კალმასობა (დღე მერვე)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
კალმასობა
by იოანე ბატონიშვილი
იოანე ბატონიშვილის ნაშრომი

მისრული მუნ იოანე და ზურაბ მივლენ ერთისა ქვრივისა დედაკაცისა სახლად და სთხოვენ სადგურსა, ხოლო იგი მიიღებს მათ. და იოანე, რა შევალს სახლსა მას შინა, იტყვის: - მშვიდობა სახლის პატრონავ! იგი უჩვენებს ერთსა ძველსა ნაბადსა, დაგებულსა ცეცხლის პირად, და ეტყვის: - დაბრძანდით, მამაო! იოანე დაჯდება, განიხდის ფერხთა და ჰკითხავს დედაკაცსა: - ეს შვიდი ყრმანი ვისნი არიან? იგი ეტყვის: - ჩემი. ი ო ა ნ ე: ქმარი გივის? დ ე დ ა კ ა ც ი: არა, მამაო! არც ქმარი, არც მაზლი, არც დედამთილი, მხოლოდ მე ვზრდი ამა ჩემთა ობოლთა. ი ო ა ნ ე: გაქვს რაიმე ქონება? დ ე დ ა კ ა ც ი: მხოლოდ ესე სახლი და მცირე საბოსტნე ადგილი, და უფრო მოწყალებით ვიზრდები. ი ო ა ნ ე: ვინ არის შენი მებატონე? დ ე დ ა კ ა ც ი: აქამდინ ბატონისშილისა ვიყავით, ახლა საერისთაოდ დაგვდეს. ი ო ა ნ ე: მაინც ვის ეკუთვნით? დ ე დ ა კ ა ც ი: ჯერ არა ვართ მიჩემებით ვისდამე, საერთოდ ვყევართ. ი ო ა ნ ე: მაშა ხარაჯი ერთი გექნებათ აქაურთ გლეხთა? დ ე დ ა კ ა ც ი: ოღონდაც! ამჟამად ერთი მსახური შემოვიდა და უთხრა: - ერისთვის სახლთუხუცესმა და ნაზირმაო - ძღვენი გააკეთე და გამოგზავნეო. ი ო ა ნ ე: ქვრივი დედაკაცია და ობლების პატრონი, ამას ძღვენს როგორა სთხოვო? და ამგვარი ბევრი რამ სიტყვები სთქვა ერისთავიანთზედა და იმათ მოხელეებზედა, რომელიც ერისთავიანთა და იმათ მოხელეებს უსიამოვნოდ შეექმნებოდათ. იმ კაცმა იოანეს ვინაობა იკითხა. ზ უ რ ა ბ ა: დოსითეოს არქიმანდრიტის დიაკვანია, იმისგან გამოგზავნილი სათხოვრად. კ ა ც მ ა ნ მიუგო: მაშ ერისთავიანთ მტრისაგან ყოფილა გამოგზავნილი და ერისთვიანთზედ მაგისთანას ლანძღვას უბნობს ფიცხელაურების გულისათვის! წავიდა კაცი იგი და უამბო თავის ბატონებს ერისთვიანთა. ამჟამად მუნებურმან მღვდელთაგანმა სცნო იოანეს მუნ ყოფა, მსწრაფლ მოვიდა იოანესთან, ვინადგან იცნობდა წინამძღვარსა. იოანემ უთავაზა, ერთმანეთს ეამბორნენ და სიყვარულით მოიკითხეს ურთიერთი. და თავის ვინაობაც აცნობა იოანემ და მიზეზი თვისის სიარულისა. რა მცირე იმუსაიბეს, მღვდელმან იოანე მიიპატიჟა სახლად თვისსა, საბრალო ქვრივ-ობლები ვერ გიმასპინძლებენო. წარვიდნენ მღვდლის სადგომისაკენ. იმ დროს ერთი ერისთვისშვილი შემოხვდა და უთხრა იოანეს: - ფიცხელაური ბერი ჩვენის მტრობისაგან არ დაცხრა და ახლა ჩვენს მამულში შენ, დიაკვანი, ჩვენ სალანძღავათ გამოუგზავნიხართო! - უთხრა და სცა კობალი კუნკულსა, კუნკული გააგდებინა. შიშნეული იოანე განივლტო ბარბაცით, თავსისხლიანი. და მისძახა: - ახლავ დაიკარგე შენ, ფიცხელაურის დიაკვანოო, აქ მოსულხარ და ჩვენ გვლანძღაო! იოანემ დაუძახა ზურაბს, ცხენი მოიყვენეო, შეჯდა და თქვა: - განვეშორნეთ ამ ბარბაროზთა! და წარვიდნენ ჭალისაკენ. გარნა დიდად შეაწუხა თავისგატეხილობამა იოანე. და მაშინ ზურაბმა შეუხვია თვისითა სარტყლითა თავი. და ესრეთ მიიწივნენ მწუხრის დროს ჭალასა და ეძიებდნენ სადგურს. ამ ძებნაში იხილა