ყორანი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ყორანი
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1905 წელი


მთებს შავად ნისლები მოსდებოდა და დაებნელებინა მთელი არემარე. დღე იყო, მაგრამ მზე გამქრალიყო, უკუნეთს შთაენთქა იგი, თუმც ებრძოდა ჯანღების გროვას, მოიწევდა მაღლიდან დედამიწის გასანათებლად, მაგრამ ამაოდ; ჰგზავნიდა სხივების რაზმებს, რათა გაეპო წყვდიადი და დაემკვიდრებინა ქვეყანა, მაგრამ დღესდღეობით ჯანღი იმარჯვებდა. თითქოს პირობა აქვთო, ახალ-ახალი გუნდი ნისლისა, – მთასავით დიდრონები, – მოგორავდენ ხეობებზე დაბლიდან მაღლისკენ – გაევსოთ ჯურღმულები. მთელი მიდამო სდუღდა, ფუოდა და უგემურად ფშვინავდა. მეტისმეტი შრომისგან ნისლებს ოფლი სდენოდათ. ნისლების ოფლი ბალახსა და მთის ყვავილებს თავზე ჰფრქვეოდა.
მაშ, ალაგ-ალაგ რამღა შეღება ბალახი წითლად? ეს ხომ სისხლია!.. ჯანღთან ერთად მგელი იმარჯვებდა: დაჰრეოდა მთელ ცხვრის ფარას და მუსრს ავლებდა…
მაღლიდან თავზე დასტრიალებდა ყორანი, ამაზრზენის ხმით თავზე დაჰყრანტალებდა. ამხნევებდა: „ყოჩაღ, ემაგრე! გამუსრე! არ გაუშვა ერთი ცოცხალი! რაც პირობა გვაქვს, უკლებლად აასრულე! ფიცი არ გასტეხო!“ ყორანი ხომ მგელთან გაფიცულია. მანამდე უნდა მუსროს ცხვრის ფარა, ვიდრე ძალი და ღონე შესწევს, ვიდრე ერთს ცოცხალსა ჰხედავს. ამიტომ არის, რომ დღე ყორანი მგელს წინ უძღვის და ხმით ამცნებს, სადაც საქონელია, საცა ცხვრის ფარაა…
ჰმუსრავს ცხვრებს მგელი. მთელი ტანი სისხლში აქვს მოსვრილი. ყველა ეს ხდება ჩუმად; ხმა მომაკვდავთა არავის ესმის, რადგან არც ერთი მათგანი კვნესას არ გამოსცემს, არც ბღავის, არც ღრიალებს, ეს ცხვრის წესია… იხოცებიან ხმაამოუღებლად. მხოლოდ ისმის ღრენა მგლისა და ყრანტალი ყორნისა: „გამოსჭერ ყელი!“
სად არის მწყემსი? სად არიან ძაღლები?
ვიდრე მგელი მიესეოდა ცხვრის ფარას, ძაღლები მტერმა დახოცა, ხოლო მწყემსი, გულში დაჭრილი, თეოზე წევს, სისხლი შადრევანივით ამოსდის და გულსაკლავად გმინავს… არსად მისთვის ექიმი, უბრალო წყლულის შემხვევიც კი არავინ უჩნდება…
„ნუთუ სულ გასწყდენ ადამიანები? აღარავინ არის ცოცხალი დედამიწაზე? მე ხომ ვკვდები, ცხვარს მაინც ვინმე უპატრონოს?“
– ვაჰმე, ჩემო ამაგო, ჩემო უქმად ჩავლილო შრომავ! – ლუღლუღებდა იგი მომაკვდავის ხმით.
ყორანი ხარობდა… შუადღე ახლოვდებოდა. ნისლებმა მაღლა აიწიეს და მთებზე დინჯად დალაგდენ. განათდა მიდამო, მზის სხივმა გასჭრა და დაქსაქსა ნისლები.
