ მდიდარს პატიოსნებით და კაცთმოყვარეობით. განა არ ჰხედავ, განა არ ჰგრძნობ იმის სიწმინდეს, იმის მოღვაწეობას, იმის თავგანწირულ შრომას საცოდავ გლეხების დასახმარებლად? განა არ გიყვარს, არ გებრალება? რად ართმევ საცოლეს? რად უკარგავ სასოებას?!
- საკვირველი ადამიანი ხარ, დედაჩემო, შენ ბერიშვილისთვის უფრო ჰზრუნავ, სანამ ჩემთვის, განა მე კი არ მიყვარს, განა მე კი არ დავიტანჯები, რომ სხვას დავუთმო ის, რაც ჩემია? განა ის უფრო სამართლიანი იქნება, რომ ბერიშვილმა მე წამართვას ის, რაც მე უფრო მეკუთვნის სიყვარულის ძალითა? ლიზას მე ვუყვარვარ, მე, და არა ის! განა სიყვარული ნაძალადევი შეიძლება, განა სიყვარულს ვუბრძანებ, ეს არის შენი საფერი და მარტო ეს გიყვარდესო! არა, დედაჩემო, შენ აქ ტყუილად ერევი. დავიცადოთ, იქნება მამაჩემი მლოცავს, აუცილებელ საქმეს ემორჩილება და ხელს მიმართავს. წინდაწინვე გულს რად მიკლავ?
X
ნიკო ბერიშვილი ლიზას ცხენიდგან ჩამოვარდნის შემდეგ შინ დაბრუნდა. საშინელმა სევდამ და სინანულმა შეიპყრო მისი არსება. რას ვშვრები, გონებას რად ვკარგავ, რის იმედი მაქვს? ვის ეკნაჭება ჩემი მფარველობა, ჩემი ზრუნვა! აი ეხლაც კინაღამ მოვკალ ჩემის უცნაურის გულმხურვალებით. ვითომ გულმხურვალებით?! განა მე რომ არ შემყვარებოდა ლიზა, განა ის ეგოისტური გრძნობა, რომ ის ჩემი უნდა იყოს და არა სხვისა, არ არის მიზეზი, რომ ასე გულმხურვალედ ვიქცევი? დიაღ, დიაღ, კარგად ვგრძნობ, რომ ვძალადობ, მინდა სხვას გამოვგლიჯო ის, რაც მე არ მეკუთვნის, დიაღ, არ მეკუთვნის!! ძლიერ კარგად ვიცი, ძლიერ კარგად ვხედავ ყველაფერს, მაგრამ უძლური ვარ, უძლური... ძალა არა მაქვს გულიდგან ამოვიგლიჯო ის, რაც ჩემი არ არის და ვითომ ვლიბერალობ, ვითომ მინდა კრავს მგლის კლანჭები ავაცილო, უმანკოება დავიცვა! ოჰ, წუთისოფელო! რად უცარავ კაცს ხელს, რად უვლენ იმისთანა დაბრკოლებას, რომელიც უშლის თავისი კეთილი განზრახვანი აასრულოს? მთელი ორი წელიწადი ვსულდგმულობდი იმითი, რომ ჩემ პატარა მოწაფეებს თვალს ვუხელდი, გულის კანკალით ვეგებებოდი ყოველ იმათ წარჩინებას, ყოველ იმათ წინ წადგმულ ნაბიჯს, შეძლებისდაგვარად არც იმათ მშობლებს ვაკლებდი მცირე დახმარებას, ჩემს სიყვარულს და ძალ-ღონეს ვუზიარებდი ყველას, ვიზედაც კი ხელი მიმიწვდებოდა და ბედნიერი ვიყავ ამ ჩემის კაცურის მოვალეობის აღსრულებით. და ახლა?.. ოჰ, რად შემახვედრე, რად მომივლინე არსება, რომელმაც მთლად შთანთქა ჩემი ვინაობა და თითქმის ჩემს ადამიანურ ღირსებაზედაც ხელი ამაღებინა... ღმერთო, ღმერთო! მიწინამძღვრე, გამომარკვიე ამ სიბნელიდან...
- ბატონო ნიკო, ბატონო!.. ჩაფარმა თელავიდგან ეს ქაღალდი მოგართვა, - მეგობრულის კილოთი უთხრა კოშკიკარის მამასახლისმა, რომელიც ნიკოს ვაების დროს ღია კარებში იდგა და დიდხანს შესვლას კი ვერა ჰბედავდა.
- ქაღალდი! აბა? უთუოდ ჩემი აქედგან განდევნის ბრძანებაა...
- როგორ თუ განდევნისა? განა ვის შეუძლიან შენი გამოცვლა? მაშ ჩვენ კაცები აღარ ვყოფილვართ, ჩვენ საქმეში ხმა აღარა გვქონია!
- ეჰ, გიორგი! თქვენთვის ვის რა უკითხნია თავისს დღეში, რომ ეხლა დაგეკითხენ, - ვაებით წამოიკვნესა ნიკომ. - მაგრამ ჯერ ვნახოთ რა ამბავია:
“Прошу немедленно по получении сего приказа передать вверенную вам школу школьному попечителю и выехать в г. Тифлис”. - დიაღ. არ შევცდი, გიორგი, მე აქედან მისტუმრებენ... მისტუმრებენ და ამდენ საქმეს უნდა თავი დავანებო, - ხმის კანკალით სთქვა ნიკომ და, თითქო ძარღვებში მოშლილი ქალიაო, ქვითინით გულზე მიეყრდნო თავზარდაცემულ მამასახლისს.
- როგორა ხარ, ჩემო ძვირფასო? - ალერსით ეუბნებოდა იასონ ლიზას, რომელიც ფერმიხდილი, თვალებჩაცვივნული იჯდა თავისს საწოლზე. - ტკივილები ხომ აღარ გაწუხებს? რა ჰქნა იმ ბრიყვმა, იმ უზრდელმა... რატომ კბილები არ ჩავამტვრიე, არ გავსრისე!
- ნუ ილანძღები, იასონ! ნიკო ეხლა ჩვენზე ძლიერ შორს არის და ვეღარ გვიყურებს, - გულის ტკივილით და თვალებში ცრემლებით თქვა ლიზამ და იასონს გახსნილი პაკეტი მიაწოდა.- წაიკითხე და სწორედ სთქვი შეგიძლიან გაზომო, თვალი ჩააწვდინო იმ გულის სიღრმეს, რომელსაც ნიკო ისე ცხოველად ჰხატავს თავისს წერილში?!
“ბატონო ლიზა! - კითხულობდა იასონი ნიკოს წერილს, - მე ხვალ ადრიან მივალ, ბრძანებისამებრ, ტფილისს. ვტოვებ აქ იმას, რაც საუკეთესო საუნჯეა კაცისათვის - ჩემს გულს (და, ვაიმე, იქნება გონებასაც). ეხლა თქვენ ბედნიერი ხართ და ძნელად წარმოიდგენთ ჩემის უბედურების სიდიდეს, მაგრამ თუ როდესმე გეწვიოთ დაუპატიჟებელი სტუმარი - უბედურება, მომიგონეთ, შემიბრალეთ... მომიკითხეთ, მიბრძანეთ და გიახლებით. გიახლებით, როგორც ერთგული ლალა, როგორც გულდამწვარი დედა, როგორც სულიერი მოძღვარი და ვეცდები წყლული დაგიმშვიდო, თვალზე ცრემლი მოგწმინდო, შენს გულს თუ არ სიხარული, სითბო და სიმშვიდე მაინც მივანიჭო. დიაღ, ბატონო ლიზა, იცოდეთ და გახსოვდეთ, რომ თქვენ გყავთ მეგობარი, რომელიც დაივიწყებს თავისს მომაკვდინებელს ჭრილობას, თქვენგან მინიჭებულს და მხოლოდ თქვენის ტკივილის დასაამებლადღა იზრუნებს. მაპატიეთ, რომ თქვენს მომავალ უბედურებაზე ვლაპარაკობ ასე დაჟინებით; ეს აზრი ისე მძიმედ მაწევს გულზე, ისეთის სავსებით მეხატება თავისის აუცილებლობით, რომ ვბედავ და გთხოვ, მომიგონო გაჭირვების დროს. ჩემი ადრესი იცით. მამიჩემის სოფელში დავბრუნდები. გაახლებთ რჩეულ წიგნებს, რომლების მოწყალებითაც მე გონება შევიმაგრე. ეცადეთ, შეეჩვიოთ კითხვას. გარწმუნებთ, ეს დიდი ნუგეში იქნება თქვენთვის. მაღალის აზრების კაცებთან დაახლოვება ხელს არ შეუწყობს იმ უზნეობა-გახრწნილების ზეგავლენას, რომელთა მსხვერპლად გარემოებისა და შემთხვევის წყალობით თქვენ აუცილებლად შეიქმნებით”.
