ორაგულის ცხოვრება

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ორაგულის ცხოვრება
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1912 წელი


არაგვის წიაღზე

I

– ძლივს, მადლობა ღმერთსა! დაილოცა ღმერთი, რომ მშვიდობით მოვაღწიეთ. მშვენივრად ვგრძნობ ჩემ თავსა. დავისვენე სულიერალ, დაისვენა სხეულმაც; ბედნიერება უფრო იმის გამო მიათკეცდება, რომ გზა-გზა რამდენსამე ხიფათს გადავრჩით უვნებლად, მშვიდობიანად. საშიშროება კი არც აქ გვაკლია. მინდა გულით იმ ლოდს ქვეშ შევცურდე და იქაური წყალი შევისუნთქო; თუმც დალოცვილია არაგვის წყალი, ერთი იმისი წვეთი ჩემთვის ბედნიერებაზე ბედნიერებაა, მაინც იმ ლოდს ქვეშ განსაკუთრებით ბედნიერად ვგრძნობ მუდამ ჩემ თავს და ვერ გამიბედია იმის გამო, რომ წყეული წავი შემხვედრია მანდ ხშირად და მხოლოდ ღვთის განგებას გადურჩენივარ. მაინც და მაინც როგორ შეედრება ზღვაში ცხოვრება აქაურს?!. აქაური ერთი წამის სიცოცხლე მირჩევნია მთელი წლის იქაურ ცხოვრებას. შეიძლება ამას იმიტომაცა ვგრძნობდე, არაგვი იმიტომ გვიყვარდეს, აქა ვარ დაბადებული, ჩვენი მშობელი დედა არაგვია; – სახელიც ორაგული არაგვისაგან დაგვრქმევია. მიხარიან, მე და ჩემმა ღმერთმა, რომ სხვა სახელი არა გვქვიან.
– არ შემიძლია გამოვსთქვა, აგიწერო ჩემი უძლური ენით, როგორ მიყვარს თვითეული ლოდი, რომელიც წინ გვეხეჩება, – თვითეული ჩანჩქერი, ტანზე რომ ალმასის შოლტად მხვდება და სულსა და გულს უაღრესის სიამოვნებით, ბედნიერებით ავსებს, – ეუბნებოდა დედალი ორაგული მამალს, რომელიც იმის შორიახლოს იდგა პირაღმა ჩვეულებისამებრ და ხარბად ჰხაპავდა ლაყუჩებით არაგვის წმინდა, ანკარა, გემრიელ წყალსა.
– არა სტყუი, თაფლი და შაქარი შენს პირსა! ფიცი რად უნდა? სად მლაშე ზღვის წყალი და სად ეს უკვდავების წყარო! მთელი ერთი კვირაა, რაც მტკვარში შემოვდგი ფეხი: სულ სხვასა გრძნობს ჩემი სული და სხეული და აქ ხომ სრულ ბედნიერებას განვიცდი. ოღონდაც დღესდღეობით ჩვენ, ჩემო კარგო, ბედნიერები ვართ, თუ ეს ბედნიერება არ ამოგვშხამდა; ვინ იცის – ერთი მოიგიჟიანოს თავი ცამა და დაუშვას კოკისპირული წვიმა და მთებმაც გამოგზავნოს პირქუში, დაღვრემილი ღვარები, მოსქდეს მიწის ზვავები, დაგვიწყოს არაგვმა ქვისა და ნათოსის სროლა. შარშან განა ცოტა ორაგულები დახოცა ღვარმა?! ყველა დაღუპა, ვინც კი ვერ მოასწრო წმინდა, აუმღვრეველ მდინარეებში შესვლა, თავის მოფარება. მე და შენ რომ ვანხეურაში არ შეგვესწრო, ისევე აგვევსებოდა ლამით, მიწით პირი და თვალები, როგორც ეს დაემართა მრავალ ჩვენ ნათესავს და თანამოძმეს; დაიღუპნენ საწყლები… მაგრამ, მადლობა ღმერთსა, უფალს დაუდვია წესად: სიცოცხლეს სიკვდილი სდევს თანა, ხოლო ბედნიერებას – უბედურება; მხიარულებას – დარდი, ნაღველი, – სთქვა მამალმა ორაგულმა.