ახლა ცხადად სჩანდა, რასაც აქამომდე წყვდიადი ჰფარავდა. სისხლი, როგორც წყალი, ისე მიდიოდა და თავმოჭრილი ცხვრები რიყესავით ეყარა, მათზე ყორანი ნავარდობდა, ხარობდა… სისხლში ამოსვრილი ხან ერთსა სთხრიდა, სჩიჩქნიდა თვალებს, ხან მეორეს… მკვდრებზე მეორედ მოვლენილს სიკვდილსა ჰგავდა…
მგელი კლდის ძირას მიგდებულიყო და გალეშილი, გათოშილი ქასქასებდა. წითელი ენა გადმოეგდო, ხოლო თავის ნამოქმედარს თვალს არ აშორებდა. როგორ ხარობდა!.. როგორ ლაღობდა!.. საზარელი სურათი მგლის სულ-გულს სიამოვნებით ავსებდა.
სვავებს, ორბებს, ყაჯირებს, ყვავებს და სხვა მოსისხლე ფრინველთაც უკვე სუნი აეღოთ. ნოტო და ნოტო მოდიოდა, უზარმაზარი ტანისა, შესაზარი შეხედულობისანი გროვდებოდენ, სხდებოდენ, კლდის კინჭუხებზე, ხეებზე. მადააღძრულნი გარშემო თვალებს აფეთებდენ. ყორანი კი უკვე გამაძღარი იყო… ბრაზი მოსდიოდა.
– გასწყდით, გასწყდით! ვის ამაგზე მისდიხართ, თქვე მუქთაჭამიებო?! – ამბობდა თავისთვის ყორანი და თანაც სისხლი ყელში ებჯინებოდა: როგორ მოქუჩდენ, ვერ უყურებთ? ხვალ იქნება, ნაწლევის ნაგლეჯიც კი ვეღარსად ვიპოვო… ნეტავი შეიძლებოდეს დავმალო სადმე ლეში, მოვაფარო მიყრუებულს ადგილას. კაი ფიქრია, სწორედ კარგი. მაშ რა ვქნა? დღეს რომ გავძღე, ხვალ რაღა ვქნა, ხვალ აღარ მინდა ცხოვრება?.. განა მუდამ ასე გავიმარჯვებთ მე და ჩემი თანმხლები მგელი? ხვალინდელი დღეც უნდა მახსოვდეს. ჰყურობთ ამ გველეშაპებს, როგორ თვალებს აბრიალებენ? თითო სვავს ათი ცხვარი არ ეყოფა. რას გაუშვებენ, ხვალ-ზეგ, მგონი, ძვალის ნატეხიც კი არსად მოიპოვებოდეს… დღეს ლეშს შეჰყლაპავენ, ხვალ ძვლებს დაესევიან და ისეთ ლაწა-ლუწს აუტეხავენ, რომ, ვინ იცის, გეგონოს მთა-ბარი სქდება და კლდეები ინგრევაო.
არა! მე ჩემს თავს უნდა ვუპატრონო. ჩემთვის კარგი და კეთილი არავის არ უნდა. განა არ ვიცი? ახლა იმათ ყველას ჩემზე ბრაზი მოსდის და ამბობენ თავიანთ გულში: ეგ უჯიშო, ეგ ყველა ფრინველებში გამორჩეული, როგორ ფარფაშებს, თითქოს ღმერთს ეს განაჩენი ყორნის სასარგებლოდ დაედგინოს და მაგის სასარგებლოდ მოეხდინოს განკარგულება. ჩვენც წილი გვაქვს, ჩვენც! დაიკარგოს მანდედან, თორემ, იქნება, ზედ ცხვრებზე დავანთხეინოთ ტვინიო.
ჰააჰააა! ვიცი, კარგად ვიცი ძალიან, რასაც ბჭობენ, რასაც ფიქრობენ!.. ეს ხომ ჩემი ამაგია; უნდა ჩემი ამაგით დაძღნენ, დატყვრნენ, მაინცდამაინც ისევ მე უნდა მწყევლონ და მაგინონ… აბა, უცქირეთ, თუ ერთი, ერთადერთიც არის, მოვიდეს და გამარჯვება მომილოცოს, მითხრას: გაუმარჯოს მადლიანს, სახელოვანს ყორანს, თავის ოფლით და ამაგით თავისა და ქვეყნის მარჩენალს. არა, არა! არ იტყვიან, რადგან ვეჯავრები, შეიჯავროს ისინი ღმერთმა! გაუწყრეს სამი სამება იმათ და ერთი არსება!..
