შავი დამაწვა ღრუბელი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
შავი დამაწვა ღრუბელი
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1903 წ.


შავი დამაწვა ღრუბელი,
არც მომკლა, აღარც მაცოცხლებს,
განადგურებას მიპირობს,
დაბლა ჭიასებრ მაცოცებს.
ვერ ვიღებ თავსა… არ ჰყურობთ,
ხატ-ღმერთსაც აღარ მალოცებს?!
მიწას ვლოცულობ და ვკოცნი,
ბოლოს ხომ ისიც მაკოცებს!..
რითა ვძლებ ამდენს ვაებას,
მიკვირს, ესა-ღა მაოცებს…
შხამი ჩამისხეს ღვინოში,
მასმევენ, თუმცა ვიცანი…
ვინ დასდევს – სიცოცხლე მწყურის,
თუ მეც რამე მაქვს მიზანი.
რად უნდათ ჩემი სიკვდილი,
გაიგოს, ვინცა მისანი!
შხამიან ისრებს მესვრიან,
გამიპეს გულის ფიცარი.
თუ დამეშავოს მე რამა,
ძალნი მრისხავდენ ღვთისანი…
ჩემთვის გზის მაჩვენებელი
სხივნიც შაჰშურდეს მზისანი.
ვიცი, არვინ მყავს მშველელი,
მკლავნი სუსტობენ ძმისანი.
სასაცილოდაც არ ჰყოფნისთ
ცრემლები ჩემის დისანი.
„ღმერთი მიშველსო“, – ვიძახი,
იმედად ის-ღა ვიცანი!