– მოხვედით მშვიდობით, მოხვედით მშვიდობით, ძმობილებო, მეგობრებო: როგორ ძვირი სანახავი გაჰხდით?! – მიესალმა ორაგულებს ჭანარი.
– მშვიდობა მოგცეს ღმერთმა, კეთილი იყოს ჩვენი მოსვლა და შენი დახვედრა. სხვაფრივ როგორ გიკითხოთ, ჭანარო, ჯავარო, არავო, თევზთა მფარველო კარავო?! – მიესალმნენ ჭანარს თავის მხრივ ორაგულები. – როგორ სცხოვრობ, მტრიანობა, შიშიანობა ხომ არ არის?
– ეჰ, მადლობა ღმერთსა, დღემდის კარგად გახლავართ: არაფერი მიშავს, საზრდოც არ მაკლია და არც დავიკლებ, სოფელი ღონიერია – თუ კაცი გონიერიაო, – ხომ გაგიგონიათ, ჩემო კარგებო?! – ასე, მტერიც არ დაელევა ჯერ ცოცხალ ადამიანს და მერე ჩვეულებრივ გემრიელი ხორცის პატრონს თევზს ხომ, რაღა თქმა უნდა, – ყველას ჩვენსკენ უჭყეტია თვალები. – კაცები თავისთვის იყოს, ეს წავები, წავები, ეს ცეცხლში დასაწვავები. – შინაური მტერი საშინელებაა, – იქვე შენს მიდამოში მცხოვრებელი, – წარმოსთქვა ჭანარმა და თანაც თვალი იქით მიაპყრო, სადაც მურწა დაემალა.
– წავზე უარესი მტერი ჩვენ ადამიანი გვყავს. რამდენნაირი მანქანა აქვს გამოგონილი ჩვენს შესაპყრობად. არა გაქვს დაკვირვება? ნუთუ არ იცი? ჩვენ, ორაგულები, ძალიან ნაწვნევები ვართ და სწორედ განგების ძალით გადავარჩენთ ხოლმე თავს ამ მანქანებს. აბა იფიქრე, რამოდენა მანძილი უნდა გამოვიაროთ ზღვიდან აქამომდე და თითო ფეხის გადადგმაზე ასი და ათასი მტერი გვიცდის. ზოგი ჩანგლით, ზოგი თოკით, სხვა ბადით; ეს სასროლი ბადე ვარო, ეს მოსასმელიო; მცხეთელებს, გარდა ამისა, რომ ფაცერს გვიდგამენ იქ, სადაც არაგვი ერთვის მტკვარს, შემოუღიათ სხვანაირი, გუდულის მზგავსი ბადეები, რომელსაც საორაგულე ბადეს ეძახიან. გაუგიათ, შეუსწავლიათ ჩვენი ზნე; იციან კარგად, რომ ორაგულნი, როცა წყალი ადიდდება, ქვა და ნათოსი მოაქვს, მაშინ პირაღმა ნაპირზე ვდგებით; საშიშროებას ვერიდებით, მეთევზეც მოაყოლებს ამ ბადეს ზევიდან თავქვე, რომ გუდულაში თავი ჩაგვაყოფინოს და შემდეგ მშრალზე ტყაპანი გაგვადინოს. მე პირადად ორჯელაც გავები ამ ხაფანგში, მაგრამ მალე ამოვუხტი, მოვასწარი ამოსვლა, ვიდრე მტერი მოასწრებდა ბადის ამოღებას მდინარიდან და მშრალზე გადატანას.
– ახლა ადვილად აღარ გავებმი ბადეში: ხერხი ვისწავლე, როგორ ვუშველო ჩემ თავსა, – სთქვა მამალმა ორაგულმა.
– მაგნაირ ბადისა მე არაფერი ვიცი; სხვა ბადეებიც მაგრერიგად არ მაშინებს, გარდა მოსასმელისა; ჩანგლებს ხომ მაშინვე გადავლეწავ. ერთის ჩანგლის ნამტვრევი ჯერაც ლაყუჩში მაქვს დარჩენილი; წინად მიშლიდა და ახლა აღარც კი ვგრძნობ, თუ რკინეული რამ მაქვს დარჩენილი, ისეთნაირად გაიკეთა ბუდე ჩანგლის ნატეხმა და არის თავისთვის, მე არაფერსაც არ მიშლის, – სთქვა ჭანარმა.