გასწყდით, გათავდით, გრისხავდეთ ღმერთი მაღალი, რადგან არ მემართლებით… უსამართლოდ გეჯავრებით, უსაფუძვლოდ გეზიზღებით… ჩემის ყოფაქცევის გამო არ ვიწვევ იმათ ზიზღს?.. აი ჩემი ყოფაქცევის ნაყოფი!.. მაშ ნუ სჭამენ, იქვე წავიდენ, საიდანაც მოსულან… რას იტანებიან? რა თვალებს აცეცებენ და ნისკარტებს ილესვენ; გასწით, წადით, თუ ნამუსიანი და სათნოიანი ბიჭები ხართ.
ჰმ! რას წავლენ, რა შვილები? ჩემს მოქმედებას სწყევლიან, ხოლო ამ ჩემი, ვითომდა, უმსგავსი ქცევის ნაყოფს წარბშეუხრელად, არც კი წითლდებიან, ისე გემულობენ!.. გიცნობთ, რაც შვილები ბრძანდებით!..
ადამიანებს ხომ უმეტესად ვეჯავრები. სოფლის თავზე ისე ვერ გადამივლია, რომ ყველამ მე არ მომაპყროს თვალი: „ყორანი, ყორანიო!“ შეუდგებათ ერთი ჩურჩული, მითქმა-მოთქმა.
თუ ლეშის სუნი მეცა, მე ხომ მის სუნზე მეტისმეტად მოუთმენარი გუნებისა ვარ და არ შემიძლიან არ დავიყრანტალო. უნდა ჰნახოთ, რა „ვაი და ვუი“ შეუდგებათ. „ყორანმა დაგვჩხავლა, დაგვჩხავლაო“, ყვირიან. „ეგ არის, დავიღუპეთო“, რამდენჯერ შევმსწრალვარ, მაღლიდან თვალი მიდევნებია, რომ გაჯავრებული ერთი კაცი მეორეზე იწევდეს და აყვედრიდეს: „ყორანი ხარ, ყორანი, გამიშვით, მოვკლაო!“
აი, რა ამბავია ჩემს თავსა, ბედია, დაბადების დღეა!..
დიაღ, თუ თითო ნაჭრობით არ გავზიდე სადმე და არ მოვაფარე, ხვალ და ხვალზევით სიმშილი მომკლავს…
ყორანი დაეძებდა ხორცის ისეთ ნაჭერს, რომ მოჰრევოდა, გაეთრია და სადმე კლდეში ან ტყეში დაემალა, მაგრამ ვერ შეჰხვდა, თანაც კარგი ნაჭერი უნდოდა…
ამ დროს ხანხალით, ფრატუნით, თანაც „ყვაო-ყვას“ ძახილით ყვავი მოფრინდა. ყორნის შორიახლოს ერთ ცხვარს დააჯდა და ჯიჯგნა დაუწყო. ყორანს ხმაც არ გასცა, ზედაც არ შეჰხედა.
„ეი, შე აბუეტო, შე ჩურჩუტო, გამოტვინებულო, სადა ხარ? ვის სუფრაზე მობრძანებულხარ მაგრე თამამად, დაუკითხავად? ვითომ კითხვადაც აღარა ღირს, რაღა?“ – უთხრა მას შეტევით ყორანმა. ყვავმა ყურიც კი არ გაიბერტყა.
„არ გესმის, შენ გელაპარაკები, შენ, ეი, ქეციანო? ვის სუფრაზე მოსდიხარ-მეთქი დაუკითხავად?“ – შეუტია კვალად ყორანმა.
