წვეთი და ლოდი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
წვეთი და ლოდი
ავტორი: ვაჟა-ფშაველა


წვეთ-წვეთად ნამი კლდისა სალისა
დაბლა ლოდს რასმე თავს დასდიოდა.
ლოდს სწყინს ძალიან, ასული კლდისა
უდიერობას რად სჩადიოდა.
ეურჩებოდა ნამს, თუმც ამაოდ,
შურის საძევლად გული სტკიოდა,
უნდოდა სადმე გაჰრიდებოდა –
მაგრამ ვეღარსად ვერ მიდიოდა.
უნდოდა ცემა კლდისა სალისა,
მაგრამა კლდესთან ვერ ადიოდა.
ნამი კი, ნამი წმინდა, ანკარა
ზამთარ და ზაფხულ თავს დასდიოდა,
არც თხოვნა სჭრიდა და არც მუქარა
ურჩის ლოდისა დაბლით შეთვლილი.
წარბს არ იხრიდა კლდე უდიერი,
ამაყის გულით მთაში შეჭრილი.
არა ჰღალატობს არჩეულ მიზანს,
იჟურავს ნამსა, არ ჰზოგავს ძალსა –
მეტის ნაყოფის გამოსაცემად
იზელს გულ-მკერდსა, შუბლსა და თვალსა.
მეტი არა აქვს იმას სახსარი,
თავის აზრს ანდობს მონადენს წყალსა.
რა ფიქრი არის კლდისა სალისა,
სად მიისწრაფვის მისი გონება?
– ერთად ერთია, რომ ლოდსა ჰქონდეს
იმის რჩევისა კვლავ გაგონება –
ორივეს ასცდეს ყოფნა უშნოდა,
ყოფნა მწირული და დაღონება.
ამიტომ ნამი, ნაჟური კლდისა,
ერთ წერტილს ირჩევს სადენ მილადა,
იქ ეწვეთება დაჟინებითა,
ზედ ეკერება ბროლის ღილადა.
წყლული დააჩნდა ლოდს ხავსიანსა,
აღარა სძინავ ურჩსა ტკბილადა,
საბედნიეროდ განმზადებული
უბედურად სთვლის ძალიან თავსა.
რა ათქმევინებს კლდისთვის მადლობას!
იგზნებს გულშია ფიქრს მხოლოდ ავსა.
კლდე მითც არ იშლის და არა დრკება,
აწვეთებს უხვად წინანდლებრ ნამსა.
დღეს-ხვალეობით მედგარმა შრომამ
კლდისამ მოიმკო უკვე ნაყოფი
და მოიპოვა ლოდისა გულში
მან უშიშარი, მყუდრო სამყოფი;
გაჭვრითა ნამმა ლოდი შუაზე
და დედამიწას მიესალამა,
იამა ფრიად, ნუგეშინი სცა
თავის მხრით იმას მიწის ძალამა.
თვალი გააღო, გაცოცხლდა მიწა,
ლოდისა ქვეშა მკვდარად მდებარე,
მზემაც უწვდინა სხივი, გაათბო,
უცემს მას გული, გრძნობით მგზნებარე.
აღმოაცენა უცხო მცენარე
და ამომართა ლოდის მილზედა,
განგების ხელი საგანგებოდა
მუშაობს კვალად იმის ძირზედა.
ხემ საუცხოვომ ლოდიც დაჰფარა,
გაუსასწორდა მაღალსა კლდესა –
კლდე ჰხარობს დიდად, სამოთხეშია,
მაზე ბედნიერს ვერ ჰპოებთ დღესა.
უკვდავებისა მოაქვს ნაყოფი,
დიდის ოფლით და შრომით გაზრდილსა.
იმან არ იცის, რაა სიკვდილი,
ვინც მის ნაყოფის შესჭამს სადილსა.
აუარები გუნდი ფრინველთა
უკვდავებისას ხესა ედება
და ოთხფეხების ხროვა და ხროვა
მოდის თამამად, აქ იკრიბება.
ანგელოზები თავს დაჰბრუნავენ,
ციურს ტკბილს ხმებსა ხეს უგალობენ –
ვინცა წვალობდა დღეს-აქამომდის,
შვებასა ჰგრძნობენ, აღარ წვალობენ.
სამოთხედ იქცა თვალ-მიუვალი,
ოხრად ნაგდები ადგილი მწირი.
რამ შექმნა მისი ბედნიერება,
რამ ააცდინა მას გასაჭირი?
– ერთად ეწამლა მხოლოდა ერთი:
აზრი სწორი და შრომა მედგარი.
ბედნიერების მოსაპოვებლად
ერთი სახსარი მხოლოდ ეგ არი.