წერილები

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
წერილები
ავტორი: ლადო ასათიანი




ცაგერის რაიონის სოფელ ბარდნალაში

ძვირფასო დედა! მე კარგადა ვარ, შენ ყოფილხარ ავად - სამწუხაროა. შემომითვალე, რით შემიძლია დახმარება... ისე, ისეთი ამბები მე არ მაწუხებს და არც ვიტკივებ თავს მასზე ფიქრით, - არაა საჭირო ამაზე წერა.

ფული შემომაკლდა, მაგრამ არა უშავს - ვიშოვი. საბანი არ შემიკერავს.

სხვა რა მოგწერო, გიგზავნი ლექსს, რომელმაც აალაპარაკა ხალხი ქუთაისში. ახლა “მნათობშიც” დაიბეჭდება. რასაც მწერ, გავაკეთებ.

მოკითხვა გოგის, მედიკოს!




შენი ვალოდია

ძვირფასო დედა! სალამი და კარგად ყოფნა!... მე კარგად ვარ. ამ კვირას ბათუმში მივდივარ ლიტერატურული საღამოსათვის, ტრიუმფალურად მიდის ქუთაისისა და კერძოდ ჩემი ლიტერატურული ცხოვრება, გიგზავნი გაზეთებს. გვერდში რომ ლექსია, მანდ დავწერე, ის კი, ცალკე რომაა, ახალია. მწერალთა კავშირის წევრობის კანდიდატად დამამტკიცეს. შემოქმედებითი მუშაობისათვის (მივლინებისათვის) 300 მანეთი გამომიწერეს, ავიღებ დაახლოებით 20 დღეში.

სხვა რა მოგწერო. როგორც იცი, პასპორტი დამეკარგა. ასე: ქუთაისი, ჯაფარიძის ქუჩა № 64, შალვა ასათიანს - ვალოდიასათვის. მოკითხვა მედიკოს და გოგის.

შენი ლადო ასათიანი



ძმას - გიორგი ასათიანს


გიორგი! შენ, კაცო, ჭკუაზე მეგონე და რას მწერ, რას ლაპარაკობ?! თუ ძმა ხარ, თავი დაანებე სისულელეებს! რა სულიერი დაღონება, რის სევდა, ანდა რა საქმეები გაქვს შენ აწეწილი?! ერთხელ და სამუდამოდ გეუბნები, ამისთანა სისულელეებს თავი დაანებე, თორემ დაგღუპავს.

ბიჭო, ლექსების წერა ხომ არ დაგიწყია?! არ გამომჭრა ყელი! რაღაც ისე კაკანებ შენ, რომ ვერ არის კარგად შენი საქმე. ზევით-ზევით ნუ დაფრინავ, მიწაზე იარე, მიწაზე - ქუთაისის მიწაზე!

რომ მწერ, აქ გაჩერება არ შემიძლიაო, რატომ არ შეგიძლია?! ასეთ სისულელეებსაც, თუ კაცი ხარ, თავი დაანებე.

ბევრს ვკითხულობო, იკითხე მერე, კითხვამ ვის აწყინა, შენ რომ გაწყინოს, მაგრამ არ ვარგა: ვინც ბევრს კითხულობს, ის არასოდეს ლაპარაკობს, ბევრს ვკითხულობო.

ის იკითხე, რაც ახლა გესაჭიროება, ძველი ქართული მწერლობა ისწავლე, ის სჯობია ყველაფერს...

თუ ძმა ხარ, სიტყვების კორიანტელი, გატყლარჭული სტილი და ათასნაირი უცხოური ამბები ნუ გაგიტაცებს, მაგ ყველაფერი სისულელეა; ჩვეულებრივი ადამიანური ენით დაწერილი (ილია, აკაკი, ვაჟა) წაიკითხე და იყავი ჩვეულებრივად უბრალო. ასეთი წერილი მეორედ არ მომწერო, თორემ შევწუხდები.

მე მგონია, მანდ რომ ჩააბარო გამოცდები, ის სჯობია, ყველა დაგეხმარება, ჩემი ამხანაგები, მიშა, შოთა და სხვები. შენ უთხარი, მეც მივწერ, ანდა რად უნდათ მიწერა, ისედაც კარგად იციან შენი ამბავი.

ასე, მომიკითხე ბიძია, ბიცოლა, ნარგიზა, შოთა ქურიძე და სხვანი და სხვანი.



შენი ძმა ლადო ასათიანი

ქ. ქუთაისი, გაზეთ „ინდუსტრიული ქუთაისის“ რედაქცია

ძმაო, გოგი! შენი ლექსი უშეცდომოდ დაიბეჭდაო, რომ მწერ, ესაა, ბიჭო, უშეცდომოდ?! წათების მაგიერ - წაქები წერია, ნადუღი რომ დაგეწერათ, უკეთესი იქნებოდა, წინმბრძოლის მაგივრად - წინბრძოლი. ისე-ს მაგივრად ისევ და სხვა. განსაკუთრებით ეს “ისევ” ამახინჯებს აზრს. ზევით სამ სტრიქონში “ისევ” არის ნახმარი და თქვენ, ალბათ, იფიქრეთ, მეოთხეშიც “ისევ” იქნებაო, და გაუშვით ასე. მეოთხეში უნდა იყოს “ისე გულდაგულ შევარდნენ”. თქვენ გაგიწყდათ მიწა, თქვენ!

სოფელში ყოფილხარ, ბიჭო, გაზეთის მუშაკი ხარ, ცოტა დაწვრილებით რომ მოიწერო, არ შეგიძლია?! რა არის ეს ორი პწკარი! |

მე არა მიშავს, ოთახი მივიღე ძერჟინსკის ქ. № 3-ში, მაგრამ ჯერ კიდევ “სახლაფორთოა” და დამრჩება თუ არა, არ ვიცი. თუ მოახერხო, გამოიარე აქეთ. მანდ წესიერად იყავი, წერილები მოიწერე.

მოგიკითხეს ანიკომ და მანანამ. მომიკითხე ჩვენები და რედაქციის ხალხი. იყავი კარგად.

შენი ძმა ლადო ასათიანი



მეუღლეს - ანიკო ვაჩნაძეს

ანიკო ძვირფასო! დავბრუნდი თბილისს მშვიდობით, დაღლილი ნახულითა და გაგონილით, მთვრალი ღვინითა და სიყვარულით.

რედაქციაში დამხვდა შენი წერილი - სიტყვაძვირი და სიტყვამცირე, დამხვდა და გამახარა, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ვიცოდი დამხვდებოდა.

ანიკო, თბილისში ყველაფერი ძველებურადაა, ყველაფერი სტანდარტულადაა, სასახლეშიც ასევეა, ყველგან ასეა, მხოლოდ ჭავჭავაძის ქუჩაზე არაა ძველებურად: ნაცნობი ხე შეცვლილა ოდნავ, ფოთლები გასცვენია, შემოდგომის ბრალია, თუ შენმა უნახაობამ დაჰმართა ეს საქმე...

ანიკო! მაპატიე, რომ ისეთ მდგომარეობაში გინახულე... 11-ში წამოვალ; ყოველ ღონეს ვიხმარ, რომ წამოვიდე და დამხვდი. აუცილებლად.

წერილი მომწერე, თუ მოასწრო, მხოლოდ “გასაგები, ადვილად გასაგები”. კიდევ ნახვამდის, მოგიკითხა ყველამ, ვისაც იცნობ ახლოს.

რესურსები ინტერნეტში[edit]