- რას გაჩუმდი, იასონ? რატომ არ მანუგეშებ, ჩემო საყვარელო! რომ იცოდე, რარიგად მომიკლა გული მაგ წერილმა, რანაირად დააბნელა ჩემი ოცნებანი, ჩემი გატაცება... ნიკოს ცრუმორწმუნოება ჩემს მომავალზე მეც თითქმის აუცილებლად მიმაჩნია... ვინ იცის, რითი გათავდება ჩვენი ტრფიალება, ჩვენი შეცოდება... რას მოიტანს გარემოება. შენ რომ ნიკოს ალაგას ყოფილიყავ, ჰპოვებდი ამოდენა ლმობიერებას გულისას? არ გადამაგდებდი, როგორც ჩვარს, გამოუსადეგარ ნივთს? არ მომარიდებდი შენს ბრწყინვალე პირისახეს? მანუგეშებდი? - ჩაცინებით ჰკითხა ლიზამ გაჩუმებულს იასონს.
- რაებს ამბობ, ქალო! რა შავ ფიქრებს მისცემიხარ მაშინ, როდესაც ჩვენი ბედნიერება სიმწიფეში და გაძლიერებაში შედის? მეც დამაღონა ნიკოს წერილმა, მაგრამ მხოლოდ პირად იმის შესახებ, საწყალი, ეხლა კი მებრალება, ეხლა კი მესმის, რა ცეცხლშიც ყოფილა. ნეტა ერთი კიდევ მენახა. რა მიარბენივებდა ისე საჩქაროდ?
- უთუოდ ძალა დაატანეს, თორემ გამოსათხოვებლად მაინც მოვიდოდა, - ამოოხვრით სთქვა ლიზამ.
- ვინ? რა ძალა? რა მოხდა? - გაოცებით ჰკითხა იასონმა.
- როგორ, განა არ გაგიგია, რომ გუშინ ბრძანება მოსვლია, საჩქაროდ დაანებე სკოლას თავი და წამოდიო? ეს სულ მამიშენის ოინებია. ნიკომ ალავერდშივე სთქვა, მე აქ აღარ მაბოგინებენო.
- მერე, მამაჩემს ნიკოსთან საჩხუბარი რა ჰქონდა? გაძევებას რას ერჩოდა?
- მამაშენი წუწკი, მყრალი მოხუცია! - თავდაუჭერლობით წამოიძახა ლიზამ. - იმას უნდოდა ჩემი შერცხვენა და ნიკომ ვაჟკაცურად მომაშურა და სამაგალითოდაც დასაჯა, ურცხვ პირზე ლაფი გადაასხა.
- ჰმ, ეხლა კი მესმის! მაშ დედაჩემი მართალია! უთუოდ იერიშს ახლა ჩემზე მოიტანს, მაგრამ ვნახოთ, რას დამაკლებს.
- ოჰ, იასონ რა მომელის, რა? შესძლებ ჩემს დაცვას, ჩემს შელახულ სახელის აღდგენას?..
- შვილო, გოგია არის, ფეხი უნდა გინახოს, - გააწყვეტინა მართამ თავისი შემოსვლით ლიზას საუბარი და იასონი გაჭირვებიდგან დაიხსნა.
ლუარსაბ ჯამბადრუკიანი მთელი ოთხი თვე დარჩა ტფილისში. თუმცა იმისი გული გატაცებით მიიწეოდა კახეთს, სადაც იასონის წყალობით ლიზა საფრთხეში ეგულებოდა, მაგრამ, რაკი საქმე დაიწყო, შუა გზაზე აღარ უნდოდა გაჩერება. რაკი ბერიშვილის გაძევება ისე ადვილად და დაუბრკოლებლივ მოახერხა, ეხლა უფრო თამამად შეუდგა იასონის დაბანაკებას. ითხოვა ყველგან, საცა კი თხოვნა შეიძლებოდა და სად არ შეეძლო ლუარსაბს თხოვნა? სად არ იღებდნენ იმას ალერსით და პატივისცემით! ათიოდე ალაგს აუთქვეს იასონის განწესება, მაგრამ ლუარსაბი არჩევანში იყო, უნდოდა არც მწვადი დაეწვა და არც შამფური; თუმცა იასონის გზიდგან ჩამოცლა ძლიერ ეჩქარებოდა ლუარსაბს, მაგრამ ამ სიჩქარეში არც იმას ივიწყებდა, რომ იასონი ჩემი პირმშო ერთადერთი შვილიაო და ცდილობდა რიგიანი ადგილი ეშოვნა მისთვის.
თავადი მხოლოდ საშობაოდ დაბრუნდა ლეკიკარში და მუყაითად შეუდგა იმის გამოძიებას, თუ რა მოხდა იმის იქ არ ყოფნაში. მაბეზღარნი და შიკრიკნი მალე იპოვა თავისს აუარებელ მოსამსახურეთა შორის და რამდენსამე დღეზე დაწვრილებით შეიტყო იასონისა და ლიზას ამბავი: “ფეხმძიმედაც კი თურმე გახლავთ”, ჩასტუტუნებდა, სხვათა შორის, იასონის ბებერი გამდელი.
- მართლა?!. ოჰ, ეგ საშინელებაა, გადამეტებული თავხედობაა, ეგ... - სიბრაზით და მწუხარებით გალურჯებული წამოხტა ლუარსაბი და შუბლზე ცივი ოფლი მოიწმინდა. - ოჰ, მოიცადონ, ნახვენ, თუ როგორ ჩავაშხამებ, როგორ გავქელავ მე იმათ, როგორ დავარღვევ მათს უწმინდურს კავშირს, როგორ ბოლოს მოვუღებ იმათს პირუტყვულ ვნებათა ღელვას! - გიჟივით დარბოდა ლუარსაბი ოთახში და დორბლებს ჰყრიდა; ხანდახან თავში ხელებს წაივლებდა და მზად იყო თავი კედლისათვის მიეხლია. - ოჰ, რა ვქენ? რად დავანებე უგუნურს, მხეცს? რატომ არ ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა? მაგრამ ახია, ახია ჩემზე... ოჰ, რომ შემეძლოს, ჩემის ხელით გავგლეჯდი ორთავეს... მაგრამ... რა ვუყო... - ბებერი თინა, კარებთან მიყუჟული, მთლად კანკალებდა; რას მოიფიქრებდა, თუ იმის გაზრდილის “ცუღლუტობა” თვით “ცუღლუტს” დიდს ბატონს ასე განარისხებდა. - დალოცვილი, - ტუტუნებდა თავის-თავად, - განა ეს პირველია ან შვილისაგან და ან მამისაგან? რა მოეჩვენა, რაზედ გადაირია? რაღა ვქნა, საქმე როგორ გავასწორო? წავალ ქალბატონს შევჩივლებ, ეგების იმან დაამშვიდოს.
ქეთევანი წინდაწინვე გრძნობდა მომავალ ელვა-ჭექას, მრისხანე ქარ-ცეცხლს, მაგრამ რა ექნა, რა საშუალებისათვის მიემართნა?! ყოველთვის ღვთის განგებაზე დამყარებულმა, ეხლაც ლოცვა-ვედრებას მიჰმართა და გულის წუხილით იწყო ლოდინი აუცილებელის უბედურებისა. მოლოდინიც დიდხანს არ დასჭირდა.
ახალწლის წინა დღეს ლუარსაბმა მოიხმო მზარეული და განკარგულება მისცა, რომ ზეგისთვის მზად ყოფილიყო ყოველივე სანოვაგე, რაც დიდს ნადიმს დასჭირდებოდა. “სამოც სულამდე იქნებიან. გესმის! სუყველაფერი უხვად და გემრიელი უნდა იყოს. მარნის კარებთან რომ დიდი ქვევრია, ის აახდევინე, მინდა ვნახო, ხომ არ გაფუჭებულა წითელი ღვინო. რა ხუმრობაა, ღვინო რომ დამიწუნოს ვინმემ! თელავიდგანაც მოვლენ მთავრობის წარმომადგენელნი, მაზრის უფროსი, მარშალი და სხვ”.
- ყოველიფერი მზად იქნება, შენი ჭირიმე, პირველი ხომ არ არის ჩემთვის დიდი წვეულება, სამოცი კი არა, ჩემო ხელმწიფევ, სამასსაც გასძღოლია თქვენი ნიკოია და ახლა რაღა ღმერთი გაუწყრება, - ტრაბახით სთქვა ნიკოია მზარეულმა და დაბლა თავის დაკვრით გავიდა გარეთ.
ამავე ოთახში ქეთევანიც იჯდა, მაგრამ ლუარსაბმა მზარეულის ბრძანების დროს ცოლს ზედაც არ შეჰხედა, თითქო სტუმრების გამასპინძლებას უმასპინძლოდ ეპირებოდა.
- რა ამბავია? რა მიზეზით აპირობ ნადიმს? - ხმის კანკალით შეეკითხა ქეთევანი ქმარს. - მე კი არ უნდა ვიცოდე, მე კი არ უნდა შევემზადო?
- ახლა ხომ იცი, მოემზადე, ვინ გიშლის, ორი დღე გაქვს წინ და განა შენი სამზადისი მაგაზე ბევრს ხანს მოითხოვს? - მკვახედ უთხრა ლუარსაბმა ცოლს და გასასვლელად მოემზადა.
- ლუარსაბ, ნუკი გამიწყრები და შენ როგორღაც გუნებაზე ვერა ხარ. სტუმრებს იწვევ, ნადიმს ემზადები და შენ კი ისე ხარ განრისხებული, ისეთი ულმობელი შეხედულება გაქვს, თითქო ეგ სტუმრობა შენთვის ძლიერ შემაძრწუნებელი, ნაძალადევი იყოს.
