ბებრები

From Wikisource
Jump to: navigation, search
ბებრები
ამ ნაწარმოების შემქმნელია ნიკო ლორთქიფანიძე
1920


ხელის გულივით სწორია აზნაური ბეგლარის ფრჩხილის ოდენა ეზო. ნაშუადღევის სიოს ქინძისა, პიტნისა და ომბალოს სუნი ბოსტნიდან მეორე მხარეზე გაშენებულ ვენახში გადააქვს. წნელის ღობე, კვინძები და ყორე გადახლართულია მაყვლით; დაუღლული ღორი ამაოთ ღრუტუნებს - შემოსვლას ვერ ახერხებს. ყავარაყრილი ორსართულიანი პატარა ოდის პალატში იცოხნება ცალი ხარი და ქალბატონი ეკატერინეს უშობელი. ზედა სართულის აივანზე მოსჩანს კედელზე ჩამოკიდებული სასროლი ბადე და მოძველებული კეხი. ოდის წინ ნიგვზის ძირში გაფენილ ჭილოფზე წევს პერანგის ამარა, წაღებგახდილი ბეგლარი. გრძელ სკამზე გულმკერდს იშმუშნის მძინარე ეკატერინე.

დაცხრა მზე. ჩრდილმა მოიკიდა ფეხი. მეზობლებმა ფანჯრები გააღეს. დახურული ოთახიდან ხალხი ჰაერში გამოეფინა.

ეკატერინემ ძილში მოიგერა ბუზი.
- ქალო! - მთქნარებით და ზმორებით წამოიძახა ბეგლარმა და სკამლოგინზე წამოჯდა, - გეყოფა, ბატონო, ამდენი ძილი, დეიხაშმები... ქე შემოუქროლა პატარეი, გაგრილდა ქვეყანა.
ეკატერინე: შენ რა გიჭირს, მიწაზე იწევი; აქანე კი სული კიღამ წამივიდა... ი სიზმარი რომ არ დამსიზმრებოდა, მგონია, შევიშლებოდი... ბუზებიც, რომ უფრო ეტანებიან...
ბეგლარი: რა დაგესიზმრა, ჩემო ეკატერინე?
ეკატერინე: მიხვდი აბა...
ბეგლარი: რა ვიცი, შე ქალო! ანგელოზი დეგესიზმრებოდა, აბა სხვა რა იქნებოდა?
ეკატერინე: (მაცდურად) ანგელოზი კი არა...
ბეგლარი: აბა?
ეკატერინე: (იცინის)... შენ!.. (სიყვარულით) კი არ დამსიზმრებია... ძილში მომაგონდა, რაც წინეთ ვნახე.
ბეგლარი: მითხარი, ჩემო ეკატერინე... (და დაგლეჯილ ჭილოფს სკამისკენ მისწევს; ეკატერინე წამოჯდება სკამზე, შიშველ ფეხს ჭილოფზე დადგამს; ბეგლარი გვერდში მიუჯდება. შავი შარვალი და თეთრი შალის წინდები აცვია).
ეკატერინე: პირველად რომ გევეცანით ერთმანეთს... შენ ოქროსფერი ბოხოხი გეხურა, ლურჯ ახალუხზე წაბლისფერი ჩოხა გეცვა... შავი წუღამესტი სირმებით გქონდა მოქარგული... თეთრ ცხენზე იჯექი და ჭიშკარში ჩამოაჭენე... გახსოვს?
ბეგლარი: როგორ არა!..
ეკატერინე: აჯირითებდით ცხენებს შენ და - აცხონოს ღმერთმა - საწყალი პეტრე...
ბეგლარი: მახსოვს... მახსოვს, როგორ არა. შენი ეშხით არ ვიზოგავდი თავს... კაბა ჭადრაკული გეცვა და ზედატანი სახელო გამოშვებული წითელი; თავი თეთრი პეპლებიანი ბლონდით წაგეკრა... გიხდებოდა აივნის ბირკვილზე დაყრდნობა... გასაფრენ ჩიტსავით შემკრთალი, ყურადღებით გვათვალიერებდი... გახსოვს?
ეკატერინე: რავა არა?! რავა არა?! მაინც ხის ტოტმა, რომ ქუდი გადაგიგდო და შენ გადმოიხარე ასაღებათ... ხუჭუჭი თმა გადმოიყარა... თვალის დაშორება არ მინდოდა და თან შიშით თვალს ვხუჭავდი, ხეს არ დაეტაკოს-მეთქი. ბესარიონმა მერე რომ ლაგამში ხელი გტაცა, ძალი-ძალით, ძლივს ჩამოგახტუნა... ჩემი ბრალი იყო - მე შევეხვეწე... ზევით რომ ამოდი... ნასვამი, ნაჯირითევი... სახე გაგწითლებოდა... ყვითელი შავარშიანი ცხვირსახოცით იწმენდდი შუბლზე ოფლის წვეთებს... როგორ გშვენოდა კოკობი ულვაში, დაკრაკნილი წვერი... რამხელა თვალებს აბრიალებდი! ხანჯალზე რომ ხელს დაიდებდი, ასე ვფიქრობდი - ამიყვანდეს, წამიყვანდეს-მეთქი. გახსოვს?
ბეგლარი: ჰო, ჰო, და შენ წითელ ტუჩებს რომ ჩავაჩერდი, თეთრ კბილებს და შავ-შავ თვალებს, შენი წასვლა ვერ მოვითმინე და, როცა შებრუნდი, ხელი მინდოდა მეტაცნა ტევრათ კოჭებზე ჩამოყრილ ნაწნავებში... პეტრემ ხელი ამიკრა... სხვებმაც შემამჩნიეს... შეიქნა მიწევ-მოწევა, გახსოვს?
ეკატერინე: როგორ არა? მერე მთელ დღეს დამცინოდენ, მაწვალებდენ...

მუსაიფის დროს ბეგლარი ხელს მოხვევს; ეკატერინე თავს გულზე დაადებს: მოგონებათა ბურუსში გახვეულნი ჩუმათ სხედან, და ძნელი გამოსაცნობია, სთვლემენ თუ გაქვავებულან.