ახლა არ ვდარდობ, გათავდა, მორჩა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ახლა არ ვდარდობ, გათავდა, მორჩა
ავტორი: ტერენტი გრანელი


ახლა არ ვდარდობ, გათავდა, მორჩა
და მიხარია მე ეს აღგზნება.
დღე ფარულია, მზე აღარ მოსჩანს,
ღრუბელი ნელა მიიზლაზნება.

ვხედავ, მიდიან ქალთა რიგები
და მწუხარეა ჩემი პროფილი.
მე მაწვალებენ სულ სხვა ფიქრები,
სულ სხვა ფიქრებით ვარ შეპყრობილი.

დგანან ხეები საყდრის მახლობლად,
(და გუშინ მოსვლა შენ მე დამპირდი).
და სიცოცხლეზე უფრო ახლოა
ახლა სიკვდილის გზა პირდაპირი.

რესურსები ინტერნეტში[edit]