უკანასკნელი სალამი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
უკანასკნელი სალამი
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1915 წელი


მშვიდობით, ჩემო ქვეყანავ,
უფალი მიწვევს, გშორდები.
თუ რამე ვალი მიმყვება,
იქიდან გაგისწორდები.
ლეში რო მოკვდეს, იმიტომ
განა სულითაც მოვკვდები?!
იქ სდგანან უფლის ტახტის წინ
მუხლ-მოდრეკილი გმირები,
როგორც დავითი, თორნიკე,
ნათლით მოსილი პირები.
ოღონდ შენ რამე გიშველონ,
დღე-მუდამ ავეტირები.
რას აკეთებენ მაშ იქა
ღვაწლ-შემოსილი მწირები,
უთვლელი, ვითა ზღვის ქვიშა,
დიდის ივერის შვილები?!
მათ შეგავედრებ დღედაღამ
და მსხვერპლად შავეწირები.
ძალიან სწყალობს უფალი
თამარს, ქეთევანს, ნინოსა,
ნუთუ იმათი ვედრება
ღმერთმა არ შეისმინოსა?
რაც ვიყავ სააქაოსა,
იქითაც იგივ ვიქნები.
ლეში თუ გაცამტვერდება,
სულით არ გარდავიქმნები.
ანდერძს გიტოვებთ: მგოსნობის
ვისაც გჭირსთ გულის ფრიალი,
სახელის მოხვეჭისათვის
გამოგიცლიათ ფიალი,
დიდიცა გქონდესთ გულშია
თავის სამშობლოს ტრფიალი!
უმისოდ სახელის ძებნას
ეცდება ოხერ-ტიალი.