კალმასობა (დღე მესამე)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
კალმასობა
by იოანე ბატონიშვილი
იოანე ბატონიშვილის ნაშრომი

მწუხრის ჟამს მივიდნენ იგინი მუნ და გარდახდეს კოშკისა გვერდით და ჰკითხეს მუნებურთა აბაშიძეების მუნ ყოფნა. ხოლო აცნობეს მას ქიზიყის მურავის ქალის ანნასი ყოფნა. გამგონე ამისი იოანე მხიარულ იქმნა და ჰრქვა ზურაბს. - მივედ და აცნობე ჩემი ქიზიყის ქვეყანით მოსვლა მონასტერს და არქუ ლოცვა-კურთხევაცა, იგი კარგა მიგვიღებს! წარსული ზურაბ მუნით მივიდა თავადინასთან, აცნობა იოანეს ვითარება, და მან მყისვე მიუწოდა. იოანეს, მუნ მდგომსა, ამა კოშკიდამ ესმა ხმა რაჲმე მწუხარებისა. განკვირვებული იოანე მიმოიხედებოდა და უკანასკნელ იხილა კაცი ვინმე წინაშე კოშკის კარისა მდგომარე, და ჰრქვა: - ძმაო! რაჲ არს ხმა ესე მწუხარებისა? ხოლო მან ჰრქვა: - მამაო, ტყვეები არიანო!

  • ი ო ა ნ ემ: სადურნიო?
  • მ ა ნ: ოსთაგანი.
  • ი ო ა ნ ე: რაჲსა შეცოდებისათვისაო?
  • მ ა ნ ჰრქვა: გასაყიდლად.
  • ი ო ა ნ ე: ჰოი ღმერთო!

და ამ ჟამში ზურაბმა მიუწოდა სახლსა აბაშიძისასა. ოდეს მივიდა იოანე და იხილა ანნა, ჰრქვა: - მშვიდობა შენდა, ჩვენის მოურავის ასულო! დღეს ვრაცხ თავსა ჩემსა ბედნიერებად, რომ ბრწყინვალებასა თქვენსა ვიახელ, გარნა რომელიმე მწუხარებაჲ მიიღო გულმან ჩემმან.

  • ა ნ ნ ა: ვინ რა შეგცოდა?
  • ი ო ა ნ ე: საბრალო ტყვეებმან.
  • ა ნ ნ ა: ნუ იზრუნებ, მაგის საქმეს ლ. აბაშიძე განაგებს.
  • ი ო ა ნ ე: თუ დიდი ლ. აბაშიძესავით განაგებს, ღმერთმან შენს მტერს მისცეს!

მაშინ ამილახვრის ქალმან გააშვებინა სიტყვა და უთხრა: აქეთაც მოიხედე, ეგ თუ მოურავის ქალია, მე ამილახვრისა ვართ! ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! ვერ დაგინახეთ, მე სხვა სჯაში ვიყავი და არა ხარისხის შესწორებაში. ა ნ ნ ა: ვითარ სჯაში? ი ო ა ნ ე: ცოდვისა და მადლისაში. ა ნ ნ ა: მე, თქვენმა მზემ, ცოდვილი არა ვარ. ი ო ა ნ ე: არავის გწამობ. ა ნ ნ ა: არა, შენ რა ჩვენი მოძღვარი ხარ? ი ო ა ნ ე: თქვენო მოძღვარი, ვგონებ, კეთილს გამცნებდეს. ა ნ ნ ა: ეს ბოროტი მცნება არ არის, რომ ჩვენ ოსებისაგან ვისარგებლოთ და იმათაც დიდკაცობასა და სიმდიდრესა შინა მიაწიონ. ი ო ა ნ ე: კარგი მიზეზია, - გარნა არ კმარა ეგე! ა ნ ნ ა: დაბრძანდით, დაღალული ხართ. ჩვენი მოძღვარი მოვა და ის მოგცემსთ მაგისთანა პასუხსა. აქა უბნობასა შინა ლ. მოვიდა თავის აზნაურებითა. თავის რძალთ მიიწვიეს და მათ აცნობეს იოანე. ლ. პატივით მოიკითხა და დასხდენ. მაშინ ამან ხუმრობით იოანეს აჩვენა პაპუა ორჯონიკიძე და უთხრა: - აჰა, ჩვენი მოძღვარი! იოანე ზე ადგა და ეანბორა. მან ხელი გარდასწერა, გარნა არ მისცა სამთხვევლად. მაშინ ყოველთა გაიცინეს. რა იოანემ გამოსცნო მისი ერისკაცობა, თქვა: როგორც ერი, იმგვარი ბერიო! მაშინ მოიღეს ვახშამი და, რა კარგა ლხინს გაერთვნენ, თქვა ი ო ა ნ ე: ჰოი ჩვენს თავს! ჩვენ ამ განცხრომაში ვართ და ის ტყვეები მწუხარებაშია. ო რ ჯ ო ნ ი კ ი ძ ე: იმათ მწუხარებას ბოლოს მხიარულება შეუდგება. ი ო ა ნ ე: ვითარ? ო რ ჯ ო ნ ი კ ი ძ ე: მისირში (ეგვიპტეს) მთლად ბეგებად ქართველნი არიან. ი ო ა ნ ე: იგინი ლეკთაგან მოტაცებულია გაყიდული და არა ქართველთაგან. ო რ ჯ ო ნ ი კ ი ძ ე: სულერთია, კაცი ვისგანაც ბედნიერებას მოიპოვებს. ი ო ა ნ ე: საგაზე მეტი უბედურება