– ეგ ჩანგალი არაფერი, ქაჯან; აბა ჩანგალი ის არის, აქ რომ მთის ხალხს სცოდნია; აი ნახეთ: ტანზე კიდევაც მეტყობა იმისგან იარა. ნუ გგონიათ, რომ ის პირში მოგედოსთ, არა. მე ვნახე ისა და კარგად დავისწავლე, როგორც იყო გაკეთებული. დიდი, სქელი ჩანგალია, იმის გატეხა შეუძლებელია: გრძელ ხის ტარზეა დაგებული და მანამ ტანზე არ გიჩხვლეტავს, თვალით ვერც კი დაინახავ, რადგან მისი პატრონი მხოლოდ მაშინ ამუშავებს, როცა წყალი მღვრივეა, – სთქვა დედალმა ორაგულმა.
– თუ არაფერი სჩანს, მაშინ კაცი საიდანღა გხედავს წყალში? – გააწყვეტინა სიტყვა ჭანარმა.
– ჯოხით, სახრით, დობილო! მე კარგად მახსოვს, რომ სახრის წვერი ბარე სამჯერ მომხვდა ზურგზე და მერე ჩანგალმა მიჩხვლიტა გვერდში. დაილოცა ღმერთი, რომ გეზად მომხვდა ჩანგალი და მხოლოდ ტყავი ამაგლიჯა, გავუსხლტი და გავვარდი იქით ნაპირზე, თორემ ჩემი საქმე ცუდად იქნებოდა და ამ ამბავს ვეღარ გიამბობდით, ჩემო კარგო!..
– ფხა, ალმასია საჭირო ძარღვებში, რომელიც არ გაკლიათ ორაგულებს და არც ჭანრებს. მაშ ჩვენა და ლოქო ერთი ვართ? თავის დღეშიაც არა. მე ჩემის თვალით მინახია, როგორ მოსდებია ლოქოს ჩანგალი, და ის კი გატრუნულა, როდი გაინძრევა – გასწევს მეთევზე თოკს და ისიც ხესავით მისდევს თანა; მე კი, კვეხნით არ ვიტყვი, სულ დავგლეჯავ იქაურობას და იმდენს ვეცდები, რომ თავს გავითავისუფლებ: გავანძრევ-გამოვანძრევ, გავკრავ-გამოვკრავ და ამასობაში ან ლაყუჩი გაიხევა, ან ჩანგალი გატყდება, და თავს ვუშველი. ლოქო უბედურია, უბედურზე უბედური. მარტო ჭამაში აქვს შნო, სხვა არაფერში, – ამბობდა კვალად ჭანარი.
ორაგულები და ჭანარი რომ ბაასში იყვნენ დიდი მორევის წინ, რომელსაც ყვითელი კლდე თავზე დაჰხედავდა და ზედ კლდის თავზე კი ცაცხვი და მუხა იყო მოსული, – სრიალით სცილდებოდენ ფიჩხულები, კაპუეტები, მურწეები, ნაფოტები და გველანეები. ხოლო იქვე ქვის ქვეშ კალმახები გამოიცქირებოდენ და დასცინოდენ მოსაუბრე ჭანარს და მის ამხანაგებს: – რა ვაჟკაცები ხართ, რა ვაჟკაცები! მოიცათ, ქაჯან, რა გაჩქარებთ: ზოგი ბიჭობა შემოდგომაზე დაიკვეხეთ, როცა საბარად გაემგზავრებითო! – ამბობდენ კალმახები ღიმილით.