- იქნება ეგეც არის! ვინ იცის, ვნახოთ.
- რას აპირობ, რას? მითხარი შენი ღვთის გულისათვის, მითხარი, ჩემო ლუარსაბ! ამაზე მეტი აღარ შემიძლიან, გული რაღაც უბედურებას მეუბნება, იასონს რას უპირებ, რად უწყრები? რად დაანებე თავი იმ ოთხ თვეს, თუკი...
- კმარა, კმარა! თუ მე დავანებე თავი, შენ სადღა იყავი? დედა არა ხარ, ვერ ააცდენდი შენს შვილს ფათერაკს?.. მაგრამ რა, შენ რა მოგეთხოვება! შენ მხოლოდ ილოცე და იწუწუნე... - გულისგამგმირის დაცინვით უთხრა ქეთევანს ლუარსაბმა და ოთახიდგან გავიდა.
XI
ახალწლის მეორე დღეს აუარებელი სტუმარი მოვიდა ჯამბადრუკიანისას. ეკიპაჟი ეკიპაჟს მოსდევდა, ცხენოსანთ ჯგუფი ცსენოსანთ ჯგუფს. სადღესასწაულოდ დართული ქალები ცქრიალით დადიოდნენ დიდ დარბაზში და გაკვირვებით ეკითხებოდნენ ერთმანეთს: “ნეტა რა არის მიზეზი დღევანდელის წვეულებისაო?” თუმცა ლუარსაბის სახლი უჩვევი არ იყო ლხინსა და ნადიმს, მაგრამ სხვა დროს მიზეზი წვეულებისა ან დღეობა იყო რომელიმე ოჯახის წევრისა, ან სოფლის ეკლესიის დღესასწაული, ან სხვა რამ პატივსადები მიზეზი აძლევდა საბაბს სახლის პატრონს გულუხვ მასპინძლობისას, მაგალითად, იშვიათის, დიდის, ღირსეულის სტუმრის წვევა. დღეს კი რა იყო მიზეზი, არავინ იცოდა.
- იქნება შვილის ნიშნობა ჰქონდეს? ხედავ, “უჩიტელნიცაც” როგორ აღელვებულია, მაგრამ ის რა ფერი აძევს პირისახეზე?
- ეგ ყოვლად შეუძლებელია! ლუარსაბი თავის დღეში მაგის ნებას არ მისცემს თავისს შვილს და, თუ ლიზაც აქ არის დღეს, ეგ მხოლოდ იმისათვის, რომ ბებერს დღეს საარშიყო საგნად ეგ ქალი ჰყავს არჩეული; იქნება მამამ არც კი იცის, მაგის აქ არ ყოფნაში შვილმა როგორ გაიმარჯვა, - ოხუნჯობდნენ ხნიერი ქალები, რომელნიც იასონს დიდ დანაშაულად უთვლიდნენ ვიღაცა გომბიოს უკან დევნას და დიდგვარიანთა შთამომავლობით წარჩინებულ ქალების უყურადღებობას.
ლიზა მართლაც საშინელ ფერზე იყო; თავისი თავი ამ ბრწყინვალე საზოგადოებაში მეტ ბარგად მიაჩნდა და თან ვერ წარმოედგინა ლუარსაბის თავხედობის შემდეგ ალავერდში, როგორღა შევიძელ აქ მოსვლაო. თავისს თავს განუწყვეტლად ეკითხებოდა: “რად მოველ, რად? მაგრამ გული რაღაცას მეუბნებოდა, მიწვევდა, ცნობის მოყვარეობით ავსებდა ჩემს არსებას: ნეტა რად მიმიწვიეს, რა აზრი აქვს ჩემს აქ ყოფნას! ვითომ აქ იციან ჩემი და იასონის დაახლოვება? ან იქნებ ადვილად დაეთანხმონ თავისი შვილის სურვილს, დღესვე გადაწყვიტონ ჩემი ბედი?.. იასონი კი მარწმუნებს, დედაჩემი ჩემსკენ არისო. ოჰ, ღმერთო, მე კი მთლად მაცახცახებს, მუხლი მეკვეთება, გული საშინლად შემომკვნესის. სამი დღეა იასონი არ მინახავს, ნეტა რა არის მიზეზი, შიშით და ეჭვიანობით მთლად დავილიე, ყოველი მოთმინება დავკარგე, კინაღამ კაცი არ გავუგზავნე. აი ეხლაც აქ უფრო იმის სანახავად, ამბის გამოსაკითხავად მოველ. მაგრამ როგორ ვნახო, დიდი და პატარა სულ თვალს მადევნებენ. ვინ იცის, მთელს ქვეყანას ჩვენზედ აქვს განგაში! დედაჩემიც საქმეს მიჭირებს, გაფრთხილდი, ხალხის სალაპარაკოდ ნუ იხდი თავსაო. გლეხკაცებიც კი გკიცხავენ და გემუქრებიანო. რა ვქნა, რა ვუყო, თუკი ღონე არა მაქვს, თუკი მხოლოდ ის არის ჩემის ცხოვრების ვარსკვლავი, თუკი უიმისოდ ჩემი სიცოცხლე შეუძლებელია?! ან რად უნდა მოვერიდო, განა ის ჩემი საქმრო არ არის?.. განა ფიცი არა აქვს მოცემული, განა სიყვარული ნებას არ გვაძლევს ერთმანეთს თავს შემოვევლოთ? მაგრამ იასონი სად არის? რატომ არა სჩანს, რატომ არ მომეგება?” - ამ საშინელ ტანჯვაში და თრთოლვაში იყო საწყალი ლიზა, როდესაც ქეთევანმა სტუმრები სასადილო ოთახში მიიწვია.
ვრცელ, კარგად მოწყობილ ოთახში სამპირად იდგა სტოლები, სუფრა მდიდრულად იყო გაშლილი, აუარებელი სასმელ-საჭმელი, ძვირფას ჭურჭელთან შეხამებული, სასიამოვნოდ ჰმოქმედებდა სტუმრებზე. რაც კი შეეხებათ მასპინძლებს, ვერ იტყოდით, რომ სასიამოვნო შეხედულება ჰქონდა მათ დაღვრემილს პირისახეს: მამაც, შვილიც და დედაც ჩვეულებრივის მასპინძლურის მხიარულების მაგიერ, რაღაც ფიქრებით იყვნენ გატაცებულნი და ამათ შემაყურალი სტუმარნი მხიარულების მაგივრად მგლოვიარეებივით გამოიყურებოდნენ. არც ხმა, არც ჩვეულებრივი ქართული სუფრის ღიღინი და სიმღერა, არც მემუსიკეთა საკრავთა ჟღერა, მხოლოდ ყველანი გულიანად შეექცეოდნენ დიდის გემოვნებით მომზადებულ საჭმელებს, ხმა არსაიდგან მოისმოდა, აქა-იქ ჩუმ-ჩუმად თუ იტყოდნენ ერთ-ორ სიტყვას.
შუა სადილზე ლუარსაბმა უბრძანა მოსამსახურეებს მოეტანათ ის ოცი ბოთლი რჩეულის ღვინისა, რომელიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევისთვის ჰქონდა ხოლმე შენახული და ღვინის მოტანის უმალ მიჰმართა სტუმრებს: “ბატონებო, უეჭველია, გნებავთ შეიტყოთ დღევანდელი წვეულების მიზეზი და მასთან ჩვენის პირქუშობის, მოწყენილობის მიზეზიც? - ეხლავე მოგახსენებთ: ჩვენი შვილი იასონ, ჩვენი ერთადერთი ნუგეში და ბედნიერება ხვალ დილით მიემგზავრება რუსეთს, სადაც სამსახურში უნდა შევიდეს. რასაკვირველია, ადვილად წარმოიდგენთ ამის გამო ჩვენს ტანჯვას, ჩვენის მწუხარების სიდიადეს... მაგრამ განა არ მოგეხსენებათ, ყმაწვილი კაცი ცხოვრებისათვის უნდა მოემზადოს. გავიდეს, გამოვიდეს, ნახოს ქვეყანა და თითონაც ქვეყანას ეჩვენოს, იასონს შესწევს გვარიშვილობა, სიმდიდრე და თვალტანადობა იმისათვის, რომ საზოგადო ასპარეზზე გამოვიდეს, სანუკველი ალაგი დაიკავოს. სირცხვილი იქნებოდა ჩემთვის, რომ ხელი არ გამემართნა, გზა არ მიმეცა მისთვის თავის გამოსაჩენად. მე ველოდი და ჩემმა ლოდინმა ტყუილად არ ჩაიარა: იასონი დანიშნულია მაზრის უფროსის თანაშემწედ სტავროპოლში და აი დღეს მე მოგიწვიეთ, რომ გზა დაულოცოთ და იმის სადღეგრძელო დაგვილიოთ”.
- ურა, ურა! გზა მშვიდობისა და წარჩინებისა! - მოისმა ხმამაღალი გრიალი დიდის ხნის სიჩუმით შეწუხებული სტუმართა. - ურა! ურა!
