კალმასობა (დღე ოცდამესამე)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
კალმასობა
by იოანე ბატონიშვილი
იოანე ბატონიშვილის ნაშრომი

რა გათენდა, აღსდგნენ, აღკაზმეს ცხენები, ამხედრდენ და წარვიდენ ქალაქისაკენ. იოანემ უთხრა ოთარას: - ბიანბე, შენ ვითარ მიაწიე მაგა მასხარაობით, მეფეთთან? ომარამ უთხრა: - მეფის ერეკილეს დროსა ყიზიბაშიდამ ერთი კარგი გვარის კაცი მოვიდა. ბატონმა დია პატივი სცა და ერთს ღამეს ბატონმან დაპატიჟა ვახშმად. ის ყიზილბაში დია ბრიყვი იყო, ბატონს დია ეჯავრებოდა იმისი ყალიონის სუნი, რომელ მალ-მალ სწევდა, და მყრალის თამბაქოს სუნი დადგა იმ სახლში. მირზებმან და სხვათა სპარსულად ბევრჯელ უთხრეს და დაუშალეს, რომ - ნუ სწევ ყალიონს მაგრე ხშირადო, მაგრამ არ დაიშალა. მერეთ ბძანა ბატონმან - ვინც იმას მომარჩენს, კარგს წყალობას უზამო. მაშინ ამირეჯიბმან მოახსენა: - მე მყავს ერთი მასხარა მსახური და, თუ ინებებთ, ის შეიძლებს ამის აქედან გაყვანას. ბატონს დია იამა. გამოვიდა ამირეჯიბი და მითხრა: - ოთარავ, ახლაა შენი პურის შოვნის დროჲ, ეცადე ეს თათარი როგორმე გააჯავრო, რომ აქედან გავიდეს. მაშინვე უთხარ: - ერთს ჯამით ნაკვერცხალი მომიტანინე და ერთი გრძელი ჯოხი და საკმეველი. ესენი მაშინვე მომიტანეს. ჯამი ცეცხლით თავს დავიდგი, ხელსახოცი შომოვახვიე, ყალიონის თავივით გავაკეთე და ჯოხი ლაჯებში გავიყარე, და ჩავყარე საკმეველი და დავსდეგ გზად. ოდეს დაიძახა იმა თათარმან: „ჰოი, გადა, ყალიონ გეთურ!“ („ბიჭო, ყალიონი მომიტანეო“), მაშინ საჩქაროდ მიველ, ზურგი შევაქციე, ის ჯოხო პირში მივეც, უკან ლაჯებში გაყოფილი, და უთხარ: „ბუირ, აღა“ („მიირთვი, ბატონო“). რა ესე იმ თათარმა ნახა, გაჯავრდა, წამოხტა, და გინებით კარში გამოვარდა. ბატონს დია იამა და ერთობით დაიწყეს სიცილი. მერეთ მიბძანა: რაც იცოდე მასხარაობაო, ყველა გვიჩვენეო. მე მოვყევ და, როგორც გამიგონია, ისე ვიმასხარავე და საკვირლად მოვალხინე. ბატონმან ერთი ხელი ხალათი მიბოძა, და მას აქეთ, აგერ ოცდახუთი წელიწადია, სულ ამ მასხარაობაში ვარ. ამ ხელობით ერთი ლუკმა პური ვიშოვნე. ი ო ა ნ ე: უნდა ღმერთს მადლობდე, რომ ეგ ნიჭი მოუცია შენთვის, რომ მაგით სარჩო გიშოვნია. ო თ ა რ ა: დია ყოველთვის მადლობას ვაძლევ ღმერთსა. ი ო ა ნ ე: შენის ხუმრობით ხომ არავინ შეგიწუხებია, ან ბატონთან ხუმრობით ხომ არავინ დაგიბეზღებია? ო თ ა რ ა: ბატონის მხრიდამ მე უსამართლო მინახავს რამე, ანუ მოხელეებისაგან და ან იასაულებისაგან, ხუმრობაში ბევრი წარმომიდგენია და მიშველია შეწუხებულთათვის. აგრეთვე, თუ თავადის მხრიდამ მინახამს რამე - ან ურიგო ყოფაქცევა, ან კრივი, ან სხვა უსამართლობა რამ, ისინიც გამიტარებია ხუმრობაში. და სხვები მრავალი ხუმრობა მიქვნია მოსაწონი და სასაცილო. მელიქ ავეტიქამ თავის ძმისწულის ქორწილი უყო და დიდი პურობა გარდუხადა. მეფე, მეფის ძენი, კათოლიკოზი და სხვანი დიდი კაცნი იქ იყვნენ შეყრილნი, ღამე, ვახშმად დიდს დარბაზში ისხდენ. შუა ლხინის დროს ქართველთ მგალობლები წარმოაყენეს და იგალობეს, როგორც მეჯლიშის რიგია. რა ამათ დაასრულეს, მერეთ მცირე ხანს უკან სომხის ტერტერები წარმოაყენეს და დაიწყეს გალობა ასე მაღლა, რომ თითქმის ყოველნი მუნ მსხდომარენი მათმან ყვირილმან აწყინა. რა ესე ვნახე, გაველ გარეთ და ეზოში ერთი ვირი ება, ავხსენ ის ვირი და, იმ დარბაზში რომ შემოვიყვანე და ეს ყვირილი მიესმა და მრავალი ანთებული სანთელი იხილა, შეშინდა ის ვირი და ასეთის ხმით მოჰყვა ღრიალსა, რომ ამ ტერტერეების ხმა სულ დაფარა. რა ესე იხილეს, ეს ტერტერეები კარში გამოვიდნენ. შექმნა ხალხმან სიცილი, და ბატონებმა. და ის ღამე ასეთის ლხინით გავატარეთ, რომ მნახავთათვის უკეთესი არღარა იქნებოდა. მეც ვიშოვე მაშინ კარგი ხალათი. დადიანთან ვიყავ ოდიშში და ერთმან თავადმან დაპატიჟა დადიანი, წაბრძანდა და მეც მიახლო, რომ ყოველთ უყვარდი მასხარაობისთვის. და დადიანმან მიბრძანა: თუ გამამხიარულებ დღეს და ასეთს ხუმრობას იქმ რასმე, საცინელი იყოს, კარგს ცხენს გიბოძებო. მე დიდად მიამა, მაგრამ ვფიქრობდი: რა უნდა ვიხუმრო, რაც ვიცოდი, ყოველი ვიმოქმედე და სხვა რა მოვიგონოო. ამ ფიქრში რომ ვიყავ, სადილიც მოითხოვეს. მიველ, დავსხედით. ერთი გვერდობიანი კარგი გორა იყო იქ. და რა სუფრა გაიშალა, ვნახე ღომის ხაბაზი მოდის და ერთი დიდი ქვაბი ღომი მოაქვს და პატარა ხის ნიჩაბი უჭირავს. შევხედე, რომ ეს მეღომე უნიფხვო იყო, რადგან ოდოშში ჩვეულებად აქვთ, პერანგი აცვიათ გძლად. და მოვიდა, ამოიღებს ამ ნიჩბით და აქეთ-იქით ურიგებს. რა ჩემთან მოვიდა და დამიდო ღომი მოხარშული ცხელ-ცხელი, გაბრუნდა და დაიკაკვა ღომის ამოსაღებად, აღვიღე ამჟამად ეს ცხელი ღომი და ამოუსვი უკან კაკლებსა და საჯდომზედა. ეს კაცი გამწოვდა, რომ ჯერ ერთი მაღლა შეხტა, ნიჩაბი იქ ვიღასაც თავში ჰკრა, ეს ქვაბი იმ თავდაღმართზედ დაუგორდა, და თითონაც დაფრინდა ამ თავდაღმართზედ წყლისათვის, და დაიძახა: „ასემც შენი სახლ-კარი დაგეწვის, რაგვარადაც მე დამწვი“. მაშინ წასქდათ სიცილი დადიანს და სხვათა და თქვეს: ამისთანა ხუმრობა არ ქნილაო. ნახევარი ხალხი უღომოდ დარჩა. და ასე ვილხინეთ იმ დღესაც. ერთხელ კიდე ერთი იმერელი ვაკე იმერეთიდამ მოვიდა, და