ადამიანი (მე სილამაზე ისეთიც მიყვარს)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ადამიანი (მე სილამაზე ისეთიც მიყვარს)
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1912 წელი


მე სილამაზე ისეთიც მიყვარს,
სამავნეოა, არვის არგია.
მაგრამ მე მიყვარს… როცა ვუცქერი,
საამურია, ფრიად კარგია.
იცნობთ ხომ იმათ! ვეფხვსა და ლომსა,
შეუპოვარი ორივეს ჰქვიან,
დანავარდობენ ლერწმოვანებში,
რამდენს ცხოველს ჰკვლენ,
რამდენს სისხლს ჰღვრიან!
იმათ ხმაზედა, იმათ კვალზედა
შიშით დნებიან ცხოველნი, თრთიან.

მიყვარს არწივი, ცას მონავარდე.
არც იმასა სწამს ძმობისა მცნება;
არც კარგი სული არწივს უდგია,
ბევრი ფრინველი იმისგან სწყდება.

რა მემართება?! ბილწი ფიქრები
შენ გამიწმინდე, გონების ჭრაქო!
რასა ჰგავ ესა? მტარვალთა მტერმა
ვეფხვ-ლომის კბილი და კლანჭი ვაქო?
მელამაზება და მიტომ ვაქებ
ვეფხვსა და ლომსა, მათთან არწივსა,
თუმც-კი ტყვიასაც არ დავარიდებ
და არ დავაცლი სროლას არვისა.
სილამაზისა კვლას, მითვისებას
მე როდი მიშლის ბილწი ბუნება,
შაერთებული სიყვარულთანა
სისხლის მოყვარე გრძნობის ცდუნება.
ირემიც მიყვარს, ყელ-ყურ-ლამაზი,
ხარი ირემი, რქაბუდიანი.
თუ შემხვდა ტყეში, მყისვე თოფს დავკრავ,
არ მეკრძალება მივცე ზიანი
ყოვლად უმანკოს და უვნებელსა.
ასეთი არის ადამიანი!