ხოლერამ მიშველა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ხოლერამ მიშველა
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1892 წელი


I

ხოლერა მოდისო, ხმა ისმოდა. სოფელ საბრალოში დღეში ათი კვდებოდა. ეს სოფელი კი სულ ვერს-ნახევარზეა ჩვენს სოფელზე დაშორებული. ჩვენი სოფლელებიც შათოთქორდენ; ძილი აღარავისა ჰქონდა მოსვენებული და სმა-ჭამა.


წინადღითვე საფლავებს ითხრიდენ, ცოლი ქმარს შესტიროდა სიკვდილის მოახლოვებას და ქმარი – ცოლს. ნინიკას წვეთი დასცემოდა და სოფლის განაპირად, ღობის გვერდზედ ეგდო გულაღმა. ეგ არის, ხოლერა მოსულაო, გაისმა ხმა და დაიწყო ხალხმა ტყეში გახიზვნა. დიდი და პატარა თავგადაგლეჯილები გარბოდენ; ზოგმა მოასწრო ქოხის კარების დარაზვა, სხვას კარღია ქოხი დაეტოვებინა. ყველაზედ უკან მე დავრჩი. ან კი რა გამაქცევდა ტყეში: ერთი მარტოხელა ბიჭი ვარ, ძმა მე არა მყავს და დედა. ცოლიც ეხლა ხოლერის წყალობით ვიშოვე… გვარად ტყიკაციშვილი გახლავართ…
საწყალ მამაჩემს ტყისკაცს ეძახოდენ. იმაზედ ამბობდენ, ვითომ ბატონი შემოჰკდომოდეს და ტყეში ეცხოვრნოს ოცი წელიწადი. მამიჩემისაგანაც მახსოვს ეს ამბავი სიზმარივით; გულამოკვნესით გვიამბობდა ხოლმე მე და დედაჩემს თავისს თავგადასავალს. კაცსავით ბოროტი, შეუბრალებელი არც ერთი სულიერი არ იქნებაო; კაცს დიდი მადლიც შეუძლიან და ძალიან დიდი ცოდვაცაო, – იტყოდა ხოლმე მამაჩემი, როცა ბატონის ამბავს მოიგონებდა. – აბა რაზე ან ჩემი სული დატანჯა და ან თავისიო, რად გამრია ქრისტიანის სისხლშიო.
მამაჩემი დაღვრემილის სახის კაცი იყო, რაღაც გამოუთქმელი, გამოურკვეველი ნაღველი ეფარა პირზედ; ვერც გამრჯელი იყო: გული აღარ არისო, გული მოკვდაო, იტყოდა ხოლმე, – იმდენს ძლივს მოვხნავდით, ისიც სამადლოდ, რომ წლითი წლამდე, როგორც იყო, გავღონღიალებულიყავით. მამაჩემს, ადამას უფრო ბადე და ჩანგალი უყვარდა. ჩვენი ქოხი, სოფლის განაპირას, ზედ დაჰყურებდა მტკვარს, მეთევზის სადგურს ჰგავს ჯერაც; ახალ თევზს არ გვაკლებდა. იმდენს შოულობდა, რომ კიდეცა ვყიდდით.
მამაჩემი არ იყო მოხუცებაში, როცა გადაიცვალა. დედაჩემსაც აღარ უცოცხლია იმის შემდეგ დიდხანს. იქნება, მამიჩემის სიკვდილმა მოუღო იმასაც ბოლო. მეუღლის დაკარგვამ ძალიან დაანაღვლიანა. კარგად მახსოვს დედაჩემის სიტყვები, როცა ის დასტიროდა მდუღარე ცრემლით თავის ქმრის კუბოს: „საწყალო, საბრალო, ტყისკაცო, ტანჯვა-წვალებისათვის გაჩენილო, ტანჯვა-წვალებაში დაჰლიე სულიო“, – და იცემდა ორივე ხელებს თავში და პირში. არ მეგულება სადმე გამოჩნდეს მდიდრებში ისე ერთმანერთის მოყვარული ცოლ-ქმარი, როგორც ჩემი ღარიბ-ღატაკი დედ-მამა იყო… ბევრჯელ მამაჩემი მთელს ღამეს ატარებდა წყალზედ, დედაჩემს ძილი არ მოუვიდოდა, უცდიდა კერი პირას გარინდებული და წაიტყოდა მალ-მალე: „ნეტა, რად დაიგვიანა, წყალში კი არ დაირჩოს საცოდავი კაცი?!“
დამეხოცა დედ-მამა და დავრჩი ათის წლის ობოლი, უმწეო, უპატრონო. ერთი კუდა ხარი, ცხრა-ათი ქათამი, ხუთი-ექვსი ჯამ-კოვზი და სხვა უბრალო რაღაც მიანდერძა ჩემმა დედ-მამამ. მაგრამ, დაილოცოს ღმერთი! დღეს ათჯერ მდიდარი ვარ ჩემს მშობლებზე. ღმერთმა უშველოს სოფელში მადლიანს კაცს, ზოგი მუშაობით, ზოგი მოჯამაგირობით ფულიც ვიშოვე და საქონელიც. ეს ამბავი შორს წაგვიყვანს; სჯობს, ისევ ახალ ამბავს დავუბრუნდეთ…
დიაღ, სხვები რო გარბოდენ ტყეში დასამალად, მეც ავსდექ და იმათ კვალს გავყევი: ავიკიდე ზურგზე ერთი ფქვილიანი გუდა, გამოვიკარი კალთაში ხუთი-ექვსი პური და გავსწიე: „რაც ქვეყნის ნახირს, ის ბებრის ხბოსაო“. გავედი ბოგირს და შევუდექი ტყის აღმართს. უცებ ხმა მომესმა:
– ბერუავ, ბერუავ, მოიცა, ერთად წავიდეთ! – მომძახოდა უცნობი.