საშინლად იმოქმედა ლუარსაბის სიტყვებმა ორს დედაკაცზე, რომელნიც ერთიმეორის პირდაპირ ისხდნენ: ქეთევანი, გულშეწუხებული, კედელს გადაესვენა, ლიზას კი სახე დაეღრიჯა, თვალები გადმოუბრუნდა და პირდაღებული, ხელებგაშლილი მიაჩერდა იასონს და თითქო იმისგან მოელოდა პასუხს, აუცილებელ პასუხს მამის გადაწყვეტილებაზე, მაგრამ იასონმა თავი ჩაჰკიდა, უსუსურს მუნჯობას მიეცა. ლიზა მიხვდა, ჩემი საქმე გათავებულიაო და გონებადაკარგული ზეზე წამოხტა: “როგორ?.. რა ბრძანეთ?.. ხვალ უნდა წავიდეს? ხვალ?..” - და აქ ისეთი ხარხარი ასტეხა, რომ შიშის ზარმა მოიცვა მთელი საზოგადოება, ყველანი ფეხზე წამოხტნენ, ყველანი ცდილობდნენ საცოდავის დამშვიდებას, მაგრამ ყოველი ცდა ამაო შეიქნა: ლიზა ხარხარებდა და თან ხელები ემანჭებოდა, პირისახე საშინლად ებრიცებოდა, ეგრიხებოდა; მთელ იმის სხეულს თრთოლა და ცახცახი გაჰქონდა; შემდეგ ტირილს მოჰყვა და ისეთი შესაზარი და გულის გამგმირი იყო ეს სიცილ-ტირილი, ეს საშინელი ისტერიით შეპყრობილი ახალგაზრდა ქალი, რომ ბევრმა ვერ შესძლო ყურება და აქეთ-იქით გაიფანტნენ.
ნახევარ საათის ტანჯვის შემდეგ ლიზა დაშოშმინდა და თვალებდახუჭული, ღონემიხდილი, მკვდარივით გაჭიმული ჩასდეს ურემში და დედას მიაყენეს კარებზე.
- * *
ნიკო ბერიშვილი ლუარსაბის დაბეზღების შემდეგ სამოსწავლო მთავრობამ სრულიად გამორიცხა მასწავლებელთა რიცხვიდგან; ამგვარად ახალგაზრდა კაცს მოესპო ის გზა მოქმედებისა, რომელიც აძლევდა საზრდოს იმის სულიერს მისწრაფებასა და თან აკმაყოფილებდა იმის მცირე ცხოვრების მოთხოვნილებას. ბერიშვილი იძულებული იყო ხელი აეღო საპედაგოგო ასპარეზზე, იმ ასპარეზზე, რომელიც მის ბუნებას, მის მიდრეკილებას, მის ზნეობრივ პრინციპებს შეესაბამებოდა და რომლისათვისაც მზად იყო მთელი თავისი ძალ-ღონე, მთელი თავისი სიცოცხლე შეეწირა.
მოხუცებული დედ-მამა, წვრილი, აღზრდას მოკლებული და-ძმა მძიმე ტვირთად აწვა ნიკოს სინიდისს და ძალას ატანდა მუშაობისათვის ხელი მიეყო. მაგრამ რა ექნა, რა საქმე დაეწყო? რა საქმისათვის იყო მომზადებული? მაშინ, როდესაც მთელი მისი არსება მიიწევდა საზოგადო საქმის დასახმარებლად, ხალხში ნათელის გასავრცელებლად, ეს ხელშეკრული უსაქმოდ, ცოცხალმკვდარივით მცონარებდა.
ბევრის ფიქრისა და ზნეობრივის ტანჯვის შემდეგ ნიკომ გადასწყვიტა მღვდლობისათვის მოეკიდა ხელი. თუმცა სარწმუნოებრივი გრძნობა ხელს არ უწყობდა ამ დიდსა და წმინდა საქმეს შესდგომოდა, მაგრამ სრულის გულწრფელობით ნუგეშობდა მით, რომ სამაგიეროდ რელიგიურის რწმენისა ჰქონდა მადლი, ზნეობრივი ძალა, ძალა კაცთა სამსახურისა, რომ თამამად შეეძლო მოძღვრების ჯვარი აეღო ხელში და შესდგომოდა ამ მძიმე საქმეს, ფრიად ვრცელსა და სავალდებულო საქმეს.
ნიკოს აფერხებდა მხოლოდ მეორე აუცილებელი პირობა სულიერის მოძღვრობისა - აუცილებელი შეუღლება ვისთანმე. ეს აზრი მთლად სწამლავდა იმის გულს და გონებას. “როგორ, მაშინ, როდესაც ჩემს გულში საუკუნოდ აღიბეჭდა სახე და სახელი ერთისა, როგორ შევითვისო და შევისისხლხორცო მეორე? ეკლესიის კანონები შემიძლიან აღვასრულო იმ იმედით და რწმენით, რომ ხალხს ვემსახურები, მის სულიერს მოთხოვნილებას საზრდოს ვაძლევ, ქრისტიანობის მაღალ იდეალს ვუქადაგებ, ვასწავლი, მაგრამ ცოლ-ქმრობის მძიმე უღელი როგორ ვზიდო, როდესაც ცოლთან არ მაკავშირებს სიყვარული, ეს ერთადერთი ქვაკუთხედი ცოლ-ქმრობის საიდუმლოებისა?”
ეს მღელვარება და სულის ქეჯნა გაუორკეცდა ნიკო ბერიშვილს მაშინ, როდესაც მამის სამწყსოს მოახლოებით, სოფელ ლილფარიანში, განთავისუფლდა მღვდლის ალაგი და შესაძლო იყო ნიკოს, როგორც სემინარიაში კურსდასრულებულს, ადვილად მიეღო ის ადგილი. იმ მრევლში ნამყოფს მღვდელს დარჩა მხოლოდ ერთი ქალი და ჩვეულებისამებრ ახლად განწესებულს უთუოდ უნდა შეერთო ცოლად.
- შვილო, ნუ ჰხუჭავ თვალებს კარებზე მომდგარ ბედზე! - ტირილით ემუდარებოდა დედა ნიკოს. - ყველა, შენს მეტი, აღტაცებით მიეგებებოდა მაგ ხვედრს და შენ კი უარს ამბობ! რისთვის? რა გაქვს მიზეზი? სხვა არა იყოს რა, საცოლე მაინც როგორ არ იზიდავს შენს გულს. რა ქალია, რა ზრდილი, რა მშვენიერი, რა ოჯახის პატრონი! ძველისძველად ნაგები და მომართული ოჯახი, ყოველის ღვთის მოწყალებით სავსე და ნაკურთხი!
- თუ ამ შემთხვევას დაჰკარგავ, - უმატებდა მამა მწუხარებით, - ყელს გამოსჭრი შენს თავსაც და შენს წვრილ და-ძმასაც. ხომ მხედავ, გავტყდი, მეტი აღარ შემიძლიან! შენ აღზრდას მოვახმარე მთელი ჩემი ძალ-ღონე, ჩემი ნაწვავ-ნადაგი ორიოდე გროში, იმ იმედით, რომ შემდეგ შენ გეპატრონებინა ოჯახისთვის და შენ კი ისევ კისერზე ...
- ოჰ, კმარა, კმარა, მამაჩემო! - გააწყვეტინა ნიკომ მამას საყვედური და, სასოწარკვეთილებით სავსე, გავარდა გარეთ.
XII
ბნელი, გაზაფხულის სურნელოვანებით გაჟღენთილი საღამო იყო. ნიკო თავჩაღუნული, შავს ფიქრებში წასული და საშინელის ზნეობრივის ბრძოლით წელში მოხრილი, ბოლთას სცემდა პატარა, ტკბილად მოლუკლუკე რუს პირას. ხანდახან შესდგებოდა, შეჰხედავდა ჩაბნელებულ ცას და ამოიკვნესებდა: “ოჰ, ღმერთო! ძალა მომეც ჩემის ხვედრის ტარებისა, ძალა მომეც, რომ არ დავეცე, არ ვუღალატო ჩემს მოვალეობას, ჩემს კაცურ დანიშნულებას... რა ვქნა, რა ვქნა? ნუთუ შესაძლებელია ყოველივე, რაც იყო, დავივიწყო და ჩვეულებრივს, თელილს გზას გავუდგე? ნუთუ ცხოვრების კომედიას ერთი მსახიობიც მივუმატო? ვეკურთხო, ცოლი შევირთო, სხვის სავსე ოჯახს დავეპატრონო, გავძღე, ვიფუფუნო, ჩავიძინო?.. არა, არა, მე იმდენი ძალა არა მაქვს, რომ წარსული გულიდგან ამოვიგლიჯო... უღონო ვარ... თუმცა მოვალეობა მავალებს, თუმცა სხვა უჩემო, როგორც დედაჩემი ამბობს... მაგრამ არა, არა და არა! ვარჩევ თავი გავინადგურო, სიცოცხლე მოვისპო! “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი”, სთქვა სახელოვანმა რუსთველმა. მაგრამ რა არის სახელოვანი სიკვდილი? მეკუთვნის მე თუ არა?”
- ყმაწვილო, აი რაღაც წერილია შენთან, - შეაწყვეტინა ფიქრები ნიკოს რკინიგზის სადგურიდან მოსულმა გლეხმა.
