ოცნება

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ოცნება
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1903 წელი


ორივე ხელის იდაყვები მაგიდაზე დაეწყო, ორივე პირისთვის მიებჯინა. თმაგაწეწილი იჯდა და ტიროდა, ცრემლი ღაწვებიდან დაწყებული ხელებზედაც კი ჩამოსდიოდა. უცბად თავს წავადეგ, შევკრთი, თავი ვერ შევიმაგრე; ვიდრე ტირილის მიზეზსა ვკითხავდი, მე თითონაც ტირილი დავიწყე, იმის ცრემლების დანახვამ მეც ამატირა, – მიყვარდა და იმიტომ. როცა მეც ტირილით გული მოვიოხე, კისერზე ხელი გადავხვიე და ვკითხე: – რა გატირებს, ჩემო კარგო, ჩემო სიცოცხლევ?!.
– მეც არ ვიცი, მინდა ვიტირო, ჩემმა ფიქრმა ამატირა. ვიფიქრე, ვიფიქრე და ბოლოს დავიწყე ტირილი, – მიპასუხა მან და თან ცრემლები მოიწმინდა.
– რას ფიქრობდი? რა გაქვს საფიქრალი?
– მეც როდი ვიცი, არ ვიცი. მხოლოდ ის, რომ… – და გაჩუმდა, ღრმად ამოიოხრა, მწუხარე თვალებით შემომხედა. იმის თვალების მაშინდელი გამომეტყველება გულში ჩამებეჭდა და არც დამვიწყებია…
ამ დროს ცამ საშინლად დაიჭექა, ისე საშინლად, რომ მთელმა სახლმა ზანზარი დაიწყო. მე პირჯვარი დავიწერე. ღამე იყო. დაუშვა ხშირი წვიმა. წვიმის ჩქამი შინ გარკვევით გვესმოდა. ჩვენ ორივემ ყური ბუნების მოვლენას დავუგდეთ და სასაუბრო საგანი დაგვავიწყდა. კრამიტებიდან ჩამონადენი წვიმის ცვარი ფანჯრების წინ წკაპწკაპებდა, თითქო რაღაცას ამბობდა; ისინიც საუბრობდენ ერთმანეთთან და ჩვენც გვესაუბრებოდენ; არ გვეყურებოდა, მაგრამ სასიამოვნო იყო მათი საუბრის ერთფეროვანი კილო, საიდუმლოებით მოცული. მეორე საიდუმლოებამ პირველი დამავიწყა, ამას უფრო დავუკვირდი.
– გვიკვირს? რად გვიკვირს? ეგრე ყოფილა წინათ, ეგრევე იქნება მომავალში. ზამთარი ზამთრად დარჩება, გაზაფხული – გაზაფხულად და ზაფხულიც იგივე იქნება, რაცა ყოფილა და არის, ხოლო ჩვენ… ჩვენ აღარ ვიქნებით. ჩვენ წავალთ ამ სოფლით, გავქრებით, გავნაცარმტვერდებით; ბუნება კი იქნება უცვლელი, როგორც ყოფილი… – სთქვა მან და თავი დაბლა დაჰკიდა.
– იქნება, იმიტომ სტირი, ჩემო ტურფავ? მადლობა ღმერთს, თუ იმდენად ბედნიერნი ვართ, რომ სიცოცხლე არ გვეთმობა… – ვუთხარი მე.
– არა, ჩვენ ბედნიერები არცა ვყოფილვართ და არც ვიქნებით… უბედურნიც ამასვე იტყოდენ, რასაც მე ვამბობ… ეხლა მე წავალ და შენ კი იშრომე, იშრომე! შრომა და სიყვარული აძლევს შნოს და ლაზათს ადამიანის სიცოცხლეს.
– წასვლა როგორ იქნება? წვიმაა, შეხე, როგორ კოკისპირულადა სწვიმს.
– მინდა დავსველდე, მიყვარს წვიმას ქვეშ ყოფნა, – სთქვა მან და წამოდგა ფეხზე. – ნახვამდი, ვნახავთ კიდევ ერთმანეთს… იშრომე, იშრომე! ეგ არის ჩემი ანდერძი, ეგ იქნება მხოლოდ წამალი შენის დარდისა და ვარამისა.
კარებთან რომ მივიდა, მოიხედა ჩემკენ, ატირდა და სთქვა:
– ნახვამდის!
სწრაფად გავარდა კარში და თან კარები მიიხურა…
– მეც წამიყვანე, მეც!.. მეც მინდა დავსველდე, მეც მინდა წვიმაში ყოფნა, შენთან ერთად!.. თუნდა ჯოჯოხეთში!.. – ვამბობდი მე, მისკენ ხელებგაპყრობილი, ვცდილობდი თან გავყოლოდი, მაგრამ ვერ ვინძრეოდი, ვიდექი ერთს ადგილას გაშეშებული, დალურსმულივით დავრჩი, ვეღარც წინა ვდგამდი ფეხს, ვეღარც უკან… ენაც გამიშეშდა.
ვსდუმვარ. ვხედავდი ფანჯრიდან, ჩვენს ეზოში რომ დიდი ლოდია, იმაზე იჯდა მტრედივით, თვალები ცისთვის მიეპყრო დაშტერებით, სწორედ ისე, როგორც მე იმას ვუცქეროდი. მინდოდა რამ მეთქვა: ვერ ვამბობდი ვერაფერს, მინდოდა მეთქვა: „ქალო, წამო შინ, დაჰსველდები, გასცივდები, ავად გახდები!“ – მაგრამ ენა არ მემორჩილებოდა.
ამოვარდა საშინელი ქარი, წამოშოლტა ხეები და მიწას გააკრა. წვიმის ცვარები სეტყვასავით მკვეთრად სცემდა ფანჯრების შუშებს. გამოურკვეველი გუგუნი ისმოდა, ძალაუნებურად გაფიქრებინებდა: წარღვნის დღე ხომ არ დადგაო… მოიწყო ჩიტების გუნდმა მოდენა: ერთს რიგობას მეორე მოსდევდა, ქარს მოჰქონდა ესენიც წვიმასთან ერთად, და განუწყვეტლად ისმოდა ჩიტთა ჟივილი… ჟჟჟ… ყველა ეს თავის საიდუმლოებით შიშის ზარსა მცემდა… ჩემს ძარღვებსა და სისხლში ჭიანჭველების გროვა ირეოდა. იგი იჯდა უნძრევლად, შეუპოვრად, თვალს არ აშორებდა ცის სივრცეს. მხოლოდ მის გრძელს, გაწეწილს თმას აბრიალებდა ქარი.
უეცრად განათდა მთელი მიდამო, წვიმის ცვარები ცეცხლის ნამად იქცნენ. ცეცხლის კაცები გაჩნდენ, ქალს ხელი სტაცეს და გაჰქრნენ ცაში…
„რას სჩადით, რას? ვინა ხართ, რა ხელი გაქვთ მაგასთან?“ – ვამბობ ჩემთვის გულში, რადგან პირი დაკეტილი მაქვს და ხმის ამოღება არ ძალმიძს. მუხლები მომეკვეთა. პირქვე წავიქეცი და ბალღივით ტირილი დავიწყე… ვტიროდი, დიდხანს ვტიროდი… სიმღერა მესმის. მხოლოდ მაშინ ავიხედე; მშვენიერ ყმაწვილთა ქალთა და ვაჟთა – გუნდი მედგა თავზე და ტკბილის ხმით მღეროდა… იმღერეს კარგა ხანს… მეც ყურს ვუგდებდი… ბოლოს? ამ ტკბილმა ხმამ დამაძინა. და რომ გავიღვიძე, მთელი სახლი წვიმის წყალს აევსო, მაღლიდან ჩამოდიოდა, მგალობელთა გუნდი გამქრალიყო და ბაყაყები დახტოდენ ტახტზე, ფანჯრის თავებზე. აქ ყოფნა შეუძლებელი იყო. გავიქეც თავის სახლიდან, მივრბივარ თავგადაგლეჯით; მაშინებს საკუთარი ბინა, საკუთარი სიცოცხლე. გავცდი მინდორს, შევედი დაბურულს ტყეში… ჩემს წინ ბილიკია… ჩემს წინ მირბიან პატარა, პაწაწინა ბალღები და მიტირიან… „მოიცათ, მოიცათ!“ – ვუძახი. არ მიგდებენ ყურს, მირბიან, რაც ძალი და ღონე აქვთ… მინდა დავეწიო, ვერ ვეწევი… დავიღალე, სულის მოსაბრუნებლად დიდის ჭანდრის ქვეშ დავჯექი. ისევა წვიმდა, ბილიკი სველი იყო. ბნელოდა. ტყეში მგლებისა და ტურების ჩხავილი ისმოდა მხოლოდ… ახ, ის პატარეები, ვინ იცის, რა მოუვათ?.. მაგრამ აი კიდევ საკვირველება: ტყე უზარმაზარ ქალაქად იქცა. მე ერთის ტაძრის წინ სკამზე ვიყავ მოთავსებული: მოდის აუარებელი გლახაკთა გროვა, კაცი და ქალი, მოხუცნი, ბრმანი, კოჭლნი, საპყარნი და იძახიან: „ღვთის გულისათვის, მოიღეთ მოწყალება!..“
– მოიდათ დევი! – დაიძახა ვიღაცამ.
