Jump to content

ახალწლის ღამეს

From Wikisource
ახალიწლის ღამეს
ავტორი: შიო არაგვისპირელი


სანთლების ანთების დროს გიგოლას სახლის ტლანქმა ფიცრის კარებმა გულის გასაგმირავი ჭრიალი მოიღო და უეცრად ერთის ვაი-ვაგლახით კედელს დაეძგერა. სახლში ავადმყოფმა გიგოლამ ამ ბრახუნზედ წამოიწია, უნდოდა წამომჯდარიყო, მაგრამ წელი ვეღარ აიტანა და ისევ ისე ბალიშზედ მიესვენა.

- დედი, დედი!.. - კარების ბრახუნთან ერთად დაიძახა ცხრა წლის ყმაწვილმა, რომელიც სიხარულით შემოვარდა სახლში. ყმაწვილი ჩქარა შედგა, რაკი დედის ხმა არსაიდან მოესმა, თავი მოიფხანა და ცხვირ-პირი ჩამოუშვა; რაღაც უკმაყოფილება გამოიხატა იმის სახეზედ.

- დამაცალოს იმ შავ-ქალამა!.. - წაიბუტბუტა ყმაწვილმა.

- რა იყო, ნელა ვერ გააღებ, შვილო, კარებს, რომ ეგრე არ დაარახუნო? - მიმქრალის ხმით უთხრა გიგოლამ თავისს შვილს.

- მე ვაყურებინებ იმას!.. - კიდევ წაიბუტბუტა ყმაწვილმა.

- შავ-ქალამ რაღა დაგიშავა, რო ემუქრები?

- ისა, რომ მომატყუილა!

- ეჰ!.. რა მოგატყუილა, რატომ... სწორედ... არ მეტყვი?! - სვენებ-სვენებით ძლივს დაეკითხა გიგოლა.

- იმათ ბოსელში ბიჭები ვიყავით და ვთამაშობდით, ის ჩამოვიდა და მითხრა: “აქ რას აკეთებ, დედა-შენმა თაფლი იყიდაო!..”

- მერე ე მაგაზე ემუქრები?! ეჰ!.. - ამოიოხრა გიგოლამ და გადაბრუნდა.

- შვილო, შაქრო, კარები მიხურე, თორემ ძალიან ცივა.

შაქრო კარების მისახურად მიტრიალდა, მაგრამ ამ დროს მაგდანას ხმა შემოესმა: “აბა, თუ მოერევი, ჩემო დათა, შემოიტანე”.

- აგერ, დედა-ჩემიც მოდის!.. - წამოიძახა შაქრომ და საჩქაროდ გარედ გავარდა.

- რა კაი საახალწლო კუნძია, ეს დალოცვილი!.. ღმერთმანი, ისე დაგუგუნდება, რო... - სთქვა დათამ და თანაც რამდენჯერმე ფეხი წაჰკრა თოვლიანს კუნძს, მერე დაიღუნა, უნდოდა აეწია, მაგრამ წელი ვერ აიმართა.

- მაიცა, შენ გენაცვალე, წელი არ იტკინო, ორივემ ავსწიოთ! აჰა, დაიჭი ე ჯამი! - თაფლით სავსე ჯამი საჩქაროდ მიაჩეჩა შაქროს და დათას მიეშველა.

დათამ და მაგდანამ ასწიეს კუნძი და, ორივე წელში მოდრეკილები და თავი-თავს მიბჯენილები, სახლის კარებისკენ მიბარბაცებდნენ. შაქრო იმათ უკან მისდევდა და სიხარულით დასცქეროდა თაფლით სავსე ჯამს. გულმა აღარ მოუთმინა, ჩაჰყო თითი თაფლში და პირისაკენ გააქანა. ღიმილით გააწლაპუნა ტუჩები, ჩაილოკა თითი და ისევ გაიმეორა. ვიდრე მაგდანა და დათა სახლში შევიდოდნენ, იმან რამდენჯერმე მოასწრო თითის ჩაყოფა და გალოკვა.

- მადლობელი, ჩემო დათა! - უთხრა მაგდანამ, როცა კუნძი გაასწორეს.

- გიგოლა როგორ-ღა არის? - ჰკითხა დათამ.

- შენი მტერი და დუშმანი იყოს ისე, როგორც გიგოლაა!.. - გულამოსკვნით უპასუხა მაგდანამ: - ეს სამი დღეა, წამოჯდომას ვეღარ ახერხებს. გულს ძალიან იტკიებს.

- ღმერთი მოწყალეა, კარგად გახდება! - ანუგეშა დათამ.