რა იქნება, რომ სულით უნდა წარწყმდეს და ხორცით თავის მშობელის მამულთგან დაიკარგნენ. ო რ ჯ ო ნ ი კ ი ძ ე: რომ არ გათათრდნენ, ხომ ცხონდებიან, ხოლო თავის მამულის მოშორვება ერთი არა არის რა, ყველგან ადგილია კაცისათვის. ი ო ა ნ ე: მაგ საბრალოებს სათუოში რათ აძლევთ? ეგება ვერ მოითმინოს სატანჯველი! ო რ ჯ ო ნ ი კ ი ძ ე: თუ ვერ მოითმენენ, ფაშობას მზად მიიღებენ. ი ო ა ნ ე: და რაღა ვთქვა? სახელოც დაგინიშნავს! ო რ ჯ ო ნ ი კ ი ძ ე: თუ გნებავს, შენც მალე გიშოვი სახელოსა, მაინც მეათე გვაკლია, რომ ხალვრათ შესრულდეს. ი ო ა ნ ე: ჰოი თქვენ სვინდისს! კოდს არ სჯერდებით და ხალვრათ უნდა გახადოთ! ლ-ე: იმ ტყვეებს ერთი დიაკვანიც ეჭირებათ და მეტადრე შენისთანა მოქადაგე, რომ არღა გათათრდებიან. ი ო ა ნ ე: ეგ თქვენი ჰაზრი ყოვლითურთ სჯულის წინააღმდეგია. დ-ე: რომლისა? ი ო ა ნ ე: სამისავე სჯულისა. ლ-ე: ვითარ და რომლის სახედ? ი ო ა ნ ე: პირველად ბუნებითის სჯულისა, რომ რაც ჩვენთვის არ გვინდოდეს, იგი არც სხვას უყოთ; მეორე - საღმრთო სჯულიც ამასვე ამტკიცებს, ესრეთ შეყვარებად მოყვასისა თვისისა, ვითარცა თავისა თვისისა; ხოლო მესამე - სახელმწიფო და სამოქალაქო სჯულდებაც გვაყენებს ესგვარისა უწესოს საქმისაგან, რომელიც არა ჰშვენის კაცსა. ლ-ე: ამგვარი შური პირუტყვთაცა აქვსთ, და კაცთაც იქიდამ აქვთ მიღებული, რადგან პირუტყვის მსგავსებაცა გვაქვს, და რასათვის მათ არა აქვთ კანონი? ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! კაცნი თუმცა სმითა, ჭამითა და ძილითა და სხვებრ მსგავსობენ პირუტყვთა, გარნა სიტყვიერებითა და უკვდავითა სულითა მსგავს არიან ანგელოზთა, და ვითარ უსწრობ კაცსა პირუტყვთა? ლ-ე: და რაჲ არს კაცი? სწორედ მაცნობე!


კაცისათვის[edit]

ი ო ა ნ ე: კაცი არს გულისხმიერი და მიმოქცეველი დაბადებული, შედგმული მოკვდავისა სხეულისაგან და სულისა უკვდავისა. ლ - ე: რაჲსთვის დაბადა ღმერთმან კაცი? ი ო ა ნ ე: დამარხვისათვის სჯულისა და სიმართლისა, და სწავლისათვის სოფელსა შინა კეთილის საქმისა, და დიდიებისათვის სახელისა მისისა. ლ - ე: რაჲსაგან შედგმულ არს სხეული კაცისა? ი ო ა ნ ე: ცეცხლისა, წყლისა, ჰაერისა და მიწისაგან. ლ - ე: რაჲ არს სული? ი ო ა ნ ე: სული არს პსიხი, რომელიცა ჟამიერად კაცთა შორის მწერტელობს ყოველსავე შემემცნებასა, ჰაზრსა, მსაჯულებასა და წინასწარმიღებასა, თვინიერ მცირისა და მონაწილეობითა სხეულისათა. ლ - ე: ვითარნი უკვე არიან თვისებანი სულისანი? ი ო ა ნ ე: გულისხმისყოფა, ნება და მეხსიერება. ლ - ე: რასა შინა ჰმსახურებს კაცსა გულისხმისყოფაჲ? ი ო ა ნ ე: ცნობისათვის ჭეშმარიტებისა. ლ - ე: რაჲსათვის ჰმსახურებს კაცსა ნებაჲ? ი ო ა ნ ე: რათა იგი ისწრაფდეს კეთილისადმი და გარეიქცეოდეს ბოროტისაგან. ლ - ე: რაჲ არს კეთილი და რაჲ არს ბოროტი? ი ო ა ნ ე: კეთილი არს ყოველი იგი, რაჲცა შეგვიქმს ჩვენ კეთილშემთხვეულებასა; ხოლო ბოროტი არს იგი, რომელიცა გვყოფს ჩვენ უბედურად. ლ - ე: რაჲადმი შემძლებელ არს მსახურებად მეხსიერება? ი ო ა ნ ე: განახლებისათვის ჰაზრთა ნამყოფთა ნივთთათვის. ლ - ე: არა აქვს რა სულსა ჩვენსა კვალად სხვანი ვითარნიმე თვისებანი? ი ო ა ნ ე: უეჭველად მას აქვნ კვალად ხუთნი უკვე გრძნობანი, ესე იგი: ხედვა, ყნოსვა, სმენა, შეხება და გემება. ლ - ე: რაჲსადმი სახმარ არიან გრძნობანი ესე? ი ო ა ნ ე: საშუალებითა უკვე ამა