მოვიხედე და ვიცანი ჩვენი მედუქნე გასპარა. იმასაც მოედო ზურგზე ერთი კაი ღვინით სავსე ტიკი და გაოფლიანებული მობაჯბაჯებდა: უკან მოსდევდა თავის დახლიდარი, იმასაც ერთი ცხვრის ნასხეპი ეკიდა და სავსე ხურჯინი.
– გასპარ, შენ? განა მედუქნესაც ემტერება ხორველა? შენ რაღა მოგარბენინებს? – ვუთხარი გასპარას.
– ახ, მაგის სარჯულავი დაიქცა, – ამბობდა გასპარა ქშენით, – მაშ რა ვაკეთო მარტოკამ დუქანში, ხალხი სულ ტყეში გაიქცა, ეშმაკებს ვუყარაულო? ეგ, ძმავ, იმისთანა სარჯულავ-ძაღლი ჭირია, რომ მაგას ფეხებზედ ჰკიდია მედუქნე, კეთილშობილი კაცი, ერთი უნამუსოდ შეგიძვრება კუჭში და ეხვეწე მერე, გამოდიო.
– ეგ კიდევ კარგი მოგიხერხებია, ღვინო წამოგიღია, ვითომ დღეობაში წამოსულხარ, მუშტარი ღვინისა ტყეშიც ბევრი გამოჩნდება.
– ვა, გიჟი ხომ არა ხარ? მე ჭკვიანი ბიჭი მეგონე, ეგ რაებს ამბობ? პირი დაუღია აგერ და საცაა ჩაგვყლაპავს ის ვირისთავი ხორველა. მოგება საიქიოს ეშმაკების უსტაბაშს გავუყო?! ვაჰმე, ვაჰმე! შენ თავში ჭკუა არა გქონია… ეჰ, ღმერთო, სუფ-სარქისის მადლო, შენ უშველე ჰალალ კაცს! – სთქვა გასპარამ და თან ქშენით მოიხადა ღვინიანი ტიკი და დასდო პანტის ჩრდილოში; თითონაც ქშენით ჩამოჯდა, ამოიღო ჯიბიდამ ხელსახოცი და დაიწყო შუბლიდამ ოფლის წმენდა.
– მოდი, ბიჭო, მოდი, დაჯექი, დაისვენე, – მითხრა გასპარამ და თანაც აზარფეშა მოსთხოვა თავის დახლიდარს. მედუქნემ აზარფეშა კოხტად დაატრიალა ხელში, ჩასუნა და გამეორებით მთხოვა, – მოდი, ბერუავ, მოდი, ძმავ, დაისვენე, ცოტა ღვინო დავლიოთ, ღმერთი ვახსენოთ, უფრო კარგად წავალთ. – მე, რასაკვირველია, მიამა ეს სიტყვა, თუმცა კი გამიკვირდა გასპარას გაპურადება. სარქისამ, გასპარას დახლიდარმა, ტიკს პირი მოხსნა და პირველი თასი თავის ხაზეინს მიართვა.
– დიდება ღმერთსა, – დაიწყო გასპარამ, – ღმერთო დალოცვილო, შენ უშველე ყველა გაჭირვებულ კაცს, დაიხსენი ყველა ჭირიდამ, ბოროტებიდამ, ღმერთო, გადმოგვხედე ერთი მაღლიდამ, შენი სახელის ჭირიმე, ერთი შენებურად უბძანე ამ ოხერ ხორველას, მოგვწყდეს თავიდამ! რა უნდა ჩვენგან? რა გვმართებს? იმისი? ვირი ხომ არ მოუყიდნია, ნალები აჰყაროს?! ეჰ, ღმერთოჯან, შენ იცი!