- დათა, შენა ხარ, ბიჭო!!. ოხ, დედავ!.. ერთხელ რატომ მაინც არ შამოხვალ, ბიჭო!.. შამოსვლაზე ხომ არ გადაგახდევინებენ?

- განა არ შამოვიდოდი, მაგრამ ეს ოხერი დრო ხელთ ვერ ჩავიგდე.

- ეეჰ!.. გული, გული!.. ბიჭო, იქნება, დედა-შენმა იცოდეს რამე, აბა, ერთი ჰკითხე, შენი ჭირიმე, თორემ, ლამის არის, მოვკვდე... რა ვიცი, იქნება, იმისი ხელი წამლად მექცეს და მოვრჩე...

- თუ-კი იცის რამე, საროდიოდღა შეინახავს თავის ცოდნას? ამაღამვე ვეტყვი.

- თუ მოვრჩი, ღმერთმანი, იმის სიკეთეს გადავიხდი...

- ჰო, ჩემო დათა, არ დაგავიწყდეს, - შეეხვეწა მაგდანა: - ჩვენებიანთ ბაბალეს დავეკითხე და იმან არაყი მასწავლა: “უთუოდ მჭვალი ედგებაო და არაყი ძალიან არგებსო”. გუშინ-წინ დავალევინე და უფრო უარესად გახდა. მას აქეთ ნახველს სისხლი ამოსდის, - უკანასკნელი სიტყვები მაგდანამ ყურში წასჩურჩულა დათას.

- არ დავივიწყებ, ჩემმა მზემ!.. ღამე მშვიდობისათ!

- მშვიდობა მოგცეს ღმერთმა! - გიგოლამ და მაგდანამ ერთად მიაძახეს მიმავალ დათას.

- ხვალ მოდი, დათა! - უთხრა მაგდანამ, როცა ის კარებთან მივიდა.

- მოვალ, თუ გოზინაყს მაჭმევ!

- მაშ, უგოზნაყოდ როგორ იქნება!

შაქრომ ამ დროთი ისარგებლა: სანამ ესენი ლაპარაკობდნენ, ეს თაფლს შეექცეოდა. შაქრო თაფლის ჭამაში ისე იყო გართული, რომ დათას წასვლა ვერ გაიგო და, როცა მაგდანამ თვალი შეასწრო და დაუყვირა, ისე შეკრთა, რომ თითი პირში დარჩა და კინაღამ ხელიდან ჯამი არ გაჰვარდა. ისე იდგა გაშტერებული, ვიდრე მაგდანამ ჯამი არ წაჰგლიჯა და კარების მისახურავად არ გაგზავნა.

- ადამიანო, - დაიძახა გიგოლამ: - ხვალისათვის არას ამზადებ?.. ბედნიერი დღეა... ან მტერი მოვა, ან მოკეთე, ყველას დახვედრა უნდა...

- ღვთის მოწყალება რაცა გვაქვს, ყველას მოვამზადებ. ქათამს ეხლა მოვხარშავ, გოზინაყსაც გავაკეთებ და სხვა რაღა მოვამზადო? პური კიდევ დღეს გამოვაცხე. - ამ ლაპარაკში მაგდანამ აანთო თუნუქის ლამპარი, რომელმაც ბუნდ სინათლესთან ერთად სახლი ცუდი სუნითა და ბოლით აავსო.

მაგდანამ გააჩაღა ცეცხლი. საახალწლო კუნძმა ტკბილად დაიწყო გუგუნი. კუნძის გვერდით ქვაბი შემოსდგა, რომელშიაც მსუქანი დედალი იდო, მოიტანა ნიგოზი და დაუწყო გარჩევა. შაქრო დედას მოუჯდა გვერდით და იმანაც რჩევა დაუწყო, თუმცა იმდენს არ არჩევდა, რამდენსაც სჭამდა.

- დედი, ხვალ ახალწელიწადია? - ჰკითხა შაქრომ: - განა დიდ ჩურჩხელებს მომცემ?.. რა კარგია ჩურჩხელა!.. ისეთი ძალიან მიყვარს ჩურჩხელა, ისეთი, ისეთი, რომ არ ვიცი, როგორ!..

მაგდანა-კი რაღაცას ჰფიქრობდა და შაქროს ლაპარაკი არ ესმოდა.

- დედი, - დაიწყო შაქრომ და თან დიდი ლებანი პირისაკენ გააქანა, - ხვალ ჩვენებიანთას წავალ და ისინი კამფეტს მომცემენ.

- წადი, შვილო, ტაფა მომიტანე!

