ალექსანდრე პუშკინს

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ალექსანდრე პუშკინს
ავტორი: ტიციან ტაბიძე


საქართველოს მთებს თავს ადგება
ოქროს ნათელი,
მღერის არაგვი, ბუმბერაზი
მთების ტოროლა.
დევის ნაფეხურს მიაგავს გზა
შენგან ნათელი,
და შენზე ფიქრი - სიყვარულის
ზვავის მოწოლას.
ო, როგორ ვიცით, ბედნიერი
რომ არის წამი,
როცა გათანგულს აღარ ძალუძს
გულს არ უყვარდეს!
შენზე სიმღერით ყელს იღადრავს
ჭალის ლერწამი,
ჩრდილოეთისკენ სურთ გაფრენა
წინანდლის ვარდებს.

ეს ასი წელი თან წაიყვანს
კიდევ ათას წელს,
შენ უჭკნობ სიყრმეს სიბერე
არ გაჰკარებია.
ისმის დიდება ყველგან, სადაც
კაცის ხმა უწევს:
იალბუზია, პამირი თუ
ვანკარემია.
ვეღარ იცნობდი დღეს, ძვირფასო,
მრისხანე კავკაზს,
თავისუფლება მის მაღალ მთებს
უფრო ამაღლებს,
დღეს კაცის ბედი, ჭეშმარიტად,
კაცის ბედსა ჰგავს,
არ აქვს ქვეყანა სათარეშოდ
ცოფიან ძაღლებს.

საქართველოშიც გაიფანტა
ის ხმა მწუხარე,
როცა გიმღერდა მოწყენილი
ლამაზი ქალი,
ისმის გამწევი გუგუნი და
სიტყვა მქუხარე,
გული საგულეს აღარ დგება,
გააქვს ფართქალი...
სად არ იციან დღეს, პოეტო,
შენი სახელი,
მზე ბედნიერი საბჭოების
სადაც ანათებს!
მილიონობით წავიდოდა
აქ ტყვია ცხელი
და გაიტანდა შენ ჯალათებს -
მეფეს და დანტესს.

მინდა დღეს ვიყო მე ხევსური
და ხევის ბერი,
ადუღებულ ქვაბს რომ შეაქცევს
ლუდის პირველ ჯამს,
იტყვის - ეს იყოს გარდასულთა
სახსენებელი,
მთებს გადახედავს მედიდურად,
არ იწერს პირჯვარს.
საბჭოთა მიწის დაილოცოს
ყველა მტკაველი,
იყოს უკვდავი, ვით პუშკინი
და რუსთაველი.
განუყოფელი, ბედნიერი
ორი გენია,
ორი მზე ერთად ანთებული
გულის საკირე.
ხალხის ოცნება პოეზიას
აღუდგენია
და პოეზიაც უკვდავებას
ხალხით აპირებს.

ასე ნათელი იყო მუდამ
ამათი ბედი,
ბრწყინავდეს ერთად გადამდნარი
თანვარსკვლავედი.
საბჭოთა მიწის დაილოცოს
ყველა მტკაველი,
იყოს უკვდავი, ვით პუშკინი
და რუსთაველი.