ერასტიმ ამილახვრის შვილმან ზურაბ და დაუძახა თვის თანა, და იოანეც მიიპატიჟა. ერასტის ადრევე შეეტყო მუნ დასწრებულისა მსახურისაგან, რომელსაცა ეანბო იოანე ბერის გალახვა. და რა იოანე მიახლოვდა და ერასტიმ იხილა ბორბლად თავშეხვეული, მაშინ ე რ ა ს ტ ი: ვინ მოგართვათ ეს მიტრაო, რომელმა ერისთავმა? ი ო ა ნ ე: ვმადლობ ღმერთსა, რომ ამ საჩუქრით განვერე ხელთაგან მათთა! და ერასტიმ შეიწვივა სახლსა შინა, მოიკითხეს ურთიერთი და მერე ყოველივე თვისი ვითარება უანბო იოანემ. და ამჟამად შემოვიდა გიორგი ამილახვარი, შვილი ქაიხოსროსი, და, რა თავშეხვეული იოანე იხილა, ჰრქვა ერასტის: - ვის მიურთმევია თეთრი ბარტყულა ამ ბერისათვის? ე რ ა ს ტ ი: ერისთავიანთა. გ ი ო რ გ ი მ იოანეს: რომელმან გცა ყვრიმალსა? ი ო ა ნ ე: არა უწყი. მაგრამ ვინ დასხა იგინი ერისთავად? გ ი ო რ გ ი: მემკვიდრემ. ი ო ა ნ ე: არა სცოდნია ეს, თუ სამღვდელოთ კაცთ ასე შეურაცხჰყოფდენ, ვითა მე. და ჩემი არქიმანდრიტიც ბევრი ლანძღეს. ე რ ა ს ტ ი: კარგა მორჩომილხარ, რომ ფეხები არ შემოგამტვრიეს. ამჟამად მოიღეს ვახშამი. სხვანიცა ამილახვრისშვილები მოვიდნენ და დასხდნენ ვახშმათ. ამჟამად შემოვიდა გიორგი, რომელსა უწოდებდენ გოდად, და უთავაზეს სხვათა და უთხრეს: მობრძანდი, ძმაო გოდაო! ი ო ა ნ ე: ვის დაურქმევია ავაზაკის კაცის სახელი? ასე მსმენია, რომ გოდა იყო ოსი, ავაზაკი, კაცის და ტყვის მყიდავი, რომელიც მეფე ირაკლიმ გარდააგდებინა ავაზაკობისაგანო. ე რ ა ს ტ ი: მართალს ბრძანებთ, და ამასაც ავაზაკობით უწოდეს ასე. ი ო ა ნ ე: რა უქნია ღირსი მაგისი წოდებისა? ე რ ა ს ტ ი: ყოველნი თვისნი სახლისკაცნი მომდურავნი, ნაჩხუბარნი და დალახულნი, ამასთან მღვდელმთავარი ჩვენი სამთავნელი, აგრეთვე გლეხნი უკანასკნელ განწირულებაში, და სხვა რაღა მოგახსენოთ? ი ო ა ნ ე: ბატონო გიორგი, გოდად წოდებულო! თუმცა ყმაწვილი კაცი ბრძანდებით, მაგრამ აღარც ისე ყმაწვილი ხართ, რომ ავისა და კარგის გარჩევა არ გქონდეს, - ჰხედავ ამათ? შენზე ხნით უფროსნი არიან, ნამსახურნი მეფეთა და ომსა შინა დაჭრილნი, და გარჯილნი მამულისათვის. და ამათ, ვითარცა მშობელსა შენსა, ისე პატივს უნდა უყოფდე. აგრეთვე თქვენ მღვდელმთავარს ვითარ უნდა ჰკადრო რამე, რადგან ქრისტეს სახე არის. იფიქრე, თუ როგორი ხელმწიფება აქვთ განხსნისა და შეკვრისა მიცემული, და ამისთვის ხომ არ არის თქვენთვის დადგინებული, რომ შეურაცხჰყოთ? მაშინ გ ი ო რ გ ი მ უთხრა: სწორეთ მაცნობეთ, ვითარის სახით არის ჩვენი მღვდელმთავარი სამთავნელი? ი ო ა ნ ე: ამ სახით მე გეტყვი: ჯერ არც ამილახვრობა იყო თქვენ გვარში და არც ეს საამილახვრო გეჭირათ, რომ ათცამეტნი მამანი, რომელნიც მოვიდნენ ასურასტნიდამ საქადაგებლად ქრისტესა დროსა მეფისა ფარსმანისასა, ქრისტეს აქეთ 566, მაშინ ამა ათცამეტთაგანი მამა ისიდორე დასვეს სამთავნელად ეკლესიასა ამას შინა სამთავისად წოდებულსა, რომელიცა აღაშენა ვახტანგ გორგასლან მეფემან. და მუნიდგან ამა ეკლესიისა მოსაყრდენი სამთავნელად. გ ი ო რ გ ი: სამთავისი რასთვის უწოდეს ამ ეკლესიას? ი ო ა ნ ე: ვახტანგ გორგასლან, მეფემან