კალმასობა (დღე მეოთხე)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
კალმასობა
by იოანე ბატონიშვილი
იოანე ბატონიშვილის ნაშრომი

იოანე კმაყოფილი განემართა ძაღინისაკენ და მწუხრის ჟამს მიიწია მუნ. და იოანემ რქვა ზურაბს: - იზრუნე ჩვენთვის სადგური! ზურაბ, მისრული ფალავანდიანთთან, მოიკითხამს იოანეს მიერ, და მაშინ ელიაზარ მიიწვევს მას. მისრული იოანე წინა წარდგების და ეტყვის: მშვიდობა შენდა, ბრწყინვალეო მდივანო!

  • ე ლ ი ა ზ ა რ: მე მდივანი არღა ვარ.
  • ი ო ა ნ ე: ადრევ უნდა გეფიქრა.
  • ე ლ ი ა ზ ა რ: მე პასლენიკობა აღვირჩიე.
  • ი ო ა ნ ე: მე ეგ ლექსი არ უწყი.
  • ე ლ ი ა ზ ა რ: დესპანობა, ანუ ელჩობა.
  • ი ო ა ნ ე: საით?
  • ე ლ ი ა ზ ა რ: შენის ქვეყნის კაცის ამხანაგად.
  • ი ო ა ნ ე: ილისოსაკენ აპირებთ დესპანობას?
  • ე ლ ი ა ზ ა რ: არა.
  • ი ო ა ნ ე: მაშა საით?
  • ე ლ ი ა ზ ა რ: ევროპიისკენ.
  • ი ო ა ნ ე: ჰო?

ე ლ ი ა ზ ა რ: და რად გიკვირს? ი ო ა ნ ე: ამისათვის, რომელ იცია იქაური ყოფა-ქცევა, ანუ ენები, ანუ ღეოღრაფია? ე ლ ი ა ზ ა რ: თვალიც დაგვიდგება: სხვამ ვინ იცის ჩვენში, რომ მე ვიცოდე? და თუ მაგას მიხედა ჩვენმა ბატონმა, ელჩს ვეღარსად გაგზავნის. ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! მართლად ბრძანებთ, მაგრამ ილისოს სულთანთან ელჩობასა და ევროპიაში დია დიდი დანახეთქი უძევს. ე ლ ი ა ზ ა რ: მე ვისაც მივსდევ, ამით მესამედ ყოფილა. ი ო ა ნ ე: სამი დიდი მტერიც გვიშოვა. ე ლ ი ა ზ ა რ: ვინა? ი ო ა ნ ე: ხონთქარი, ყეენი და დაღესტანი. ე ლ ი ა ზ ა რ: რა ქნეს იმათ ღირსი ხსოვნისა? ი ო ა ნ ე: ტფილისი დახატეს და ახტალა ვახანითურთ. ე ლ ი ა ზ ა რ: ახლა ჩემი დესპანობა იქნება ბედნიერი მაგათთვის. ი ო ა ნ ე: ნეტამც ეგრეთ იყოს! ე ლ ი ა ზ ა რ: შენ ილოცე ჩემთვის, უდაბნოს ბერი ხარ, და ყოვოლივე იქმნების კეთილი. ი ო ა ნ ე: სარწმუნოებისა შენისამებრ გეყავნ. ე ლ ი ა ზ ა რ: მე ურწმუნო არა ვარ! ი ო ა ნ ე: ღმერთმან გაშოროს ურწმუნოება, გარნა დესპანსა თანა აძს სარწმუნოყოფა. ე ლ ი ა ზ ა რ: დესპანი ვითარ უნდა იყოს სარწმუნო და როგორი? ი ო ა ნ ე: პირველად უნდა იყოს მტკიცე თვისსა სარწმუნოებასა ზედა და და ფიცსა; მეორე - უნდა იყოს ერთგული მამულისა და მეპატრონისა თვისისა; მესამე - არ იყოს ანგაარი და ქრთამისმოყვარე; ხოლო მეოთხე - სწავლული და ჭკვიანი და მდიდარი, რომ სხვის ხელს არ შესთხოვდეს. ე ლ ი ა ზ ა რ: ნამდვილ ეგრეთ, გარნა მითხარ მე: რაჲ არს სარწმუნოება?

[ამას მისდევს თავი სარწმუნოებისთვის].

