ავრორა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ავრორა
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


გაფერმკრთალდა სავსე მთვარე და გაყვითლდა შუქთა ცხრილი,
ცის გუმბათი მოვერცხლილი მე ზღვის სიღრმეს შევადარე.
ვარსკვლავთ გუნდი მოელვარე თრთის, ნელდება ვით ღიმილი,
ფერ-მიხდილი, მოწყენილი, ნაზი, ფრთხილი, მგლოვიარე...
ნისლში მყოფი არე-მარე ნანგრევების არის ჩრდილი,
არის სივრცე და დუმილი, მარტოობა არის მწარე,
ყოველი ხე და სამარე. ხევ-ხუვებში მოფენილი,
არის უღვთოდ მოწყენილი.
ამოვდივარ! ღამის ნაკვთებს მალე გაჰკვეთს ჩემი ფრთები.
ბუნებაო, შენ ნუ კრთები, კაეშანი ნუ აგანთებს,
მთის მწვერვალო, მაგ შენს კალთებს ნუ ელტვიან იმედები,
მთავ, დაბლა ნუ იხედები, ნისლი უღელს ნუ დაგადებს.
ამოვდივარ! გულის ნადებს ნუ წაგართმევს ღამის ხმები,
როს მომავლის მზის სხივები კანდელივით დაგქათქათებს...
მალე, მალე, ველებს და მთებს ტიტანივით მოვევლები,
ვნების რკალად მოვედები მუდმივ თოვლით შემოსილ მთებს...