შემთხვევა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
შემთხვევა
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1890 წ.


უანგელოზოს საყდარსა
ეშმაკი დაჰპატრონდება.
ბეჩაო, ჩემო საჯავროვ,
შენ ვინღა დაგპატრონდება?!
მთა ცაში მიტომ ყელ-ყელობს,
რომ სიმაგრე აქვს ძირითა.
მარტოკა ერთი რას იზამ,
თუნდაც ცეცხლს ჰყრიდე პირითა?!
აბა უყურეთ ფუტკარსა,
როგორ პატარა მწერია,
დათვს სასიკვდილოდ შაებმის:
იცის, რომ იმის მტერია.
„ეგ თაფლი, ჩემო დათუნა,
სულ წვეთ-წვეთობით ვპოვეო,
დღედაღამ დაუსვენებლად
მინდვრად ყვავილი ვწოვეო“.
ძაღლს დაეყარა ლეკვები,
მინდოდა ერთის დაჭერა.
ძაღლმა გამიგო სურვილი,
მეცა და გადამამტვერა.
გავკვირდი ძაღლის გრძნობასა,
მოვრთე დიაცებრ ტირილი:
„ახ, კაცო, კაცი რად გქვიან?“
გაისმის ჩემი ყვირილი.