- წერილი ჩემთან? შესაძლებელია? - და თან გულმა ისეთის ძლიერებით შემოჰკვნესა, რომ კინაღამ გადაიქცა. - ნუთუ ლიზა მიხმობს? - ელვასავით გაურბინა თავში. - ნუთუ ის უბედური უკვე მიტოვებულია?..
დიდხანს ატრიალა ნიკომ წერილი ხელში, თითქო წაუკითხავად უნდა გაეგო მისი შინაარსი და თითქო მიხვდა კიდეც, მიხვდა და თვალცრემლიანი, ნელის ნაბიჯით სახლისაკენ წავიდა.
“ბატონო ნიკო! რად გწერ ამ წერილს, მეც თითონ არ ვიცი, რა უფლება მაქვს თავს შემოგახვიო ის, რაც მე მკლავს, რაც მე თავზარსა მცემს და საფლავის კარამდე მიწვევს? - არავითარი! მაგრამ მაინც ჩემი სული თხოულობს უკანასკნელად მოველაპარაკო, აღსარება ვუთხრა, ჩემი სულის გოდება გავუზიარო ვისმე და ვის, თუ არ ისევ შენ?! ჩემო ნამდვილო მეგობარო, ჩემო ძმაო, ჩემო ერთადერთო ჭირისუფალო! “დამიძახე და მოვალ, მოგივლი, გულს მიგიკრავ, როგორც მშობელი და წყლულს დაგიამებო”, - მწერდი შენ უკანასკნელად და ის წერილი ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ჩემს ბნელ, უდროვოდ მოსპობილ ცხოვრებაში”.
“ყოველი შენი წინასწარმეტყველება ასრულდა: დავკარგე ის, რის შემდეგაც სიცოცხლე აღარ შეიძლება და, როდესაც შენ ამ წერილს მიიღებ, უბედური ლიზა დედამიწაზე ცოცხალთა შორის აღარც კი იქნება”.
“ლუარსაბმა წამართვა საყვარელი, ლუკმა პური და ერთადერთი ნავთსადგური უბედურის ყმაწვილი ქალისათვის ამ წუთისოფელში - მშობელი დედა: მშობელმა ვერ აიტანა თავისის პირმშოს შეურაცხყოფა და თავი ანაცვალა იმის სახელს. მაგრამ დამაგვირგვინებელი ჩემის უბედურებისა კოშკიკარელების საქციელი იყო: ლუარსაბისაგან დახელებულნი თავს დამესხნენ, თავს ლაფი დამასხეს და სკოლის კარი დამიკეტეს.
“ლუარსაბი დაშოშმინდა და, როდესაც განადგურებული მნახა, მიწასთან გასწორებული, ვითომ აყენება მოინდომა, თავისებური ნუგეში მცა, აღმითქვა ყოველგვარი ბედნიერება, ფუფუნება, ოქრო, ვერცხლი, თვალ-მარგალიტი და ამ ახირებულმა, სიგიჟემდე მისულმა თავხედმა უფრო ამაჩქარებინა ჩემი გადაწყვეტილება - რაც შეიძლება მალე მომესპო შეგინებული სიცოცხლე”.
“იასონი უგზო-უკვლოდ დაიკარგა”.
“ასე, ჩემო ტკბილო მეგობარო, დავრჩი ქვეყნად შერცხვენილо, უარყოფილი, უპატრონო და ზნეობრივ შემუსვრილი. რისთვის-ღა უნდა ვიცოცხლო? იქნება იმისათვის, რომ მე, უბადრუკი, შენს ლმობიერ გულს შემოვეკედლო? - არასოდეს. მშვიდობით. ჩემს გულში ერთი გრძნობაღა დარჩა, გრძნობა უზომო პატივისცემისა შენდამი და ეს პატივისცემა მავალებს, პატიოსნურად გამოვესალმო წუთისოფელს. შენ დიდის შრომით და სიყვარულით შეძენილს წიგნებს გიბრუნებ. ზოგიერთი წავიკითხე, მაგრამ გვიანღა იყო, ნუგეში ჩემისთანათათვის აღარსად არის! მათი მიღება შეგიძლიან საზოგადო ბიბლიოთეკაში, იქ ვტოვებ შენის ადრესით”.
P.S. მართლა, თქვენ სოფელზე ახლო, ს. ლილიფარიანში, სცხოვრობენ თავადნი ამირხანაძეები. თუ შემთხვევა მოგეცეთ გადაეცით, მათი ქალი მართა კოშკაძისა ქალითურთ ისევე ამოშლილი არიან ცხოვრების სიიდგან, როგორც მაგათ ჰყავდათ ამოშლილი თავიანთ გულიდგან. ინუგეშონ, არ ვამტყუნებ. ყოველი დანაშაული დასჯილი უნდა იყოს. ასე ამბობს, მე მგონი, ცხოვრების ფილოსოფია. ლიზა”.
- გუშინ თუ გუშინწინ თქვენ მოგაბარათ ვინმემ წიგნები ნიკო ბერიშვილის გადასაცემად? - ამ სიტყვებით მიჰმართა საზოგადო ბიბლიოთეკის მმართველ ქალს ნიკომ.
იმის სიტყვები ისეთი მღელვარებით იყო ნათქვამი, მისი გაწეწილი თმა, დაუბანელი პირისახე და ბელეშად ჩაცმული ტანისამოსი ისეთს სურათს წარმოადგენდა, რომ ქალს შემცდარი ეგონა, შიშით ფეხზე წამოხტა, უკან-უკან დაიწია და საჩქაროდ მიუგო:
- დიაღ, დიაღ! მე მომაბარა. აი წიგნებიც.
- თითონ ამათი მომტანი რაღა იქნა, ხომ არ იცით? თქვენის ღვთის გულისათვის, მიმასწავლეთ... იქნება გითხრათ თავისი ბინა, თავისი განზრახვა? ნუ დამიმალავთ... რა დაემართა? მითხარით...
- დაბრძანდით, ბატონო, დამშვიდდით! ნუ ჰღელავთ აგრე. აი წყალი ჩაყლაპეთ, - ლმობიერად ამშვიდებდა ქალი მთლად ათრთოლებულ ნიკოს.
- არ შემიძლიან, უნდა მოვძებნო! ვაითუ დავიგვიანე და რაღა ვქნა? რაღა? - დაფანტულივით გაიძახოდა ნიკო.
- დამშვიდდით, დამშვიდდით, მე შემიძლიან გასწავლოთ იმისი ბინა, მხოლოდ დამშვიდდით, გული გაიმაგრეთ.
- მოკვდა, მოკვდა? - ისეთის ხმით შეჰკივლა ნიკომ, რომ კაცს ეგონებოდა, სულიც თან ამოატანაო, და ფერმიხდილი დაეცა სკამზე.
- ნუ გეშინიანთ, ცოცხალია, - საჩქაროდ მიატანა ყმაწვილმა ქალმა, - გამაგრდით, ღონე მოიკრიბეთ, იმედს ნუ ჰკარგავთ. იმას მხოლოდ პატრონი უჭირს და თქვენ კაი დროს მიეპატრონეთ.
- მადლობა ღმერთს, მადლობა ჩემს გამჩენს! - შვებით ამოისუნთქა ნიკომ და ოცდაოთხის საათის განმავლობაში, ლიზას წერილის მიღების შემდეგ, პირველად მოვიდა გონს და ტანსაცმელზე დაიხედა: გახუნებული, ლაქებით სავსე პიჯაკი, ჭუჭყიანი პერანგი, მტვრით სავსე ქუდი, ტალახით მოსვრილი ჩექმები ვერაფრად იამა და სირცხვილის ალმურმა გადაჰკრა.
- გუშინღამ ლიზას წერილი მივიღე და, როგორც ვიყავ, ისე გავვარდი სადგურზე; მე მგონი, ტალახი იყო, მთლად ამოვსვრილვარ, - ბოდიშის მოხდით უთხრა ნიკომ ქალს და თან სთხოვა მალე ეცნობებინა ლიზას ბინა.
- ლიზა კოშკაძისა ჩემთან სწავლობდა ზავედენიაში. დიდი ხანი არ მენახა, გუშინწინ შემოვიდა ბიბლიოთეკაში და თქვენი წიგნები მოიტანა; ისე აღელვებული იყო, ისე არეულად ლაპარაკობდა, ისე ჩქარობდა და მოუსვენრად მოძრაობდა, რომ ძალიან გამაკვირვა, მაგრამ მინამ გამოვკითხავდი რასმე, საჩქაროდ გავიდა. გამოვუდექი, მინდოდა დამებრუნებინა, დამემშვიდებინა, მაგრამ უკანაც არ მოიხედა. მეორე დღეს გაზეთში პოლიციის ცნობათა შორის ამოვიკითხე: “გუშინ, საღამოს ჟამს, მტკვრის ხიდიდგან წყალში გადავარდა ყმაწვილი ქალი, მაგრამ მენავეები ყოჩაღად მოიქცნენ და დარჩობას გადაარჩინესო”. მე მაშინვე საავადმყოფოსაკენ გავექანე. გულმა მიგრძნო, რომ წყალში გადავარდნილი უთუოდ ლიზა იქნებოდა და არც მოვსტყუვდი. თვალებდახუჭული, გაჭიმული იწვა საავადმყოფოს საწოლზე და მოუსვენრად სუნთქავდა. ხელი შევახე, ოდნავ გაახილა თვალები და ისევ მალე დაჰხუჭა. უთუოდ მიცნო, ხმა კი არ გამცა და დახუჭულ თვალებიდგან ორი დიდი ცრემლი გადმოვარდა და მარგალიტივით გაფითრულ ლოყებზე ჩამოგორდა.
