სოხუმის ეპისკოპოს პეტრეს 1330 წლის წერილი ინგლისის არქიეპისკოპოსისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

"1330 წ. სოხუმის ეპისკოპოს პეტრეს წერილი ინგლისის არქიეპისკოპოსისადმი”
ავტორი: უცნობი


უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის დასავლეთ ევროპული წყაროები




კრებული:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები - ტ.243 (ისტორია. ხელოვნებათმცოდნეობა. ეთნოგრაფია) - 1983 - (გვ.95-104)

სტატიის სათაური:

ვაჟა კიკნაძე - ლათინური წყარო XIV ს. საქართველოს შესახებ

რესურსები ინტერნეტში:

http://digitallibrary.tsu.ge/book/!2017/n39/shromebi_243_5/index.html#/94



ტექსტი[edit]

სებასტოპოლის ეპისკოპოსის პეტრეს წერილი ინგლისის არქიეპისკოპოსებისა და ეპისკოპოსებისადმი

ქრისტეს მამათა შორის პატივცემულო, უფალო კენტერბერის (კენტის) არქიეპისკოპოსო, ღვთის მადლით მთელი ინგლისის სამეფოში უპირველესო, ამ სამეფოს დანარჩენო არქიეპისკოპოსებო და ეპისკოპოსებო! (მოგმართავთ) ამავე სამეფოს თანამოძმე პეტრე, ღვთის ნებით სენასტოპოლისის ეპისკოპოსი ქვემო საქართველოში. თითონ ჩემს სამფლობელოში მშვიდობიანობის დროს სიუხვესა და კეთილდღეობასთან ერთად, (აქაური) ქრისტიანე ძმები სარკინოზთაგან ისე არიან შევიწროებულნი და დატანჯულნი, რომ (ლამის არის) ქრისტიანული სარწმუნოება მიატოვონ.

საერთოდ, ბნელეთის შვილები წარმოშობით ცბიერნი (გამოცდილნი) არიან (ვიდრე) ჩვენი დასავლეთის ქრისტიანთა სინათლის შვილნი: (ეს უკანასკნელნი) წყნარად ატარებენ თავიანთ დღეებს; ისინი ბეჯითნი არიან თავისი თავისთვის, მაგრამ არა იესო ქრისტესთვის. (ამის გამო), აღმოსავლეთში ყოველდღე მცირდება (იქსაქსება) ქრისტიანთა მბრძანებლობა, რადგან ქრისტიანები იჩაგრებიან, (მათ) სთელავენ ბოროტგამზრახველი სარკინოზები (სხვადასხვა) მოქმედებითა, ღალატით თუ დაპირებით, წამებით თუ საჩუქრებით, ომით - ხმელეთსა და ზღვაზე; ახლა ქრისტიანებს იმონებენ (იმორჩილებენ) ფულით ბაზრობებზე, სადაც მათ მიათრევენ კისერზე თოკით და ცხენის კუდზე გამობმულებს; მათ ჰყიდიან, რადგან არავინაა მათი ქომაგი.

ამგვარად, აქ არის პატივმოყვარე (ამაოებით მოცული) ქალაქი, სადაც დაუმსახურებლად დანიშნული ვარ უმაღლესი მღვდელთმთავრის ნება-სურვილით. როგორც ხმა დადის, ერთ დროს აქ ასი ქრისტიანი მიჰყიდეს სარკინოზება, მათ ეს ქრისტიანები სარკინოზთა ქვეყანაში წაიყვანეს და იქ სარკინოზებად აქციეს. მე, ჩემი მხრივ, ვეწინააღმდეგები ადამიანებით დანაშაულებრივ ვაჭრობას, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აქ მბრძანებლები ქრისტიანები არიან, არც ამ საკითხსა და არც სხვაში არ მიგონებენ, რადგან ბერძნული სქიზმის მიმდევრები არიან.

ამიტომ (თქვენ მოგმართავთ): თუ თქვენს სამეფოში გაბედული მორკინალები მოიძებნებიან და სურვილი აქვთ იომონ ღვთისა და სარწმუნოების სიყვარულისათვის, დატყვევებული ქრისტიანების გასათავისუფლებლად და ამასთანავე სურვილს გამოიჩენენ შეიძინონ კარგი მამული, პირველობა, სამეფო და სასახლეები - სასურველი იქნება (თუ) თქვენ მათ გააცნობთ ამ (წერილს). სამოქმედოთ ის გამოგზავნეთ, ვინც ამ საქმის მცოდნეა.

