Jump to content

ბორჯომი

From Wikisource
ბორჯომი
ავტორი: ტერენტი გრანელი


მივდივარ გზაზე, ვსაუბრობ ჩემთვის,
კაცი არა ჩანს ხეების გარდა.
დრო ნელა მიდის, მე ასე ვრჩები
და ჩემი ბედიც ხომ დაიკარგა.

აგვისტოს დღეა, მივიწევ მთისკენ
და გულით მიმაქვს სხვა სტრიქონები.
ეს იყო გუშინ, როდესაც ისევ
მე სინანულით ვერ გიგონებდი.

გული ქარებმა ისევ დათოვეს
და შენზე ფიქრი ისევ მომიარს.
ნუთუ, თბილისი უკვე დავტოვე
და ვფიქრობ, ნუთუ ეს ბორჯომია.

დრო ნელა მიდის, მე ასე ვრჩები,
დაქრის დღეების თეთრი კრებული.
მივდივარ გზაზე, ვსაუბრობ ჩემთვის
და ვარ ყოველთვის გამართლებული.

რესურსები ინტერნეტში

[edit]