ათასჯერ მოხვედ, იავო

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ათასჯერ მოხვედ, იავო
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1894 წელი


(სიმღერა)

ათასჯერ მოხვედ, იავო,
მგოსანო გაზაფხულისა,
მეგონე წინამორბედი
მომავლის სიხარულისა,
მთესველი კაცთა შორისა
ძმობის და სიყვარულისა…
თვალ-დამშეული ვუცქერდი
შენს ნაზს და ტურფა ფერასა,
ვფიქრობდი, ამიყვავებდი
მინგრევ-მონგრეულ კერასა,
მაგრამ ჩემს დიდის ხნის წყლულსა
შენც ვეღარ ჰშველი ვერასა.
დღესაცა გნახე მოსული
უღრანს, უდაბურს ტყეშია;
ლამაზი, ტურფად მოსილი,
მადლით შემკული ფერშია.
აღარ მოგეცი სალამი,
არც აგიყვანე ხელშია:
დამღალა შავმა ფიქრებმა,
გრკალად მომხარა წელშია,
გაუღონოვდა გულიცა,
ვეღარც გაკოცე ყელშია…
ვეღარც მიძგერებთ წინანდლებრ
გულს ვერც შენ, ვეღარც ხევია,
რომ მოაგორებს ლოდებსა,
მოგრგვინავს, როგორც დევია;
კაცს ეგონება, ხმელეთი
დაუპყრავ, დაუძლევია
და, ფიქრით გატაცებულსა,
უკან არ დაუხევია,
კლდეებ-ლოდებთან ბრძოლაში
წარბიც არ შაურხევია…
გულს მითაც თქვენის ნახვითა
მაღლა ვერ აუწევია,
ვარამს უქენჯნავ, გლახ, გული,
კალთები ჩაუხევია…