კალმასობა (ქართლში დაბრუნება)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
კალმასობა
by იოანე ბატონიშვილი
იოანე ბატონიშვილის ნაშრომი

ბერი რა გარდმოვიდა ქართლში, სთქვა: - გმადლობ შენ, უფალო, რომ ქაჯეთის ქვეყნიდამ მშვიდობით გამოველ. რამდენსამე დღეს უკან მოვიდა ახალქალაქს თარხნიანთან, და მუნ იყვნენ შეყრილნი თარხნიანნი. იხილეს რა ბერი, ყოველნივე მიესალმნენ და მოიკითხეს ურთიერთი და დასხდენ ერთბაშად. მაშინ ს ო ლ ო მ ო ნ მ ა ნ სთქვა: მიამა ამა ბერისა მოსვლა, ვინაჲდგან ესეცა ჩვენის მონასტრისა არს და ჩვენს განზრახვას არ წინააღუდგება. და მერე რქვა ბერსა: - განა, ბერო, წინა არა აღუდგები განზრახვასა ჩვენსა? ი ო ა ნ ე: უკეთუ სჯულისა და მეფისა წინააღმდეგი არა იქნება რა, რად უნდა წინააღგიდგეთ? ს ო ლ ო მ ო ნ: ჩემი განზრახვა ეს არს: შემდგომად მეფისა ჩვენისა სხვა არღავინ გვინდა, ვინაიდგან მეფეცა ჩვენი ძლიერის სენით არს შეპყრობილ და ექიმნიცა უიმედო არიან. ი ო ა ნ ე: ყოველთვის ასე ყოფილა, მამა მომკვდარა და მერე ძეჲ დარჩომია მემკვიდრედ. ს ო ლ ო მ ო ნ: ყოველნი მეფის ძენი მემკვიდრეობას ანბობენ. ი ო ა ნ ე: ეგ მეფის ძეობით უთქვამთ, უკეთუ მემკვიდრე არღა იქნება, ვინც დაშთება, იგი იქმნება. ს ო ლ ო მ ო ნ: მეფე ირაკლიმ ასე დაუდო სჯულად ძმებზედ მოკიდებით მეფობა. ი ო ა ნ ე: ეგე მეფემან პოლეტიკით ჰქმნა, რომ შინაური შფოთი დაეცხრო და თავის უფროსის მორჩილნი შემდგომ მისა ყოფილიყვნენ. ს ო ლ ო მ ო ნ: არ იყო სჯულიერი წინადადება. ი ო ა ნ ე: მეფემან დია კარგად იცოდა სჯული და აკი ისევ დააყენა წერილით. ს ო ლ ო მ ო ნ: მართალია, მაგრამ მე რომ შეფიცებული ვარ დავითისა და იულონისაც, მეფის შემდგომად რა უნდა ვქნა: ვინც დაიჭერს ქვეყანას, იმას თავი დაუკრა? ი ო ა ნ ე: ორთავ რად შეჰფიცე? ს ო ლ ო მ ო ნ: რომელიც გაკეთდებოდა საქმე, წამხდარი არ მექნებოდა მასთან. ი ო ა ნ ე: ეგ ჭეშმარიტი ფიცი არ არს, ან ერთისათვის უნდა გეღალატა, ან მეორისათვის, და ხომ ფიცს ქვეშ დაშთებოდი! ს ო ლ ო მ ო ნ: ოდეს შევფიცე იმათ, ბალამწარას ხის ჯოხი ხელთა მეპყრა. და ვისაც ფიცში იმ ხის ჯოხი ეჭირება ფიცი არღა ეწევა. ი ო ა ნ ე: მაგგვარი ფიცი პაპის თქვენის გიორგი სააკაძისაგან დაგშთომიათ, რადგან ფიცის მტეხელი და მეფისა და მამულისა ორგული შეიქმნა. ს ო ლ ო მ ო ნ: არ იცი? ქართული მასალაა: რაცა მამა, ისი შვილიო. ხოლო არ იცი, ყეენისაც შეფიცებული ვარ და რუსებისაც. თუ მეფის შემდგომად მოხდეს რამე, რომელიცა სძლევს, იმათ ერთგული ვემონები და მათგან წყალობას მივიღებ. ი ო ა ნ ე: ვიცი, „კოკასა