სამ-სამი აზარფეშა ყველამ გადავკარით, მე კი, სწორე მოგახსენოთ, ამომშხამდა ნასვამი ღვინო: ღვინის ტიკის ზიდვა მე მომინდა. გასპარამ მთხოვა და მაშ რა მეტი ჩარა იყო, არ ამესრულებინა იმისი თხოვნა?!. ღვთის წინაშე, გასპარას არც შაეძლო ტიკის ზიდვა, თავსაც ძლივს ერეოდა; აღმართზედ ქშიტინი ამოუშვა, გეგონებოდათ „მაშინა“ მოდისო, ისეთს ორთქლს ისვრიდა პირიდამ, თანაც მე მეძრახებოდა, მამხნევებდა.
– აბა, ბერუა-ჯან! – მეუბნებოდა გასპარა, – ე მაგრე ყოჩაღად იყავი; ერთი ალაგას მივიდეთ და მერე ნახე, რა შნოება გაგიწიო, დავიდარაბის თავი არა მაქვს, რაღა!..
ამ ერთ საათში ძალიან დავმეგობრდით მე და ჩვენი მედუქნე; წინათაც ეს ბერუა ვიყავი, რომ გასპარას ნახევარ შაურიანი არაყი არ დაულეინებია ჩემთვის და მიკვირდა, დღეს რა მოელანდა ამ დამწვარ კაცსა-მეთქი. სწორედ ხოლერამ, სიკვდილის მოახლოვებამ დაგვამეგობრა.
– შენ მომყე, გასპარ, მე ყოჩაღადა ვარ-მეთქი, – ვეუბნებოდი, – ღვინო იყოს, თუნდ ერთ რუმბს ავიტან მთის წვეროზედ; ერთი ტიკი რას გამიჭირდება!
– ოჰ, შენი სულის ჭირიმე, ბერუა-ჯან, რომ ყოჩაღი ვინმე ხარ! – ამბობდა კვლავ გასპარა და თანაც მუხლებზე ორივე ხელების ბღარტუნით მოგორავდა პირაღმე.

II

ტყეში რომ შევედით, საკვირველი სანახავი დაგვხვდა. მთელს სოფელს იქ მოეყარა თავი, ბებერი, ბალღი, კაცი და დედაკაცი იქ მოგროვილიყო; ეს ამოდენა ბრბო რომ გენახათ და ჟრიამული ხალხისა გაგეგონათ, იმას როდი იტყოდით, ხოლერას დაუფრთხია ეს ხალხი, – დღეობაში წამოსულანო, გეგონებოდათ. ზოგს სად დაენთო ცეცხლი, ზოგს სად: ვინ დიდი წიფლის ქვეშ მობუნაგებულიყო თავის ცოლ-შვილით; ვინ მუხის ქვეშ, ვინ კორჩხლიანს რცხილას აჰფარებოდა, იქვე გვერდით, ველზე ყელგადაგდებული ურმები იდგა, ყველას ცეცხლები დაენთოთ და ზედ ქვაბები ეკიდა, სადილს იმზადებდენ. პატარძლებს აკვნები გვერდით ედგათ, არწევდენ, შვილებს ნანას ეუბნებოდენ. ვინ იცის, ფიქრობდენ: მაინც ხომ ხოლერა მოგვტაცებს და მძინარენი მაინც წაიყვანოსო…
უმრევლოდ გულშეწუხებულნი, დაღონებულნი ჩვენი მღვდელ-დიაკვანიც თავის ცოლ-შვილით, თავიანთ ტარასტით გამოხიზნულიყვნენ და თამარ მეფის დროინდელ, დანგრეულის ეკლესიის გვერდზე ისხდნენ. იმათ მუხა სჩრდილავდა; ეს მუხა ზედ საყდრის გუმბათზეა ამოსული. მე, გასპარამ და იმის დახლიდარმა ალაჩოღი გავიმართეთ საყდრის გვერდზე, დიდის იფნის ძირში; დავანთეთ ცეცხლი და შევუდექით ვახშმის მზადებას. გასპარამ დოში დაალბო, მე ცხვრის ხორცი ჩავსჭერ ქვაბში, გასპარას დახლიდარი შეშას გვიზიდავდა.