II

ორაგულები ღმერთსა სთხოვდენ: „ღმერთო, გვაშორე ღვართქაფი, ნუ აადიდებ არაგვს ისე, რომ სუნთქვა გვიძნელდებოდეს და ვიხრჩვებოდეთო!“ ხოლო ფშაველი ბეწინა, განთქმული მეთევზე, სულ წინააღმდეგსა ნატრობდა; ნატრობდა ისე ამღვრეულიყო არაგვი, რომ კუპრს დაჰმსგავსებოდა, რადგან ეს იმისათვის ხელსაყრელი იყო. გაიქცეოდა არაგვზე, ხელში ჩანგალს და სახრეს დაიჭერდა და დაუწყებდა ძებნას ორაგულს. ბეწინამ კარგად იცის, რომ ორაგული თავის დღეში პირთავქვე არ დადგება, არამედ პირაღმა დგას მუდამ, და სახრესაც იმ ყაიდაზე უსვამდა, რომ მოსდებოდა, რომ შეჰხებოდა ორაგულს; სახრის შეხებით ისე ატყობდა, როგორც ხელით, – სახრეს თავისკენ უსვამდა, როცა სახრე „შევარდებოდა“ ორაგულზე, იმას სახე უბრწყინდებოდა და ჩანგალს იმარჯვებდა, მაგრამ თავისთავს არ ენდობოდა: ერთხელ კიდევ მოუსვამდა სახრეს, რომ შეემოწმებინა სინამდვილე. როცა კი დარწმუნდებოდა, რომ მართლა ორაგულია, ვარაუდით, „ანდით“ – როგორც თავად ამბობდა, გადააწოდებდა ჩანგალს, გამოჰკრავდა, ჩანგალი გვერდში მოედებოდა ორაგულს და რკალივით მოხრილს გამოათრევდა მშრალზე. ბევრჯელ დაჭრილიც წასვლია ბეწენას ორაგული. ბევრჯელ პირველად სახრის მოსმაზე შეჰხვედრია ორაგულს, ხოლო მეორედ რომ მოუსვია სახრე, ორაგული იქ აღარ დახვედრია. ეს უფრო მაშინ მომხდარა, როცა არაგვი კარგად არა ყოფილა ამღვრეული. როცა წყალი ძალიან მღვრივეა, გამარჯვებული მაშინ არის ბეწინა. ახლა როგორ უხარიან ბეწინას, როცა ორაგულს დაიჭერს, წელში გაიშლება, ამაყად, თავმომწონედ გამოიცქირება, თუმცა თავმოსაწონებელი, რომ კარგად იცოდეს, არაფერი აქვს. ერთფუთიან ორაგულს 3 – 3 მან. 50 კ. ჰყიდის ადგილობრივ დუქნებში. შემოდგომით ხომ ამ ფასსაც არ მისცემენ, რადგან ორაგული მაშინ „სთხრის“, ე. ი. ქვირითსა ჰყრის, ავადმყოფია, მელოგინე: ბოლო ქვებზე და ქვიშაზე ცემით ძლივსღა ეტყობა, ისე აქვს გალეულ-გაცვეთილი, კბილებდამტვრეულ საჩეჩელს მიუგავს. კიდევ კარგი, თუ მამალს ორაგულს შეჰხვდა მაინც, ის არც გამხდარია და არც ბოლო აქვს გათახსირებული, რადგან მამალი ორაგული ქვირითს არა ჰყრის და მხოლოდ დედალ ორაგულს მშობიარობის დროს თვალყურს ადევნებს, სდარაჯობს. მაგრამ მამლის მოკვლა ადვილი არ არის.
ორაგული თხრას იწყებს შემოდგომაზე, სექტემბრის ნახევრიდან. ხალხში თქმულებაა: ხარი ირემი და ორაგული დაჯაბრებული არიან და ცდილობენ ალავერდობას (დღეობა კახეთში), რომ ერთმა მეორეს დაასწროს, ირემმა „იყვიროს“, ხოლო ორაგულმა „ბოლო გაიქნიოს“, ე. ი. ქვირითის ყრას შეუდგეს. მკითხველმა, რა თქმა უნდა, იცის, რომ ქვირითიდან ორაგულები ჩნდება. თუ ორაგული ყველა ჯურის წვრილ თევზსა ჰყლაპავს და აჩანაგებს, სამაგიეროდ ეს წვრილი თევზები ქარავნად ამ დროს ორაგულს თან დასდევენ და ძალიან ბევრს ქვირითს უჭამენ. ორაგულის ქვირითს უფრო კალმახი ემტერება. ორაგული ამას ჰხედავს, კარგად