გალობანი სინანულისანი
გალობანი სინანულისანი ავტორი: დავით IV აღმაშენებელი |
უგალობდითსა
1.
რომლისაცა წინაშე
ქედ-დადრეკილ არს ყოველი,
მუჴლი ყოველი მოდრკების და ენაჲ ყოველი
შენსა
ჴმობს აღსარებასა,
მეცა, სიტყუაო,
აღმსარებელსა მომხედენ!
2.
ხატსა თჳსსა მამსგავსე
და საკრველად გრძნობადისა
და გონიერისა მყოფობისად დამაწესე
შენებრ
არსთა სიტყუებისა
ჩემ შორისცა შეკრებითა,
ხოლო მე უმადლო გექმენ.
3.
ბუნებითი რაჲ ძალნი
არა სჯულთაებრ ვიჴუმიენ
მსგავსებისაგან დავაკლდი და დავჰბადე ბოროტი,
ხოლო
ხილულთა-მიერსა
გემოვნებასა
ვრცელად განუხუენ გრძნობანი.
4.
ქალწულო, ბრალეულთა
თავმსდებო, რომელმან სიტყუაჲ
განაზრქე ჴორცითა და კარვითა მიწისაჲთა,
სიზრქე
უსასოებისაჲ
განმძარცუე, რაჲთა
მონანული შეგივრდე შენ!
განძლიერდითსა
1.
ბუნებითსა რაჲ პორფირსა
თჳთმფლობელობასა თანა
მეფობისაცა შარავანდნი
მარწმუნენ, ხოლო
მე ვნებათა ბილწთა
მონად მივჰყიდე თავი,
რამეთუ „რომლისაგანცა ვინ
ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ.“
2.
კაენის მკვლელებრი ცნობაჲ,
სეითის ძეთა ლირწებაჲ,
გმირთა სიღოდით მავალობაჲ
ხუთ ქალაქელთა შეგინებისა მწჳრე -
უფროჲს ვამრავალწილე,
ვითარცა რაჲ აღმართ-მსრბოლმან
მდინარემან უკეთურებისამან.
3.
მეგჳპტური გულმძიმობაჲ,
ქანანელთა ჩუეულებანი,
მსხუერპლვაჲ ნაგებთაჲ, ზმნაჲ და სახრვაჲ,
კოწოლი თმათაჲ
და სხუანი, რომელთაჲ
შენ ჰბრძანე არა-მსგავსებაჲ,
უწარმდებესად მოვიგენ
თჳთ მათ პირმშოთა სახეთასაცა.
4.
ამისთჳს იყო ქალწული
და ჴორც-ქმნაჲ სიტყჳსაჲ, რაჲთა
დედობრივთა ოხათა მიერ
ცხოვნდნენ ცოდვილნი,
რომელთა პირველი,
საშუალი და დასასრული,
მე ვარ, ვითარცა უფსკრული,
შესაკრებელი ბილწებისა ღუართაჲ!
მესმასა
1.
ისრაელისა მეფეთა
ვჰბაძევდ, გარნა უსჯულოთა
და რავდენ მეძლო, ვსცდებოდე
მაღალთა ზედა
კუმევისა, და წარმართთა აღრევისა მიერ,
და ძალთა ცისათა თაყუანისცემისა.
2.
ზენაჲს მოძრაობისა
ასურასტანული ზმნობაჲ,
და ცთომილთა ვარსკულავთა
და უცთომელთა
კრებაჲ და განყრაჲ, სუჱ და ბედი და შობის დღე,
ვითარ საღმრთოთა უსმენელმან, ვიჩქურენ.
3.
ელლინთა მიერ ვერ ცნობაჲ
სიბრძნითა ღმრთისაჲთა ღმრთისაჲ
და შემოქმედისაგან
შექმნილთა მიმართ
ცვალებაჲ თაყუანისცემისაჲ სრულ-ვყავ, რაჟამს
თითოეულსა ვნებისა კერპსა ვჰმსახურე.
4.
ამისთჳს ღმერთ-მამაკაცებრ
მოქმედ იქმნა ზეშთა ღმერთთაჲ,
რაჲთა კაცებრ უწყოდნის
ვნებანი ჩუენნი
და ღმრთეებრ იჴსნიდეს ბრალთაგან, რომელთა
ღმრთისმშობელად ქადაგონ ქალწული დედაჲ!