შაქრომ საჩქაროდ მოარბენინა ტაფა. მაგდანამ ჩაასხა შიგ თაფლი და ცეცხლზე შემოდგა, მერე ნიგოზს წვრილად დაუწყო ჭრა. შაქროც შესცქეროდა დედას ხელებში და რაღაცას ელაპარაკებოდა, რომლის სიტყვები მაგდანას სრულიად არ ესმოდა.

მაგდანა ამ დროს სხვა ფიქრებში იყო გართული. ის ფიქრობდა თავისს ავადმყოფ ქმარზე. ეს ორი დღეა, რაც გიგოლას პირიდან სისხლი ამოსდის და აი, ეს აფიქრებს მაგდანას. “ვაი, თუ აღარ მორჩეს და...” მალ-მალ გაურბენს ხოლმე ეს ფიქრი თავში და სულ ერთიანად შეარყევს. უნდა მოიშოროს თავიდან ეს მწარე ფიქრი, მაგრამ იმის დაუკითხავად აეშლება ხოლმე. მალ-მალ წარმოიდგენს თავის თავს ქვრივად, შაქროს კიდევ - ობლად, ყველასაგან დაბრიყვებულად, და ეს ხომ ჩაჰფუფქავს და აადუღებს. თვალიდან ნაკადულსავით გადმოჰხეთქს ხოლმე ცრემლი; ახლაც ერთი წყვილი ცრემლი გადმოვარდა მაგდანას და დაჭრილს ნიგოზში ჩავარდა, პირველს წყვილს მეორე მოსდევდა, მაგრამ მოწმენდა მოასწრო. მაგდანას არ უნდოდა თავისი ცრემლი შაქროსათვის დაენახვებინა. ბედნიერმა დღემაც ვერ მოაშორა მაგდანას ცრემლი. იმას ახლა არაფრის მომზადება არ უნდოდა, ყველაფერს უგულოდ ეკიდებოდა, - ყველა ეს სიხარულისათვის, სიამოვნებისათვის მზადდებოდა, მაგრამ იქ სიამოვნებას ადგილი არა აქვს, სადაც მწუხარება სუფევს, სადაც, შავ ყორანსავით, მწარე ფიქრები დასჩხავიან. როცა კაცის გულში ნამდვილი მწუხარებაა, მაშინ იმას ვერა ასიამოვნებს-რა...

მაგდანასაც ბედნიერის დღისათვის მზადება უფრო უცხოველებდა შავ ფიქრებს, უფრო ფრთებს ასხამდა. უეცრად წარმოუდგა გიგოლა კუბოში, თავისი თავი კიდევ - კუბოს თავით, შავებში, თმაგაწეწილი და ლოყებ დაკაწრული მჯდომი. ამას ვეღარ გაუძლო, დაანება ხელი დანას, საჩქაროდ პირჯვარი გადაიწერა და წამოიძახა: “ღმერთო, მაშორე! ღმერთო, შენ დამიფარე!..”

- დედი, დედი, თაფლი გადმოვა! - შესძახა ამ დროს შაქრომ და ტაფას წასწვდა.

შაქროს სიტყვებმა მაგდანა გამოაფხიზლა. საჩქაროდ გადმოიღო ცეცხლიდან ტაფა და კოვზით რამდენჯერმე აუქაფა. შემდეგ წვრილად დაჭრილი ნიგოზი ტაფაში ჩაყარა და ისევ ცეცხლზე შემოდგა. მაგდანა ისევ თავის შავს ფიქრს მიეცა. შაქრო-კი მოუთმენლად უცქეროდა ადუღებულს თაფლში არეულს ნიგოზს. მალ-მალე წაეტანებოდა ამოსაღებათ, მაგრამ მაგდანა თვალს შეასწრობდა და დაუშლიდა.

- მოიცადე, შვილო, თორემ ხელებს დაიფუფქავ.

შაქრო მაინც არ უჯერებდა თავისს დედას.

მაგდანამ თავი ძირს ჩაჰკიდა. შაქრომ იფიქრა: “ეხლა-კი ვეღარ დამინახავსო”, და თითი ტაფაში ჩაატაკა. საცოდავმა არ იცოდა, რა ექნა! დამწვარი თითი მაშინვე პირისაკენ გააქანა, ეგონა, დამიტკბებაო, მაგრამ თითზე მიკრულმა ცხელმა თაფლმა ტუჩები და ენა დაუდაღა. ახლა-კი ვეღარ გაუძლო სიმწვავეს, შეჰყვირა და თვალებიდან ცრემლები ღაპა-ღუპით გადმოსცვივდა.