ის იყო, მზე ჩადიოდა. ჩვენი სოფელი პირდაპირ მოჩანდა; ჩემს ქოხს, როგორც სხვებისას, როგორც ხელისგულზე ნადებს კვერცხს, ისე დაინახავდით. მე გულმა ვეღარ მომითმინა და გადავხედე ჩვენს სოფელს მაღლიდამ. საბრალო სანახავი იყო მაშინ ჩვენი სოფელი, სასაფლაოსა ჰგავდა; დამავალს მზეს მაღლის მთის ჩრდილი შავს ნაბადივით ზედ მიეფინა; ხმაურობა მიმწყდარიყო, მხოლოდ შორიდამ ისმოდა მამლის ყივილი, სახლის ბანებზე ძაღლები დარბოდენ. კამეჩები ბოსტნებს იკლებდენ, ვინ იყო კაცი და პატრონი?! მე თვალი უფრო ჩემის ქოხისკენ მეჭირა. მის მნახავს შამეცოდა ჩემი თავი, გული ამომიჯდა; თვალზე ცრემლები მომადგა: ეს რა უბედურება უნდა იყოს მეთქი, რომ თავის ნებით თავის სახლ-კარს კაცი ღვთის ანაბრობაზე თავს ანებებდესო, ვსთქვი. ვუცქეროდი ჩემს ქოხს, ეხლა უფრო მელამაზა, – გვერდზედ ჩამომდინარე ხევი ალამაზებდა მის სისაწყლეს. ჩემი ქოხი თითქოს შორიდამ შემომტიროდა, მეძახოდა: ჩემო პატრონო, თავს რად მანებებ, სად მიმირბიხარ, ჩემს თავს ვის აბარებო?!. სოფლის დანახვამ ამ დროს სასაფლაო მომაგონა. ჩემის ქოხის კარებზედ დახეტიალობდა ჩემი ბონთვერა; საბძლის საყუეზედ ჩემს კატას ეძინა; თანდათან გულზედ ბოღმა შემომაწვა, გული ამომიჯდა, მეუბნებოდა: წადი, შენს ბეჩავს ოჯახში მოკვდი, ტურასავით ტყეში რად იმალები, ტყის ნადირივით ტყეში რადა ჰკვდებიო! ის-ის იყო, მოვბრუნდი, უნდა გასპარასათვის მეთქვა, შინ დავბრუნდებიო, რომ თვალი გვერდზედ დამრჩა და დავინახე ჩემის გულის მომკვლელი სოფო, ზაქარა ქევხიაშვილის ქალი. სოფოც მოცრემლიანებულის თვალით ისე მიცქეროდა, თითქოს ჩემი შეჭმა უნდოდა; მეც რომ დავაცქერდი, იმან თავი ჩაღუნა.
ზაქარა ქევხიაშვილი იქვე, ცოტა ჩვენს მოშორებით, დაბინავებულიყო. სოფოც, რასაკვირველია, იქ იყო. რა კი სოფო დავინახე, წასვლა აღარ მეწადა, თუნდა ორი თვე ერთმანეთზედ გადაბმულიყო… ახ, კაცის გულო, რა ხარ?!. რამდენი ვეხვეწე ზაქარას, რამდენი მაჭანკალი გავუგზავნე, რომ ქალი ჩემთვის მოეცა, მაგრამ არ იქნა, მისი გული ვერ მოვდრიკე. ქალს უნდიხარო, – მოჰქონდათ მაჭანკლებს ამბავი, – ქალის მამას – არაო. ზაქარია თურმე სულ იმას იძახდა: „ვიღაც გადმოკარგულის, ტყიკაციშვილს ქალს როგორ მივსცემ, რაც უნდა კაი ბიჭი იყოს, თუნდა სულ ოქრო-ვერცხლით სავსე ქვევრები ედგესო“. ამის გამო გაბანდებული იყო ჩემი საქმე და ჩემი გული კიდე დაბნელებული შემოდგომის ბურუსიან ღამესავით. არსად ჩნდებოდა ჩემის წყლულის წამალი, ჩემი ნუგეში ამ წუთისოფელში მარტო ღმერთი იყო და იმას ვეხვეწებოდი, ვევედრებოდი, გულმოკლული არ ვემყოფე ქვეყანაში. როცა დავწვებოდი, ღამე არ მეძინა სრულიად, ბალღივით, როცა დედას მოიგონებს, ვსტიროდი; ურიასავით პირქვე დავეგდებოდი და ვღვრიდი ცრემლსა; ლეიბი რომ გენახათ მეორე დილას, გეგონებოდათ, ეს-ეს არის, წყლიდამ ამოუღიათო. საქმეზედაც გული ამიცრუვდა, აღარ მიმდიოდა გული, სულ ის იყო ჩემი თვალით და გულით საძებარი, ჩემი საფიქრებელი, ვინც წეღან თვალებით შეჭმას მიპირობდა. ხოლერა მოდიოდა და ღმერთს იმას ვეხვეწებოდი – მე მომკალი, სოფო კი დაარჩინე, მაგის სიკვდილს ნუ გამაგონებ, ნუ მაჩვენებ-მეთქი. ოჰ, ღმერთს გეფიცებით, კაცებო, სიყვარულზე მეტი ჭირი და ლხინი ღმერთს არ გაუჩენია. რა ცეცხლი იყო მაშინ ყემს გულში, ვინ გამოიცნობდა, ვინ გაიგებდა? მე თითონაც ვერ გამეგო, ვცდილობდი, როგორმე გამენელებინა ეს ცეცხლი, მაგრამ, არ მოგიკვდეთ ბერუა, მე ის ვერ გავანელე. რამდენიცა ვცდილობდი, არა მყვარებიყო სოფო, იმდენად უფრო მიყვარდებოდა, იმდენად უფრო ვიტანჯებოდი.

