ვარსკვლავი, რომელსაც მე ვუმზერ

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ვარსკვლავი, რომელსაც მე ვუმზერ
ავტორი: ტერენტი გრანელი


დავწვები ლოგინში და ფანჯრიდან მოჩანს ერთი ვარსკვლავი, რომელსაც მე ვეძახი ჩემი ბედის ვარსკვლავს. ხშირად მას ფარავენ ღრუბლები ღამეების. ხან აინთება და ხან ჩაქრება.
მე მგონია, იმ ვარსკვლავიდან მიხმობს ჩემი გაფრენილი სული. რა ვქნა, როდესაც ლეშს არ შეუძლია შეასრულოს სულის მოწოდება. მე ისევ მიწაზე ვრჩები.
ჩემ და იმ ვარსკვლავს შორის გაბმულია რაღაც უხილავი ძაფი, რომელიც მე მაერთებს მთელ ზეციურ სამყაროსთან.
იმ ვარსკვლავს მე ახლაც ვხედავ და ვწერ ამ სტრიქონებს.
ის ობლად ანათებს ცაზე, მეც ობოლი ვარ მიწაზე.
სად იმალება ის უხილავი ძალა, რომელსაც შეუძლია ჩვენი შეერთება.
მე ეს არ ვიცი.
იქიდან მიხმობს ვიღაც. ჩემი თვალები ვერასოდეს ვერ იხილავენ იმ ვარსკვლავის ცისფერ სივრცეს, რომელსაც მე ყოველ ღამე ვუმზერ.
ის შორს არის ჩემგან.
თუმცა ჩემი სულის მეგობარია.
დიდება შენ, შორეულო ვარსკვლავო, დიდება შენ!..

რესურსები ინტერნეტში[edit]