- რა მოგივიდათ, რა ამბავია?!. - კვნესით იკითხა გიგოლამ.

- რა მოგვივიდა, ამასა და ამის თავს, კარგი რამ ეს არის! წუწკი კატასავით, საცა არა მგონია, თითს წაჰყოფს, - უპასუხა მაგდანამ და თანაც თითს უწმენდდა შაქროს.

შაქრო გრძნობდა, რომ დამნაშავე თვითონვე იყო, და ამისათვის ჩქარა დაჩუმდა, თუმცა თითი და ტუჩი ძალიან აწუხებდა.

- მოდი ჩემთან, შვილო! - დაუძახა გიგოლამ. - რაღას მოსჯდომიხარ და არ დაიძინებ, დილაზე ადრე უნდა ადგე... ჩვენი მეკვლე შენ იქნები.

შაქროს არ ეძინებოდა, მაგრამ რას იზამდა, ხმის ამოუღებლივ წავიდა მამისაკენ და გვერდით მიუწვა. შაქრო ხანდახან ლოგინიდან გადაჰხედავდა ბუხარს და ისევ მიწვებოდა. ბოლოს, მოეწყინა ისე შორიდან ხმის ამოუღებლივ ცქერა, მოუვიდა ძილი და ცოტა ხნის შემდეგ ტკბილად ამოუშვა ხვრინვა.

მაგდანა-კი ისევ ბუხართან იჯდა თავ-ჩაკიდული და შავს ფიქრებში გართული.

არც გიგოლა იყო დამშვიდებული. თვალებ-ჩახუჭული გულაღმა იწვა და ათასნაირი სურათი ეხატებოდა თვალწინ. გიგოლას ისე თავისი თავი არ ენანებოდა, როგორც თავისი ცოლშვილი; თავისი თავი იმდენად აგონდებოდა, რამდენადაც საჭირო იყო იმათთვის. გრძნობდა, რა მწარე დღეში ჩავარდებოდა ეს ორი ძვირფასი არსება იმის სიკვდილის შემდეგ. ქვეყანაზე არავინ ეგულებოდა, რომ ეპატრონებინა მაგდანასა და შაქროსთვის: “ყველას თავისი თავი გასჭირებია, - ფიქრობდა გიგოლა: - და, აბა, ჩემს ქვრივსა და ობოლს ვინ მოუვლის!” ამასთან ერთად სხვა აზრმაც სწრაფად გაურბინა თავში: “მაგდანა ჩქარა სხვა ქმარს იშოვის და ისე გამოიხსნის თავს გაჭირებისაგან”. გიგოლას ეს ფიქრი ტყვიასავით მოხვდა გულში, გაახილა თვალები და მძიმედ გადმოჰხედა მაგდანას. დაინახა მაგდანა თავ-ჩაკიდებული, ჩაფიქრებული. იმისს მშვენიერს სახეს ცეცხლის ალზედ ლაპლაპი გაჰქონდა. მაგდანა სიცოცხლით სდუღდა და გადმოდიოდა. მწარე ფიქრებისაგან დაღვრემილი სახე უფრო გაჰმშვენიერებოდა. გიგოლას თვალებში ხომ იმისი სიმშვენიერე გაათკეცდა და ყველა ქალებში პირველი ადგილი დაიჭირა.

გიგოლას დაენანა დათმობა, გულს უკლავდა ის აზრი, რომ ჩემს სიკვდილს შემდეგ სხვა გახდება პატრონი ამ მშვენიერებისაო. “განა, - გაიფიქრა გიგოლამ, - მაგდანა სხვაზედ გამცვლის?!. ჩემს სიკვდილს შემდეგ სხვას დაუწყებს ხვევნას?! არა, მაგდანა ამას არ იზამს. მაგდანას ისე ვუყვარვარ, რომ სხვაზედ არ გამცვლის!..” - ფიქრობდა გიგოლა და თან მაგდანას თვალს ვერ აშორებდა. უნდოდა ხმა მიეცა მაგდანასთვის და ფიცი ჩამოერთმია, რომ ჩემს შემდეგ სხვას არ მისთხოვდეო, მაგრამ ვერ ახერხებდა. “ვაი თუ ძალიან შევაშინო მაგდანა და მერე... მერე რაღა ვქნა? ეეჰ!..” გიგოლას უნებურად ამოსკდა გულიდან ოხვრა... და უეცრივ ფიქრად გაუელვა: “თუ არ გათხოვდა, მაშ რითი ირჩინოს თავი, რითი გამოზარდოს ობოლი... ვაიმე!” წამოიძახა გიგოლამ და თვალებიდან წყვილი ცრემლი გადმოვარდა, რომელმაც კვალი დააჩნია იმის გამხმარსა და ჩაცვივნულს ლოყებს. თითქოს ამ ერთმა წყვილმა ცრემლმა თან გამოიტანა, რაც-კი რამ გიგოლას ნაღველი აწუხებდა; ცოტა არ იყოს, დამშვიდდა, დახუჭა თვალები და ხმის ამოუღებლივ შეევედრა ღმერთს: “ღმერთო, მიშველე...” ეს ორი სიტყვა იყო იმისი ლოცვა...