ჰგრძნობს და ალბათ იმიტომ ჰმალავს წყალში, ქვიშაში და ქვებში ჰფლავს ქვირითს, რომ ადვილად არ შეუჭამონ თევზებმა. ქვირითს, როგორც ორაგული, ისე ყველა თევზი, გორაობით იშორებს; მაგრამ როგორც ორაგულმა იცის ამოჩემება ერთი ადგილისა ქვირითის დასაყრელად, ისე არც ერთმა სხვა ჯურის თევზმა არ იცის და ამიტომ საცა ორაგულის ნათხარია, იქ ღრმა ორმოა გაკეთებული, დიდრონი ქვებია ხახუნით, ზედ ქნევით გადაბრუნებული. შემოდგომით არაგვი წმდება (წმინდავდება) და ამ ორმოებს გამოცდილი თვალი ძალიან ადვილად იპოვნის წყალში, ხოლო ორაგულს მუდამ ვერ შეჰხვდებით მის ნათხარში; იგი დროდადრო გაჩნდება ამ სათხრელ ორმოში, უფრო ღამე და დილით, როცა პირველად მზე მოჰკრავს და სხივებს მოაფრქვევს იქ, საცა ორაგულის ნათხარია; დანარჩენ დროს დაცურავს შორიახლოს, ეძებს საზრდოს, თუმცა ამ დროს ქვირითი მაინც მოსდის ტანიდან. ორაგულის მელოგინეობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, გრძელდება სრულ ერთ თვეს. მეთევზე ბეწინას შესწავლილი ჰქონდა ორაგულის „ნათხარი“ და ღამღამობით „ავლებდა თვალს“. სანათად თან ჩრაქვს (არყის ქერქი) ატარებდა; მეორე ამხანაგი მიუნათებდა, რომ გაეგოთ ორაგული ნათხარში იყო თუ არა. თუ მოასწრობდა ნათხარში, მაშინ იღბალი ბეწინასი: დასცემდა ბარჯსა ზევიდან და მოჰკლავდა. მაგრამ ბეწინა მარტო ამ გზით თევზაობას არა სჯერდებოდა, ოქტომბერში იგი ფაცერსაცა ჰმართავდა, საორაგულე ფიცარს, რომელიც მხოლოდ დედალ ორაგულებს იჭერდა, რადგან მამლები ბეწინას გაკეთებულს ლასტებზე ზედა ხტებოდენ. ბეწინას უკვირდა, რომ მამალს ორაგულებს ვერ იჭერდა და არც იცოდა ეს გარემოება რით აეხსნა იმ დრომდე, ვიდრე ერთხელ ღამე ლაყუჩებით ლასტზე დაკიდებული ორაგული არა ნახა; მაშინღა მიჰხვდა, რომ დედალი ორაგულები დასუსტების, გამხდრობის გამო თურმე ცვიოდენ ბეწინას ნაოსტატარ ფაცერში, რადგან ჯანი აღარ მოსდევდათ მამალ ორაგულებივით ლასტებზე გადამხტარიყვნენ.
ბეწინას ახალი დრო ვერ აკმაყოფილებდა და ეს უკმაყოფილება უათკეცდებოდა იმით, რომ ძველი მოხუცი კაცებისაგან თითქმის დაუჯერებელი ამბები ჰსმენოდა. იმათ ტყუილს ვერ შესწამებდა, რადგან თავისი პირადი გამოცდილებაც იმას უკარნახებდა, რომ წინად, ძველ დროში აუარებელი უნდა ყოფილიყო ორაგული; თურმე პატარ-პატარა წყლებშიც კი იჭერდენ; ყველას, მდიდარს თუ ღარიბს ჯუფთად შენახული ჰქონდა ორაგულის ხორცი წლითი წლობამდე და დღეს რის ტანჯვა-წვალებით უნდა იპოვნოს თვით არაგვში ორაგული, რომ დაიჭიროს. გული ბრაზით ევსებოდა, რომ მუდამ წელს სულ ნაკლებს და ნაკლებს ორაგულსა ჰხვდებოდა და გულამოსკვნით წამოიტყოდა: „გასწყდა თევზი! ამ ოცი-ორმოცი წლის შემდეგ იქნება ორაგული თვალით დასანახავად გვენატრებოდეს. რაღაც სალიანს ამბობენ, ეს სულ იმის ბრალია. ნეტავი შემაძლებინა იქ მივსულიყავი და ისე მიმენგრივ-მომენგრივა, რომ თავის დღეში ვეღარ გაეკეთათ იქ ფაცერი, გამეღო თევზისთვის დაკეტილი კარი და თევზს თავისუფლად ემუშავა, გამრავლებულიყო!