ნელა მივდივარ და წინ ბაღია
Jump to navigation
Jump to search
ნელა მივდივარ და წინ ბაღია ავტორი: ტერენტი გრანელი |
ნელა მივდივარ და წინ ბაღია,
როგორც აქ, ისე ღამდება იქაც.
სადღაც მიხმობენ და მეძახიან,
მგონია, ციდან მეძახის ვიღაც.
დღეს ჩემი სული მართლა ღმერთია
და სიჩუმეა, ასე ფარული.
და ახლა ვატყობ, ჩემთვის ერთია
ეს მწუხარება და სიხარული.