მართლაც მოედანზე გამოჩნდა უზარმაზარი ტანის კაცი, თან თავის ლაშქარი მოსდევდა, ხელში მახვილი ეპყრა; ფარცხივით დიდი წვერი მთელს მკერდს უფარავდა, მისი მსხვილი საცერივით თვალები ცეცხლს აკვესებდენ.
– სიკვდილი მაგათ! – დაიძახა მან მედგარის ხმით. – არ გაუშვათ ერთი ცოცხალი, ქვეყანაზე უბედურება მაგათგან არი!.. გაავლეთ მუსრი!..
უფროსის ბრძანებას დაემორჩილნენ მისნი მხედარნი და ჰმუსრავდენ გლახაკთა. გოდებისა, მუდარისა და კვნესის ხმა ცასა სწვდებოდა… სისხლი წყალივით იღვრებოდა… საშინელება იყო. თვალით ვინ ჰნახავდა ამ უბედურებას! გავეშორე იქაურობას. მივრბივარ ისევ… მივრბივარ… თუნდა კლდეზე გადავვარდე, თუნდ წყალში ჩავვარდე… ნუ ვნახავ ამ სურათს… ააახ!.. არ მინდა მოვიხედო უკან, აღარ მინდა ვნახო ეს ქვეყანა… სად წავიდე, სად?.. მივრბივარ, წინ მივიწევ…
შორს წავსულვარ, ქალაქი აღარც კი სჩანს თვალით. მინდორია. ზედ ხალხი ირევა. ბარისა, ქარჩისა, წერაქვისა, ნიჩბების წკაპაწკუპი ისმის… ვუცქერი: საფლავებს სთხრიან… საფლავებს ადამიანთათვის… უნდა ხალხი დაფლან, დამარხონ… აახ, ღმერთო!.. კიდევ გულსაკლავი სურათი? აღარ მინდა ამგვარი სურათები, სხვა მაჩვენე, კარგი, გულის სალბუნო; მაჩვენე მდელო, ყვავილებით მორთული, იქ მოსეირნე იგივე ხალხი, მოსეირნე, მომლხენი და მოკისკისე! არ მინდა დავინახო საფლავის მთხრელნი, არ მინდა საფლავების ნახვა, მეჯავრება!.. გვერდზე გავუარე, გავსცდი. იმათ კიჟინა დამცეს. მე ყური არ ვუგდე… ბრიყვები! სულელები!.. რაც ჰნებავთ, ისა სთქვან, რაც უნდათ, ისა ქმნან!.. მე მაინც მივრბივარ წინ, გულმტკივნეულს ფეხებიც მტკივა… პირდაპირი ქარი მიბერავს, წვიმასთან ერთად მინდვრის მტვერს მაყრის თვალ-პირში და მაბორიალებს. უკანიდან ვიღაცამ ხელი მომკრა კისერში, ჩოხის კალთა დამიჭირა:
– საით? საით? დადექ, მოიცადე, სად მირბიხარ?