შინა რაცა დგას, იგივე წარმოდინდება“. და მე კი ვსთხოვ ღმერთსა, რომ მაგგვარს აზრისაგან შორს იყო, რომელ მამულის მოღალატეობაში არ შეხვიდე, და ამასაც, რომ მაგ ფიქრისაგანც გამოგიყვანოს. რომელსაც ბალამწარა ჯოხზედ გაქვს სასოება დადებული უწყოდე, ღმერთი აცადებს კაცს მოქცევას და სინანულის, და თუ არა მოიქცევა, წაიკითხე ფსალმუნი: „ნუ ეშურები, რამეთუ უკეთურნი ადრე მოისრნეს“. და ამას გარდა ასე არის ბრძენთაგან თქმული: თუ შვენის პატიოსანსა ჯილდოსათვის მოტყუება ვისამე. და თვით უფალიც გვამცნებს: „ნუ ფუცავ ცასა, ნუცა ქვეყანასა“. და იფიქრე, რომ შენ სიცრუით, იფიცავ ღმერთსა. ს ო ლ ო მ ო ნ: არა მარტო მე ვარ, არამედ ამხანაგნიც მრავალნი მყვანან ჩემის აზრისა. და სადაც პაპის ჩემის სული წავიდეს, მეც იქ ყაბული მაქვს. ი ო ა ნ ე: ღმერთმან შენი და მათიცა აზრი განაქარვოს და გიჩვენოსთ გზაჲ ჭეშმარიტებისა! ეს რაღა გითხრა მაგ აზრის მექონს? ს ო ლ ო მ ო ნ: წლევანდელი წლის აღწერაც ბევრს რასმე იჩვენება. და დროს ცვლილებასა ბევრი ამგვარი საქმეები უჩვენებია. ი ო ა ნ ე: წლის კალენდარი დია კარგად ვიცი, მაგრამ სასოება კი არ უნდა დასდოს იმაზედ კაცმან. თავისის წმინდა სვინდისით უნდა იქცეოდეს. ს ო ლ ო მ ო ნ: კარგია, დაუტეოთ ამაზე უბნობა და მითხარ წლის კალენდარი, თუ რას მოუთხრობს წლეულ და შემდგომისა წელთაცა, რომ მსურის დიდად კანონიერად გაგონებაჲ მისი. ბერმან შორს დაიჭირა: - ეგ ჩემი საქმე არ არის. მაგრამ სხვანიცა მუნ მყოფნი თავად-აზნაურნი და სამღვდელონიცა შეეხვეწნენ. და მერე იწყო ბერმან შემდგომისა ხატითა უბნობა ესრეთ.

[საუბარი კალენდრისათვის].

ზ უ რ ა ბ ა: ბატონო თარხნიანო, სწორედ სათქვენო ბერი გყავთ, ამისთვის რომ კუდიანობისა და მკითხაობის ხელოვნებაში გამოცდილი ყოფილა. მრავალი იცინეს. ბერს კარგად განუსვენეს და შემდგომად ბერი წარვიდა თვისსა მონასტერსა შინა. მისრულო ბერი მონასტერსა შინა ქვაბთახევს ძმათა სიყვარულით მიიღეს და ამბორებით მოიკითხეს, და ბერმანცა აგრეთვე. და მერე თვისისა მოგზაურობისა შემთხვეულობანი ყოველნივე ცხაღუყო ძმათა მათ. შემდგომად ორისა დღისა წინამძღვრისა თვისისა ებოძა ბერსა და მიეწოდა ტფილისად. ბერი უკვე განემზადა და გამოეთხოვა სხვათა მათ უკვე ძმათა და ამცნო, რათა კეთილად იქცეოდნენ და ამასთან იკონომიითაც იცხოვრონ, რადგან მწირსა ადგილსა შინა სცხოვრებდენ. მაშინ ერთმან ბერთაგანმან რქვა: - მამაო იოანე, ჩვენს თავს მცირედ ნუგეშს არასა ვსცემთ, ვითა შეიძლება ამა უღაღთა ადგილთა შინა ცხოვრება? და ახლა შენ, თუ არ კვირით, დასტურსაც არ გვაძლევ ღვინის