– რა გაღრიალებს? რას მიყვირი, რო მიყვირი? როგორ თუ ვისზე? ეს სუფრა ჯერ ღვთისაა, მერე მწყემსისა, აგერ ზევით, ფარეხთან დაჭრილი სულთმაბრძოლი რომ წევს, და მერე მგლისა. შენ ვინა ხარ? შენ ისეთივე ნება გაქვს ამ სუფრაზე ჯდომისა, როგორც მე. – მიუგო ყვავმა და არხეინად განაგრძო ლეშის ჯიჯგნა.
„მართალია!.. სწორეს ამბობ!“ – დაიქუხა ერთხმად აქეთ-იქიდან ფრინველთა გუნდმა: – „ეგ წაწყმედილი, მაშ, ჩვენც მაგ პასუხით უნდა დაგვიხვდეს?!“
ყორანი აენთო. სიმწრისაგან აღარ იცოდა, რა ექნა. მისი ჯოჯოხეთის მსგავსი თვალები საშინლად ბრიალებდა. ყორანს უნდოდა მიჰვარდნოდა და ყვავი გაეგლიჯა.
„ჰი, შე უმადურო, შენა!“ – უთხრა მას ყორანმა: – „მაშ ვისი ამაგია? ვინ მოიქცა დროზე, გარემოების შესაფერად? ვინ გამოიჩინა უნარი და მოხერხება, მე თუ თქვენ? იცი, რეგვენო, საით, ცხრამთას იქით გადავფრინდი და გამოვუძეღ, მოვიყვანე მგელი და, რაკი ვიცოდი, მწყემსი დაჭრილი იყო, ცხვრის ფარა უპატრონო, თავგანებებული, მივუსიე მას და გაგიმართეთ მშვენიერი სადილი?! განა ახი არ არის, თავი ქვაზე გინაყო და ამოგხადო ეგ ბოროტი, უმადური სული?“ – უთხრა ყორანმა, მთელის ტანით ათრთოლებულმა.
– ბოროტი სული რომ არ იყო, ამდენ ცხვარს გააჟლეტვინებდი მგელსა? ახლა დამდგარხარ და ცოდვას მადლად ასაღებ? ბოროტიც შენ ხარ, წყეულიც, უმადურიც, უღმერთოც, – თუ მართალს მათქმევინებ… – ამბობდა ყვავი გაბედულად.
„მოვკვდე არ მირჩევნიან?“ – სთქვა ყორანმა, – „განა ამისთანა უმსგავსისაგანაც ეს მეკადრება?“ – და მიიწია ყვავის მოსაკლავად, ის იყო სწვდა კისერში…
„ხელი, ხელი გაუშვი, თორემ ვაი შენს ტყავს!“ – დაიქუხა კვალად ფრინველთა გუნდმა და როგორც ზვავი, როგორც სეტყვის მომავლინებელი ღრუბელი, დაეცა თავს ყორანს. ამანაც იკადრა გაეშვა ყვავი, რომელიც უკვე თავგაჭეჭყილი დაბლა ფორთხავდა.
– მოჰკლა კაცი მაგ უღმერთომ, მოჰკლა! დაჰკარით, ცოცხალი არ გაუშვათ! – გაჰკიოდენ ფრინველნი. საკმაოდ მოჰხვდა ყორანს მათი კლანჭი და ნისკარტი, როგორც იყო გაუსხლტა ხელიდან და ხშირ, დაბურულს არყიანს ტყეს შეაფარა თავი.
„ოხ, თქვენი ჯავრი!.. ოხმე!.. ნეტავი შამეძლოს თქვენი გაწყვეტა!“ – ამბობდა თავპირდასისხლიანებული ყორანი. ყორანს მიეშველა მგელი, ომგადახდილს იმასაც ბევრი აღარ შაეძლო და მიესია ლეშზე მსხდომარე ფრინველებს.
– დაჰკარით მაგასაც! – გაისმა კვალად ხმა ფრინველთა და მართლაც შეიქმნა კლანჭებისა და ნისკარტების პრიალი… ბლომად მოჰხვდა მგელსაც თავზურგში ფიჩხი და კომბალი. ბოლოს იმანაც იკადრა და ტყეს შეაფარა თავი.