გიგოლა დამშვიდდა, მაგრამ ამ დამშვიდებამ დიდხანს არ გასტანა. ისევ ჩქარა აეშალა შავი ფიქრი, ისევ ისე დაუწყო ქენჯნა გულმა.

- ჭივ-ჭავ!.. - გარედან შემოესმა ბაიყუშის ხმა.

ცოლიცა და ქმარიც ამ ხმაზედ შეკრთნენ, გაფითრდნენ, ორსავე ცივმა ოფლმა დაასხა, ორსავე ტანში ჟრუანტელმა გაურბინა.

- ჭივ-ჭაუ! - დაიძახა კიდევ ბაიყუშმა.

- გათავდა!.. - ისეთის ხმით წამოიძახა გიგოლამ, რომ კაცს შეაჟრჟოლებდა.

- ფუი, დაგწყევლოს წმინდა გიორგიმ!.. - გიგოლასთან ერთად სთქვა მაგდანამ და პირჯვარი გადაიწერა.

- აბა თუ ხმა გაიწყვიტოს იმ წყეულმა! - მაგდანამ აიღო ჯოხი და კარებისაკენ წავიდა.

- სად მიხვალ? - გულ-ჩაწყვეტილი დაეკითხა გიგოლა.

- ის წყეული მინდა გავაფრთხო.

- ეხლა... ეხლა თუნდ გააფრთხე და თუნდ ნუ!.. - სთქვა გიგოლამ და ცრემლები გადმოჰყარა, - ქალო, აქ მოდი!.. - ტირილის ხმით დაუძახა.

მაგდანა მივიდა და გვერდით მიუჯდა. ხმის ამოუღებლივ, ცრემლიანის თვალებით ერთმანეთს შესცქეროდნენ ცოლ-ქმარი, თითქოს ისეც იცოდნენ ურთი-ერთის აზრი. ორსავეს ხმის ამოღებისა ეშინოდათ, არ უნდოდათ სიჩუმე დაერღვიათ... ბოლოს, გიგოლამ გაუწოდა ორივე ხელი და წამოიძახა:

- მშვიდობით, ჩემო მაგდან!

ამ სიტყვებმა მაგდანას თავ-ზარი დასცა, და შმაგსავით დაეცა გიგოლას გულზე. გიგოლამ მოჰხვია ორივე ხელი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მიიკრა გულზე და მაგდანას ტუჩებს ჩაეკონა. მაგდანამ იგრძნო ქმრის ალერსი, მოვიდა გონს და იმანაც მოჰხვია ხელები...

სიცოცხლით სავსე მაგდანა და სიკვდილის პირას მისული გიგოლა ერთად იყვნენ შეერთებულნი, ერთ არსებათ გადიქცნენ, ერთნაირად სცემდა იმათი მაჯა, ერთნაირად ფეთქავდა იმათი გული, ორნივე ერთნაირად სუნთქავდნენ, თითქოს მაგდანამ თავისი ნახევარი სისაღე სუნთქვასთან ერთად გიგოლას გადასცა და ისე მოიყვანა ჯანსაო...

დიდხანს იყვნენ ესე. ამათ ახლა აღარა ადარდებდათ-რა. ამათი სურვილი ის-ღა იყო, რომ საუკუნოდ ესე ყოფილიყვნენ. ახლა აღარ ესმოდათ ბაიყუშის ძახილი, თუმცა იმან ერთი-სამჯერ კიდევ შემოსძახა.

მაგრამ, დახეთ!.. გიგოლას ბედმა ჩქარა უმტყუნა!

ავადმყოფის მიმქრალმა სხეულმა ვერ აიტანა ასეთი ძლიერი მღელვარება სულისა, ამან შეუმოკლა სიცოცხლის წუთი, და შფოთვა და ბრძოლა დაიწყო. გრძნობა დაჰკარგა და, პირველად რომ მამალმა შეჰყივლა, სული განუტევა.