ძაან ახალწელია

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ძაან ახალწელია
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1913 წელი


დღეს ჩემთან დარდს რა უნდა
მით, რომ ახალწელია.
თავით მიდგა არაყი,
ფეხთით ყურძნის წვენია;
ორივეს ვსვამ, ბოთლებს ვცლი,
ვცლი და როდი მცხვენია!
სირცხვილი რას მიქვიან,
რადგან ახალწელია!
საცა მინდა, იქ შევალ,
მოვიღერე ყელია.
„სად მოდიხარ, ძმობილო?“
ვინა ამის მთქმელია?!
ვდარდიმანდობ, გაიგეთ,
რადგან ახალწელია.
გოზინაყი, ჩურჩხელა
უხვად წინ მიფენია.
ცოტა რამ შემასმიეთ,
არ ამომშრეს ყელია!
გაიგეთ, თავის-თავზე
ამიღია ხელია.
რადა? რა ამბავია?
– მით რომ ახალწელია.
ჩემს ჭირს სხვას არ ვაჭირვებ,
სხვისი ჭირიც ჩემია.
ჩემ სიცოცხლეში სიტკბო
მე ხომ არ მიგემია!
ოჰ, თქვენ კი გენაცვალოთ
უნცროსი ძმა თქვენია!
შენ უყურებ, მოკეთე
გარშემო რამდენია!
სუყველა თავს მევლება,
ერთმაც არ მაწყენია,
ალბათ იმისგან არი,
დღეს რომ ახალწელია.
„მიირთვი“, სულ ეს მესმის:
„ნურაფრისა გრცხვენია!“
თუმც წარსული წლებისგან
დავრჩი გულ-ნატკენია,
ამ წელზე სულ სხვას ვფიქრობ:
ძაან ახალწელია!
დინჯი, დარბაისელი,
ვით სოლომონ ბრძენია,
ერთი ბრიყული სიტყვა
მას როდი წასცდენია.
მაშ, მოდი, მოგილოცავთ.
ძაან ახალწელია!