III

თანდათან დაბნელდა. ჩვენი სოფელი დაუჩინარდა, სიცოცხლისა იმას აღარაფერი ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ჩვენის მდინარის ხმაურობა კი მკაფიოდ ისმოდა. ცოტახანს შემდეგ სოფლიდამ ძაღლის ყმუილიც მოგვესმა. ან კი რა ექნა საცოდავს, – პატრონს დაეძებდა, თუმცა პატრონს აღარც კი ახსოვდა, ჰყავდა ძაღლი თუ არა, – არ ახსოვდა, როგორც სხვა თავის გარემოება: თავისი ბატები, ქათმები, ინდოურები, კამეჩები, კატები, სიმინდები, ბოსტნები და ღორები; იმას ახსოვდა მარტო თავი თვისი და ცოლ-შვილი; სიკვდილი მოდიოდა, და!
– უი, დედავ და თვალო! – დაიძახა ხმამაღლა ზაქარას დედამ, – ვერ უყურებთ, ადამიანებო, ი ძაღლ-ტიალა როგორა ღმუის? ცუდი ნიშანია, დედაშვილობამ, უთუოდ მოკვდება ვინმე; ღმერთო, შენ დაიხსენი ყველა ქრისტიანი ადამიანი! უთუოდ ჩვენს სოფელში მოკვდება ვინმე!..
როგორც სხვა ბინებზე, ისე ზაქარას ბინაზე გახშირდა სმეულობა და ჭმეულობა. ჩვენი გზირიც იქ მიჩერჩეტებულიყო, ცოტა გადაკრულშიაცა ბრძანდებოდა და მოედებოდა მთა-ბარს, ხოლერას ხანჯლით ემუქრებოდა; მაგრამ მე კი გული მიკვდებოდა, რომ ის მაჯლაჯუნა სოფოს ეჯდა პირდაპირ და კატასავით სუნაგის, ჭრიანტელისფერ თვალებით შეაცქერდებოდა ხოლმე ხალხსა, ღვინით რომ მოფხიანდა, თანდათან ენა ამოიდგა: მრავალჟამიერის ძახილიც გაისმა, მაგრამ ტურები აღარ გვაგებინებდენ, ვინ რას ამბობდა, ვინ რას იმღეროდა, ოთხსავ მხრიდან აჩხავლდენ ტურები, გარს შემოგვრტყმოდენ ოსმალის ჯარივით, იმათაც ჩვენთან ერთად დაიწყეს მხიარულება.
ჩვენ შევაბით ვახშამი; მე სოფოს თვალს არ ვაშორებდი; ის პირმოკუმული იჯდა, მე თვალს არ მაშორებდა, თუმცა იმათ ბინაზედ დიდი და პატარა მხიარულობდა. შუა პურისჭამაში ვიყავით, რომ კოტორაანთ ბინაზედ დედაკაცებმა წივილ-კივილი შეჰქმნეს: „ხალხო, ვაჰმე, ხორველა მოგვწევიაო, არიქათ, მღვდელი მოიყვანეთ, კაცი კვდებაო!“ მღვდელი ფეხს არ იცვლიდა. ხორველიანს ზიარება არ ერგებაო. ყველანი ფეხზე წამოვიშალენით და მივაშურეთ კოტორაშვილისკენ; გასპარა ცოტა უკან დადგა. მე უფრო ახლოს მივედი. ვნახე, რომ ჩვენს გზირს მიხუას მხარში შესხდომოდენ ცოლი და დედა, თან მოსთქვამდენ. გზირის შვილებიც აჰყოლოდენ იმათ და ჟივილ-ხივილით ედგათ. მიხუას პირიდამ წითელი ღვინო ამოსდიოდა.