ხუთთა გრძნობათა სული ჩვენი მიმღებლობს მცნობელობასა არათუ ოდეს მისთვის, რაჲცა სხეულსა შინა მისსა, არამედ მისთვისცა, რაჲცაღა გარეშე მისსა იმოქმედებიან. ლ - ე: ვითარითა უკვე ხატითა მიმღებლობს სული ჩვენი მცნობელობასა მყოფთათვის გარეშე მისსა საგანთა? ი ო ა ნ ე: შეწევნითა მხედველობისათა განარჩევს დიდსა მცირისაგან; მყნოსველობითა სცნობს უკვე კეთილსუნოვნებასა და საზიზღელთა სუნთა; სმენითა უკვე განარჩევს მაღალთა და მდაბალთა ხმიანობათა; შეხებისა გამო სცნობს უთანასწორობასა სხეულისასა, ამოვნებასა და უსიამოვნებასა, ეგრეთვე სითბოსა და სიცივესა; ბოლო გემებისა გამო ჰგრძნობს ტკბილსა და მწარესა, მჟავესა და მლაშესა და ესევითართა. ლ - ე: ვითარითა უკვე ხატითა სული ჩვენი მიმღებლობს ესევითართა შემეცნებათა და ანუ სად არს ადგილი მისი? ი ო ა ნ ე: საშუალებითა ნერვებთათა (ანუ მგრძნობელთა ძარღვებთაგან), რომელნიცა უკვე არიან თანაზიანი. კერძოთადმი გრძნობისა შემადგენელთა, რომელნიცა მიართმევენ მოქმედებათა თვისთა გონებასა, რომელნიცა მდგმოებს, ფილოსოფოსთამებრ, უმეტეს ტვინსა შინა. ხოლო ტვინსა მას შინა არს უწყებული უკვე ადგილი, სადაცა ყოველნი უკვე ნერვნი შეერთდებიან. და ესე არს ადგილი იგი, სადაცა ხელმწიფებს უკვე სული და ამა მოქმედებათა ძლით მომპოვნებლობს იგი ყოველთა მცნობელობათა ნივთთათვის, მყოფთა გარეშე მისსა, და მიიღებს უპირველესსა შემეცნებასა, რომლის შემსგავსებული ჰყოფს უკვე გამსჯელობასა, შეცვასა, დამტკიცებასა და ყოველსა მას, რაჲცაღა მოისწრაფვის სიხარულისადმი მცნობელობისა მისისა. და ესეგვარითა სხვადასხვა უბნობითა დაასრულეს ვახშამი. და იოანეც აღდგა, მთქმელი ძილის ამოვნებისა, და წარვიდა, სადაცა განემზადათ მისთვის სადგური. იოანე, ფიქრისა გამო მოცული, არამცირესა გულისმსიტყველობდა სახითა ამით: „ნუ-უმე მეცა რიცხვთა შინა ტყვეთათა მითვალულ ვიქმნე!“ და ეძებდა ღონესა რასამე და განიზრახა პარვა მუნით. გარნა არა ცხადუყო ღამბარაშვილსა, ამისთვის, რომელ - „ნუთუ სიღარიბემან სძლოს მას და მისცენ მას რამდენიმე ოქროჲ და თანხმა ექმნას განვაჭრებასაცა ჩემსა“. დამმტკიცებელმან ამისამან შემდგომად შუაღამისა შეკმაზა უნე თვისი და, იდუმალ განსრული სოფლით ამხედრდა მას ზედა და დაიწყო ჭალასა მას შინა სიარული, და არა უწყოდა, თუ სად მივალს. და უკანასკნელ იძულებული განვიდა მინდვრის კერძოდ და მიმოიხედებოდა, ნუთუ მახლობელ მისა იხილოს დაბა რაჲმე შესაყრდნობელად თავისა თვისისა, გარნა სიღამისა ძალით ვერა განერჩია მას. და ოდეს მოიწია განთიადი, აღსდგა ზურაბ, იხილა იოანე მუნ არღა მყოფი და აგრეთვე ცხენიცა მისი, და უკანასკნელ მაღლისა ხმითა დაიწყო ზახილი. და ოდეს ვერა მიიღო პასუხი, მაშინ გამოსცნო მან გაპარვა მისი და სწრაფლ აღკაზმა ცხენი თვისი, ცხადუყო აბაშიძესაც. ანნა არამცირეს მწუხარებასა მიეცა და მსწრაფლ უბრძანა მსახურსა თვისთაგანსა, რათა ამხედრდეს იგი და ზურაბითურთ განუდგნენ კვალსა მისსა და უკუმოაქციონ იოანე. უკეთუ არა ინებებს იგი, მისცენ მას ხუთი ოქროჲ ბაჯაღლუსა და ცხადუყონმცა სანდურავი კნეინასაგან, ვინადგან ეჭვითა განივლტო იგი. და მსწრაფლ წარვიდნენ ესენი მინდვრისა კერძო და იქმნა რაჟრაჟ ოდენ. მაშინ მომხედველმან იოანემ იხილა ორნი უკვე ცხენოსანნი მსწრაფლ მიმავალნი თვის კერძოდ და თქვა: - აჰა, მოიწია ჟამი აღსრულებისა