1635 წ. 11.14. - განჩინება თბილელისა და ყორღანაშვილების მამულის საქმეზე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

ცსსა. ფონდი № 1449. საბუთი № 2449. პირი. ქაღალდი. მხედრული.

საბუთის შინაარსი[edit]

როსტომ მეფის ბრძანებით დასხდნენ მოსამართლენი დივანბეგი ბარათაშვილი ყაფლან, ქალაქის მამასახლისი ამირა, მკერვალთ-უფროსი აბულა და განიხილეს საგინაშვილი თბილელისა და მერაბ ყორღანაშვილისა და მისი ძმების დავა მამულზე.

თბილელის მტკიცებით ფიცხისის ნასოფლარი სათბილელო იყო და ამის დასამტკიცებლად დიდის ლუარსაბის ძმის რამაზის და მისი მეუღლის შეწირულობის წიგნი ჰქონდათ.

მერაბისა და მისი ძმების თქმით დიდი ლალა ფაშას დროს არდაზიანდისშვილები გიორგი და პაპუნა ლისიდან აყრილან და შავთ ხიზნად მოსულან. შემდეგ სუიმონ მეფისაგან შავნი, მოქრისი და ფიცხისი უშოვნიათ. შავთაზე გოშტაშაბისშვილნი იოვანე და ამილღამბარ შესცილებიან და იმათგან საფასურით უყიდიათ. იმ დროს ბატონი რამაზის შვილი ბაგრატი საბარათიანოს სარდალი ყოფილა. მას შემდეგ მრავალი თბილელი გამოცვლილა, მაგრამ არდაზიანიშვილებს არავინ შემოცილებიაო. იმათი შვილი შიოში მეფე ლუარსაბს გაჰყოლია და იმისი სახლის კაცი აღარავინ დარჩენილა და უპატრონო მამულს დაეპატრონეთო. ახლა ხელმწიფემ იმათი მამული ჩვენ გვიბოძა და თქვენ ფიცხისთან ხელი არა გაქვთო.

თბილელმა და ღოლოვნელებმა განაცხადეს, რომ ფიცხისი არასდროს არდაზიანდიშვილების ხელში არ ყოფილა, არც გიორგის, არც პაპუნას და არც მისი შვილის შიოშისო.

მოსამართლეთა გადაწყვეტილებით თბილელს უნდა წამოეყენებინა მოფიცრები: ღოლოვნელი ბატკოაშვილი მახარობელი, წინარეხელი უკუწირიძე თევდორე და ქალაქს ტოტოაშვილი დეკანოზი ბასილი აგრეთვე სთონელი გოგნელასშვილი იოვანე, ხიზანაშვილი ჯიმშერა და წუვერელი ახუსიაშვილი ხატისას შვილები, რომლებსაც უნდა დაეფიცათ, რომ არდაზიანიშვილებს ფიცხისი არ კუთვნებიათ და ფიცხისი დარჩებოდა თბილელს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მერაბს და მის ძმებს.

დაიწერა ქორონიკონს 323, გიორგობისთვის 14, მოქალაქე ანეშელა დანიელაშვილის ხელით.

პუბლიკაცია[edit]

"ქართული სამართლის ძეგლები" - ტომი IV - სასამართლო განჩინებანი (XVI-XVIII სს.) - ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ - თბილისი 1972 – № 20