სტანსები

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
სტანსები
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


აქ დაიდგმება პოეტის ძეგლი,
ბავშვები მოვლენ შენი წიგნებით,
იქნება, ბევრი რამე იქნება -
მხოლოდ ამ ქვეყნად ჩვენ არ ვიქნებით.

ცხოვრებისაგან დაჭრილი ლომი,
ეხლა რომ ოხვრით შამბში ვარდება,
სხვა ისტორიის წინაშე მდგომი
აქ სხვანაირად აღიმართება.

ეხლა კი ხელი მივცეთ ერთმანეთს,
ხომ მოგვივლია ხმელეთი, ზღვები...
ოჰ, მომავალო, შენ ერთი მაინც
არ იტყვი, როგორც იტყვიან სხვები!

რესურსები ინტერნეტში[edit]