– აი, ეგ არის, შვილოსან, ხორველა, ეგ არის ნამდვილად; კიდეც რომ იკრუნჩხება, ვერა ჰხედავთ? – ჰყვიროდა ხალხი. უნდოდათ აქედამაც გაქცეულიყვნენ, მაგრამ ვერ მოეხერხებინათ, საღსარი აღარ იყო.
– რა არის, რა ამბავია, სიდონიავ-მეთქი! – შევეკითხე მიხუას დედას.
– შვილი მიკვდება, შვილო, შვილიო! – მიპასუხა იმან, – ხორველა მოჰხვდაო.
მიხუას გაზიდულობაში ვიყავით და დიდხანაც ვიქნებოდით, რომ იმ სულკურთხეულის გაზდილს ტურას არ ეშველა ჩვენთვის და სნეულისათვის. არ ვიცი, რომ დააფთხინა: პირდაპირ შიგ გაძრიელებულ ხალხში შემოვარდა, აკვნებზე ზედა ხტებოდა, ერთს-ორს პატარძალს აკვანიც გადაუქცია. „არიქათ, დათვიო!“ – დაიძახეს. ყველას ტურა დათვად მოეჩვენა და გაიფანტნენ, ცეცხლის შუქზედ დიდ მხეცად მოგვეჩვენა. ჩვენი სნეული მიხუაც წამოხტა და ისიც გამალებული კამეჩების სალაფავ ტლაპოში ჩავარდა. ტურა, გზადაფანტული, ყვირილზე და ჭყივილზე დავთრებდაკარგული ცეცხლში მოხვდა და დაიჩხავლა. მაშინ ყველანი დავრწმუნდით, რომ ჩვენი თავზარდამცემი ტურა იყო და არა დათვი. მიხუა ამოვათრიეთ ტლაპოდამ თავით ფეხამდის გათხუპნული. ამ უბედურებამ არგო მიხუას: ღვინისაგან გახურებული შუბლი გაჰგრილებოდა და თანდათან გონზე მოსულიყო, მორჩენილიყო სნეული. მიზეზი იმის ავადმყოფობისაც ყველასთვის აშკარა იყო.
დავისვენეთ სულით და გულით: ხელდახელ ორი უბედურება ავიცილეთ თავიდამ და ისევ გახშირდა დროების ტარება. ერთმანერთის კამპანიას ვადღეგრძელებდით. გასპარა კარგად გაგვიმასპინძლდა იმ ღამეს, მე შუბლგახურებული წავედი და ჩემთვის მწვანეზედ გავიშხლართე. ჩემი ფიქრები სოფოსაკენ მიჰფრინავდა. ნელ-ნელა ძილი წამომეპარა.
ამ დროს ჩვენის სოფლიდამ მამლის ყივილიც მოისმა. პირველად ეხლა იყივლა მამალმა. მისი ხმა ზარისასა ჰგავდა, გულზე სამდურავსავითა მომხვდა, თითქოს ისიც იმას იძახოდა, რასაც ჩვენის ქოხების ბანები და ბოძები: „სადა ხართ, ხალხნო, რატომ არ ჩამოხვალთ სოფელში? რატომ არ გადაავლებთ თვალს თქვენ ბეჩაობასაო?“

IV

ღრმა ძილში წავსულიყავი. შემკრთალს გამომეღვიძა: პირისახე რაღამაც დამწვა, მეგონა მდუღარე წყალი თუ ვინმე დამასხა-მეთქი. უცნობი ხმას არ იღებდა, შალწამოსხმული თავზე და ბეჭებზედ, თითქოს მკვდარს დამტიროდა და დაჩოქილი ზედ დამჩერებოდა.
– ვინა ხარ, ადამიანო, რა გინდა ჩემგანა-მეთქი? – მე ჩემს თავს არ დავუჯერე, მოჩვენება მეგონა, იქნება ალი ან ეშმაკი იყოს-მეთქი.
– მე ვარ, შენის თვალების ჭირიმე, ბერუა, მე, – მითხრა აკანკალებულის ხმით სოფომ და თან ამოიქვითინა, – გულმა ვეღარ გამიძლო, უშენოდ ვერ გავძელი.
მე გულზე მაგრა მივიხუტე სოფო, გონება დამებნა, სიხარულისაგან კინაღამ ჭკვაზედ შევცდი.