მოვიხედე. ღმერთო, ეს რასა ვხედავ? ნუთუ ოცნება, მოჩვენებაა?
– შენა, ჩემო სიცოცხლევ? მე შენ მკვდარი მეგონე. ცეცხლის კაცებმა რომ გაგიტაცეს, ის მახსოვდა, მე უბედურმა ვერაფერი გიშველე.
– არა, – მიპასუხა იმან, – მე ისევ ცოცხალი ვარ.
მინდა მოვეხვიო, მინდა დავუკოცნო ხელები, ფეხები, ტურფა სახე და თვალები.
– ჩემო კარგო, შენ?! გხედავ კიდევ თვალით?..
– ნუ მოხვალ ახლო, ნუ! – მიპასუხა მან და გადგა განზე, – დავბრუნდი, უკან დავბრუნდი, სირცხვილია, სად გარბიხარ? დაბრუნდი, დაბრუნდი, ჩქარა, არ დაიგვიანო!
სთქვა რა ეს, ქალი მიბრუნდა და ერთ წამს მიმეფარა თვალთაგან. იქ სად წავიდე, ვისთან? ჩემ სატრფოს დავანებო თავი და ვიხეტიალო ცარიელს სივრცეში? მეც დავედევნე თან.
– მოიცა, ჩემო სიცოცხლევ, მოვდივარ, დამიცადე! ეხლავე მანდა ვარ, ეხლავ, ამ წუთას! – გამოვუდექ უკან, მუხლებში ერთი-ორად მეტი ძალა მომეცა, – სად დამემალე, სად? მინდა შენთან ვიყო მეც! – მივსდევდი და თან ბავშვივითა ვტიროდი. იქნებ ვეღარა ვნახო?..
ხალხი ირევა ერთმანერთში, როგორც ფუტკრის მართვე. ჟრიამული ისმის, ტრიალს მინდორზე ორი ბოძი მოსჩანს, თავში ერთის მორით გახიდული.
– რაა ეს?
– სახრჩობელაა.
– ახრჩობენ? – ჰკითხავს ერთი მეორეს…
– ეხლავე დაახრჩობენ. აგერ ჯალათი მზად არის, – უპასუხებს მეორე.
– რა დაუშავებია? – ჰკითხულობს მესამე.
– ბევრი რამ, ბევრი, – უპასუხებს მეოთხე.
– სად არის, რომელია? დამანახვეთ ერთი! – ამბობს მეხუთე.
– აგერ, აგერ, როგორ ვერ ჰხედავ? – უპასუხებენ მას გროვიდან.
ამ დროს მეც იქით მივიხედე, საცა გროვა უჩვენებდა, და დავინახე: ის იყო… ჩემი… ჩემი სიცოცხლე… იგი ამაყად იდგა, წარბს არ იხრიდა… ჯალათმა ხელი მოავლო და წაუძღვა წინ, მიჰყვანდა სახრჩობელაზე… მე ცეცხლად გადვიქეცი, თვალების წინ დამიბნელდა: „უნდა მოვკვდე, მანამ მაგის სიკვდილს ვნახავ“. აი, რას ვამბობდი, – „რას სჩადით, უსამართლონო, რასა, მტარვალნო?“ – ამას ვიძახდი და მივარღვევდი გროვას… აღარ ედვა ჩემს ენას ბორკილი. მუხლები და მკლავებიც მემორჩილებოდა… ყველამ თვალები მე მომაპყრო… და სწორედ იმ დროს, როცა ჯალათისათვის უნდა მეტაცა ხელი და ბრჯღალებით ვცემოდი სახეში, დარაჯმა მახვილი დამკრა და უგრძნობლად დავეცი. მხოლოდ ეს გავიგონე, ხმა გაისმა მედგრად ხალხისა:
– გადარჩა, გადარჩა, სამჯერ გაწყდა თოკი!..
მეც თვალები გავახილე… გაქრა სიზმარი… გაქრა ოცნება… ხელში ბარათი მეპყრა და ზედ მსხვილი ასოებით ეწერა: „ქვეყნის ერთგულნო, იშრომეთ!“