- ლიზა, მითხარი რამე? რა გიშველო, რა გინდა, ვინ გინდა ნახო? სად არიან შენი პატრონები, დედა? - ჩავეკითხე გულის წუხილით. იმან მხოლოდ ოდნავ თავი გააქნია და მდუღარების ნაკადულმა მოუმატა დენას იმის ფერმკრთალ პირისახეზე.
- საშიშოა იმისი მდგომარეობა? ექიმები რას ამბობენ? - გაფითრებით დაეკითხა ნიკო ქალს.
- არა, ამბობენ, რამდენისამე დღის შემდეგ სრულიად განთავისუფლდება, თუ ზნეობრივ დამშვიდდებაო...
- საწყალი, საწყალი მსხვერპლი უგუნურებისა! - მწუხარებით ამოიკვნესა ნიკომ, მღელვარება ვეღარ შეიკავა და ტირილი დაიწყო. დიდხანს ქვითინებდა და ამის ქვითინი შესაზარი იყო: დიდის ხნით შეკავებულმა გულის ბალღამმა პირი გაიხსნა და ნაკადულად გადმოსკდა.
- დამშვიდდით, ბატონო, დამშვიდდით, - ეხვეწებოდა ბიბლიოთეკის მცველი ქალი ნიკოს, - თქვენი დამშვიდება და პატრონობა საჭიროა ლიზასთვის!
- დიაღ, მე მრცხვენიან ჩემის სისუსტისა, მაგრამ დავიღალე, ვეღარ შევძელ... მაპატიეთ, - მადლობით ხელი ჩამოართვა ნიკომ ქალს და საჩქაროდ გამოვიდა ბიბლიოთეკიდგან.
ე პ ი ლ ო გ ი
(იასონის წერილი დედასთან)
“დედაჩემო, რომ იცოდე, რარიგად დამარცხებულია ჩემი თავმოყვარეობა, რარიგად დასჯილია ჩემი სიყმაწვილის დანაშაული? ვიცი, რომ შენ ყველაზე სასტიკი მსაჯული ხარ ჩემი და სამართლიანად დაინახავ ჩემს სასჯელს, მაგრამ ვის გავუზიარო შენს მეტს, ვის ვუთხრა ის, რამაც ჩემი წარსული ჩემსავე თვალში ზიზღით აავსო და შავი და ბნელი მიაყენა!
“ათის წლის რუსეთში განდევნის შემდეგ, მამაჩემის მოწყალებით ძლივს მეღირსა საქართველოში დაბრუნება და ჩემს სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა. ვფიქრობდი, რაკი ქართლამდის მივაღწიე, ჩემს საყვარელ კახეთამდინაც დიდი მანძილი აღარ დამრჩენია-მეთქი და მალე ჩემს დედა-ქალაქში გავიმართავ სამფლობელოს მაზრის უფროსისას-მეთქი. ეს იყო ჩემი სატრფიალო აზრი, ამაზე ზევით არ მიდიოდა ჩემის დიდების სურვილი, მაგრამ ერთმა გარემოებამ სულ თავზე ბალანი ამიშალა და იმ ფუჭს, ზიზილ-პიპილებით შემკულ ხარისხს სრულიად ფერი დაუკარგა.
“მე სულ ორის თვის გამწესებული არ ვიყავ აქ მაზრის მმართველად, როდესაც ჩემის მთავრობისაგან წერილი მივიღე; წერილი კერძო იყო და მიბრძანებდნენ: “გთხოვთ საიდუმლოდ, არაოფიციალურად გამოიძიოთ და ნამდვილად შეიტყოთ, თუ რა ამბავია სოფელ ლილიფარიანშიო”. მე ეს მონდობილება საჩქაროდ ავასრულე, გავიმძღვარე წინ ამ სოფლის მცოდნე პოლიციის მოხელე და ერთ კვირა დღეს მივედი ლილიფარიანის მამასახლისთან.
“არ შემიძლიან დაწვრილებით არ გაუწყო ამ სოფლის გარემოება, რადგან ყოველი კუთხე, ყოველი ქვა-ქვაზედ დადებული შენობა, გზა-კვალი, წყალი, ეკლესია ზედ ატარებენ იმათს ზედგავლენას, რომელთ მოქმედებაც მე უნდა გამეცნო და, როგორც დამნაშავენი, უნდა გამემხილებინა.
“როგორც გითხარ, კვირადღე იყო. შემოდგომის მზე ტკბილად ანათებდა დედამიწას, ახლად ამოსული ჯეჯილები გზის ორივე მხარეს მშვენივრად ბიბინებდნენ; არც ერთი ცოცხალი ქმნილება, არც ერთი მგზავრი არ მოჩანდა დიდ მინდორზე, ცაც და დედამიწაც გაყუჩებული იყო, სრულიად განსვენებას მისცემოდა ბუნება. უნებლიეთ მეც დამიმორჩილა ამ თბილმა, ნათელმა, მყუდრო გარემოებამ და ოცნებას მივეცი და ვერ შევნიშნე, თუ როგორ მივუახლოვდი სოფელს. ათი საათი იქნებოდა, როდესაც ლილიფარიანში მიველ და გაკვირვებული დავრჩი მისის გარეგნობით: არსად, გარდა საზღვარგარეთისა, არ შევხვედრივარ ამისთანა სუფთა და კოპწია სოფელს; ორპირად ჩამომწკრივებულს სოფლის სახლებს, გზის აქეთ-იქით, წინ ორიოდ-სამი ხე უმშვენებდა ეზოებს, რაც საქართველოში იშვიათია და ქართლში ხომ სანთლით არ მოიძებნება. თვით გზა გატკეცილი იყო და ორთავე მხრივ ღრმად ამოჭრილ არხებში ანკარა რუები მოუდიოდა. სოფელი მთლად ცარიელი იყო. მამასახლისის სახლის კარები გადმორაზული დამხვდა, სოფელში ჭაჭანებად არავინ მოსჩანდა. აქეთ-იქით მივიხედე და ერთ სახლის წინ დავინახე ერთი მოკუნტული ბებერი დედაკაცი, რომელიც მზის სხივებზე გვერდებს ითბობდა და თან პატარა ბავშვების თამაშობას თვალ-ყურს ადევნებდა.
- დედი, - დავეკითხე იმას, - რად აყრილა მთელი სოფელი? ნუთუ შენს მეტი მცხოვრები არავინ არის ამ სოფელში?
- ააა? - წაილუღლუღა ძალზე დაყრუებულმა ბებერმა.
- ხალხი სად არის? მამასახლისი? - დავიყვირე მე და ცოტა არ იყოს “ნაჩალნიკური” გული ყელში მომებჯინა, რომ ჩვეულებრივ გლეხკაცობა არ მომეგება.
- ხალხი? მამასახლისი? საყდარში, შვილო, საყდარში! კვირა დღეს სხვაგან სად იქნებიან. საყდარში არიან ყველანი, დღეს ნიკოლოზ მღვდელი ქადაგებას იტყვის და ყველანი იქ არიან. მარტო მე ბედკრული დავრჩი შინ, ყრუ ვარ და ბავშვები მომაბარეს.
“ჩაფარი მაშინვე დაფაცურდა, უნდოდა გაქცეულიყო საყდრისკენ და მათრახით მოელალა ჩემ თაყვანის საცემად უგუნური გლეხკაცობა, მაგრამ მე შევაყენე. რაღაცა ჩემებურმა თავაზიანობამ შემიპყრო და თითონ გავწიე ეკლესიისაკენ, რომელიც მაღლა ფერდობზე მდებარეობს და ძირს მის კალთებს ქვეშ გაშლილს სოფელს გადმოჰყურებს, თითქო მფარველობას უწევსო. ეკლესიაში შეველ და იქვე კარებთან სვეტს ამოვეფარე. საყდარი სავსე იყო სადღესასწაულოდ ჩაცმულ გლეხკაცობით. ტრაპეზის წინ პატარა, გამხდარი, ოდნავ ჭაღარაშერთული მღვდელი იდგა და აღტაცებით უხსნიდა გატაცებულ მსმენელთ იმას, თუ რა არის ქრისტეს უდიდესი მცნება: “შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”.
“მქადაგებელის პაწია თვალები ისეთის ცეცხლით იყო სავსე, მისი ლამაზი კი არა, მაგრამ მარილიანი სახე, ისეთის გრძნობით იყო აღზნებული, მის ტკბილს, მუსიკალურს ხმას ისეთის ლმობიერებით სავსე ძალა ჰქონდა, რომ მეც კი დამიმორჩილა, გულის სიღრმემდი ჩამწვდა და იქ რაღაც მიძინებული, დიდის ხნის უქმობით დაჩლუნგებული რელიგიური გულწრფელობა გამიღვიძა.
