კალმასობა (სვეტის ცხოვლისათვის)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
კალმასობა
by იოანე ბატონიშვილი
იოანე ბატონიშვილის ნაშრომი

ი ო ა ნ ე: ეგე, სწორედ საღმრთო წერილებშიაც რომ ჰსწერია სარო, რომელსა კიპაროზს უწოდებენ, ის ხეა საღმრთო განგებით აღმოსრული აქა, ნიშნად საღმრთოს კვართისა, ვინადგან ქრისტე ურიათა საროსა, ნაძვსა და ფიჭვსა ზედან ჯვარს აცვეს, ეს ხეც მის საღმრთოს კვართის მოპოვების მიზეზი იყო და მოქცევისა ჩვენისა ნიშანი, რომელიცა იქმოდა სასწაულებსა, ესრეთ, რომელ ოდესაც დაჭრილი ნადირი შეეხებოდა ამა ხესა, განიკურნებოდა, აგრეთვე ავადმყოფნი, ანუ ფრინველნი მტკივნეულნი განიკურნებოდნენ, და ოდეს მოაქცია წმინდა ნინომან აქაურობა და ენებათ ეკლესიისა აღშენება ამა ხის ადგილს აღაშენეს ეკლესია, და ეს ხე რომ მოჰკვეთეს, ვერღა უძლეს აღმართვად. მაშინ წმინდას ნინოს ლოცვით ანგელოზთაგან აღიმართა და ჰაერსა ზედა იყო აღმართულ რაოდენსამე ხანსა, და მერე თვითვე დაეყრდნო ძირსა ზედან თვისსა, აღმოსცენდა მირონი ძირსა მისგან და მრავალსა სასწაულსა იქმოდა, ვითარცა სწერია ვრცელსა „ცხოვრებასა“ შინა. და ამის გამო მუნიდგან ეწოდა სვეტიცხოველი. მირიან მეფეც აქ ეკურთხა მეფედ, კათალიკოზნიც, სხვა სამღვდელონიც, და იმის გამო მუნიდგან შეიქმნა უპირველესი ეკლესია. ბეციას დია იამა ამისი უბნობა და მუნებურს ხალხსაც, ბინა მისცა იოანეს და ვახშმად თვისთან მიიწვია. იოანემ მადლობა ჰკადრა. წარვიდა ბინაზედ და მერე მოილოცა ეკლესია და ვახშმად მივიდა ბეციასთან. რა ვახშმად დასხდენ, ბეციამ ჰკითხა იოანეს: - იმ სვეტიცხოველის ხის ნარჩომები რაღა უყვესო? ი ო ა ნ ე: იმ ხიდგან სამი დიდრონი ჯვარი შექმნეს: ერთი დასდგეს გაღმა ამ ჯაჭვის ეკლესიის ადგილს, რომელსაც ზედა ყოველთვის ნათელი იხილვებოდა და მრავალს სასწაულს იქმოდა. მეორე დასდგეს თხოთის მთაზედ, რომელ აწ უღელტეხილად იწოდება, სადაც რომ მირიან მეფეს დღე დაუბნელდა და შიშით აღუთქვა გაქრისტიანება და კიდეც მოიქცა, იმის მოსახსენებლად დადგეს იმ მთაზედ... ხოლო მესამე დასდგეს უჯარმის მთაზედ, და ისიც ამ სახით სასწაულს იქმოდა. ბ ე ც ი ა: მაგ ჯვარებს რომელნი ხალხნი ესვიდენ? ი ო ა ნ ე: ამ ჯაჭვის საყდარზედ რომ ჯვარი ესვენა და თხოთის მთაზედ, მთლად ქართლი, გაღმა მხარი და გამოღმა მხარი, სასომხეთი და მთები, არაგვი და ქსანი და სხვანი აქ მოვიდოდენ სალოცავად, და სნეულნი აქ განიკურნებოდენ. უჯარმას - ერწო თიანეთითურთ, ფშავით, ახმეტით, მარტყოფით და გვერდისძირით, ესე იგი, ვიდრე ჯიმითადმდე, აქ მოვიდოდნენ და ილოცევდენ. ხიზიყიც, მთლად კახეთი შიგნითი და გაღმა მხარი, და ჯიმითს აქეთ მოსახლე მუნ ილოცევდენ, და ასე იყო განწესებული. ხოლო ხიზიყი მთლად ნინომ მოაქცია და მუნვე გარდიცვალა, და მას აქეთაც მუნ დღესესწაულობენ. ბ ე ც ი ა: რა იქნა ის ჯვრები? ი ო ა ნ ე: იტყვიან რომელნიმე, ვითამც ბოჭორმის ჯვარი ჩოლაყაანთ ჰქონდეთ. ასეც იტყვიან იმ ხისა იყოს ის რომელიც უჯარმას იყო. მეორე, რომელიც აქ ჯაჭვის იყო, მცხეთას დარჩა. იტყვიან, სამეფო სამად რომ გაიყო, იმერეთის მეფეს მისცეს წმინდის გიორგის ნაწილით ჯვარი, რომელიც ახლა არგვეთში, ჩხარის ეკლესიაში, ასვენია. კვალად იმ ხის ნარჩომიდან შექმნეს სამნი წვრილი ჯვრები: ერთი ახლა თელავს ჯვარპატიოსანში ასვენია და სხვანი კი არა ჩანს. გორისჯვარსაც იყო ამ ხიდამ ერთი მომცრო ჯვარი. ბ ე ც ი ა: მე ასე გარჩევით ვერავისაგან ვცანი. გმადლობ, იოანე! და ესეც მიბრძანე, ამ მცხეთის ბაჟს აღარ მანებებენ და რა მიზეზია? ი ო ა ნ ე: რადგან მოურავი ბრძანდებით ამ ადგილისა, თქვენგან უფრო რიგი იყო, ამგვარები ჩვენ გვესწავა, მაგრამ, რადგან მიბრძანეთ, მოგახსენებ. ბ ე ც ი ა: სად უნდა მესწავლა ამგვარები? ი ო ა ნ ე: ორთა კათალიკოზთა მოურავი ბრძანდებოდით და ხართ, და ამაზედ უკეთესი მეცნიერნი ჩვენსა ქვეყანასა შინა არავინ იპოებიან, და იქ უნდა გესწავათ. მაშინ ზ უ რ ა ბ ა: ბერო, რაოდენიც კაცი კათალიკოზებს ახლდა, თუ ყოველს მეცნიერება ესწავლა, ვგონებ, ნახევარი ქართლი მეცნიერი იქმნებოდა. ი ო ა ნ ე: ზურაბ, ეგ კი არ იქმნებოდა, მაგრამ ეს რადგანაც აზნაურიც არის და მოხელეც, იმას კი უნდა ესწავლა რამე. ზ უ რ ა ბ ა: ათის თავის აღება კი უსწავლია და სხვა მეტი რა უნდა? ახლა ბაჟის საქმე შენ ასწავლეო! მაშინ ი ო ა ნ ე: აჰა, ვეტყვი ბაჟის საქმესაც! ძველად, ოდეს ქალაქი იყო ეს მცხეთა, ბაჟიც, იჯარებიც, ზვერიც და სხვა შემოსავლები აქ იყო განწესებული ასაღებად, და ოდეს გარდიტანეს ტფილისს, ახლა იქ არის. ამ ხიდის ბაჟისა ასე მოიხსენეთ: მეფე ერეკლემ რა მეფობა მიიღო, დიდი ლეკიანობა და აღრეულობა იყო ქართლსა და კახეთსა შინა, ასე რომ დაღისტნიდამ ჯარი რომ წამოვიდოდა, საგურამოს თუ ყარაიაზედ ამოივლიდა. მტკვარს თუ ვერ გავიდოდნენ, არაგვს გამოვიდოდნენ, ამ მცხეთას თავს გარდივლიდნენ და ამ ხიდზედ გავიდოდიან. ზოგნი ახალციხეს