ე ლ ი ა ზ ა რ: მახმადიანნი რაოდენგვარნი არიან ანუ მახმად ვინ იყო, ან რა სჯულდება გამოსცა? ი ო ა ნ ე: საუკუნოსა მეშვიდესა გამოჩნდა მაჰმად, ძე დავრდომილისა კაცისა, სახელით აბდალას წარმართისა, ხოლო დედისა ემინისა იუდიანისა, არაბიასა შინა ქალაქსა მაქასა, შობილი ქრ. აქ. 613. ესე ყრმობასა შინა განიზარდა სასწავლებელსა შინა იუდიანთასა და ქრისტიანობისა სჯულისა სწავლასა მიიღებს მონოზონისა სერგიისაგან, უფრორე არიოზიანულსა და ნესტორიანულსა სწავლასა. უკანასკნელ მუნებურ ვისამე დიდვაჭრისა აქლემთა მხილავ იქმნა და რამოდენსამე წელს უკან მივიდა ეგვიპტეს შინა გლახაკად მცხოვრები, გარნა სახითა იყო არა დუხჭირი, და ამას ეტრფიალა მდიდარი ვინმე დედაკაცი ეგვიპტელი და შეირთო მან ქმრად ესე მაჰმადი და იქმნა მერე ვაჭარ. შემდგომად ამან რა იხილა მრავალი განხეთქილება ქრისტიანეთა შორის და მრავალ სჯულად განწვალება და მწვალებელთაგან განყენება ერთა და აღრეულობა, ამანაც იწყო მოქმედება ამა წარმართთა შორის, და უქადაგა, რომელ მიცადა მოივლინების მარადის ღვთისაგან ანგელოსი გაბრიელ და მიიღოცა მან წინასწარმეტყველებისა მადლი. და რომელისაცა გონება აღორძინდა და უქადაგებდა ერთა უფრორე ხორცთა ამოვნებისა საქმეთა და ამასთანაცა იხმარა ადრითგან მანქანება, რომელ აღზარდა მან ხუნდი ტრედისა დად აჭმევდის მას ფეტვსა ყურთა შინა თვისთა შთათესილსა. და ოდეს ჯდის იგი ერთა შორის, იცნის მან ტრედმან და მოფრინდებოდის, შეაჯდებოდის მხართა ზედან და ყურთა შინა ჰკორტნიდის. და ოდეს განფრინდის ტრედი იგი, იტყოდის, რომელ: „სული წმინდა მოვიდა ჩემდა და მამცნო მე ქადაგებად ერთა შორის“. და ესრეთ დაჯერებულ ჰყო მან ერნი მრავალნი. და უკანასკნელ მოუწოდა თვის თანა მეგობარსა თვისსა, სერგის მონოზონსა, ნესტორიანსა, და ვარრის, სპარსსა ევტუქიანსა, და ვიეთთამე იუდიანთა, და ამათ ძველთა და ახალთა სჯულთაგან და სხვათა არიოზიანულთა წვალებათაგანცა და თვითცა დართვეს და შეკრიბეს და შეაწყვეს წიგნი „ალყურანად“ წოდებული სხვადასხვაგვარითა სიცრუითა, და ამას შინაცა მოიხსენეს, რომელ აბრამ იყო მამა ლაზარესი, და მღვთისმშობელი მარიამ - დაჲ მოსესი! - და მოიხსენა წიგნსა მას შინა შედგომილთა თვისთათვის ესგვარისა სამოთხისა ყოფა, რომელსა შინა დაემკვიდრებიან შემდგომად სიკვდილისა შედგომილნი მისნი, რომელსა შინა სდის ოთხი უკვე მდინარენი, ესე იგი: რძისა, თაფლისა, ღვინისა და წყლისა, და ამას შინა არიან პალატნი ფრთასაგან აღშენებულნი, ოქროთაგან დავარაყებულნი, ყოველთა გვართა ფრინველთაგან უტკბილესნი ხორცნი საჭმელად მათდა, და უმეტეს ფარშავანგებთა; ხილნი ყოველნი გვარნი, დიდროანთა ხეთა ქვეშე დაჩრდილულნი, შვენიერთა ქალებთა თანა განცხრომილნი, თვისსად საკუთრად ცოლებად წოდებულნი, და მათთანა ხორციელისა გულისთქმისა დამაცხრობელნი და ესეგვართა საჭმელთა, რომელნიცა აღძვრენ გულისთქმად. და ამა სოფელსა შინა ოთხი ცოლისა ყოლა და