ღამითგანსა
1.
შჯულნი დავთრგუნენ
წიგნისა [ნი], და ახალი ბუნებითურთ,
და შჯულისა შენისა მოწამე, შჯული
გონებისაჲ, ცოდვისა
და ჴორცთა შჯულსა დავამონე.
2.
თითოეულთა
მჴეცთაგან შეზავებულსა მჴეცსა ვემსგავსე,
მრავალ-გუარსა და მრავალ-ხატსა და სხუა ჟამ სხუებრ
ხილულსა და მკსენარსა
ბუნებისაებრ თითოეულისა.
3.
არა შევძრწუნდი
მანგლისაგან მფრინვალისა, რომელი
შურსა სიკუდილისასა მიჰჴდის, რომელნი ჩემებრ
მიდმემად ცრუდ ფიცვიდენ
განსაკრთომელსა სახელსა შენსა.
4.
ამისთჳს სისხლთა
ქალწულებრივითგან ჴორცნი ღმრთისანი
და ახალი შეზავებაჲ, ღმერთი და კაცი,
რაჲთა იოხდეს დედაჲ
ჩემებრ განწირვით უსასო-ქმნილთა!
ღაღადყავსა
1.
სოლომონისაჲსა
წურბლისა მსგავსად ვერ მაძღარი
სხუათა სოფლის კიდეთა ვეძიებ დაპყრობად
და ღმრთისა საზღვართა ვაბრალობ,
ვითარცა მცირეთა და უნდოთა
ჩემისამდე უძღებებისა და გულისთქუმისა.
2.
ბოროტად გარდავჰჴედ
საზღვართა და შევჰრთე სახლი სახლსა,
და აგარაკი აგარაკსა, და უუძლურესთა
მივჰხუეჭე ნაწილი მათი,
და ვიღუწიდ უმეზობლობასა,
ვითარცა მარტოჲ ვმკჳდრობდი ქუეყანასა ზედა.
3.
მბრძოლ ვექმენ ყოველთა
წესთა სჯულისა შენისათა
და ქორწილთა მიერ ხენეშთა ვჰმძლავრე საწოლსა ჩემსა,
და სახეთა მიერ ბოროტთა
მიცემითა ვაცოდვე ერი ჩემი,
ვითარცა მეფეთა მისთა - ისრაელი.
4.
ამისთჳს ქალწული
დედაჲ და შობაჲ ახალი
სიტყჳსაჲ, რაჲთა ახალი ხატყოფაჲ მეორედ მისცეს
ცოდვით განრყუნელთა მისთა,
დედობრივთა რაჲ ოხათა ბრძმედითა
დაადნოს ყოველი ნივთი შეცოდებისაჲ!
კურთხეულ არსა
1.
ვეცხლი, ვითარცა
მიწაჲ და ოქროჲ, ვითარ თიჴაჲ უბნისაჲ ვიუნჯენ,
თაყუანის-ვეც ანგაჰრებისა მამონას
ვითარ-იგი ძუელთა მათ -
ბაალს და ასტარტეს და ქამოსს საძაგელსა.
2.
სიტყუაჲ წმიდაჲ და
ბჭეთა ზედა მამხილებელი მოვიძულენ, ხოლო
მლიქნელთა ძმაცული სივერაგე ვითნე,
და შემასმენელთანი
დავიტკბენ მზრახვანი
და ცრუნი განვსცენ მსჯავრნი.
3.
ცრემლნი ქურივთანი
და ობოლთა ბრგუნვილი ტირილი არ შევიწყალე,
არა განუხუენ ნაწლევნი მოქენეთა,
უფროჲსღა, შენ, ქრისტეს,
რომელი იზრდები
მცირედითა ზრდითა მათითა.
4.
ამისთჳს შობაჲ
ღმრთისაჲ ადამიანისაგან დედაკაცისა,
რაჲთა მიწით შობილთა კაცთა ცთომასა,
ვითარცა ღმრთისა დედაჲ
დაჰჴსნიდეს ქალწული
და იოხდეს ცოდვილთა!