აღვიდოდენ, ზოგნი არმაზიწყალს და ძეგვისაკენ შეკრავდენ და ზოგნი მუხათგვერდსა, და ესრეთ ახდენდნენ მგზავრთა. მეფემან ირაკლიმ ეს ღონე იხმარა, რომ ამ ხიდის გადაღმა და გამოღმა კოშკები გააახლებინა, შიგ კარგი ვაჟიკაცნი დააყენა, რომელნიც ამ გზებსაც სცვიდენ, მგზავრთაც მშვიდობიანათ ატარებდენ და ვეღარც ამ ხიდზედ ლეკნი გადიოდნენ. და ამათთვის მეფემან ურემზედ შაური განუწესა და ფქვილი ერთი ჩანახი, და ამ ყარაულებს ეძლეოდათ. და ოდეს მეფემან სიმხნითა თვისითა მრავალს ადგილს სძლო ლეკთა და შიშსა შინა მოიყვანა, დამშვიდდა ქვეყანა, ეს ხიდის ბაჟი არ მოიშალა, მაინც რამდენიმე კაცნი განაწესნა და ქარავანსა და ვაჭარსა ზედან იღებდენ ორ შაურს. და ამ ეკლესიის გასაახლებლად იღებდენ, და ესრეთ ნელ-ნელა აახლებდენ, რომელიც თითქმის ორს თუმნამდინ შემოსავალი დგებოდა. და, აჰა, მიხედეთ, რომელს მოურავს აქვს ამდენი ბაჟის ადგილი, რომ ესეოდენი ფული შემოუვიდეს? და მე რადგან მკითხეთ, ეცადეთ ისევ ათის თავი გაირიგოთ, და არა სრულიად იდაოთ, რომ ეგ ათის თავიც არ დაგეკარგოთ. გამგონე ამისი ბეცია შეწუხდა და თქვა: - აღიღე, ბიჭო, ვახშამი! და თითონ აღდგა და გავიდა სხვა სახლში. იოანეც მშიერი შინათკენ წამოვიდა. მაშინ ზ უ რ ა ბ ა: ბერო, რა მოანგარიშე იყავ, რაზედ დაგვაგდე უვახშმო? ი ო ა ნ ე: გაძღომისათვის სიცრუეს ხომ ვერ ვიტყოდი? ზ უ რ ა ბ ა: არ იცი, ეს ასეთი ქვეყანაა, თუ არ პირმოთნეობით, მჭადსაც არავინ გაჭმევს! მაშინ იოანე დუმნა და დაწვნენ მშიერნი. იმ ღამეს დაღალულობამ და შიმშილმან ვერ მისცა კარგი ძილი და დილას ადრე აღსდგნენ და ცდილობდენ საუზმის რასმე გაკეთებასა. ამ ჟამში ერთი კავთისხეველი კაცი მოვიდა, იოანე იკითხა, აჩვენეს სადგური. რა სახლსა შინა შემოვიდა, სახლის პატრონმა იცნა, რომ თავისი სიძე იყო, წინ მიეგება, აკოცა და იოანეს უთხრა: - ეს კაცი ჩემი სიძეა! იმ კაცმან წიგნი ამოიღო წინამძღვრისა და იოანეს მიარო. იოანემ მოიკითხა კაცი იგი და გახსნა წიგნი და იწყო კითხვად, რომელსა შინა ეწერა ყოველი: „წინამძღვარი ქვაბთახევის მონასტრისა საყვარელსა შვილსა ჩემსა იოანეს ქრისტეს მიერ მოგიკითხავ! მესმის შენი ეგრე შრომა და სჯულიერი ღვაწვა, რომელიც იქმნები გვირგვინებულ ჩვენმიერისა მადლობითა. გთხოვ, ამას თანა თავს იდვა ესეცა, მიიღო შრომა, - წარვედ კახეთსა და, რადგან მუნ არს ჟამი მოწევნილი სთლობისა, მუნცა მოირეწო ღვინო, ვინაიდგან უფრო საჭირო არს მონასტრისათვის ჩვენისა, რადგან ახლად ვაშენებთ ვენახებს, მანდ ნაშოვარის ღვინითა წარვმართოთო კეთილად საქმე ჩვენი. და ამასთან მომიკითხე საყვარელი თანაძმა შენი ზურაბ და სთხოვე მაგას, რათამცა მოიღოს შრომა შენთანა მონასტრისათვის. იყავით მშვიდობით, უფალი თქვე თანა!..