–––––


მეორე დღეს ფრინველნი უკვე ძვლებსა ჰხრავდენ, სწიწკნიდენ, ზოგსაც პირდაპირ ჰყლაპავდენ. მესამე დღესაც იქავე ტრიალებდენ, კლდეებზე, ხეებზე სხდებოდენ, ხოლო ახლა თათბირი ჰქონდათ; ჯერ რჩევა არ გაეთავებინათ, რომ დაშლილიყვნენ.
წამოდგა წინ ერთი მხცოვანი სვავი და დაიწყო: „ჯარო და ჯამაათო!“
– ბრძანეთ, ბრძანეთ, ყურს გიგდებთ! – გაისმა აქეთ-იქიდან ფრინველების ხმა.
იმანაც განაგრძო: „ფრინველების დღევანდელი საქციელი, უნდა მოგახსენოთ, მე არ მომეწონა. რაზე, რისთვისა ვცემთ და ვლანძღავთ ან ყორანსა და ან მგელსა? რა დააშავეს საიმისო? დააშავეს კი არა, კიდევაც გაათეთრეს, – თავის მოხერხებით და ოსტატობით მთელი ორი დღე შეგვინახეს, გვაქეიფეს. მაშ რადღა ვემდურით? ხალისს რად ვუკარგავთ? ხომ მერმისთვის ასე აღარ ეცდებიან?.. ვგმობ თქვენსა და ჩემს დღევანდელს საქციელს და გთხოვთ, რომ თქვენც დაჰგმოთ და შემდეგში აღარ განიმეოროთ“.
სვავის შემდეგ ილაპარაკა სვავზე არანაკლებ მხცოვანმა, ჭროღა ფერის ყაჯირმა. ამ უკანასკნელს პირველზე მხრები ნახევარ ადლით გრძელი ჰქონდა, სახის გამომეტყველებაც რიხიანი. ის უფრო მჭევრად ლაპარაკობდა.
ყაჯირმა დაიწყო: „ბატონებო, ჩვენ ყორანი და მგელი იმიტომ კი არ დავსაჯეთ, ამოდონა ცხვრები რისთვის გაჰჟლიტეთო, არა. ამით ჩვენ ვაგრძნობინეთ, თავს არ წავიდენ და ყოყლოჩინობა არ დაიწყონ. ან კი რა აქვსთ, მაინცდამაინც, საყოყლოჩინო? რა დიდი შრომა და ოფლი მაგათ დაღვარეს ცხვრების დაზრდაში. ერთი აირბინეს და ჩამოირბინეს. მორჩა და გათავდა… ეს იმათი ხელობაა ისე, როგორც ჩვენი – ჭამაა, ჭამა მადიანი. ჩვენი ნიჭი ამით გამოიხატება, ხოლო იმათი – მოსწრება-გაგლეჯით. რა არის აქ საკვირველი და სასიქადულო? არაფერი. სრულებით უბრალო მოვლენაა. ხომ მიიღეს თავიანთი გასამრჯელო? ხომ გაძღენ ისინიც, როგორც ჩვენ. მაშ სხვა რა უნდათ? ყვავიც ჩვენი ძმაა. რაო ვითომ, რომ ისეთი უკადრისი სიტყვებით მიჰმართა ყორანმა, გააბიაბრუა და თავიც გაუტეხა. გარდა ამისა, ეს ადგილი და არემარე საერთო, საძმოა, ყველა ფრინველზე თუ ცხოველზე. – რაც აქ გაიზდება, ამ საერთო, საზოგადო მიჯნების ფარგალში. ყველა ჩვენგანს ერთნაირი თანასწორი უფლება აქვს. არ უნდა გვეშინოდეს იმისა, რად დავსაჯეთო, ვაი თუ გული გაუტყდეს, ხალისი დაეკარგოთ და ნადირობაზე ხელი აიღონო. სულ ტყუილია! ამისთანა ოინი წინადაც დაგვიწევია, მაგრამ მაგათ თავის საქციელზე ხელი არ აუღიათ, თუ მარჯვე შემთხვევა აქვთ, მუდამ ამას შვრებიან, მაშასადამე, ჩვენი ჯავრი კი არა აქვთ, თავის ჟინს იკლავენ, თავისთავს ასიამოვნებენ… მაშ, ასე არ არის?“
– სწორეა, სწორე!.. ვაშა, ვაშა! – დაიგუგუნა ერთხმად ფრინველთა გუნდმა.