“ქადაგება გათავდა და ეკლესიის ჩარდაგიდგან მოისმა მშვენიერი მწყობრი, ანგელოზებრივ გალობა. მლოცველთ მოწიწებით მუხლი მოიყარეს და სასოებით სავსე თვალნი მიაპყრეს აღსავლის კარებს, საიდგანაც მღვდელი და მთავარი ბარძიმ-ფეშხუმით გამოდიოდნენ. მე გაოცებული ვიყავი. ვინ ასწავლა ქართველ კაცს ლოცვა, რა მანქანებამ დაუბრუნა ეკლესიას? - იცი, ვინ იყო ის კურთხეული მოძღვარი, ის სულიერი მამა, ის ლმობიერების გამღვიძებელი ქართველ გლეხის დიდი ხნით ლოცვას გადაჩვეულ გულში? - ის იყო ჩვენი ძველი ნაცნობი, შენი საყვარელი და ნაქები ნიკო ბერიშვილი. და აი იმან აქ, ეკლესიაში, თავისი ძლიერებით პირველად დამამარცხა და თვალი გადამავლებინა ჩემს წარსულზე.
“მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო ამ გაოცებისა და სახტად დარჩენისა, რაც მე შემდეგ ვნახე.
“წირვა გამოვიდა, ხალხი ჩუმად, წყნარად, ფიქრაღბეჭდილი სახით ნელ-ნელა გამოდიოდა საყდრიდგან და სოფლისაკენ მიემართებოდა. ეკლესიის სვეტს უფრო გაფრთხილებით მოვეფარე, რომ ჩემი მუნდირით და ჩემის ხარისხით არ დამერღვია საზოგადო მყუდროება და მხოლოდ ერთის საათის შემდეგ წირვის გამოსვლისა მამასახლისის თანამგზავრობით მივედი ბერიშვილთან.
“ბერიშვილი სდგას, დედაჩემო, იმისთანა სასახლეში, რომელთანაც ჩვენი ნაქები დარბაზები თაგვის სოროებად გეჩვენება. მაგრამ კი არ იფიქრო, რომ ის სასახლეს გაედიდკაცებინოს, სიმდიდრესა და ფუფუნებას შეეპყრას! არა. ეს ისევ ის ნიკოა და ისევ ის ტყავი ასხია. თავდაბალი, სადა, ზრდილი და კაცთმოყვარე, მხოლოდ სათნოება მოჰმატებია, რადგან ყოველი თავისი აზრი შეუსრულებია და საბრძოლველად აღარა დარჩენია რა.
“რასაკვირველია, ყველა ამ გარემოებამ ხელ-ფეხი შემიკრა და ნიკოს წინ ისე წავდექ, როგორც ცოდვილი შენდობის სათხოვნელად და არა ისე, როგორც მონდობილი მქონდა, ვით იუდა გამცემი და გამკიცხველი.
“დიდის მორიდებითა და გაფრთხილებით ვუამბე ჩემის მოსვლის მიზეზი და ავუხსენი ჩემი გაკვირვება, რომ გხედავ მღვდლადა-მეთქი, მაშინ როდესაც, როგორც მახსოვს, სასულიერო მოღვაწეობა არ გქონია საგნად ცხოვრებისა-მეთქი.
- მართალია, - ამოოხვრით მომიგო იმან, - მე სხვა გზით მინდოდა მიმეღწია საწადელისათვის, მაგრამ გარემოებამ მაიძულა ჯვარითა და სახარებით ხელში შევსდგომოდი ჩემის განზრახვის აღსრულებას და არ ვემდური წუთისოფელს, მივაღწიე სასუფეველს და განა სულ ერთი არ არის, რა გზითაც მივაღწიე? მაგრამ წამობძანდით. მე ყოველსავე გაჩვენებთ და, თუ დაინახავთ რასმე ჩვენს საქციელში გასაკიცხავს, გაჰკიცხეთ; ეგ თქვენის სურვილისა და გადაწყვეტილებისათვის მიმინდვია.
ჩვენ გავედით მოძღვრის ოთახიდგან გძელ ტალანში და შევედით დიდ დარბაზში, რომელიც სამოსწავლო სკამებით იყო სავსე და ზედ რამდენიმე ახალგაზრდა გლეხის დედაკაცი სწერდა რვეულებზე; იმათ თავს ადგა შავებით ჩაცმული ქალი და წერას თვალ-ყურს ადევნებდა; ჩვენ შესვლაზე ის კარებისაკენ ზურგშემოქცეული იყო და, როდესაც ხმაურობაზე მოიხედა, მე გველნაკბენივით შევყვირე და, როგორც მოჩვენების დანახვაზე, უნებლიეთ პირჯვარი გადავიწერე. ის, ის კი მთლად გაშეშდა, მხოლოდ მარჯვენა ხელი გულისაკენ გაივლო და მაგრა მოიჭირა მკერდზე. ოჰ, რა მშვენიერი იყო იმ დროს რომ იცოდე, დედაჩემო! მისი დიდრონი ბრჭყვიალა თვალები, რომელიც უწინ კაცს სწვავდა თვისის სხივებით, ეხლა მხოლოდ ლმობიერებით ანათებდა; მისი თეთრ-წითლად გაღაჟღაჟებული სახე ეხლა მარმარილოდგან ნაკვეთს ქანდაკებას წარმოადგენდა. სადად გადავარცხნილი შავი თმა უჩენდა მშვენიერ გადაშლილ შუბლს, იმ სპეტაკ შუბლს, რომელიც წინათ პაწაწა კულულებით ჰქონდა დაფარული. შავი კაბა, თეთრი საყელო-სამაჯურებით წმინდანის შეხედულებას აძლევდა და უნებლიეთ იწვევდა რაღაცა პატივისცემას მის მიმართ. რამდენსამე წუთს ესე ვიდექით ერთმანეთის პირდაპირ მე და ლიზა, დიაღ, ლიზა, დედაჩემო, ის ლიზა, რომელიც ცოცხალთა შორის აღარ მეგულებოდა და რომლის აჩრდილი მოსვენებას არ აძლევდა ჩემს სინდისს ათის წლის განმავლობაში.
ბოლოს ნიკომ დაარღვია ეს მომაკვდავი მდუმარება:
- ელისაბედ, თავადი ჯამბადრუკიანი, როგორც მოხელე, როგორც მცველი საზოგადო წესიერებისა, მოსულა ჩვენსას განსახილველად იმისა, თუ რას ვმოღვაწეობთ მე და შენ და ჩვენი მოღვაწეობა ხომ არ არღვევს საზოგადო მშვიდობიანობას.
- შვილიც მამის ხელობას შესდგომია? დაბეზღების ასპარეზი სჩანს მემკვიდრეობად გადაჰქცევიათ ბრწყინვალე თავადთ ჯამბადრუკიანებს! - გულის გამგმირის დაცინვით სთქვა ლიზამ და სახე მძულვარებით მოეღრიცა.
“თავში სისხლი ამივარდა, სირცხვილის ოფლმა დამასხა, მზად ვიყავ დედამიწაში ჩავმძვრალიყავ, მეწყევლა ჩემის გაჩენის დღე, მაგრამ რას გავაწყობდი? განა ღირსი არ ვიყავი იმისთანა გარდაწყვეტილებისა?
- ელისაბედ! შენ ივიწყებ, რომ ყოველი კაცი მოვალეა აასრულოს თავისი მოვალეობა, ბატონი “ნაჩალნიკი” მხოლოდ თავისს მოვალეობას ასრულებს, - ლმობიერად უთხრა ნიკომ ცოლს და მერე მე მომმართა: - აი, ბატონო, ეს დიდი და საუკეთესო ოთახი ჩვენ დავუთმეთ სასოფლო სკოლას. აქვე გვაქვს მოთავსებული პატარა სასოფლო ბიბლიოთეკა. კვირაობით კი ჩემი მეუღლე აქ ასწავლის, როგორც თქვენ ხედავთ, ამ ახლად მოყვანილ პატარძლებს, რომელთაც წერა-კითხვა არ იციან, კვირაში ორჯერ საღამობით ჭრა და კერვასაც.
- რატომ მარტო პატარძლებს ? - შევეკითხე მე ნიკოს.
- სხვებმა ყველამ იციან წერა-კითხვა და ჭრა-კერვაც.
- მთელ სოფელში?
- დიაღ! ჩვენ ბევრი დრო გვქონდა ამ წელიწადში ამ ადვილი საქმის აღსასრულებლად. ახლაც ყურს ვუგდებთ, და რომ არ დაივიწყონ, წიგნების კითხვას ვაჩვევთ ნელ-ნელა.
შემდეგ ნიკომ გამიყვანა მეორე ოთახში, სადაც გამართული იყო ჩარხები, ქანდარები და სხვადასხვა სააბრეშუმო იარაღი, და მითხრა: აქ, ბატონო, ჩვენ ვამზადებთ აბრეშუმს და ვასწავლით მის შემუშავებას გლეხის ქალებს.
