ძმობა, ერთობა და სიყვარული

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ძმობა, ერთობა და სიყვარული
ავტორი: აკაკი წერეთელი


მთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის

იყოს წყეული... ის იყოს კრული,

ვისაც არ სწამდეს და არ უნდოდეს:

“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.


საერთშორისო მტკიცე კავშირი,

ეს არის ქრისტეს სწავლა და მცნება,

საყოველთაო, სამარადისო, -

და არ საწუთო სიზმარ-ოცნება.


ვისაც ესა სწამს წრფელის განზრახვით

და ჭეშმარიტად არს გამსჭვალული,

მას შეერგება ციურ მანანად

“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.


ვინც გაიძახის ცარიელ სიტყვებს

და გულში სულ სხვა აქვს დამარხული,

ამაო არის მისი ნათქვამი:

“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.


მთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის

იყოს წყეული... ის იყოს კრული,

ვინც მხოლოდ სიტყვით გაიძახოდეს:

“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.


1911 წ.

აკაკი წერეთლის ლექსები