ძვალები

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ძაღლი
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1890 წლამდე


ძვალთა თქვეს სამარეშია:
ავდგეთ, გვეყოფა ძილიო,
ვიგრძნოთ კიდევა სიცოცხლე,
ლხინი და ბრძოლა ტკბილიო,
აქ ყრას უქმს, გაციებულსა
იქ ტანჯვა სჯობის თბილიო!
იმ ძვლებში ერთი ძვალი სჩნდა
ომში მოკლულის ბერისა,
დაფიტებული, დამჭკნარი,
ნახრავი ჭია-მწერისა,
ძვალმა ჭკვა გამოიჩინა,
სიტყვა სთქვა ძველის-ძველისა:
„დაეყარენით თქვენთვისა,
თქვე საცოდავნო, ხმელანო!
ის დრო ხომ არა გგონიათ,
ჩვენ რომ მოვჭამეთ ძველადო?
ნეტავ რო სჩქარობ ადგომას,
ვის გაუძღვები, ბელადო?!
სამარეშიით ყურს ვუგდებ
ჩვენს საფლავებზე მავალთა,
ხმა მათი კაცის ხმას არ ჰგავს,
ენა უცხო აქვს მრავალთა.
თქვენ წადით, მე აქ დავრჩები,
გზათ არ შაგიშლით, სავალთა!“