მესამე ოთახში მიჩვენა პატარა აფთიაქი. ამ ოთახის ერთ მხარეს შირმის უკან ორი სუფთად გაშლილი ლოგინი იყო; მე ამან ძლიერ გამაკვირვა. - ეს საწოლები იმ შემთხვევისთვის გვაქვს, - მითხრა მოძღვარმა, - თუ დიდ ოჯახში გადამდები ავადმყოფობით გახდება ვინმე, ჩვენი სახლი სოფელზედ კარგა მოშორებით არის და ბევრჯერ ამ განცალკევებით სოფელი გადავარჩინეთ განსაცდელს. მეც და ჩემი ცოლიც ცოტაოდნად მიხვედრილი ვართ ექიმობას და, სანამ შეძლება ნებას მისცემს გლეხკაცობას თავისი საკუთარი ექიმი იყოლიოს, ჩვენ ვაძლევთ ცოტაოდენს შემწე ობას.
მერე მაჩვენა დიდი ქვითკირის ბეღელი, სადაც ინახებოდა საზოგადო პური, მერე მარანი, მშვენივრად მოწყობილი ყურძნის საწურავი მანქანით, საქაჩავით და სხვ.
- ყველა ეს აქაურის გლეხებისა არის, - მიხსნიდა ნიკოლოზ მღვდელი. - საზოგადო ზვრიდან შემოსული ღვინო და საზოგადო მაღაზიის პური სრულიად ჰფარავს სასოფლო ხარჯს, სახელმწიფო გადასახადს, გზების შეკეთებას და კიდევ რჩება იმდენი, რომ ვინახოთ თანხის შესაგროვებლად, რომლის სარგებლითაც შეგვეძლება ვიყოლიოთ საკუთარი ექიმი, გავიჩინოთ რიგიანი საქონელი, შევიძინოთ ზოგიერთი სამეურნეო იარაღი და, თუ საჭიროდ დავინახავთ, მამულებსაც შევისყიდით მეზობელ თავადებისაგან.
- საზოგადო ვენახი რას ჰქვიან? თუ უკაცრავად არ ვიყვე, ამიხსენით, - დავეკითხე მე.
- ამ შვიდი-რვა წლის წინათ ჩემმა ცოლმა აჩუქა აქაურებს ოცდა ათი დღის მიწა, ერთი ფერდობის კალთებზე, მზის გულად, იმ პირობით, რომ სოფელს შემოეღობნა და თავისის მუშითა და შრომით გაეშენებინა ვენახი. რასაკვირველია, სოფელი დასთანხმდა და აგერ ოთხი-ხუთი წელიწადია ჩინებული მოსავალი მოსდით კიდეც. ვენახის გაშენების სასწავლებლად ჩვენ მხოლოდ მცოდნე მებაღე მოვუწვიეთ და იმის შემწეობით ის საზოგადო ვენახი დღეს ჩინებულის ვაზით არის სავსე და სამაგალითო მევენახეობის წესით ნაგები და შემუშავებული. აგრეთვე ღვინის დაყენება პირველში გვასწავლა იმავე მცოდნე მებაღემ და ახლა კი თითონ გლეხებიდგან არჩეული და სწავლული მებაღისაგან გაწვრთნილი მებაღეობს და აწარმოებს როგორც ვენახს, ისე ღვინის დაყენების საქმეს.
- თქვენ იმ ვენახიდგან კულუხს არ იღებთ?
- არა. მხოლოდ მაშინებისა და მარნის მოწყობაში დახარჯულ ფულს ცოტა-ცოტაობით გვიხდიან შემოსავლიდგან. გარდა ამისა, - განაგრძო ნიკომ, - გლეხებს აქვთ საზოგადო მინდორიც სახნავად. ისიც ოცდაათის დღისაა და ისიც ნაჩუქებია ჩემის ცოლისაგან. მთელი სოფელი ხნავს იმას, ანოყივრებს და როგორც მარჯვენა თვალს ისე ულოლიებს. წელს კერძო მამულებიდგან დღიურზე საშუალო რიცხვით თორმეტი კოდი გამოვიდა და საზოგადო მინდვრიდგან კი ოცდახუთს გადააჭარბა. ეს ბეღელი სავსეა ჭერამდის და მხოლოდ მაშინ გავყიდით, როდესაც მომავლის წლის მოსავლის პირს დავინახავთ.
- ახლა კი, მე მგონია, ყოველივე აგიხსენით, - წყნარათ მითხრა ნიკომ. - რასაც დაასკვნით, ეგ თქვენ ხელთ არის.
- დიდად გმადლობთ, - დაბლა თავის დაკვრით ვუთხარი მე, - მხოლოდ ორიოდე რამეს კიდევ გკითხავთ.
რასაკვირველია, დედაჩემო მიხვდები, რომ ჩემი გამოკითხვა პირად ჩემს ცნობისმოყვარეობას შეეხებოდა და არა ჩემზე მონდობილ გამოძიებას.
- ვინ განაგებს ყველა მაგ საქმეს, ვინ ხელმძღვანელობს ყველა მაგ დაწყობილებას?
- რასაკვირველია, ჯერ მე და ჩემი ცოლი და შემდეგისათვის კი ვამზადებთ თვით მცხოვრებთაგან გამგებელთ. ჩვენ ყოველ წელიწადს ვგზავნით ქალაქში უკეთესის ნიჭის ყმაწვილებს და შემდეგში ისინი დაიჭერენ ჩვენ ალაგს. აი მალე მოგვივლენ რამოდენიმე ჩინებულად მომზადებული ხელოსნები, ამ სოფლის შვილნი და იმათ დახმარებით წავუმატებთ კიდევ ერთ საქმეს: დავაარსებთ სახელოსნოს, სადაც სოფლის სკოლაში დამთავრებულები გადავლენ სახელოსნოში ხელობის შესასწავლად.
- ხარჯი, ხარჯი ყველა მაგ დაწყობილებისა საიდგან მოდის, რა წყარო გაქვთ, რა სიმდიდრე?
- ხარჯი? - განა არ მოგეხსენებათ, რომ ჩემს ცოლს დარჩა თავისის პაპისა კარგა რიგიანი მემკვიდრეობა? ის მემკვიდრეობა ჩვენ ისე მივიღეთ, როგორც ღვთის განგებით მოვლენილი წყალობა და საშუალება სიკეთის დასათესად და ისე ვიხმართ, როგორც ზეციერ მამას ესიამოვნება და ჩვენს ბუნებრივს და ზნეობრივს მოთხოვნილებას შეესაბამება.
- ნუთუ პირადი ცხოვრება შესწირეთ საზოგადოს? ნუთუ კაცი მოკვდა თქვენში და მხოლოდ აზრიღა მფლობელობს?
- სრულიადაც არა. ყველას თავისებურად ესმის სიცოცხლე, ჩვენ მხოლოდ ამგვარი სიცოცხლე ავირჩიეთ და ჩვენებურად დიდი ბედნიერებიცა ვართ.
- ლიზაც თანაგიგრძნობთ? თუ მხოლოდ ემორჩილება თავისს ხვედრს? - ამის თქმაზე საშინლად გავწითლდი, შუბლზე ოფლი წამომადგა. რა უფლება მქონდა ასეთი რამ მეკითხნა? მაგრამ გული ვერ დამეჯერებინა, ვერ წარმომედგინა ლიზას ამგვარი შეცვლა.
ნიკო გაფითრდა და თითქო იუარა პასუხის მოცემა, მაგრამ ერთს წამს შემდეგ დამშვიდდა და ლმობიერად მიპასუხა: ელისაბედი არის სული ყოველის საქმისა და იმგვარის გატაცებით მიისწრაფვის წინ, როგორითაც მხოლოდ დედაკაცს შეუძლიან. ის სწუხს მხოლოდ იმას, რომ ცოდნა და გარემოება ნებას არ აძლევს ყოველივე ბედნიერება და კმაყოფილება გააუფლოს, ყველა ნაკლი შეავსოს, ყველგან უკვდავების წყარო ადინოს!
- რამ შესცვალა აგრე, რამ აქცია დედაკაცი მოციქულად? - შევსძახე მე.
- უბედურებამ! - მოკლედ მითხრა ნიკომ და მისი პატარა თვალები ცრემლებით აივსო. მე დედამიწამდე დავიხარე, რომ ჩემი შერცხვენილი პირისახე არ მეჩვენებინა მისთვის და გავშორდი საოცარ მღვდელს. მისი მეუღლის ნახვა კი ვეღარ გავბედე, თუმცა მზად ვიყავ ხელზე მოვხვეოდი და მის წინ შენანების ნიშნად მუხლი მომედრიკნა.
შენი იასონ”.
“P.S. “მამაშენი ლოგინად არის, დიდი ხნის სიცოცხლე აღარ აქვსო”, - მწერ და, შენ და ჩემდა სამარცხვინოდ, ეგ გარემოება არ მაღელვებს, პირიქით, მას შემდეგ, რაც ზემოთ აღგიწერე, ჩემი აზრი განუყრელად ულოლიებს ამ იმედს, რომ მალე ჩემი სახლი ჩემ საკუთრებად შეიქმნება და მამაჩემის ბატონობის ქვეშ აღარ დამჭირდება ჩვეულებრივი მონური მოძრაობა და შენის დახმარებით, ჩემო ტანჯულო მშობელო, და ნიკო ბერიშვილის ლოცვა-კურთხევით ჩემი მოქცევაც შესაძლებელი შეიქმნება!”
“უბედურებამაო”, - სთქვა ნიკომ, - ნუთუ მხოლოდ უბედურებას შეუძლიან კაცს ბედნიერების გზა აპოვნინოს?
იასონ”.