“ საშინლად სწყინდა ეს ბეწინას და დიდ, მიუტევებელ ცოდვად უთვლიდა იმათ, ვისგანაც ასეთი ბუნების დაჩაგვრა და იმის ძალთა შეზღუდვა მომდინარეობდა, საწყალი ბეწინა ტყუილად სისხლს იფუჭებდა. გულში იგუბებდა ბრაზსა და ნაღველს. სალიანის გამგებლებამდე მისი ხმა, გულის ზრახვა არა სწვდებოდა. გაღარიბდა წყალი თევზით, ტყე – ნადირით; ამას თავის თვალითაც კარგად ჰხედავდა, რწმუნდებოდა საკუთარის გამოცდილებით მთელი ორმოცი წლის განმავლობაში და ვერაფერსა ჰშველოდა თავის უძლურის ფიქრით და ჯანითა. რა სანახავია ტყე, თუ ნადირი არ იცის? – ჰკითხავდა იგი თავის თავს. – არაფერი, – უპასუხებდა თითონვე. ან წყალი რაღა წყალია, თუ თევზი არ იცის?! მეტადრე ის წყალი, ის მდინარე, რა მდინარემაც ორაგული არ იცის; ამიტომ მდინარე იორს, თუმც არაგვის ტოლაა, წვრილი თევზით მდიდარი, მაგრამ რადგანაც ორაგული არ იცის, იორს არაგვის ეხტიბარი, სახელი არა აქვს. – კურთხეულ თამარ მეფეს სდომებია ძალად გაეჩინა იორში ორაგული, ამიტომ დედალ-მამალი ორაგული ჩაუსმეინებია, თანაც ბოლოში ფაცერი ჩაუდგამს, მაგრამ ორაგულები ისევ უკან დაბრუნებულან და ფაცერში ჩაცვინულან. რატომ არ უნდა იცოდეს იორმა ორაგული? – ჰკვირობდა ბეწინა. – იორიც მთის წყალია, ქვებზე და კლდეებზე მოდის, სასმელად არაგვზე ნაკლები არ არის, მაგრამ არ იცის ორაგული და არა. რომ დაამწყვდიო, ორ დღეს ვერ გასძლებს, მოკვდებაო. გაიხსენებდა ძველ თქმულებას ორაგულზე, მაშინდელს, როცა თითქმის ხალხს არც კი სცოდნია, არა ჰქონია ხეირიანად გაღებული გემო ორაგულისა. ამ ამბავს ძველი თქმულება ასე მოგვითხრობს: ხევსურმა ორაგული დაიჭირა, მშრალზე დააგდო. ამ დროს ერთი ფშაველი წაადგა თავსა. თევზი ისევ ცოცხალი იყო, იხლახნებოდა, ინძრეოდა. ხევსური აბრიყვებს ფშაველს და ეუბნება: „შაგჭამს ორაგული, ფშაველო!“ და თან ხევსური უკან-უკან იწევს. ფშაველი არ იყო საქმის ხამი, მაგრამ ხევსურს ხამად აჩვენა თავი და ვითომ ეშინიან – ვაჰმე, ვაჰმეო, – იძახის. მიახლებს ხელს ორაგულს და თან უკან გადახტება. ხევსური კი უფრო უკან-უკან იწევს, რათა ფშაველს შიში გაუდიდოს გულში და შორიდან ეძახის: „ნუ, ფშაველო, ნუ ახლებ ხელსა, თორო შაგჭამს ორაგულიო“. მაგრამ ფშაველი ეშმაკი გამომდგარა ხევსურზე. როცა უნახავს, რომ ხევსური ვეღარ დამეწევაო, დაუტაცნია ორაგულისთვის ხელი და გაქცეულა; ჯერ თურმე კარგა ხანს ეძახდა ხევსური „შაგჭამს, ფშაველო, ორაგულიო“, რომ გაეგდებინებინა ხელიდან და როცა დაუტყვია, რომ ფშაველი ხელს აღარ უშვებდა, თუნდა ორაგულს კიდეც გადაეყლაპა, – თან ლანძღვა-გინებაც მიუყოლებია.
„აბა მაშინ იქნებოდა ბლომად ორაგული, მაშინ გაძღებოდა კაცის გული თევზაობითაო!“ – ამ სიტყვებით დაამთავრებდა ბეწინა ხევსურის და ფშაველის ამბავის მოგონებას.

