ყარსის ბოლოს

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ყარსის ბოლოს
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1878 წელი


წითლად ამოჰკრა დილის მზის სხივმა,
ცეცხლი დაანთო თოვლიან მთებზედ.
ხელი წამოჰკრა ყვავილს ნიავმა
და წამოაგდო მთვლემავი ფეხზედ.

წყნარა მცენარეთ იგი აღვიძებს,
ვით დედა შვილებს, ეალერსება:
ზოგს საბანს ახდის და წასჩურჩულებს,
ზოგს მოწიწებით თავსა ევლება.

მთები არიან მოსვენებულნი –
ზარბაზნის გრიალს ყურს არ უგდებენ,
კლდენი, ზვავისგან ჩამონავალნი,
პირდაღებულნი ძირს დაჰყურებენ.

ძირს ვაკე არის გადათელილი,
ზედ წამლის ნისლი თხლად გაწოლილა;
მზის შუქი, მასში გამოპარული,
თოფ-იარაღზე ნისლით ჩაცრილა.

ხევით, კბდეებში, არწივ-ყორნები
ქვებზედ ნალეშარს ნისკარტებს ლესენ,
სისხლით მოსვრილნი იმათი მხრები
წითლად ჰაერში მოპჭყვრიალებენ.

რაღაც არიგეს და იტრიალეს…
ბოლოს თავი-თავს მიმოიყარეს,
გასწიეს, ერთი წინ გაიმძღვანეს,
და ბრძოლის ველსა კიჟინა დასცეს.

ზოგი იჭექებს, ჩაეტანება,
სხვა დარბაისლად მხრებს აფრაშუნებს;
ყვავი ხმელ ხიდგან ძირს აცქერდება,
ყორანი უვლის და დაჰყრანტალებს.

ოფოფი მკვდარსა ზედ დასჯდომია,
ნისკარტით ფეხებს გამოიჩიჩქნის,
ერთი მკვდრიდამა მეორეზედა
გადაფრინდება და გაიძახის.

მინდორსა მკვდრებით ვხედავთ სულ სავსეს,
ერთადა სძინავსთ ცხენებს და მხედრებს.
ერთი უყურეთ კაცის სისუსტეს, –
რის გულისათვის ჰკაწრავს თვის მოძმეს?!

ზოგი პირქვე ძევს, ზოგი გულაღმა,
პირ-კბილი სისხლით გამოვსებიათ,
თვალნი წასვლიათ აღმა და დაღმა,
სიტყვა ტუჩებზე გასჩერებიათ.

ნატყვიარს შუბლში, უმეტეს გულში,
ლურჯი თვალები დაუჭყეტია,
ხელ-ფეხში, ერთად გადახლართულში,
წყლული ზედ წყლულზედ მისწებებია.

სისხლში ამოსვრილს წვერსა თუ თმასა
ჭიანჭველთ გუნდი ზედ მიჰხვევია;
ლამაზ თვალ-წარბსა, კოკობ ულვაშსა
სიცხისგან სისხლი დასდუღებია.

ერთი ვაჟკაცი ქერა თმა-წვერის
სდგას მუხლმოყრილი მკვდრების ყორეში;
მარცხნივ გვერდიდგან სისხლი ჩამოსდის,
თოფი უპყრია მარჯვენა ხელში.

ნაოფლი შუბლი ზედ თოფის ტუჩზედ
მიუტანია და მიუდვია;
ნამეტანს ნაცრის-ფერისა პირზედ
ცრემლის დენასა ქვა დაუდნია.

ტირის და კვნესის, გადაერყევა,
დაიქვითინებს და ცას შეჰყურებს.
მაგრამ სისხლს გააქვს სიჩქარით რხევა,
უმისოდ ნასისხლ მუხლებს უსისხლებს.

საუბრითა სჩნდა, რომ რუსი იყო.
სთქვა: „შემოქმედი აქ რისთვისა მკლავს?
მოხუც დედასა, ცოლ-შვილს რა ვუყო?
საწყალს მამაჩემს ვინ დამიმარხავს?

რა ვუყო, რა ვქნა? რა აქვსთ დღის სარჩო,
მშრომელიც არვინ მოიპოვება –
და მე ხომ, ვიცი, რომ ჩემი სარჩო
დღეს ან ხვალ – შავი მიწა იქნება?

ამ დაწყევლილმა ცხელმა ტყვიამა
როგორ უეცრად ბოლო მომიღო,
და იმ დაუნდო შავმა სიკვდილმა
ჩასაყლაპავად პირი გამიღო?!

რისათვის მოვკვდი, რა გავარიგე,
ვისა ვფარავდი ამ კლდე-ღრეებში?!
ეს არის, დედი, შორს დაგეკარგე,
ვეღარ მიპოვნი მკვდრების გროვებში!

ტყუილ-უბრალოდ ნუღარ მიმელი,
მანუგეშებლად ვეღარ მოგივალ!
აანთე ხოლმე ღამ-ღამ სანთელი
და მომიგონე, რაც შესძლო, მალ-მალ.

მიუსამძიმრე შენსა მეზობლებს,
რომ აღარ დარჩა მანდ წამომსვლელი;
ნუღარ ელიან თავიანთ შვილებს,
დასხდნენ, ქვითინით დაღვარონ ცრემლი.

ყველანი დაწყდნენ, დაჭრილი დავრჩი,
გახურებულს გულს ვინ გამიგრილებს?!
მოდი, სიკვდილო, ჩქარა და მორჩი!
მე შენი მოსვლა ვერ შემაშინებს.

მოდი, წაიღე უთმენი გული,
წაიღე, უბეს ამოიფარე,
ყველას რეგვენთა მიმნდობი სული
შენის შავ-კაბის კალთით ატარე!“

ასე ტიროდა, თანაც ბნდებოდა,
გადმოსდიოდა სისხლი შხაპუნით,
თვალებს სუსტად-ღა აბჟუნტალებდა
და გულსა ჰკლავდა კვნესითა მწარით.

კლდენი ვედრებას არ უგონებდნენ,
ზეცას მოსვლოდა მეტად ღრმა ძილი;
კაცის სისუსტეს მთანი სცინებდნენ…
და შორს, შორს ისმის გლოვის ტირილი.