ჩემისა, მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, ღმერთო, და მათგან, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა, და მიხსენ მე საბრხისა ამის მონადირეთაგან! და ამ სიტყვასა შინა იხილა შორით კოშკი მაღალი ხაშურისა და მყის დაჰკრა ცხენსა მათრახი თვისი და ჭენებითა წარემართა მუნ. გარნა არა უწყოდა, თუ ვისდა მივალს იგი. ჟამსა ამასა შინა იცნეს მათ იოანე, ესენიცა რბევითა ცხენთათა შეუდგნენ მას. და ოდეს მიესმა იოანეს ძლიერი ბგერაჲ ცხენთა ფეხისა, მიიწია მყის სოფელსა მას შინა და იხილა ერთის გლეხისა სახლისა კარი განღებული და მსწრაფლ გარდახტა ცხენიდამ და შევარდა სახლსა მას შინა. ხოლო სხვა კაცთაგანი არვინ იხილა, გარდა მოხუცისა ბებრისა და ჰრქვა: - დედაო! შეიწყალე ჭაბუკობა ჩემი, მიხსენ და დამიფარე ხელთაგან უცხოთესლთასა, რომელთა ზედა ენებათ განვაჭრებაჲ ჩემი! ბებერი მყისვე მიჰხვდა სიტყვასა მისსა და ჰრქვა: - მოვედ, შვილო, და დაგმალო ამა ქვეშაგებსა ჩემსა! იოანე მსწრაფლ დაწვა მუნ, და მან მოხუცამ წააფარა დაბაბკული საბანი თვისი, და ზედან დააჯდა მას. მცირესა ჟამსა შინა მოიწივნენ იგინიცა და იხილეს ცხენი იოანესი მდგომარე კარსა ზედა მუნ ბებრისასა. და მყის შევიდა მსახური იგი აბაშიძისა და ჰრქვა: - დედაო, სად არს იოანე დიაკვანი? დედაბერმა ჰრქვა მას. - არა მიხილავს, შვილო! მ ს ა ხ უ რ მ ა ნ: ცხენი იმისა კარსა ამას სახლისასა დგას. გარნა იგი უარს ყოფდა, და განაგრძეს უბნობა. მაშინ იოანემ: . . . . უკეთესია - ცხადუყო ჩემი თავი; უკეთუ განმავაჭრებენ მე ვაჭართა ზედა მადიამისათა და ითხოვენ იგინი ჩემგან დატევებასა სჯულისასა, წინააღუდგები ნებასა მათსა. და უკეთუ მაიძულებენ ტანჯვითა, და შეუძლებ ტვირთად, და აღვსრულდები, მეცა მოწამეთა გუნდთა შინა აღვირიცხები. ხოლო უკეთუ ვერა მაიძულებენ ტანჯვათა მათგან, მაშინ არა გულითა ჭეშმარიტითა აღვიარო სჯული მათი და, მიმწევმან დიდკაცობასა შინა, ვქმნა უმეტესი კეთილობანი ქრისტიანთა ზედა. და ესრეთ წარმოჯდა ქვეშაგებისაგან იოანე და ჰრქვა: - რაცა გეგულვებოდეს, ადრე ყავ! ხოლო მან ჰრქვა მას: - არა, უფალო, მე მოვივლინე თქვენდა ანნასაგან, რათა ცხადგიყო წყინება მისი და ამასთანა საჩუქარიცა მოგართვათ. ი ო ა ნ ე: მითხარ, რაჲ ეწყინათ? მ ს ა ხ უ რ ი: თქვენი მაგსახით წამოსვლა. მას ენება თქვენთვის მოემადლებინა ტყვეები, და პატივით გასტუმრება თქვენი. ი ო ა ნ ე: ვაჲ თუ ეგ არ მომხდარიყო! მე თავადისაგან სარწმუნო ვარ, მაგრამ მოძღვარ-მოწაფისაგან შევშინდი. მამაშვილობას, შენდობა მომითხოვე და მადლობაც მოახსენე! მაშინ მოართვა მსახურმან ხუთი იგი ოქრო. და გაშინჯა რა იოანემ, სთქვა: - ესე არა ჰგავს მისირის ოქროს, ბაჯაღლუა, ეს ტყვის ნავაჭრი არ არის. ამისა გამგონემ ზურაბ ჰრქვა ბერსა: - შენ ნუ მომიკვდე, თუ ხონთქარს ბაჯაღლუ ოქრო ჰქონდეს. რაზედ დამიკარგე ერთი ურემი პური? ი ო ა ნ ე: ჩემი სულის და ხორცის დაცვა ვირჩიე ერთ კოდს უკვე ხორბალსა! და ამას სიტყვასა შინა წარვიდა მსახური იგი. იოანემ მოიღო ოქრო და ჰრქვა: - ჰოი ოქროო, თუ რაოდენ შემძლებელ ხარ შენ! შენგან აღიღებიან უძლეველნი ციხენი, შენგან იძლევიან მხედრობანი, შენ გყვარობენ ხელმწიფენი, შენი ძალით დაეცემიან მეფენი, შენ მიიზიდავ გულსა მდიდართა და ღარიბთაცა, შენ ხარ მხიარულება ყოველთა კაცთა. მხიარულებით შეგვიტკბობენ მღვდელმთავარნი და სხვანი სამღვდელონი, მრავალგზის