ალუჩა

From Wikisource
Jump to: navigation, search
ალუჩა
ავტორი: ვასილ ბარნოვი





1 ალუჩობის დრო იყო, მწვანე ხილეულობის ჟამი. ყველაზე ძალიან ეს დრო მომწონს; ახალი გაზაფხული კი არა, გაზაფხულის მეორე ხანი, თითქმის დამლევი. - რითი სჯობია ის დრო ახალ გაზაფხულს, ან ზაფხულს, თუნდ შემოდგომის დამდეგს? - არაფრით, სრულებით არაფრით. მაინც უფრო მომწონს: ისეთ დროს მაგონებს ის ჩემის ცხოვრებისას, რომელსაც ხშირად ვუბრუნდები გონების თვალით და გაკვირვებით შევყურებ, თითქო რამ ძნელ ამოცანას, ჩემგან ჯერაც ვერ ამოცნობილს. - რას უფრო შეჰყურებ, მილეულ გაზაფხულს თუ ალუცას? - გაზაფხულის საღამოს.. არა, ალუჩას... ეჰ, არა! საღამოს გაზაფხულისას, ჩემს მზეს ამომავალს და ალუჩას, - სამივეს ერთად. - რას ამბობ, კაცო? სად საღამო, სად ამომავალი მზე?! ხუმრობ თუ! - რა მახუმრებს?! ერთად ვხედავ-მეთქი ტყემლის ალუჩას, დაპურებულ გაზაფხულს, ჩემს ამომავალ მზეს. - ტყემალს თუ ალუჩას? - ტყემლის ალუჩას. არ იცი?! ერთი ნამდვილი ალუჩაა, მჟავეა,ძალიან კი არა. მეორე ტყემლისაა: სახე სწორედ ალუჩისა აქვს, ხან იმაზე მსხვილიც არის: გემოთი თუ სიმჟავით - კი ნამდვილი ტყემალია. ამაზე ვამბობ. ის ორ დაუვიწყარ დროს მაგონებს მე, განიცდის რამ წამებს, განსაცდელის წუთს. - გიყვარს ალუჩა? - არ ვიცი. გეტყვი ყველაფერს და შენ თითონ მითხარი, მიყვარს თუ არა ტყემლის ალუჩა. მერე რა მსხვილი იყო, ხომანდულის ტოლა... ჩემზე წინად ეხლაც ვერვინ იყიდის ახლად შემოსულს. - მაშ გყვარებია! - რომ მიყვარდეს, კიდეც ვსჭამდი. არასდროს პირში არ გავიკარებ! - მაშ რაღად ყიდულობ? - დამაცა, კაცო. ჯერ მათქმევინე, მერე მითხარი. 2 ყმაწვილი ვიყავი, შეღერებული, ესე თერთმეტ- თორმეტი წლისა. ფეხმარდი, მარჯვე. ციყვივით ავირბენდი ხეხილზე. ჩვენ ბაღში მარტო ქოჩორა კაკალი მეურჩებოდა: ტოტები არა ჰქონდა, დაესხიპნათ, ლიტაოდ აეზარდნათ და ფეხს ვერ ვიკიდებდი, მკლავებსაც ვერ ვაწვდენდი, მსხვილი ღეროიანი იყო. მითქვამს შენთვის: ჩვენი ბაღის გვერდზე ძიაანთ ვენახი იყო გადასალაჯებელ რამ ღობით გადაყოფილი. ბაღებს გარშემო მაღალი ღობე ევლო, მაგარი, შიგნით კი მაგდენად საშიში არ იყო: მეგობრულ-მეზობლურადა ვცხოვრობდით ორივე მეკომური და ერთმანეთის სარჩოს მაინცდამაინც მტრულად არ ვეტანებოდით. ბალღებიც შურით არ ვუყურებდით მეზობლის ვენახს: სავსე ოჯახი გვქონდა, დახაციცებულნი არ ვიყავით. ესეც არ იყოს, რაც იმათ ედგათ ბაღში, ჩვენს გვედგა ის, და თვალი არაფერზე გვრჩებოდა. მაგრამ არა! იყო წლის განმავლობაში ისეთი დრო, როცა ბალღებს თვალი იქითა გვრჩებოდა, ძიაანთ ვენახისაკენ, და ვმადლობდით ბედს, რომ ისეთი დაბალი ღობე ჰყოფდა ჩვენს ბაღს იმათ ბაღისაგან. ეს იყო ალუჩობის დრო: მარტო იმათ ედგათ ეს ხილი, მთელი ორი ძირი ალუცა! მერე რა ტყემსლი ალუჩა! ნამყენ ქლიავივით მსხვილი, გაზაფხულის ფოთოლივით მწვანე, ხასხასი. როგორ ესხა: ფოთოლზე მეტი... საშიში კი იყო გადაპარვა, ხეხილთან მიახლოვება: ძია დემეტრე ფხიზელ დარაჯად ედგა ვენახს იფნის სახრით იღლიაში, რა მარჯვედ ხმარობდა მოქნილ იფანს დალოცვილი! ქათამს რომ წამოუსვამდა, წამზე თავს გააგდებინებდა. მაინც ამ სახით დაჰკლავდა ფრინველს. არც დევნა იყო მისთვის საჭირო: რახან ყოველთვის იღლიაში ეჭირა სახრე, ფრინველს აღარ ეშინოდა ჯოხისა: გულუბრყვილოებს მისი სხეულის ნაწილი ეგონათ იგი. ჰოდა რომ ვუყურებდით ბიჭები დემეტრიანთ ალუჩას, კბილები გვიკაწკაწებდა, ელეთ-მელეთი მოგვდიოდა, ძლივს ვიმაგრებდით თავს, აკი მაინც დავკარგეთ მოთმინება და მახეში გავყავით თავი. სულ სოლიკოს ბრალი-კი იყო ეს, დაუდეგარისა: - აბა, ბიჭო, გადავიპაროთ შენ ძიაანთ ვენახში! - ძია დემეტრე? - ერიჰაა! ის დილა-ადრიან გაღმა წავიდა, სოფელ დამწვარაში. მე ჩემი თვალითა ვნახე, ბოგირზე რომ გადიოდა ცხენდაცხენ. - დედაკაცები? - რას გვიზამენ დედაკაცები, თუნდაც დაგვინახონ! გავექეცით. წავედით. გადვიპარენით. ტყემლის ალუჩას თავს მოვექეცი, მაღალი იყო, ბლომათ გაბარჯღილი. ღვთის წყალობა გაქვს, ჯავრი ვიყარე! წაიღო კბილები, დამჭრა, დამკვეთა. ვინ დაგიდევდა?! წამალი ვიცოდი: როცა სამშვიდობოს გავიდოდი, ნიგოზს გავცოხნიდი და მაშინვე მომირჩებოდა. გავივსე ახალუხის ჯიბეებიც. მერე რა ახალუხისა! სულ ორი დღის ჩაცმული არა მქონდა. ყაყაჩოსავით წითელი ყვავილი ეყარა. ჩითი იყო, ფარჩასა სჯობდა. ტოლები შურით თვალს ვერ აშორებდნენ. ის იყო, გული ვიჯერე და ახალუხის უბეს ვიხსნიდი, რომ მომესმა მჭახე ძაცილი: - ეჰეი! ეჰეი! აბა ერთი მანდ დამიცადეთ! გავიხადე, დემეტრე მორბის, სახრეს ჰაერში მოათამაშებს. ელდა მეცა. გადავხედე, სოლიკო კიდეც ჩასულიყო. - ჰარიქა, დათიკო! - დამიძახა იმან და გადაევლო ღობეს. ჩემოვეშვი ტოტიდან