აკაკის სიკვდილი

From Wikisource
Jump to: navigation, search
აკაკის სიკვდილი
ავტორი: გიორგი ნაფეტვარიძე


ხალხი მღეროდა აკაკის ლექსებს,
ბროლოვით სუფთას, აზრივით სადას,
ჰგავდა პოეტი კრწანისის ველზე
ხმალგადატეხილ უჯარო სარდალს.

კვდებოდა... მაინც უსისხლო ხელით
მოჩრდილა მისი ნაწილი ცისა,
ალბობდა თურმე ცრემლებით ცხელით
გულ-მკერდზე დაფშვნილ მშობლიურ მიწას.

ელანდებოდა ნესტანის რიდე,
იფერფლებოდა და არ დნებოდა,
ელანდებოდა თამარი კიდევ
და საქართველო ელანდებოდა.

ეძახდა ვაჟას — რაზიკაშვილო
შემინდე წყენა, გულში თუ ჩაგრჩა!
ნატრობდა თრთოლვით ხელებგაშლილი
ბაკურის ხმალს და ერეკლეს ჩაჩქანს.

ის მოკვდა, როგორც ვარდობის თვეში
და სიმღერებში ტბის გედი კვდება,
ქართული ლექსის სიტკბო და ეშხი
დარჩა ლერწამში მის სადიდებლად.

ვაჟასთან ერთად ლექსს აბარებდა
ანდერძს ცახცახით და შთაგონებით.
მე მივალ ახლა მათ სამარესთან
და მუხლმოყრილი ვეამბორები.