სარკმელთან

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
სარკმელთან
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


სარკმელთან ვდგევარ. მალე, სულ მალე
სევდიან ჰანგებს დავუგდებ მე ყურს;
მოვა მოხუცი ძალმილეული
და ააკვნესებს ჩემს კართან ფანდურს.
გადიფრენს თვალწინ ძველი ოცნება,
შეიკუმშება მღელვარე გული,
რომ არასდროს არ განმეორდება
დრო ბედნიერი, დრო დაკარგული.
ამ საშინელი მარტოობის გზას,
სამარისაკენ მიმავალ გზამდე
გავყვები დაფნით და ყვავილებით,
მაგრამ როდემდის, მაგრამ სანამდე?
სარკმელთან ვდგევარ. მალე, სულ მალე
სევდიან ჰანგებს დავუგდებ მე ყურს;
მოვა მოხუცი ძალმილეული
და ააკვნესებს ჩემს კართან ფანდურს.

რესურსები ინტერნეტში[edit]