გააადვილებ კანონთა, მრავალგზის გაამტყუნებ მართალთა. შენ მიიზიდავ გულთა მსაჯულთა და კარისკაცთასა, შენ ასწავებ ცოდვასა ანგაარებისასა, შენ ხარ კეთილი და აგრეთვე ბოროტი, ვინადგან ორივე ძალგიძს. მოვედ, განგიწიაღო! შენ დააწყნარე მძრწოლარე გული ჩემი, შენ მიეც სიმტკიცე გულსა ჩემსა. აჰა, შთაგიდებ უბესა, მახლობლად გულისა. განმხიარულდი, გულო! აჰა, წამალი ყოვლისა მწუხარებისა! და ესრეთ განმხნობილი იოანე აღსდგა, ბებერი დალოცა და გამოვიდა გარედ. ოდეს იხილა საშუალ სოფლისა კოშკი და სახლნი, იკითხა: - ვინ ცხოვრობს აქა? და ჰრქვეს: ხიდირბეგისშილიო! მაშინ იოანემ ჰრქვა ზურაბს. - მივედ და აცნობე თავი ჩემი. მიგვიღებს იგი, ვინადგან ადრითვე მიხილავს მონასტერსა შინა. მისრული მისდა ზურაბ ცხადყოფს იოანეს მიერ ლოცვა-კურთხევასა, და მამუკა მიიწვევს მყისვე. იოანე, მისრული მისდა, ეტყვის მას: - მონაზონობის სახით მოგიკითხო ანუ ერისკაცობით? მ ა მ უ კ ა: როგორც ხედავ სახესა ჩემსა. მაშინ ი ო ა ნ ე: მშვიდობა შენდა, ნაბერალო, რად განიმარცვე მონაზონთა საბეჲ? დროს მაძიებელი ყოფილხარ და არა სულისა! მ ა მ უ კ ა: მაგით არ წავწყმდები! და შეიწვია სახლად. შესრულნი სახლად დასხდენ და დაიწყეს სხვადასხვაგვარი უბნობა, მოიღეს სადილი და, რა განაგრძეს... დაასრულეს სადილი და კმაყოფილნი განემართნენ სურამისაკენ. იოანემ მიმავლიობასა შინა იხილა გზასა ზედან მრავალნი ძროხა და ხარნი და ჰკითხა მწყემსთა მათ: - ვისი არის ნახირი ესე? და მათ ჰრქვეს; - მოურავისა. ი ო ა ნ ე: საიდამ შეკრიბნა ესენი? მ წ ყ ე მ ს ნ ი: ნარბევიდგან. ი ო ა ნ ე: ვითარ? მ წ ყ ე მ ს ნ ი: მდევრის კაცნი, რომელნიც დააკლდნენ მდევარს, მათი ნარბევია. ი ო ა ნ ე: წაიღეს რამე ლეკებმან? მ წ ყ ე მ ს ნ ი: ნახირი მოიტაცეს. ი ო ა ნ ე: მაშ რაც ლეკებს გადარჩომია, მოურავს სისრულე მიუცია. მ წ ყ ე მ ს ნ ი: მართლაც, რაც გადავარჩინეთ, მოურავმან მიგვიღო. ი ო ა ნ ე: ეს სჯულდება ქიზიყსაც არის, მაგრამ თუ სხვაგან სადმე გლეხიკაცი და ხელმარტოა, არ დაარბევენო. მ წ ყ ე მ ს ნ ი: ტფილისსაც რომ იყოს ჩვენგანი ხელმარტოკაცი და აქ მდევრობა მოხდეს, ჩვენი მოურავი მაინც დაგვარბევსო. ი ო ა ნ ე: ვინ გიარს მოურავი? მ წ ყ ე მ ს ნ ი: არა უწყი, მე ახლა მოველი ჯავახეთით. ი ო ა ნ ე: ტყუვილსა სწამებ, თავის დღეში მაგგვარი არა უქნია რა მას!.. მ წ ყ ე მ ს ნ ი: საკუთარი ყმები თვისიც ამას უჩივიან. ი ო ა ნ ე: ვიცი, შვილო. აქ არის მოურავი? მ წ ყ ე მ ს ნ ი: არა, შინ წავიდა. იოანე განეშორა და წარვიდა. გზასა ზედან ზურაბსა ჰრქვა იოანემ: ესე ძნელი სჯულდებაა საბრალოს გლეხთკაცთა ზედა, - ასე ადვილად და თითქმის შეუძლებელად დარბევა. ეს უმჯობესია, რომელ ამ სახით იყოს: ვინც გხლეხთაგანი დააკლდეს ვინმე მდევარსა, ან ცხვრით, ან ღორითო, ან ღვინით, შეძლებისამებრ, გამოერთვას და იმ მდევრის კაცთ უკუმოქცევის დროს ან ვახშამი, ან სადილი გაუკეთდეს და იმათ მიიღონ. უფრო გაახალისებს ხალხს და არც გაღარიბდებიან, რომ მკის დროს და ლეწვის დროს ხარები ერთმევათ და წვრილის შვილების გამომზრდელი ძროხები. ზ უ რ ა ბ ა: უცხო რჩევაა ეგე, თუ მოხელეებიც თანახმა გვეყოფიან. ი ო ა ნ ე: სულ ცუდის მოხელეებისაგან არის ნაკლულოვანებაში. და ამა უბნობით მივიდნენ სურამს, მაშინ იოანემ გაგზავნა ზურაბ მოურავის ნაიბთან და თავისი ვინაობა ცხად უყო და სთხოვა სახლი სადგური. მან