ახლა მარტო ვარ და მე ვსაუბრობ
Appearance
ახლა მარტო ვარ და მე ვსაუბრობ ავტორი: ტერენტი გრანელი |
ახლა მარტო ვარ და მე ვსაუბრობ
რაღაც იშვიათს.
არ ვიცი, რატომ და ღამით უფრო
მეტი შიშია.
უკვე გათავდა ეს აგონია,
ვგრძნობ დაღლილ მკლავებს.
ახლა ღამეა და მე მგონია,
დანით მომკლავენ.
ელავს ვენერა, მიწა ძირს გდია,
ქსელში გავები.
ცაზე მთვარეა და ისევ კრთიან
შორს ვარსკვლავები.