III

ასე, მაისის ნახევრიდან დაწყებული გიორგობისთვის ნახევრამდე ორაგულები თავისუფლად, ბედნიერად სცხოვრობდენ მდინარე არაგვში. რამდენჯერმე წავმა დაუტია, მაგრამ უსხლტებოდენ ხელიდან, სიმარდე და მკვეთრი ცურვა ჰშვენოდათ; რამდენჯერმე გაუხახუნა ზურგზე ბეწინას სამონადირო სახრემ, მაგრამ წინად ნაწვნევები ჰგრძნობდენ საშიშროების სიახლოვეს, ფაცაფუცით გაცურდებოდენ მდინარის მეორე ნაპირს, საცა ბეწინას სახრე ვეღარა სწვდებოდათ. ორჯელ თუ სამჯერ ისე აიმღვრა არაგვი, რომ მიწისაგან კინაღამ დაიხრჩვნენ და თვალებიც კინაღამ დაეთხარათ, მაგრამ თავს იმით უშველეს, რომ მიატანდენ ამ დროს, ე. ი. როცა არაგვი იმღვრეოდა, წმინდა პატარა ხევებს, რომელნიც არაგვში ერთვოდენ და სულს იმათ შესართავში იბრუნებდენ.
დედალი და მამალი ორაგული ცალ-ცალკე სცხოვრობდენ, ვიდრე თხრის დრო არ დადგა, ამ დროს კი მამალი ორაგული დაფაცურებული იყო და დედალ ორაგულს თვალს არ აშორებდა, ხანდახან დედალი ორაგულის ლოგინში ისიც შეისეირნებდა, მოავლებდა თვალს, დაათვალიერებდა, თუ რამდენად ასრულებდა იგი თავის დედობრივს მოვალეობას. როცა კი დედალი ორაგული საზრდოს საძებრად გამოვიდოდა ნათხარიდან, მამალი ორაგულიც იმასთან შორიახლო იყო და ისიც დედალ ორაგულთან ერთად დასდევდა დასაჭერად წვრილ თევზებს. ორივენი თითქოს ჯავრს მით იყრიდენ წვრილი თევზებისას, რომელნიც დედალ ორაგულს ქვირითს უჭამდენ, ორაგულების ჩამომავლობის რიცხვს ამცირებდენ, აჩანაგებდენ. ქვირითიდან, რომელსაც ასე გულმოდგინედ ეპყრობოდენ ორივე დედალ-მამალი ორაგული, გამოიჩეკნენ პატარა ორაგულები, ჭიჭყინები; ისინი პირველ ხანში ძნელად გამოიცნობოდენ, თუ რომელ ჯურის თევზს ეკუთნოდენ.
აცივდა. ფიჩხულს და ჭანარს მოსწყინდათ არაგვში ცხოვრება: „თხრა“ იმათ უკვე ივნისში და ივლისში გაათავეს, მაგრამ ოქტომბრის გასვლამდე უკან მტკვარში დაბრუნებას არა ფიქრობდენ. ეძნელებოდათ არაგვის გაშორება. მხოლოდ კალმახი არა ფიქრობდა არსად წასვლას; იმან არც კი იცოდა სად იყო მტკვარი: ჭირივით ეჯავრებოდა ქვეით ბარად ჩამოსვლა, იგი მხოლოდ იქა ჰგრძნობდა ბედნიერად თავს, საცა ჩანჩქერების ხმა ისმოდა, არაგვი გიჟმაჟად ეთამაშებოდა ზვირთებს, ლოდი-ლოდზე იყო აყორებული, აჩახტული და ცივი წყაროები ჩუხჩუხით უერთდებოდენ არაგვს.
დაუდგათ ორაგულებსაც დაბრუნების დრო, ძალიან ემძიმებოდათ იმათ განშორებოდენ საყვარელ მდინარეს, მაგრამ ულმობელ კანონს ბუნებისას ვერ ეწინააღმდეგებოდენ. რომ ემძიმებოდათ ორაგულებს, ეს იქიდან სჩანდა, რომ უკან დაბრუნების დროს სვენებ-სვენებით მისცურავდენ ქვეითკენ და ერთის საათის სავალ გზას ერთ კვირას ანდომებდენ, თითქოს ყველა მორევს, ყოველ ჩანჩქერს და წყაროს ემშვიდობებოდენ, ეს იქიდანაც სჩანდა, რომ პირუკუღმა მისცურავდენ, ბოლო თავქვე ჰქონდათ, ხოლო თავი აღმა, მდინარის სათავისა და მთებისაკენ მიმართული.