უპასუხა ზურაბს: - მე ვერ მივიღებ, თვით იზრუნოს! რა ზურაბმან ესე პასუხი მოართო, იოანეს ეწყინა და სთქვა: ზურაბ, ზურაბ, მამა-შვილობამ, მოკლე ჟამის მოურავ-ნაიბი არიან! და აქა-იქ სიარული დაიწყო და სახლის ძებნა, ამ სიარულსა შინა იხილა ქაიხოსრომ მურვანისშვილმა და მიუწოდა იოანეს. მყის იოანე ცხენიდამ გარდახდა, კურთხევით მოიკითხა, და ქაოხოსრომან წაიყვანა სახლად თვისა, მრავალნი სხვადასხვაგვარნი უბნობანი მოიუბნეს და უკანასკნელ ვახშმის ჟამს მოიღეს ვახშამი. იოანეს მოართვეს მარხვის სანოვაგე, ხოლო ქაიხოსროს სახსნილო. რა ხელი ჰყვეს. ი ო ა ნ ე: დღეს ოთხშაბათია. ქ ა ი ხ ო ს რ ო: ვიცი. ი ო ა ნ ე: და რად სჭამ? ქ ა ი ხ ო ს რ ო: თათრებში დავეჩვიე. ი ო ა ნ ე: ახლა ხომ ქრისტიანებში ხარ? ქ ა ი ხ ო ს რ ო: ჩვეულება სჯულს უმტკიცესია. ი ო ა ნ ე: ვიცი, ფილასოფოსნი ჩვეულებას მეორე ბუნებას ეძახიან, მაგრამ კაცმა კეთილი საქმე უნდა გაიბუნებაოს. ქ ა ი ხ ო ს რ ო: მე მეფე ირაკლის ორმოცდათხუთმეტი წელიწადი ვემსახურე და ჩემის მსახურებისათვის ყაზახის თათრებში განმაწესა, და იმათი თავაზით შევეჩვიე მარხვის ჭამას, რომ იმათ არ ვაძლევდი დაბრკოლებას, და ამ სახით უფრო გაუერთგულე ის ერი მათ სიმაღლეს. ი ო ა ნ ე: ჰგავს, ისე მოქცეულხარ, ვითარცა სწერია: „ჭამეთ წინადაგებული თქვენი და ნურარას განიკითხავთ იჭვისათვის, რამეთუ უფლისა არს ქვეყანა და სავსება მისი“. მიბრძანე, მათ უმაღლესობას სადა და სად მსახურეთ? ქ ა ი ხ ო ს რ ო: რომ ცოტა ვთქვა, მათ უმაღლესობასთან და სხვაგან ორმოცდაათი ომი მეტი მიხილავს, მაგრამ სახელოვანს ომებში ყველგან ვხლებივართ მათ სიმაღლეს: აზათხანის ომში, რომ სამი ათასის ქართველით თვრამეტი ათასი კაცი დაამარცხა უზარბაზნოთ ბატონმან, და იმისი ურდო მთლად დაგვრჩა, რომ განვმდიდრდით. და მრავალი დავხოცეთ და დავატყვევეთ ერევანს. ოთხი ათასის კაცით მოსული აჯიჩა-ლაფის შვილი თორმეტი ათასის კაცით მოსული ბორჩალოს დაამარცხა, და მრავალი ტყვე და საქონელი ვიშოვეთ. ავარიის ხანი რვა ათასი კაცით მჭადისჯვარს ადგა, დავამარცხეთ დია მცირეს ჯარით და მრავალი დავხოცეთ და დავატყვევეთ. დანღიზში, ქიზიყის ბოლოს ვძლიეთ ლეკთა და მრავალი აღვხოცოთ. და იმ ღამეს, დედოფლის წყაროზედ მდგომთა, დაგვესხა სხვა უდიდესი ჯარი თავსა მას გაქცეულს ლეკთან შეერთებული, და იგინიცა დავამარცხეთ, დავწყვიტეთ. ხერთვისი ავიღეთ და მრავალი ოსმალი დავხოცეთ, აბდულა-ხანი, ბაგრატოანი, თორმეტი ათასის ყიზილბაშით მოვიდა, ციხეც თათრებს ეჭირათ და სოლალაკზედ დავამარცხეთ და ავწყვიტეთ. ასპინძას ოსმალოსა და ლეკის ჯარზედ გავიმარჯვეთ, რომ რუსები დაგვიბრუნდნენ, არღა გვიშველეს, და სულ ის თათრის ჯარი მთლად ფარაოსავით მტკვარში დავღუპეთ. და მეფემან მოკლა თავისის ხელით კოხტა ბელადი. ერევნის დიდ ომში იქ ვახლდი და რვა ათასი კაცი დავამარცხეთ მეფის გიორგის მიზეზით და გარჯილობით. ავარის ხანი ოცდაოთხი ათასის კაცით ყვარელის ციხეს შემომდგარი იყო, სამასი კაცი წავედით დაუთალაბათ და შევედით ციხეში და გავაქციეთ ეგეოდენი ჯარი. მცხეთას მიმავალს ღამე დაგვხვდა ლეკისა ჯარი, სძლო მუნ ბატონმან, თავისის ხელითაც მოკლა ლეკი და ჩვენ სამთ ძმათა დავხოცეთ ლეკები, სამთავ მივართვით თავები. და მაშინ მიბოძა ჯილდოდ ჯაბადართუხუცესობა და სხვა წყალობა. ატოცის გამარჯვება ხომ შენც იცი. ქრცხინვალს, სვითებში და სხვაგან