აკაკის ლანდი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
აკაკის ლანდი
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე
1915 წელი


მდუმარე მხარეს შორი მთებისას
დაჰხარის ღამე და ანდამატი.
იქ, როგორც ლანდი მწუხარებისა,
გამოჩნდა მაღალ პოეტის ლანდი!

თეთრი ჭაღარით მოსილი თმები
ელავდა ელვის ელვა-ციმციმით
და მოხიბლული იყო მთიები
დიდებულ სახის ღვთაებრივ ღიმით.

მძიმე და დაღლილ ფეხის ხმას გრძნობდა
ნელი-ნელ მსვლელი ღრუბელი ჩუმი
და მოძრაობდა ღამის მნათობთა
აღელვებული ელიზიუმი.

გრძნობოდა თანაბარ მოახლოებას
განცვიფრებული და დიდი მთები,
შეუცნობ-ხშირი შრიალით შეკრთა
მშობლიური ტყის მწვანე ზვირთები

მაშინ ბავშვივით მიჩუმდა შქერი,
შეწყდა მდინარეთ ზვირთების მღერა, -
მხოლოდ გრიალმა გზა მრავალფერი
ნაპერწკლის დროშით ააელფერა,

და საიდუმლო შუქით შემოსა
მიწყნარებული გზა იშვიათი: -
ჩუმად... დაღლილი სანთლებით მოდის
მწუხარე ლანდი...მაღალი ლანდი.

ოჰ! ასეთია დღეს განსაცდელი
და არ დაგვტოვებს პოეტი ობლად,
რომ არ აანთოს ისევ სანთელი,
დავიწყებული ხატის მახლობლად.
 
იქნება ჩვენთვის, იქნება ჩვენში,
იქნება ჩვენთან მარად და მარად!
ჩვენი სიზმრების სიდიადეში
ჩვენი ფიქრების ლურჯ ნიავქარად.

მადლს არ მოგვაკლებს და შუქს უსიტყვოს
მისი, პოეტის, მადლით ანთება.
კურთხეულ იყოს, კურთხეულ იყოს,
კურთხეულ იყოს ეს მოლანდება!


Info icon 001.svg#licence info


Flag of the United States.svg Public domain
This work is in the public domain in the United States because it was first published outside the United States prior to January 1, 1924. Other jurisdictions have other rules. Also note that this work may not be in the public domain in the 9th Circuit if it was published after July 1, 1909, unless the author is known to have died in 1948 or earlier (more than 70 years ago).[1]
This work might not be in the public domain outside the United States and should not be transferred to a Wikisource language subdomain that excludes pre-1924 works copyrighted at home.
According to the copyright law of Georgia this text will be in the public domain by January 1st 1930.

მოცემული ნამუშევარი საზოგადოებრივ საკუთრებაშია ამერიკის შეერთებული შტატების საავტორო უფლებების შესახებ კანონის თანახმად, რადგანაც თავდაპირველად იგი დაიბეჭდა 1924 წლის 1 იანვრამდე. სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით საქართველოს კანონმდებლობების თანახმად შესაძოლა ეს ნამუშევრები დღემდე დაცულნი იყვნენ საავტორო უფლებებით.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ეს ნამუშევარი გადავა საზოგადოებრივ საკუთრებაში 1930 წლის 1 იანვარს.