შავი ღრუბელი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
შავი ღრუბელი
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1894 წ.


მზე ამოცურდა ცაზედა,
სხივი აფრქვია მიწასა,
სულიერი და უსულო
ყველა შესტრფოდა იმასა;
მადლობას ძღვნიდენ მნათობსა
ბუნების არსნი ყველანი.
ზღვის პირას იწვა ღრუბელი
შავი, როგორაც მელანი.
ბუნების ძალთა გალობა,
მადიდებელი მზისაო,
მას ესმა, ფრიად ეწყინა,
ჯაგარ-აშლილი ზისაო;
თავ-პირი საზარელი აქვს
და მკერდში გული ქვისაო.
მან თქვა მწყრომარედ: „მოიცათ,
ცოტა მაცალეთ კიდევა;
ავდგე, ცის გულზე გავერთხა,
მზე როგორ გადაირევა.
მერე იხილეთ და დასტკბით
მზის ნათლის სხივის მზერითა,
როს დავუბნელებ თვალებსა
მე ჩემის შავის ფერითა!..“
მართლაც დაიძრა მაღლისკე
გაბრაზებული, მწყრომარე,
და გადეღობა სხივებსა,
შუბლმოქუშულად მდგომარე.
მზემაც ეს იგრძნო, იწყინა,
ჯარი ამრავლა სხივისა;
ცეცხლად მოედვა ღრუბელსა
მწვავი ნათელი იმისა.
იბრძვის ღრუბელი გულ-შმაგად,
თუმც არსითა ჰჩანს წამალი;
უფრო შავდება, რომ იმით
მზეს გზა ურიოს სავალი.
მაგრამ ამაოდ დაურჩა
ყველა სხივი და ღონია:
შავს ღრუბელს სინათლისათვის
ძალი ვერ შეუწონია.
დამწყდარი ნაწყვეტ-ნაწყვეტად
მიმოიფანტა ღრუბელი,
მზე-კი შუა ცას დამდგარა,
ანათებს, როგორც ღუმელი.
სხივს აფრქვევს დედამიწასა,
ბუნებას აძლევს შვებასა;
შეჰხარის იმას ქვეყანა,
დაბლით მიუძღვნის ქებასა.
ვინ არ უკურთხებს ძუძუსა
გამარჯვებულსა დედასა!..