რაღა მოგახსენო! იორზედ, ყოველგან დავსწრებივარ მის სიმაღლესთან, ყოველგან სახელი მიქნია, აგრეთვე საკუთრად ყაზახში და სხვაგან. და ამაღამ ომშიც თან ვახლდი და მთიულეთსაც განუშორებლად ვიყავ. და ამისთანა გამზრდელს ბატონს მოვშორდი, რატომ არა მწყევ? მაგრამ მეფის გიორგისაც მადლობელი ვარ, რომ იმავე ხარისხში ვყვანდი, და მემკვიდრეს დავითსაცა, და აწ ახლა, რადგან შვილი არა მყავს, ეს ჩემი ძმები და ძმისწულები მინდა ჩემსავე სიცოცხლეში განვყარო, ჩემი ქონება გაუყო და მშვიდობაში დაუტეო. ამისათვის მოველ აქ, და შემენდობა ამისთანა მოსამსახურე კაცს, თუ არა? ზ უ რ ა ბ: ვიცი, შენ მხვნელ-მთესველი კაცი არა ხარ, რომ პურით შეგვეწიო და ეგ შენდობა ერთს ხალიჩაზედ არის დამოკიდებული. ქაიხოსრომ მყისვე მოართო იოანეს ხალიჩა და მონასტრისათვის ძროხა. ი ო ა ნ ე: ღმერთმა შეგინდოს ეგ ცოდვაცა და სხივებიცა. ზ უ რ ა ბ ა: აკი მოგახსენეთ, ქაიხოსრო, რომ შენდობას მალე მიიღებდით! და ამა უბნობაში შემოვიდა მუნებური ტერტერა, და სწავლაშიაც იყო გამოცდილი. ქაიხოსრომ უთავაზა, მიიწვია და იოანეც აცნობა. ურთიერთი მოიკითხეს და აწვიეს სადილს. ტერტერასი ის კვირა ხსნილი იყო და ამანაც დაუწყო ხორცს ჭამა. მაშინ ი ო ა ნ ე: ქაიხოსრო, აჰა, ამხანაგიც იშოვეთ, კარგად შეექეცით! ტ ე რ ტ ე რ ა: ჩვენი ხსნილია. ი ო ა ნ ე: გინდა თავი იმართლო, მაშინ მუცელღმერთს გიწოდენ სომეხთ. ტ ე რ ტ ე რ ა: ბერძენთაგან ბევრ მაგგვარებს გაიგონებ, თორემ თვით საღმრთო პირი სახარებასა შინა იტყვის: „პირით შემავალი არ შეაგინებს კაცსა“. ი ო ა ნ ე: ისიც გვიბრძანებს: „თქვენისთანა ნათესავი არარაჲით გამოვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა“. ტ ე რ ტ ე რ ა: უდაბნოს ბერები გამოცდილი იქნებით ამგვარის ნათესავითა, და თქვენმან წინამძღვარმან რაოდენი ლეგიონი განსდევნა? ი ო ა ნ ე: წადი და თქვენს მონასტერში შეიტყობთ, თუ რაოდენი განუდევნია, და აქაც ერთს მათგანს ვხედავთ, რომ სახარების სიტყვით მარხვის ჭამას აადვილებ. ტ ე რ ტ ე რ ა: ბერძენთ მრავალი სათევზე წყალი ჰქონდათ და იმ თევზების განაჭრების გულისთვის დასდვეს ესეოდენი მარხვა. ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! ღმერთმან ოდესცა შექმნა ადამ და ევა, მაშინვე მისცა მათ მცნება მარხვისა - არაჭამად ნაყოფი ხისაგან, რომელიცა იდგა საშუალ სამოთხისა. და ესესახედვე მოსე და ილია წინასწარმეტყველმან იმარხეს ორმოცი დღე. და უკანასკნელ თვით უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან იმარხა ორმოცი დღე. და ეგრეთვე მოციქულნი შემდგომად ქრისტეს ამაღლებისა იყვნენ ლოცვასა და მარხვასა ტაძარსა შინა, ვიდრე მოვიდოდა მათზედ სული წმიდა. და შემდგომცა, ოდეს მოციქულნი წარვიდეს და ქადაგებდეს, იმარხვიდეს და ილოცვიდეს, ვითარცა წერილი არს საღმრთოსა წიგნსა შინა: „მაშინ იმარხვიდეს და ილოცვიდეს და დასხნეს მათ ზედა ხელნი მათნი და განუტევნეს“ (საქმე 13,3). ტ ე რ ტ ე რ ა: იყავნ სიტყვისაებრ შენისა! და რაჲ არს ესე, რომელ მარხვა თქვენი ესრეთ გრძელი არს, ვითარცა ჭლექის სნეულება? ი ო ა ნ ე: მაშასადამე, თქვენი მარხვებიც მსგავს არს დღეგამოშვების ცივებასა! და მაშინ ყოველთა გაიცინეს. და რქვა ტერტერამ: - მიბრძანე მე, თუ ვითარგვარად არს დაწყება მაგა თქვენთა მარხვათა? ი ო ა ნ ე: მე განვაგრძობ ამისთვის, გარნა მოკლისა სიტყვითა გაცნობო.

