Jump to content

ათასნაირი ნაღველი

From Wikisource
ათასნაირი ნაღველი
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1912 წელი


(სიმღერა)

ათასნაირი ნაღველი
გულს მიდგა ტუტასავითა,
გული კი ისევ გულია,
გამსჭვირი შუშასავითა.
ვისთვისა ვსტირი და ვშრომობ,
შავად ვათენებ ღამეთა?
რისთვის დავლიე სიცოცხლე
ასე ტანჯვით და მწარედა?
ჩემ შინ პურს აღარ მაჭმევენ,
ლანძღვით გამაგდეს გარეთა;
მისაგძლეს შხამი, ნაღველი
გამცემელთ, კაცის მჭამელთა.
ამ ვერაგობის მიზეზსა
დავალ და ვკითხავ მთა-ველთა.
უმადურობის ისრებით
გამსჭვალული მაქვს სხეული.
საშინელია, ვინც იცის,
უმადურობით სნეული:
თვალით არა სჩანს, რომ გული
ცრემლის ტბად არის ქცეული,
არ შაიძლება კაცისთვის
ჭირი იმაზე წყეული!
უმადლო კაცმა რა იცის,
ჰკითხეთ, ვინც არი წვნეული,
ვისიცა მოყვარისათვის
შრომა არ დაფასებულა,
ღვაწლისთვის ვისიც სიცოცხლე
ძმათ მიერ გათარსებულა;
სხვაც იქნებ ჩემებრ დამწვარა,
რაც ხალხი დაარსებულა.
სხვისაც ბევრისა ქვეყნისგან
ღვაწლი არ დაფასებულა.
დავაშტერდები მთებს მაღლებს,
არწივს, ცად გადმომავალსა,
უკან ვაბრუნებ ფიქრებსა,
საჩხუბრად ამომავალსა.
აღარ ვაკვეხებ არავის
თავის თავგადასავალსა.
ტანჯვა ვერ გამტეხს, ავიტან
უმადურობას მრავალსა.
არ ვუღალატებ სიცოცხლით
გზას ჩემს ეკლიანს სავალსა.
დაე იცინოს ეშმაკმა,
თავზე მაყაროს ქოქოლა!
ჩემს რწმენას ვერ დაიმონებს
ბილწების გამგე ბობოლა!