ჩემი ცოლი წყალზედ უნახავს, ყმაწვილი ქალი იყო და დია მოსწონებია. მოვიდა ჩემთან, კალოზედ ვიყავ, და მითხა: - ბატონო! ერთი ნამუსი მინდა გითხრა, თუ აღმისრულებ, ბარე კარგა გემსახურებიო. უთხარ: - მითხარი! მან იმერელმან მაჩვენეა ეს ჩემი მეუღლე და მითხრა: - ეს თუ გაუთხოვარი არის, აქ დავსახლდები და ამ ქალს ვითხოვ, თუ მომცემენ მისი დედ-მამა. მე უთხარ: - ეგ ჩვენი მეზობლიანთ ქალია, ჯერ გაუთხოვარია, და, თუ შენახვა შეგიძლიან, მე გაგირიგებ-მეთქი. დაემხო ეს კაცი, და მადლობა მითხრა, და მითხრა: - შინაც ბევრი მაქვს და აქაცა მაქვს თან ასი ყურუში. მე ვთქვი: „ფული მეჭირება და ეს არის ჩემი საქმე“. - უთხარ: - წავალ და ველაპარაკები შენს საქმეზედ იმ ქალის დედ-მამას. დიაღ გულით შემეხვეწა, და წაველ. ეს იმერელი სხვაგან ერთს გლეხისას დავაყენე. წაველ ტყუილად და მცირე ხანს უკან მოველ და უთხარ: - დიდათ იამათ იმ ქალის დედ-მამას, და კიდეც ნება მოგცესთ. და ესეც შემოგითვალეს, თუ ქორწილი გინდა, ერთი ხელი ტანისამოსი უშოვე ამ ქალს და ჯვარს დაგწერთო. რა ესე გაიგონა ამ იმერელმან, მაშინვე შეჯდა ცხენს, წავიდა გორსა და ერთი ხელი კარგი ტანისამოსი ეყიდნა. თითონაც ჩოხა გამოეცვალა და მესამე დღეს მოვიდა ჩემთან. გამოვართვი ყოვლიფერი, და სახარჯოდცა ოციოდ ყურუში, და უთხარ: - ხვალ საღამოს უთუოდ ჯვარს დაგწერთ, ვინემ ეს ტანისამოსიც მოესწრობა. ავდექ მე და უთხარ: - მე ატოცს მინდა გადავიდე, იქიდამაც სტუმრები მოვიყვანო და ჩემი ძმა მივუჩინე იმ ქალს, ეს გაჩვენებს და რიგსაც მოგცემს. მე რა წაველ, გადაველ ბრეხას, წვერი მოვიპარსე, ბატონის ნაბოძები ხალათი ჩავიცვი, მაუდის ქუდი დავიხურე, ცხენს ყაჯარი გარდაუშალე. ორიოდ კაციც თან წამოვიყვანე და დავარიგე, რომ იმერელია აქ, და რა მე ჩემს სახლთან ჩამოვხდე, ცხენი გამომართვით, და იმერელმან, რომ გკითხოთ, ასე უთხარით: ეს ბატონის მსახურია და აქ თავის ცოლთან მოვიდა ქალაქიდამო. რა ჩემს სახლთან მოველ, ვნახე - ის იმერელი გარეთ ეზოში ზის და ჩემს ძმას ელაპარაკება. გარდავხედ ცხენიდამ, ამ კაცებმან ცხენი ჩამომართვეს, იმერელს სალამი მივეც და უთხარ: აქ რასა იქთ-მეთქი? მან მითხრა: ჩემი საქმე მაქვს. ჩემს ძმასაც ვანიშნე, სხვაგან წავიდა და მე შინ მიველ. დედაკაცი წინ მომეგება, თოფი ჩამომართო, და აგრევე ჩემი წვრილი შვილები. რა ეს იმერელმან იხილა, უთხრა ჩემთან მოყოლილ კაცებს: ბატონო, ეგ ქართველი აზნაურო ვინ არის, რომ ჩემს დანიშნულთან ასე კადნიერად შევიდაო. მათ უთხრეს: რას ანბობ, იმერელო, ეს მეფის მსახურია და ამ თავის ცოლთან მოვიდა ქალაქიდამ, და ეს ყმაწვილებიც