1966 - კაკაბაძე სარგის - შოთა რუსთაველი და მისი "ვეფხისტყაოსანი"

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
საქართველოს ისტორიის ელექტრონული ბიბლიოთეკა



საქართველოს ისტორიის ელექტრონული ბიბლიოთეკა





წიგნის სათაური:

სარგის კაკაბაძე - შოთა რუსთაველი და მისი "ვეფხისტყაოსანი"

სრული სათაური:

სარგის კაკაბაძე - შოთა რუსთაველი და მისი "ვეფხისტყაოსანი" - თბილისი - 1966

რესურსები ინტერნეტში:

შინაარსი[edit]

წიგნი შედგება 6 თავისა და ორი „დამატებისაგან“. I და II თავები ეხება შოთა რუსთაველის წარმოშობისა და ცხოვრების დროის გარკვევას. III თავი – „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტის წარმომავლობას. IV თავში კი ავტორი აჯამებს ჩატარებული კვლევა-ძიების შედეგს.

მკვლევარს მიაჩნია, რომ შოთა რუსთაველი იყო ჩახრუხაძეთა გვარიდან. ამ გვარის წინაპარს, „მოხევე“ (ბორჯომის ხევის მოთემე) ჩახრუხას, დავით აღმაშენებლის დროს მიუღია მამულად გაღმა რუსთავი, ფერის ციხის მიდამო. მისი ჩამომავლების ერთი შტოდან იყვნენ გრიგოლის ძენი – პოეტი ჩახრუხასძე, „თამარიანის“ ავტორი (სახელად ხელი) და მისი უფროსი ძმა, ისო „იგავთ დამწესი“, ალეგორიული თხზულებების შემომღები, რომელსაც უცხოეთის ბევრი ქვეყანა მოუვლია და შემდეგ სამშობლოსკენ მომავალი გზაში დაღუპულა. (გვ. 54-59).

მეორე შტოდან იყო შოთა რუსთაველი, რომელმაც ახალგაზრდობაშივე მიიღო შუა და პატარა რუსთავი და წოდებაც – რუსთველი. შოთას დაწყებითი სწავლა-აღზრდა (11 წლამდე) უნდა მიეღო აგარის მონასტერში, შემდეგ კი ტრაპიზონსა და ათინაში, სადაც მამინაცვალსა და დედასთან ერთად უნდა წასულიყო. შოთა საქართველოში ჩამოსულა 22-23 წლის ასაკში. ის დაბადებული იქნებოდა დაახლოებით 1165-1166 წლებში. 1192 წ. შოთა უკვე იმდენად ცნობილი პირია, რომ მას აგზავნიან ელჩად სულთან სალადინთან ორი დავალებით: 1) ქრისტეს ჯვარის გამოსყიდვა; 2) იერუსალიმის ქართული მონასტრებისა და მათი მიწების დაბრუნება. ამ დავალებათა შესრულების შემდეგ რუსთაველი (არაბული წყაროებით – რასულ ალ-გურჯ) ჩასულა იერუსალიმში, სადაც განუახლებია და მოუხატვინებია ჯვარის მონასტერი. 1212 წლიდან შოთა ვაზირი მეჭურჭლეთუხუცესია და ასეც დარჩა სიკვდილამდე.

1222 წელს, ლაშა-გიორგის გარდაცვალების შემდეგ, შოთა მესამედ წასულა იერუსალიმში და სიკვდილამდე (დაახლ. 1224 წ.) იქ დარჩენილა. ამ წლებში უნდა იყოს დაწერილი შოთას მიერ თამარის მეორე მატიანე. (გვ. 182-183).

„ვეფხისტყაოსნის“ დაწერის საკითხი ს. კაკაბაძეს ასე აქვს წარმოდგენილი: უცხოეთიდან დაბრუნებული 22-23 წლის შოთა გამიჯნურებულა თამარზე და ამის შედეგად დაუწყია „ვეფხისტყაოსნის“ წერა (გვ. 174). მაგრამ პოემის სიუჟეტი მანამდე უკვე არსებობდა; ეს იყო ისო ჩახრუხაძის მიერ დაწერილი თამარის ქება სპარსულ ენაზე, გიორგი მესამის მიერ 1180 წელს თამარის მეფედ დალოცვასთან დაკავშირებით. ეს ქება იყო ალეგორიული მოთხრობა როსტევანის მიერ თინათინის გამეფებაზე, სადაც თინათინის სახეში თამარი იგულისხმებოდა. ეს მოთხრობა ქართულად თარგმნა სარგის თმოგველმა, გვარად ქვაბულისძემ. ქვაბულიძეები იყვნენ იმერეთიდან (საჩინოდან). 1073 წ. გიორგი მეორემ ნიანია ქვაბულისძეს დაუმტკიცა თმოგვი და მას ფლობდნენ ნიანიას მემკვიდრეები მე-12 ს-ის ბოლომდე. ამ გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი ყოფილა სარგის თმოგველი, „დილარგეთიანის“ ავტორი.

სარგისის გარდაცვალების (1182 წ. ახლოს) შემდეგ შოთას თმოგვში უნახავს თამარის ალეგორიული ქება და გადაუწყვეტია პოემის დაწერა. ეს უნდა მომხდარიყო თამარის მეორედ გათხოვებამდე, 1189 წელზე ადრე ( გვ. 164-170 ).

V და VI თავებში ავტორი ეხება რაინდთა ორგანიზაციების შექმნას ევროპის ქვეყნებში და მოყმე-მეომართა მდგომარეობასა და დანიშნულებას მე-12 ს-ის საქართველოში. აქვე განიხილავს ქალის კულტის დამკვიდრების პირობებს, აზუსტებს თამარ მეფის გარდაცვალების თარიღს (1207 წ.) და „ვეფხისტყაოსნის“ გაგრძელებათა დაწერის თარიღებს. კერძოდ, მისი მტკიცებით, ინდოხატაელთა ამბავი დაწერილი უნდა იყოს XIII ს-ის უკანასკნელ მესამედში (გვ. 240), ხოლო ხვარაზმელთა ამბავი დაწერილია XIV ს-ის მეორე ნახევარში (გვ. 241). I დამატებაში (გვ. 245-276) ავტორი ამტკიცებს, რომ შოთას წინაპრები, ჩახრუხაძეები, გაბელისძეთა გვარს ეკუთვნოდნენ. II დამატებაში კი მოცემულია პ. ინგოროყვას „რუსთველიანას ეპილოგის“ ძირითად დებულებათა კრიტიკა (გვ. 277-316).

გიორგი არაბული

http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/46744/1/Rustvelologiuri_Literatura.pdf გვ.185-186