ცხოვრებამ არ შამიბრალა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ცხოვრებამ არ შამიბრალა
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1904 წელი


ცხოვრებამ არ შამიბრალა,
გულზე ისარი დამასო,
თან იმას მეუბნებოდა:
„უნდა დაგამხო, დაგავსო!“
ხალხიც მას ჩასჩურჩულებდა:
„ბოროტს ფიქრებსა ჰმალავსო…
დაჰკარი, ნუ შეიწყალებ
ქვეყნის სიკეთის მპარავსო!“
იმას აღარვინ ფიქრობდა,
თუ მეც რამ ძალა მფარავსო:
წყლული მზედ გამომესახა,
შუქით ხმელეთი აავსო…
არ ჰქონდა რიდი და ხათრი,
ვეგულებოდი კენტადა
და მიტომ ხმალიც მიქნია
მოსაკლავ-გასაკვეთადა.
დაკრული სარგოდ მომიხდა,
თუმც სამავნებლოს ეცადა.
რამდენიც დამკრა, იმდენი
მე ავიწიე ზეცადა.
ადამიანად ვისახვი,
მგმობლები დარჩნენ მხეცადა.
და დავდეგ ცა-ქვეყნის შუა
ქედ-მოუდრეკელ სვეტადა.
მორჩა, ვეღარვინ შემმუსრავს,
რაც უნდ ეცადოს მეტადა.
და თუნდა მთელი ქვეყანა
დამატყდეს ურო-ხვედადა,
წარბ-შეუხრელად ვყუდივარ
ჩემთა წადილთა ბედადა.
კარგების სალოცავი ვარ,
მსახვენ მეორე ღმერთადა;
ოღონდ მე ვყვანდე ცოცხალი,
თავს დაიხოცენ ერთადა.
ამოვშხამდები, თუ ვინმე
მინდომებს დასაკვნეტადა!..