საქმე ისაა, რომ ამ (წერილის) მომტანი, იახია დე კრემონა, თავის დროზე, ესე ოცდაათი წლის წინათაც იყო (აქ), მას ვავედრებ თქვენს მამობრივ მოწყალებას. პირადად მან სარწმუნოების ერთგულებისა და ტყვე ქრისტიანი ხალხის განთავისუფლებისათვის საქართველოდან ინგლისში ამ წერილის საკუთარი ხარჯით წამოღება ისურვა. მხოლოდ იმდენად ღარიბია, რომ მე მგონი მთელი მისი ქონება საკმარისი არ იქნება ნახევარი გზისათვის; თუმცა ერთ დროს, იგი ძალიან მდიდარი, გემისა და ქონების პატრონი იყო, ამჟამად კი ღარიბია. ჩემის მხრით, არაფრის მიცემა არ შემეძლო, რადგან არც ერთი ეკლესია და არც სახლი არ გამაჩნია თავის შესაფარებლად (და) არც ერთი დინარი არა მაქვს გასაცემი. მაგრამ (ამის მიუხედავად), მუდმივად, დღე და ღამე ვუცდი მახვილს სარწმუნოებისათვის (საბრძოლველად) და ეკლესიის გაერთიანებისათვის. კვირაობით, რომელიმე ღარიბი ქართველისაგან შეწირულებას ვიღებ. ასე ვატარებ ამ ცხოვრებას. მეორე მხრივ, ამ ქვეყნის მბრძანებელი, რომელიც მთელი საქართველოს ჯარის მხედართმთავარიც არის, მზადყოფნაშია მთელი თავისი ლაშქრით, დასავლეთის ქრისტიანებთან ერთად გასალაშქრებლად. იგი ასე იქცევა: რომაული ეკლესიისადმი მორჩილებასა, კათოლიკობის მიღებაზე და სარწმუნოების ერთიანობაზე თანახმაა; აქაურ კათოლიკეებს სასაფლაოც მისცა. მიუხედავად ქართველთა ორი სამეფოს (ზოგიერთი) ჩვეულებისა (აქ) გარდაცვლილ კათოლიკეს არ ანსხვავებენ სქიზმატიკოსისაგან, მაგრამ (თვით) კათოლიკენი ვერ შეეგუენ სქიზმატიკოსებს და (მიცვალებულებს მათი) სასაფლაოს გარეთ მარხავენ. ამის გამო, ზემონათქვამი სასაფლაოს მიცემით, ძალიან განაწყენებული დარჩა სქიზმატიკოსი ეპისკოპოსი და სამღვდელოება, რადგან ამ სასაფლაოს გამო ჰკარგავენ ლათინთა დასაფლავების (უფლებას). ამის გამო, იმდენად გაიზარდა შფოთი, რომ კათოლიკე ლათინელთა მიერ სასაფლაოს შუაგულში ამართული ჯვარი ამოგლიჯეს და ასევე ლათინთა მიერ ამართული თხუთმეტი (საფლავის) ქვა დაამტვრიეს. ლათინელებმა ხელახლა აღმართეს ისინი. აქაურმა სქიზმატიკოსმა მღვდლებმა და ხალხმა სარკინოზთა და იუდეველთა ხელის შეწყობით, მესამედ აღმართული (ქვები) სქიზმატიკოს ეპიკოპოსთა-ეპისკოპოსთან წაიღეა. ყოველივე ამის გამო (მოგმართავთ) თქვენ (დასავლეთის ქრისტიანებო), რომლებიც სტკბებით უზრუნველი კეთილდღეობით, შეიბრალეთ აღმოსავლეთის ქრისტიანები, რომლებიც იჩაგრებიან და (თავიანთ) მძიმე გაჭირვებაზე ტირიან. თქვენთვის ადვილია, რომ ქვეყნიერებიდან სრულიად ამოაგდოთ მაჰმადიანთა და სარკინოზთა მათრახი. ეს შესაძლებელია, კეთუ კათოლიკენი კარგს იზამდნენ და მიბაძავდნენ დიდ მეფეს.

დაწერილია ქალაქ სებასტოპოლისში, ქვემო საქართველოს სამეფოში, ინგლისის მეფის წმ. ედუარდის სახელწოდების დღესასწაულზე. უფლის წელთაღრიცხვის 1330 წელს.