“ წარმკითხველი წიგნისა ამის იოანე არამცირესა მხიარულებასა მიეცა, და თქვა: - ვმადლობ წინამძღვარსა ჩემსა ამა კეთილისა ჰაზრისათვის და ამისთვისცა, რადგან ვიხილავ მშობელსა მამულსა ჩემსა. და დასწერაცა პასუხი. სახლის პატრონმან იოანესმან რა იხილა სიძე თვისი, მყისვე დაკლა ქათამი და ამასთანავე გოჭი. მიყო ხელი უცხო საუზმე განუმზადა, და იოანესაც სთხოვა საუზმედ. იოანე ამაზედ გამხიარულდა და სთქვა: - ზურაბ, ძმაო! აჰა, ღმერთმან მოგვივლინა კაცი ესე, რომელ განვსძღებით მომყმარნი. იხილე, მოთმინება ასე კარგია! ზ უ რ ა ბ ა: ბერო, თუ სიძე არ მოსლოდა ამ სახლის პატრონს, მე ვიცი, როგორც გამაძღარი წახვიდოდი. მაშინ დასხდენ საუზმედ და ამ სახლის პატრონმა უთხრა თავის შვილს: - შვილო, კარი დაუმცხეთურე! იოანეს დია ეუცხოვა ეს ლექსი და ჰრქვა: - სახლის პატრონო, რასა ნიშნავს ეგ ლექსი? მითხარი! ს ა ხ ლ ი ს პ ა ტ რ ო ნ ი: ასე გაგვიგონია, ძველად რომელსამე კათალიკოზის დროს ყველიერში კონს თევზი არღა მოხვედრია და ის კვირა თითქმის უთევზოდ დაშთომილან. და ამაზედ კრებულნიც და აქაურნიც ხალხნიც მოწყენით ყოფილან. აღების ღამეს გათენების დროს ორშაბათის კონში რაოდენიმე ორაგული მოხვედრია და მოურთმევიათ კათალიკოზისათვის. მაშინ უბრძანებია იმათი მოხარშვა. დიდს პალატში შეუყრია ხალხი, ფანჯრები დაუხურავთ, დაუბნელებიათ და ისე უჭამიათ ის თევზი, რომ სხვა უცხო არავინ შესწრებოდათ და მერე ცისკარი ულოცავთ მარხვისა. და მას აქეთ დადებულა ეს სიტყვა, და ახლა, როცა არავის მიღება გვინდა, კარებს დაუგდებთ და ვიტყვით: დაუმცხეთურეთო. ი ო ა ნ ე: მაგ საქმისათვის სტუმართმოყვარეობაზედ ხელი არ უნდა აგეღოთ. კათალიკოზს ხალხის ნუგეშისათვის უქმნია ეგე და არა სტუმართმიუღებლობისათვის! ს ა ხ ლ ი ს პ ა ტ რ ო ნ ი: ჩვენ ახლა ასე ვიქცევით. ი ო ა ნ ე: ნუ, მამაო, რაც შეგეძლოთ, სტუმართმოყვარე იყავით! ზ უ რ ა ბ ა: იოანე! შენ ხომ კარგა გამოძეღ, და რას დასდევ, ვინც უნდა მიიღოს, ვინც უნდა, არა! და ესრეთ დაასრულეს საუზმე. იოანე მადლობელი გამოესალმა სახლის პატრონს, წიგნი მისცა წინამძღვრისა მას კაცსა და თითონ გაემართა მარტყოფისაკენ.