ტოტზე. კიდევ მოვასწრებდი ჩამოსვალასაც, გაქცევასაც,მაგრამ... ამისხლტა ფეხი, წამოვედი თავ-თავქვე. ნეტავ ჩამოვარდნილიყავი! არა მიშავდა-რა: ლბილი მიწა იყო და ბალახი. ორკაპ-ტოტში ახალუხის ჯიბე მოჰყვა გატენილი და... სამარცხვინოდ ჩამოვეკიდე, ჩამოვკონწიალდი. მომატანა გაბოროტებულმა. გაიშხივლა ჰაერში სახრემ. სახრის წვერმა სულ ერთ მტკაველზე გაიზუზუნა ჩემ ცხვირწინ. ეწყინა დემეტრეს. შემოავლო ხელი ხეს: ამოსვლა იწყო. ერთი წუთი და მის ხელში ვიქნებოდი, გაბრაზებულის იღლიაში. ვიგრძენ, რა დღეც დამადგებოდა, დავიკივლე განწირულის ხმით, გავიბრძოლე უკანასკნელად და... ბრაგვა გამცვივდა მიწაზე. ახალი ახალუხის ჯიბე კალთიანად ტოტზე დარჩენილიყო. ვერ ვიგრძენ რამ ტკივილი. წამოვხტი, მოვკურცხლე, გადავფრინდი ღობეზე. სანამ დემეტრე ღობეზე ჩამობრუნდებოდა, მე სამშვიდობოს ვიყავი. თუმცა, ეჰ, ნეტავ ახალუხი არ დამფხრეწოდა, რაც უნდა მომსვლოდა: ნასახლარი მალე მორჩებოდა, ახალუხი-კი ვეღარ გაახლდებოდა. 3 - მას აქეთ შეგძულდა ალუჩა? - თვალის დასანახავათ შემჯავრდა! არმც თუ თითონ მე აღარ ვეკარებოდი, სხვასაც ვუშლიდი იმის ჭამას, ან რა საჭმელია! მოუწევარი, მწვანე, მჟავე, ყოვლად სავნო და საძაგელი! ჟრუანტელი მივლის, როცა სხვა ახრამუნებს. - ძალიან შეგშინებია მაშინ, რომ სამუდამოდ აგიკვეთია ის ხილი. - იქნება ისე შიშმა არ მიყო და ახალუხის ჯავრმა, როგორც ავადმყოფობამ. იმ დღესვე ცუდად ვიგრძენი თავი და მთელი ორი კვირა ვეღარ ავდექი: ციება, ბალღამი, ოფლი, საზარი ჩვენებები, ბეწვაშლილი მაჯლაჯუნა. კბილებღრჭენილი... ის დღე იყო და ეს დღე ალუჩას ხსენებაც კი საძაგელ ჟრუანტელს მაგრძნობინებს ტანში. - ნუ ახსენებ! - არც ვახსენებდი, აღარც ვახსენებ. მაგრამ მე, დაიჯერებ? მას შემდეგ ერთხელ კიდევ იძულებული შევიქმენ მეჭამა ალუჩა, მთელი მუჭა ტყემლის ალუჩა... - ძალას ვინ გატანდა, შე დალოცვილო?! - ალბად მატანდნენ! და მერე როგორ! ვსჭამდი, ვაქებდი, ვიღიმებოდი. არ კი მგონია, ლამაზი ყოფილიყოს ის ჩემი ღიმილი. - მიკვირხარ, ღმერთმანი! - ბევრი საკვირველი შემთხვევაა კაცის ცხოვრებაში განსაცვიფრებელი. - მაინც? - ინებე! გავიდა ბალღობის ხანა. აკოკრდა ულვაში. ხუჭუჭი წვერი. დავბზინდი. დავვაჟკაცდი. საზღვარგარეთიდან ახლად ცამოსულს თავი რაინდი მეგონა. უტეხ-უძლეველს ქუდად ცა აღარ მიმაჩნდა, ქალამნად დედამიწა. ვინღა