[ამას მიჰყვება ჩამოთვლა მართლმადიდებელთა მარხვებისა, მათი დროისა და მნიშვნელობისა და თავდება ასე:]

და ესე კმაგეყავნ, და თუ თქვენ არა განყროდით ჩვენს მართლმადიდებელ სარწმუნეობას, თქვენც ესრეთ გექნებოდათ კანონი. ტ ე რ ტ ე რ ა: რომ გაგეყვენით, რა დავაშავეთ? ქრისტე ორთავე გვრწამს. ი ო ა ნ ე: არა ჩვენსავით! ტ ე რ ტ ე რ ა: ვითარ? ი ო ა ნ ე: თქვენც ევტუქისა და დიოსკორეს წვალებისაგანი ხართ, რომელნიც მესამეს კრებასა შინა ეფესოისასა განგვიდეგით, ხოლო მეოთხესა შინა კრებასა ხალკიდონისასა სრულიად განგვეშორენით.

[ამას მოჰყვება დამტკიცება იმისა, რომ სომხები მწვალებლები არიან, რომ ქრისტეს ორი ბუნება აქვს, დიალოგი თავდება ასე:]

მე კვალად დამასკელისას და სხვათაცა მოწმობას მრავალ გეტყოდი, მაგრამ შენ რადგან არ გწამს დამასკელი, მე იმითვე დაგიმტკიცე, რომელნიცა გრწამან. ტ ე რ ტ ე რ ა: არც თქვენა გრწამთ ჩვენი წმინდანი ოჰანუწნელი და სხვანი! ი ო ა ნ ე: რა საწამებელია ოჰანუწნელი, რომ მრავალი ქრისტიანენი შეაწუხა? ტ ე რ ტ ე რ ა: ვეჭობ, გული გეწვის, რომ ბერძნები დახარშა და დამდუღრა. ი ო ა ნ ე: აჰა, შენ ამტკიცებ და კაცის მკვლელი ვითა წმინდა იქნება? ტ ე რ ტ ე რ ა: თუ წმინდა არ ყოფილიყო, ჩვენი ეკლესია არ აღიარებდა. ი ო ა ნ ე: ომარის შვილობით რომ იყო, იმისთვის მიეწერება სიწმინდე. ტ ე რ ტ ე რ ა: ის ისე მოიქცა, ვითარცა მაშინ პოლეტიკა ითხოვდა. ი ო ა ნ ე: დიაღ, მაგრამ ახლა თათარნი რასაც ხარაჯას ართმევენ ქრისტიანეთა, იმის ბრალია. ტ ე რ ტ ე რ ა: ვითარ? ი ო ა ნ ე: ოჰანუწნელმან სამი პირობა დაუდო ომარს: პირველი - ქრისტიანებზედ ხარაჯის აღება, მეორე - ეკლესიის მეჩეთივით მოფენა, მესამე - საკურთხის ტერტერისა სენანის ქმნა. და ამა მიზეზით მისცა შეწევნა ომარამ და სამი ათასამდინ ბერძენნი დაამდუღვრინა და დახარშა. მაგრამ ბერძენთაც ნაცვალი აგეს, არათუ ქრისტიანების დახოცით, არამედ თქვენს სამღვდელოთ ესე უგვანის აღქმისათვის, სამასთა პირი ფინთითა გამოუტანეს. ტ ე რ ტ ე რ ა: განწყრა და სთქვა: სხვა, რაცა თქვი, რომ ჭეშმარიტი იყოს, ტერტერას სენანი კი არ არის. ი ო ა ნ ე: ღიად მართალია, შემდგომად კურთხევისა ორმოც დღეს ეკლესიის კელარში შეგინახავენ, ვიდრე არ გაგიმთელდებათ სენათ ნაქნარი ადგილი. და ამაზედა განაგრძეს უბნობა. მაშინ ზ უ რ ა ბ ა: მე გაგაშველებთ მაგა ბაასისაგან. ქ ა ი ხ ო ს რ ო: ვითა გააშველებ? ზ უ რ ა ბ ა: ტერტერამ ამოიგდოს და გვაჩვენოს, მაშინ ვცნობთო მართალსა! ამისი მსმენელი ტერტერა ადგა და განრისხებულიო წავიდა შინათკენ.

[ამას მიჰყვება ტრაქტატი მარხვის შესახებ].

ქაიხოსრომ იოანეს აკოცა და უთხრა: - მიხარის, რომ კარგად გისწავლია გვარი ბაასისა და წერილშიაც დაღალულხარ, გთხოვ, რომ საკუთარი მეგობარი შეიქნა ჩემი. და ამანაც, მადლობისა მთქმელმან, დალოცა, და ესრეთ დაასრულეს სადილი. და იმ დღეს მუნ განისვენა. და დაიარა სურამი, გაშინჯა ყოველივე და სახვალიოდ განემზადა ძაღინისაკენ წასასვლელად.