მოლაშქრე პოეტის ფიცი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
მოლაშქრე პოეტის ფიცი
ავტორი: გიორგი ქუჩიშვილი
1942 წელი


მტერთ ზურგს
ვინ აქცევს ჯაბანის მეტი,
ვინ გაექცევა
ჩვენს წმინდა ბრძოლას?

და მეც,
მოლაშქრე თქვენი პოეტი
დღეს მეც ხელთ ვიღებ
პირმახვილ ფოლადს!

და ვფიცავ, ძმებო,
ჩვენს ურიცხვ გმირებს
ჩვენს უსაყვარლეს
სამშობლოს ვფიცავ,

რომ ბრძოლის ველზე
თუ გავიგმირე,
პირზე ღიმილით
დავკოცნი მიწას!..