მოიგონებდა გაგლეჯილ ახალუხს. საუკეთესოდ მეცვა, ფარჩის სარჩულებს შარიშური გაჰქონდათ. ჩემი მძლეველი, თუნდაც შემბმელი?! ახლა თუ გამოჰგზავნიდა ღმერთი თავის ნათლულ ამირანს! ჩემი მბრძანებელი?! სპარსთა ყეინი თავს ვერ მომახრევინებდა! ალუჩა, ტყემლის ალუჩა?! რა საკადრისი იყო, თუნდაც მყვარებოდა: მხოლოდ საიშვიათო ხილს მივირთმევდი სერისკუდადა. მაღლა ამეღო თავი, ვარსკვლავებს ვეთამაშებოდი და... გავები მახეში... მერე როგორ! იტყვიან: ოთხივე ფეხით: - მიამბე! - გიამბო... ადვილად იტყვი! გახსოვს, ტარიელს რა ეძნელებოდა ამბის მოთხრობა, როგორ ემზადებოდა? - ზეპირად ვიცი. მაინც მიამბე! - გეტყვი, რახან დავიწყე. სად წაუვალ ძმობილის სურვილს? 4 გაზაფხული იყო, მაისის პირველები. მთვარე არხეინად მიცურავდა ცის კაბადონზე. ისე ანათებდა დალოცვილი, თითქო მზეს ეცილებაო ბრწყინვალებაში. წიგნი წაიკითხებოდა მის შუქზე. მარტო დავდიოდი. თავი გამეთავისწინებინა, ვითომ ღრმად ჩაფიქრებულს. მრავალ ნაცნობებში არავის ავედევნე; სასაუბროდაც არვინ ავიყოლე. არ ვიცი, ასეთ გუნებაზე ვიყავი, თუ მეგონა, ამგვარი ქცევა უფრო ყავღას გამიკეთებდა; არ მახსოვს. იქნება აღარც ვინ მიმაჩნდა იქ სანუკვარად, საყურადღებოდ. ვგონებ, ესე იყო. ვნახოთ, ჩემ პირდაპირ მოდის სულ ახალი სუ;ო. შევსდექი გაშტერებული. განა ქალი იყო: მთვარეს მოსწყენოდა ცაზე განმარტოება, ძირს ჩამოსულიყო ხალხში სამყოფად. შაპო მკლავზე გადაეკიდა. თმა შეკოპილი არა ჰქონდა, შემოხვეული; ლახტებად გადაეშვა, ნაწნავები. ვარსკვლავი ხომ გინახამს, ბლომად და სხივმიდევნებული, კუდიანი ვარსკვლავი საიშვიათო? ის მისი სხივები თმად აეკრიბნა პირმანგს სალამაზოდ. ბერიკაცი ახლდა გვერდზე, ჩემთვის უცნობი. გავშეშდი. აღარ დავიძარ ადგილიდან: მეგონა, ისევ ჩამომივლიდა. მოვტყუვდი: მთელი საათი ვიდექი იქ, მაგრამ ამაოდ. წავედ შინ დაღონებული. სისხამ დილაზე ავდექი. ვინ მე, ვინ ადრე ადგომა! რამდენი ხანი იყო აღარ მენახნა ამომავალი მზე. ვიარე . ვეძებე. ვიკითხე. მივაგენ. გამოვები ნაწნავთ ბოლოზე უწყვეტი ჯაჭვით ხელებშეკრული. მაშინღა შევიგენ ზახილის ძალა: „მე მონად შევქმნილვარ ერთისა მზისა!