აკურთხევდითსა
1.
ესენი ვცოდენ, სახარებისა სჯულთა
და მცნებათა შენთა შინა
მცემელთა რაჲ ყურმილისა მიპყრობასა
და გლახაკთათჳს განშიშულებასა,
და რაჲთურთით არა ფიცსა
შენ, სჯულის-მდებელი ჩემი, ჰბრძანდები
და გულისთქუმით მიმხედველობასა
განსრულებად მრუშებად დასდები.
2.
დაღათუ ესრეთ განვხრწენ ყოველნი გრძნობანი
და ყოვლად ხრწნილება ვიქმენ,
გარნა არავე აღვიხუენ ჴელნი,
არცა დავდე სასოებაჲ ჩემი
ღმრთისა მიმართ უცხოჲსა, არცა
უცხო-თესლი რაჲმე სარწმუნოებაჲ
საწურთელ ვყავ სულისა, გარეშე მისსა,
რომელი მასწავეს ღმრთისმეტყუელთა შენთა!
3.
და აწ, მომდრეკელი მუჴლთა გულისათაჲ
ვჴმობ, ვითარცა სხუაჲ მანასე,
მილხინე, ჵ მეუფეო, მილხინე
და ნუ წარმწყმედ ცოდვათა შინა,
და ნუ იჴსენებ ძჳრთა ჩემთა,
და ნუ დამსჯი მე ქუესკნელთა თანა,
რამეთუ შენ ხარ ღმერთი მონანულთაჲ,
ამაღლებული ზესკნელს ცათა ძალთაგან!
4.
საკუთრად ღმრთისმშობელად გქადაგებთ, უხრწნელო
ქალწულო, და გურწამს, ვითარმედ
პატივი ხატისა შენისაჲ შენდამო
წიაღმოვალს, ღმრთისმეტყველებრ,
და ცოდვილთა მოქცევასა
ანიშებ მის მიერ, ვითარცა ცხად-ჰყოფს,
თეატროჲ იგი მრჩობლთა სოფელთაჲ,
სიკეთე ეგჳპტისაჲ, ღირსი მარიამ!
ადიდებდითსა
1.
ჟამი რაჲ წულილთა და ჴმელთა აღმოფშჳნვათაჲ წარმოდგეს,
ზარი მეფობისაჲ წარჴდეს და დიდებაჲ დაშრტეს,
შუებაჲ უქმ იქმნნენ,
ყუავილოვნებაჲ დაჭნეს,
სხუამან მიიღოს სკიპტრაჲ,
სხუასა შეუდგენ სპანი,
მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!
2.
გან-რაჲ-ეღოს წიგნი დღესა შინა სასჯელისასა
და მე ქედ-დადრეკილი წარმოგიდგე განკითხვად,
მსაჯული მართლ სჯიდე,
მსახურთა რისხვაჲ ქროდის,
მართალნი ნეტარებდენ,
ცოდვილთა ჰგუემდეს ცეცხლი,
მაშინ შემიწყალე, იესუ ჩემო!
3.
ვანაჲთგან აღსარებით გრძნობად და შეკრებად იწყო
ძუალი ძუალსა თანა და ნაწევარი ნაწევარსა,
და განჴმელთა მოჰბერა
სული კუალად - შობისაჲ,
მწრამს, ვითარმედ აღვსებაჲ
სრულ-ყოს ღმერთმან ჩემ შორის
ყოვლისავე სინანულით აღდგომისაჲ!
4.
მარტიო, სრულო, სამ-მზეო, ერთ ცისკროვნებაო,
განმინათლე მხედველობითი სულისაჲ, რაჲთა
გიხილო ნათელი
ნათლითა უფლისაჲთა,
სულითა ღმრთისაჲთა,
გამოგჳბრწყინვო მაშინ
დაუსრულებელთა საუკუნეთა!
5.
არაჲ უხილავს მზესა ქალწული დედაჲ თჳნიერ შენსა,
არცა ჩემოდენ ბრალეულსა - ნათელი მისი,
გარნა მე შენითა
ოხითა, დედოფალო,
ვესავ ხილვად ნათელსა
ძისა შენისასა
და ნათელსა ზეშთა საუკუნეთასა!