– ჯვარი დავიწეროთ, ჯვარი, მე შენს იქით ვერსად წავალ; უშენოდ, ბერუავ, არც საიქიოს მიმიღებენ და სააქაოც დაკარგული მექნება: ისე როგორ უნდა დავიხოცნეთ, რომ შენ ჩემი არ გერქვას და მე – შენი. ბევრი ვიძელ და ვეღარ გავძელ. თუნდა დედ-მამამ ჩამქოლოს, მზადა ვარ; თუ ჯვარს დაიწერ, ეხლავე წავიდეთ, – მითხრა სოფომ. თანდათან გაბედულობა მოემატა, – ყველასა სძინავს, ჩვენები ვერაფერს გაიგებენ.
მე დავყაბულდი. ან კი რას არ დავსთანხმდებოდი, თუ კი ღმერთმა იმ დღეს მომასწრო, სოფო ჩემი ცოლი გახდებოდა? სოფოს ხელი ხელზედ მოვკიდე და გავსწიეთ იქით, სადაც მღვდელი მეგულებოდა; სოფო უარის უთქმელად მომდევდა თანა.
– აბა, მამაო, მიხეილ მღვდელო, გაიღვიძეთ, მამაშვილობას, ცოტა საქმე გვაქვს თქვენთან, – ვუთხარი მე მამა მიხეილს ჩუმად.
– ვინა ხარ, ბიჭო, რა დროს საქმეა ამ ტყეში, ამ ღრეში, მერე ამ დროს? ტყიკაციშვილო შენა? – სთქვა მღვდელმა თვალების ფშვნეტით.
– მე გახლავართ, მამაო, დიაღ, ბერუა გახლავართ, – ვუპასუხე.
– რა ამბავია, შვილო?
– ჯვარისწერა გვინდა. შენი სულის ჭირიმე, მამაო! აი, ეს ქალი, – ვუჩვენე სოფოზე, – და აი ესეც მე. ამასაც გულითა სურს და მეც ხომ მოგახსენებთ ჩემს სურვილს. ოცდახუთ მანეთს ეხლავე მოგართმევთ. – მართლაც იმის მეტი არცა მქონდა უბეში ფული.
– აბა, საით და როგორ, შვილო, საყდარი აქ არ არის, მოწმეები ქალისა და ვაჟის მხრივ არავინაა. ახლა ქალის დედ-მამას სურს თუ არა, ისიც არ ვიცით.
– აი საყდარი, მამაო, – ვუჩვენე ძველს ეკლესიაზე, – განა ამ ეკლესიამ კი დაკარგა მადლი? – ვუთხარი მღვდელს.
სოფო გამტკნარებული იდგა და ყურს გვიგდებდა. ჩემმა თხოვნამ ტყუილად ჩაიარა. მღვდელი დადგა ერთს სიტყვაზედ: „არ შემიძლიან, შვილო, ჩემის მაკურთხებლის მადლმაო“. დიაკვანიც კვერს უცემდა: – „ბოლოს, მღვდელო, თქვენმა მადლმა, ხათაბალა გამოვაო“.
დავრჩით მე და სოფო ორ წყალ შუა. ამ დროს ცისკარიც ამოხდა, გულის გამნათლებელი, მადლიანის სხივით მანათობელი, თითქოს იმან დაგვიძახა მაღლიდამ: ნუ გეშინიანთ, ბოლო კარგია, ღმერთი გიშველით, თქვენ ვერავინ გაგაშორებთ ერთმანეთსო. სხვაგან თავშესაფარი აღარა გვქონდა და მივმართეთ სოფელს. რაც უნდა მოგვსლოდა, ჩემს ქოხში უნდა შეგვეფარებინა თავი. ნახევარი ის დაღმართი სოფო ზურგით ჩამოვიტანე და გარიჟრაჟზედ შევაჭრიალე ჩემი ქოხის კარები.
– ღმერთო, კარგად მოახდინე სოფოს ფეხი ჩემს ოჯახში-მეთქი.
– ამინო! – სოფომაც კვერი დამიკრა.
რომ დაგენახეთ, საწყლებიც ვიყავით ამ დროს და საყვარლებიც.
– ვიცი, სოფო, მდევარი გამოგვიდგება და როგორ მოვიქცეთ? – ვკითხე სოფოს.
– მდევარს მე მოგაშორებო, – მითხრა იმან, – თუნდა ლუკმა-ლუკმა ამკუწონ, შენს იქით არავინ მინდაო. ხომ არ მომიტაცე, ჩემის სურვილით გამოგყევიო.
სოფომ რაკი მტკიცე პირობა მომცა, მეც გული გავიმაგრე, უნდა ჩემი გამეყვანა.