შესმისასა. ი ო ა ნ ე: მაშ ვითარად გწადს? მონზონნი უნდა ყოველთვის იწროებით სცხოვრებდენ. ხომ წარგიკითხავს პავლე მოციქულისა უდაბნოთა მთათა და ხვრელთა ქვეყანისათა ცხოვრება. და ესრეთვე მამათ ცხოვრებაშიაც მრავალს იპოვი, თუ ვითარნი მოღვაწენი ყოფილან. ბ ე რ ი: თქვენ კი აქა-იქ დაბძანდებით, კარგს განცხრომაში ხართ და ჩვენ კი არა გვკითხავ, ჭინჭარსაც ძლივ ვშოობთ. ი ო ა ნ ე: მონასტერში კი მარხვით იყავით და როდესაც სოფელში მიხვიდეთ ხოლმე, იქ კი ასე მიიღეთ სანოვაგე სავსებით, რომ ვახშამიც აღარ მოგინდეთ, რომ ესეც იკონომიას შეემატება. - მაშინ ზ უ რ ა ბ ა მ: გაშინჯე ბერების დარიგება! ხალხში კი უნდა ნაყროვნების სახით იქცეოდნენ და ცალკე მონასტერში მარხვით. კარგს სახელს მოიგებენ მაგ მცნებით! ი ო ა ნ ე: შე გიჟო, მე ნუგეშისცემისათვის უთხარ. ზ უ რ ა ბ ა: ეს დასტური მაინც მიეც, რომ კვირაში ორჯელ დალიონ ღვინო და საურწყაოც რიგზედ მიიღონ. ამით დააზავნა ეს ბერები და იოანეც გამოეთხოვა და წარემართა ქალაქისაკენ. რა მოვიდა ბერი ქალაქსა, წინამძღვარმან მიიღო კარგად და მოგზაურების ვითარებაც სცნო და კარგად გარჯისათვის მადლობა უბძანა. დღესა ერთსა მწუხარე მჯდომი მეფისა მიცვალებისა გამო ბერი იოანე არა მცირედსა ფიქრსა მოეცვა, ვინაჲდგან იხილა უთანხმოებაჲ მეფეთა სქესთა შორის, თავადთა და სხვათა ერთაგანცა, და ამასთან მიღება სამეფოჲსა ტიტლოსი რუსთაგან, ლტოლვაჲ მეფის ძეთა და თავადთა. და რომელნიმე მიწოდებითა ხელმწიფისაგან, მეფის ძეთა აღთქმითა მამებრივისა მოწყალებისა ჩვენებითა მინდობილნი, წარვიდნენ ბძანებისა მორჩილნი და სხვანი - ვითარცა ცხოვარნი განბნეულნი. ამა ყოველთა გარემოებისაგან მოცული მიეცა დრტვინვად განგებასა ზედა. და კაეშნისა თვისისა გასადევნელად აღსდგა და მიმოსვლა იწყო უკვე ურაკ-პარაკთა ზედა, რომელმანცა იხილა მელიქად წოდებული - დარჩია სახელით, ხოლო გვარით ბებუთად ხმობილი, უკანონოსა ცხოვრებისაგან სიყრმითვე მშვილდებრ მოხრილი და ვერა ამღები თავისა ზეჭვრეტად, არამედ თავქვეკიდებით დედამიწისა მჭვრეტელი. შეხვდა უკვე ბერსა გზასა ზედა და მყის იცნო იოანე და რქვა: - მელიქო, რასა ეძიებ მჭვრეტელი მიწასა ზედა? მ ე ლ ი ქ ი: ბაგრატოვანთა კვალს, რომ არავინღა დაშთომილ იყოს! ი ო ა ნ ე: კარგად გაუწვრთნიხარ, რომ კაცის კვალიცა არ გემალება. მ ე ლ ი ქ ი: რუსთ გამწვრთნეს. ი ო ა ნ ე: იმათ კარგად იციან თავდაღმა მყურებელის გაზრდა, მაგრამ რაჲ სიკეთის ნაცვალია? მ ე ლ ი ქ ი: რაჲ სიკეთე მიუძღვით? ი ო ა ნ ე: ანელი სომეხი გაგათავადეს! მ ე ლ ი ქ ი: ხომ გაგიგონია, კარგისთვის