“ რა მაგრა ვეჭირე პაწაწა ხელში! თვალ-წარბში შევყურებდი, სურვილთ ნასახებნსაც ავუსრულებდი. მოდი ერთი ნუ აასრულებდი, როცა მის სახეზე აჩრდილის კვალიც გულს შიშით გიპობდა, ძრწოლასა გგვრიდა. ერთიც ვნახოთ რამე არ მოსწონებოდა შენში და გამწყრალიყო, გაგშორდებოდა. რაღას სპირებდი მაშინ?! ეჰ, სრულიად ვიგემე ტკბილი მონობა და სანატრელი შებორკილება. - თითქო თანდათან ლბებოდა მისი გული ჩემთვის: მიახლოვდებოდა, მეტყოდა; გამომკითხავდა; ათასში ერთხელ სასეირნოდ გამომყვებოდა. ბერი არ ელის სამოთხის ბჭეს ისეთი სურვილით, როგორი სიხარულითაც მე ველოდი მათ კარს მისვლასა. ეს ბედნიერებაც ეხლა ხანდისხან წილად მხვდებოდა... დაგავიწყდა: ალუჩაზე დაიწყე წეღან, სულ სხვას ამბობ. - მაცა, თუ ღმერთი გწამს! მივედი ერთ საღამოს. გული გამეღო: პირმანგი ბაღჩაში დამხვდა განმარტოებული. წინ მაგიდა ედგა და ზედ ბროლის საინით... ტყემლის ალუჩა. მიირთმევდა. აკნაწუნებ-ახრამუნებდა. რა კბილები ჰქონდა! მძივივით მოსხმული, წვეტიანი, თეთრზე უთეთრესი, დავხედე, ჟრუანტელმა დამიარა, უსიამოვნო რამ შეჟღჟოლებამ. - აბა ამას რას მიირთმევთ, ქალო! კბილს მოგჭრით, გაწყენთ. - ძალიან მიყვარს. რა უშავს თუ კბილს მომჭრის! - ნუ ინებებთ! სხვა რამ ხილი მიირთვით. - განა თქვენ არ გიყვართ, ყმაწვილო, ალუჩა? ტყემლის ალუჩა გახლავთ, საუკეთესო, - მითხრა ლამაზმა. და ორაზროვანი ღიმილით დამაცქერდა. წადი შენ ეხლა და უთხარი, არ მიყვარს, არ ვარგა-თქო. ერთიც ვნახოთ, შენი სიტყვებიდან აზრიც დაასკვნა, ჩვენ ერთნაირი გემოვნება არა გვქონიაო, გავიფიქრე მე და შევკრთი, მუხლი ამითრთოლდა. - რამ შეგაშინა? - რამა?! შენ არ იცი, ამისთანა თქმას, ამგვარ დასკვნას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ლამაზის მხრივ?! შეყვარებული არა ჰყოფილხარ არასოდეს, არ გიწვნევია... - არა, როგორ არ მიყვარს ალუჩა, მეტადრე ტყემლისა... პატარობისას, მაინც საშიში გახლავსთ, არ გაწ... - აბა ნახეთ, რა კარგია! მიირთვით! - მიბრძანა უწყალომ. და მომაწოდა ალუჩა. განა თეფშით მომიბყრო, ერთი ამეღო; მარგალიტის სადაფს რომ უგვანდა მუჭა, იმ ხელით მომაწოდა, რამდენიც შესძლო. ჩამოვართვი. კინაღამ ხელზე ვაკოცე. ვერ შევბედე. ჩავიდე პირში, გავკვნიტე. ნაკვერჩხალი დამეკვნიტა, ის კი მერჩივნა: შესაძლო მაინც იქნებოდა დავღრეჭილიყავ. სანამ ვსჭამდი მოღიმარე თვალებს არ მაშორებდა. სულ გავათავე... - ხათრით? არ ვიცი, ხათრით თუ შიშით მაინც გავათავე... კიდევ კარგი, შემდეგში დამიფასდა ჩემი გმირობა, თავის განწირვა. 1910 წ.