მართლაც, ჯერ შუადღე არ იქნებოდა, რომ ზაქარას გაეგო ჩემი და სოფოს ამბავი. ხოლერის შიში დავიწყებოდა და თავის სახლიკაცებით, თავის ოჯახობით დამეცა თავსა. იმას წინ მოუძღვა ჩვენი კოტრი აზნაური ზურაბი; ზაქარა ხანჯლით იზიდებოდა ჩემზედ, მაგრამ იჭერდენ.
– აი, შე დაკარგულო, შენაო! – მლანძღავდა ზაქარა, – შენ ჩემი ქალი უნდა გყვანდეს ცოლადაო? მაჩვენე ჩქარა, სად არის ჩემი ქალიო.
სოფო კარებზედ გამოდგა.
– რადა სჯავრობ, მამაო, გენაცვალე, მე ეს ტყიკაციშვილი მინდა ქმრად, სხვა არავინ, თუნდა ხემწიფიშვილი იყოს, ამომავალი მზეო, – უთხრა სოფომ.
ზაქარამ ცოტად ყურები ჩამოყარა და გული დაიმჯიღა. მე ზაქარას რას ვეტყოდი, მაგრამ ზურაბზე კი ბრაზი მომივიდა, ღვთის წინაშე. რა აწუხებდა, იმას რა სჯიდა? უნდოდა ღორმუცელას, ეგები ბერუა საწეწად გახდეს და მეც რამ წილი მხვდესო. ბოღმა ყელში მოვიდა, ვითმინე, მაგრამ ვეღარ მოვითმინე და დავეტაკე ზურაბს. ძირს ის, ზევით – მე, ჩავარტყი და ჩავარტყი. – რა გინდა, შვილოსან-მეთქი, – ვეუბნებოდი, – შენ რა დაგიკარგავს, რას ეძებ? – კარგებისა რომ ვაკადრე, გაგვაშველეს, როგორც იყო.
ახლა ჩემი სიდედრი მარინე მომდგა და ჩემი უთქმელი აღარაფერი გაუშო: ღორი, ძაღლი, კატა, ხვლიკი, ხე, ქვა, ყველაფერი მე გამხადა და სიტყვის თავზე კი „ტყიკაციშვილის“ მაყრიდა ჩეჩქივით. მარინე ახლა თავის ქალს მიუხდა და დაუშინა თავ-და-პირში მუშტები.
– შე კაპასო, შე უნამუსოვ, მომხადე ლეჩაქი? დამილივე კარში გამოსავალი? – ამბობდა მარინე გაცხარებული.
საქმე მაინც კარგად გათავდა, ვმადლობ ღმერთსა. რაკი სოფომ ქმრად მინდომა, მისი დედ-მამა ფხაკა-ფხუკით ვეღარას გახდენ. ჩვენ რომ გვნახეს, სოფლად დავბრუნდით, ხალხმაც ნელ-ნელა მოიწყო მოდენა. ჩვენს გამო იმათაც მადლი დაემართათ. ჩემს კატასა და ძაღლსაც უხარიანთ. იმათ ეგონათ, გადავიკარგე სადმე, ის კი არა თუ, ერთიც სხვა მოვიყოლე ჩემს საცოდავს ოჯახში; კატა გამივლის გვერდზე, კუდს მახვედრებს ფეხებზე, რა არი, ვაჭამო რამე; ძაღლი შემომჩერებია თვალებში, თან კუდს იქნევს აქეთ-იქით შოლტივით. რა ქნან, მოჰშივნიათ, იმათი იმედი მე ვარ, ბერუა ტყიკაციშვილი.
მე და სოფო დავსხდებით კერის პირას გვერდის-გვერდ და ვიცინით, როცა ჩვენს ოინს მოვიგონებთ, – ხოლერა რომ არ მოსულიყო, ხომ ჩვენ ერთად არ ვიქნებოდითო; ხომ ვერცერთი ვერ გავბედავდით ამისთანა საქმესო, მაგრამ ხოლერამ, სიკვდილის მოახლოვებამ კი გაგვაბედინა. სოფლელების საარაკო სალაპარაკო დღეს მე და სოფო ვართ; დაავიწყდათ ხოლერა, დღეს ჩვენა ვართ ხოლერა.
ქორწილში გასპარაც დავიპატიჟე და, საცა შემხვდება, სულ იმას მეუბნება: „ნახე, ბერუავ-ჯან, რა კაი ფეხი მქონია; არ გიხარიან, რომ კაი გოგო ჩაიგდე ხელში?! ხორველის ბრალიც კია, რაღა ძმავ, ჩვენთვის რომ ვსთქვათ“.
– ზოგი ჭირი მარგებელიაო! – მეც ვეუბნები.