ამის შემდეგ დაადგინეს, თუ ყორანი და მგელი უზრდელად არ მოიქცევიან, თავდასხმას მოერიდნენ.
განაჩენი რომ წაკითხულ იქმნა, სწორედ ამ დროს არწივმა ჩამოინავარდა, ზევით გახეჩილ კლდეთა შუაზე გამოჩნდა. ფრინველებმა საერთოდ სალამი მისცეს. არწივმა ბოდიში გადაიხადა და თან დასცინა: „ჰქეიფობთ, რაღა, ნაოხარზე?“
– ვქეიფობთ, მაშ რა ვქნათ, ბატონო! – გაისმა ფრინველთა ხმა. „იქეიფეთ!“ – სთქვა არწივმა, ბევრი ყური არ უგდო და კლდეებს მიეფარა.
– როგორ დაგვცინა?! – სთქვა ორბმა, როცა არწივი კარგად მოჰშორდა, – შენი კლანჭები მექნება, მე ვიცი, როგორც ვიქეიფებდი, მაგრამ, მოდი, რა ქნას კაცმა, როცა ღმერთმა არ მომცა მეტი ბედი და იღბალი.
„ოღონდაც, ოღონდაცო!“ – შეუმოწმეს ფრინველთა და აიშალნენ; დაიწყეს ჰაერში ტრიალი; ყველა ეძებდა თავის წასასვლელს გზას და ყველა თავისთვის ევედრებოდა ღმერთს, რომ ლეში არ მოეკლო მისთვის. დაიწყეს მარჯვნივ და მარცხნივ გორებში თავზე გადადენა.
საზარელი, საშინელი სუნი ტრიალებდა ჰაერში…
ყორანი სადღა იყო? რას აკეთებდა? – იჯდა მუხის ერთს ხმელს ტოტზე და თვალებიდან ცრემლი ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. თან მუშტს იცემდა გულში: „მე მოვკვდე, თუ თქვენი ჯავრი ვჭამო! რა უბედურ დღესა ვარ გაჩენილი მე საწყალი? რამოდენა ცოდვას ვიღებ კისრად! რადა? რისთვის? რის გულისთვის? ვინ არის მადლობელი? რამდენჯერ გადავწყვიტე გულში, ამეღო ხელი ყორნობაზე და მეცხოვრა თავის ოფლით და შრომით, როგორც ბევრნი სხვანი ცხოვრობენ. ნუთუ იმდენს ვერ შევიძლებდი, მუდამ დღეს ლუკმა მეშოვა? თუკი ქეციანი ყვავი და გინგლიანი ძერა პოულობს დღის სარდოს, მე რაღა ღმერთი გამიწყრება, ვერ ვიშოვო?! მაგრამ, არა და არა, არ იქნა: ვერ დავძლიე ჩემი ფიქრი, ჩემი გუნება… არა უშავს-რა, ასე სჯობია… ეს კარგია… რამდენსა ვთხრი თვალებს და გემრიელად ვაკნატურებ. თუ ასე არ მოვიქეცი, ვინ მომცემს ცხვრისა და ცხოველების თვალებს საჭმელად?!. მხოლოდ, ეჰ, ამაგი არ მიფასდება, არავინაა ცისქვეშ ჩემი მადლობელი… ბრაზი მაღრჩობს, ბრაზი… მინდა, რომ გასწყდეს მთელი ფრინველთა სახსენებელი…“ – ამას რომ ამბობდა ყორანი, მაღლა გადმომავალმა სვავმა თეთრი ლაქა დააღვენთა და ჯერ ისევ სისხლიანი, მოკორტნილი თავი თეთრი ლაქით დაუბეჭდა…
აი, მისი შრომის, ამაგის დაფასება, – მისთვის მიძღვნილი სასყიდელი!