ყანა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ყანა
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1911 წელი


ყანა, რა ყანა მოსულა!
როგორც ზღვა, ისე ღელავდა;
მორწყული დილის ნამითა,
ოქროს ფერადა ელავდა;
ჯეჯილობაში დაჩაგრულს,
დღეს ვერავინა სთელავდა.

უცდიდა პატრონის ნამგალს,
იმის ნელის ხმით მღერასა,
სეთურიაანთ ოჯახის
დიდს და პატარას, ყველასა.

ცოცხლების მაცოცხლებელი
და დამმარხველი მკვდრებისა;
ფულსაც ის აძლევს პატრონსა,
პურიც იმისგან ცხვებისა.

ოფლს უხარნია დაღვრილსა
მამულზე პატრონისასა:
ერთი ათასად ქცეულა,
რაც დათესილა იმასა.

მაგრამ ეს ოფლი არ კმარა ,
რომ ყანა იქცეს პურადა:
ახლა სჭირია პატრონი,
მოიკლოს ვაჟკაცურადა,
ღამე დღედ გადააქციოს,
დღე დააღამოს შრომითა,
რომ შეიტანოს ბეღელში
მონაღვაწევი ომითა.
მჭრელმა არ გასჭრას, ან სეტყვამ
გარეგვნოს, გაატიალოს.
საჭირო არი დროზედა
ნამგალი დაატრიალოს.

მარტოკა პატრონს ახარებს
პურიანობა ყანისა?
არა, ალაღებს სხვასაც ბევრს
კარავ-საბანი ჩალისა:
მწყერიც იქ ბუდობს, ღალღაცა,
უჩინრად უცხო თვალისა;
იქვე დაჩეკეს ბარტყები,
შექმნეს ოჯახი თავისა.
ნეტავი იმათ, მანამდე
ყანა მინდორში ჰყვავისა!
რა შეაწუხებს ფრინველთა?
პურიც შინა აქვთ, წყალიცა!
მიმინოც ვერას დააკლებს,
ვერ დაინახავს თვალითა.

როს მოიმკება, მაშინ კი
აეცრემლებათ თვალია,
აიყრებიან იქიდან,
დაეფუშებათ გალია.
ნამჯაში მღერის მარტოკა
თავ-მოსაკვდავი კალია.