კარგი ვის უქმნიაო? ი ო ა ნ ე: მაგა უბნობითა განითვისე ბუნებაჲ გველისა. მ ე ლ ი ქ ი: არა მე მარტო, არამედ სხვათაცა მრავალთა. ი ო ა ნ ე: სხვათა შემდგომთა შენთა კარგი ორღანო გიხმიეს, ვინაჲდგან მსგავსებ სიარულსა შინა მიმოახლაკვნით გველსა. მ ე ლ ი ქ ი: მე არა ვარ სხვათა უკვე ორღანო, არამედ სხვანი ვიხმივენ ორღანოდ. ი ო ა ნ ე: მაშასადამე, ეშმაკი ყოფილხარ. მ ე ლ ი ქ ი: თქვენ მაინც არ გწამთ სომეხთ ცხონება და რასაც გინდათ გვიწოდებთ. ი ო ა ნ ე: ჭეშმარიტი სთქვი ეგე, გარნა ყოველთა სომეხთა ზედა შენ უმეტეს წარწყმენდილად მჩან. მ ე ლ ი ქ ი: შენ რომ მეორეთ მოსვლას ათორმეტ მოციქულთან იჯდე მსაჯულად, ვგონებ უფრო წარწყმენდდი. ი ო ა ნ ე: ჩემი ჯდომა იქ აღარ ეჭირება, აქავ წაწყმენდილი ვარ, და ამისთვის თქვა წინასწარმეტყველმან: „უღთონი არა აღდგენ სასჯელსა“. მ ე ლ ი ქ ი განრისხდა და ხელი მოჰკიდა და რქვა: - წარმოვედ სახლად ჩემდა და მე გკითხო შენ მეორეთ მოსვლისა და განსჯისათვის. მაშინ ბერიც განჰყვა. და მივიდნენ სახლად, და სხვანიცა თანაზიარნი მელიქისნი შემოკრბენ მუნ. და რქვა მ ე ლ ი ქ მ ა ნ: მითხარ, ბერო, თვითეულთა უკვე კაცად-კაცადთა მოქმედთა კეთილისა და ბოროტისათა, თუ რაჲ არს მისაგებელი მათი ჟამსა მოსვლისა ქრისტესა. ი ო ა ნ ე: ისმინე, მელიქო, და ყურად იღე!

[საუბარი მეორედ მოსვლისათვის].

ბერსა დიდი ქება და მადლობა უთხრეს და სადილადცა არღა გაუშო მელიქმან. მაშინ ზ უ რ ა ბ ა: ბერო, რატომ მელიქიც არ მოიხსენე? ი ო ა ნ ე: მე სულ საზოგადოდ ვახსენენ. ზ უ რ ა ბ ა: არა, უნდა მოგეხსენებინა. ი ო ა ნ ე: ვითარ? ზ უ რ ა ბ ა: ესრეთ: აჰა, მობღუნძვულ-მოკუნტული მელიქი ესე და საქმენიცა მისნი! მაშინ ყოველთა განიცინეს და მიყვეს ხელი სადილსა... რა ბერი მოვიდა შინა, შეეტყო ღამბარაშვილს და მოვიდა ბერთან, და უთხრა: დიდად მიხარის, რომ მშვიდობით მოხველ და გნახე, ჩემი სული შენ გელოდაო. ბ ე რ ი: შენ კარგად მთლათა ხარ, და რას ანბობ? ზ უ რ ა ბ ა: რად მინდა თავი ცოცხალი, მამული მიმიღო სულხან მდივანმან უსამართლოდ, და ვერსად ვიშოვე სამართალი. და ახლა საიქიოს მინდა წავიდე და ღმერთმან უყოს მაგიერი. ბ ე რ ი: რას ანბობ, თავი არ მოიკლა! ზ უ რ ა ბ ა: შენც მშორდები, რუსეთს მიხვალ, და ყოვლითურთ უნუგეშო შევიქენ. მშვიდობით, მამაო! და გამოვიდა გარე და სარკმელით გარდაიგდო თავი მტკვარსა შინა და მოიშთო. ბერმა რა სცნა ესე, იტირა ფრიად და სთქვა: - ჰოჲ მსაჯულნო, ვინც მიიღეთ ქრთამი, მართალი სული განამწარეთ, და უსამართლოდ მიეცით მამული ამისი, მოგაგოსთ თქვენ უფალმან საქმეთაებრ თქვენთანა!