საქართველოსამან, აღაშენნა ოთხნი ეკლესიანი: წილკანისა, სამთავისისა, მეტეხისა, გაღმამხარსა, და რუისისა. და ოდენ გაშინჯეს ეს ეკლესიები, მაშინ ხუროთმოძღვრებით და აღმშენებლობით უფრო აქეს სამთავისი. და უწოდა ესრეთ სამთავ ეკკლესიათა, ისე სამთავესი უმჯობესიაო, და მუნიდგან ეწოდება სამთავისი. გ ი ო რ გ ი: ვითარ არის ჩვენი ეკლესია ახლა? ი ო ა ნ ე: ოდეს იორამ ზედგენიძემ, თქვენმან დიდმან პაპამან, განარინა მოღალატეთაგან მეფე გიორგი, ძე ალექსანდრე მეფისა, სიკვდილისაგან, და მან დასდო სული თვისი მეფისათვის, მაშინ მეფემან მიუბოძა მათს შვილებს ამილახვრობა, ქართლს სპასპეტობა, გორის მოურაობა, გორიჯვარი, ციხე, და სამთავისის ეკკლესია სასაფლაოდ, ქრისტეს აქეთ 1465, და მუნიდგან თქვეენი შთამომავლობანი ესაფლავებიან. გ ი ო რ გ ი: მღვიმე ვითარ არის ჩვენი? ი ო ა ნ ე: მღვიმე მონასტერია და არა, საყმო. ხოლო მღვიმის ეკლესიასა შინა მეფემან სვიმონ ინება თქენის გვარისა დასაფლავება, რომელნიცა მძეგვს მეფის წინაშე დაიხოცნენ, ოსმალოს ომში, ექვსი თქვენგანნი და სამნი ტუსიანნი, რომელნიც ზედგენიძეობდენ ძველად. და ბძანა სვიმონ მეფემან პატივით მათი დამარხვა დიდსა ეკლესიასა შინა, შიო მღვიმელის მოანსტრისასა. და მუნჟამიდგან ჰფლობთ მას დროსამებრ. გ ი ო რ გ ი: დია კარგად გვაცნობეთო, რაც გვიბრძანეთ. და გორისჯვარს ვერცხლის ნაწილებით ჯვარი ვისგან არს ქმნული? ი ო ა ნ ე: ოთხი ჯვარიც კიდევ ვახტანგ გორგასლან მეფემან გააკეთებინა თავის ტანის სიგრძე, რაც სიგრძე თვით ვახტანგ იყო, იმ სიმაღლით, და თითოს თავის აღშენებულს ზემოხსენებულს ეკლესიებში დაასვენა, და დღესასწაულობაც განუწესა, ვითარცა აწ არს გორისჯვარში ხალხის მისვლა. გარნა სამი იგი ჯვარი აღარსადა ჩანს და ერთი იგი, აწ რომელიც გორისჯვარს ასვენია, იგი არს. იტყვიან, ოდეს დიდი ლაშქრობა იქნებოდა და ძლიერი მტერი მოვიდოდა, ამ ოთხს ჯვარს გაასვენებდენ, ჯვარის მტვირთველნი ლაშქარნი ამას შეუდგებოდნენ. ერთს იმერეთ-აფხაზითურთ გაუძღვანებდენ, მეორეს ქართველთ, მესამეს სამცხე-საათაბაგოს, მეოთხეს კახელთ, და ამის სასოებით ძლევას შეიმოსდენ ყოველთვის. გ ი ო რ გ ი: ისიც გაგვიმარტე, ავი კაცის სახელი რომ სხვას ერქვას, მაგით ავი კაცი რად იქნება? ი ო ა ნ ე: მე მაგგვარი არ მომიხსენებია. იუდა განმცემელსაც ერქვა და ძმასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა, გარნა პირველი იყო უსჯულო, ხოლო მეორე წმინდა. და ახლა ვინც იმ განმცემლის იუდასავით მოიქცევა, და იმ კაცს რომ დაუძახონ იუდა, უნდა სცნო, რომ იუდას განმცემელი სახელი მიაწერეს, ვითარცა თქვენ, ვინადგან იგიცა მისი მობაძავი იქმნა. და ამისთვის, რადგან ეს გიორგი ავაზაკობს, ამისთვის გოდა უწოდეს. და ესრეთ მართებს კაცს, რომ კარგის კაცის სახელი თვით მიიწეროს კარგის ყოფა-ქცევით, ვითარცა სწერს წმინდა პავლე: „მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე - ქრისტესი“. და ესრეთ დაასრულეს ვახშამი და წარვიდნენ თვის-თვისსა სადგურსა. იმ ღამეს მუნ განისვენა იოანემ, მეორე დღეს გამოესალმა ამილახვრიანთ და წასასვლელად განემზადა.