იმის შვილია. ი მ ე რ ე ლ ი: მართალს უბნობთ, თუ მაბრიყვებთ? მ ა თ კ ა ც თ: არა, ჭეშმარიტად, რომ მაგ კაცის ცოლია. ი მ ე რ ე ლ ი: ვაი ჩემს თავს, აკი დამაფსო ვინცაღა ცრუ ქართველი იყო! - და შესჩივლა, როგორც საქმეს გაევლო. მათ უთხრეს: ის კაცი ერთი ცრუ სომეხი არის, ბევრი შენისთანა მოუტყუებია, რატომ მიეცი მაგდენი თეთრი და საქონელი და არავის ჰკითხე? ახლავ წადი და გაუდეგ უკან, ეგება მოახელო სადმე. იმერელმან თავში ხელის ცემა შექმნა და ტირილი. ამჟამად გამოველ და უთხარ: - ძმაო, რა გატირებს? მან იმერელმან მცირე შემომჩივლა, ვითარცა სხვათა. მეც უთხარ: - ის ასეთი ცრუ კაცია, რომ ბევრი მაგგვარი საქმე უქნია და ახლავე გაუდეგ, ეგება გორს მოახელო. ავიღე და ხუთი აბაზიც ვაჩუქე: - ეს დახარჯე, გორში მუქთად პურს არავინ გაჭმევს. თუ ის სომეხი მოახელო, ვაჭარი სომეხი ხომ ბევრი დადის ქუთაისს, იმათ წაართვი, რაც დაგხარჯვია. იმერელმან დამლოცა, ხელზედ კოცნა მოინდომა და მითხრა: - რა კარგი ქრისტიანი ყოფილხარ. ორიოდე პურიც ვაჩუქე და მადლობელი გავისტუმრე. ი ო ა ნ ე: უთ ჩემს თავს! სწორედ ხელოვნებით ქურდობა გიქნიაო და ზაკვით შენდობა აგიღიაო. მაგრამ უნდა უკანვე გეჩუქებინაო, რაც გამოართვიო. ო თ ა რ ა: შე დალოცვილო, ამ სოფელში სულ ამგვარი მოტყუება არის და ასე რჩებიანო. ი ო ა ნ ე: არა, ოთარავ, სიმართლით მოგებული უმჯობესია და უფრორე გამოადგება კაცს. იმჟამად გავიდნენ. გაიაპირა მინდორში. ნახეს - უკანიდამ სამი ცხენოსანი კაცი ცხენებს მოაჭენებენ ხიზიყელნი, და სამი კაცის თავებიც ცხენზედ უკიდიათ. შედგნენ ესენი და ჰკითხეს: - რა ამბავია, ძმანო? მათ უთხრეს: - ბატონთან მახარობლად მივდივართ, ბატონისშვილმან იოანემ დაამარცხა ომარხან, და ათასი კაცი მეტი მოუკალით, ცოცხალს გარდა. ახლა ეს არის ნიახურიდამ მოვდივართ. რა, ესე გაიგონა იოანემ, დიდი მადლობა შესწირა ღმერთს და თქვა: - ბედნიერად ვიქადაგე. და ესეც გაეშურა, რომ - დროზედ მივიდე ქალაქს, მეფეს იმ ძლევისათვის შესხმა მოვახსენოო. და გასწიეს მათ კაცთა, ოთარაც იმათ გაყვა და ზურაბა და იოანე წარვიდენ მოჩქარებით ქალაქისაკენ. რა ქალაქს შინა მივიდნენ, იყო ხალხის დიდი სიხარული, ზარბაზნის სროლა და დიდი შეყრილობა მას გამარჯვებისა ხმასა ზედა. იოანეც მივიდა სახლსა ქვაბთახევის წინამძღვრისასა და დაბინავდა. საღამოხანს კაცმან დაიძახა, რომელ - ხვალე სამადლობელი პარაკლისი იქმნების სიონში, იქ შემოკრბით, და მერე იქიდამ მეფეს უნდა იახლოთ და მიულოცოთო. იოანე მაშინვე განემზადა სახვალიოდ. და იმ ღამეს დასწერა მეფესთან მისართმევი შესხმისა წიგნი.