ხარჭთა, რაოდენთაცა შეეძლოთ შენახვა. და ამასთანავე დაუდო ათისა მცნებისა ნაცვლად შომდგომნი ესე: ა) ერთისა ღვთისა პატივისცემა. ბ) მშობელთა ღირსეულთა პატივისცემა. გ) რაჲცა შენ არა გინდეს, სხვათა შენისა სჯულისა კაცთა ნუ უყოფ. დ) დათქმულსა ჟამსა მეჩითსა შინა მიხვიდოდეთ. ე) ყოველ წლივ წელიწადში ორჯერ იმარხევდეთ: ერთს თვეს ორჯერა, რომელსა შინა დღე ნუ სვამთ წყალსა, ნუ მოსწევთ ყალიონსა და ნურარას სჭამთ, ხოლო ღამე ყოველსავე საჭმელს იხმევდეთ სახსნილოსა და ვის რა გნებავთ. აგრეთვე ათსა დღესა რამაზანს შეინახავდეთ და ორჯერ მსხვერპლს შესწირავდეთ. ვ) მოწყალებასა მისცემდეთ, ვინემდის გთხოვდეს გლახაკი. ზ) ცოლი გიყვარდეს ქორწილსა შინა და არა სხვის შეუღლებული. თ) არავინ მოკლათ უსამართლოთ. ი) გრწამდეთ მოსეს ხუთი წიგნი, „დავითნი“, „სახარება" და „ალყურანი" უმეტეს მათზედ. ღვთაებასა შინა იტყვიან ერთსა პირსა ღვთისა მამისასა, შემოქმედს სოფლისასა, ქრისტესა სულად ღვთისა იტყვიან და პირველ წინასწარმეტყველად და არა ღვთად, არცა ვნებულად და არცა აღდგომილად, არამედ ამაღლებულად. ხოლო სულსა წმინდასა განუყოფენ ოთხთა გვამთა, ღვთაებით გამზრახველსა მოსესადმი, დავით წინასწარმეტყველისადმი, ქრისტესადმი და მამადისადმი. ღვთისმშობელი სწამთ ქალწულად. სწამთ, რომელ ღმერთმან ამცნო მამადას, რათა მახვლითა მოაქციოს თვისად ერნი. ლოცვასა დღესა შინა ხუთგზის ილოცვენ: პირველ ილოცვენ „მამაო ჩვენოს“, ხოლო ან იტყვიან „სალავათსა“, გარნა ყოველთვის დაიბანენ ხელთა და სასირცხოთა ასოთა ლოცვისა წინა. ნათლისღებისა მაგიერ წინადასცვეთენ ჩვილთა, ზიარების წილ დალევენ წყლითა მიწასაა ქაბისასა, საფლავისაგან მამადას მოღებულისა, და აგრეთვე სჭამენ მსხვერპლსა შეწირულსა. მკვდრის დამარხვაზედ გასჭრიან მკვდარსა, გარეცხენ, და ეგრეთ ყურანის მკითხველნი მოლანი მიიტანენ საფლავად პირს უზმენ სამხრეთისაკენ და, ვინც მთლად წარუკითხავს ყურანსა მკვდარსა, იჭვი აღარა აქვთ წარწყმედისა. მოლათა კურთხევა არა აქვთ, ვინც ყურანს მთლად გარდიკითხავს, მათში ნაკურთხი იქნება. უკეთუ იძულებული იქნას ვინმე მამადიანი დატევებისათვის სჯულისა, შენდობა აქვს, დაუტევოს სჯული. ცოდვისა რასაცა იქმომენ ანუ არაწმინდებასა, ანუ სხვებ განიცდებიან, ანუ განიბანენ წყლითა ესრეთ, რომელ ორსვე ყურში თითები ჩაირჭონ, შევიდენ წყალში, მარჯვენე ფეხი სამხრეთისაკენ გაიშვირონ და წყალში ჩაიყურყუმელაონ, მაშინ განიბანებიან ცოდვისაგან. შეირთვენ მეორე ნათესავსა, ესე იგი ბიძაშვილსა, რძალსა, ოდეს ძმა მოუკვდეთ, სამნი ძმანი სამთა დათა თვითო-თვითოდ შეირთვენ. ქაბას წავლენ სალოცავად, უნდა პირველად ილოცონ იერუსალიმს, აგრეთვე სოლომონ ბრძნის საფლავზედ და მერე ქაბას მამადას საფლავზედ ილოცონ. გარნა პირველად კაცმან უნდა იხმაროს დედაკაცი და დედაკაცმა იშოვოს კაცი, და ისე ილოცონ, თორემ არარაჲ მადლი ექნებათ. და თუ ვერ იშოვეს, მაშინ კაცნი დედალს პირუტყვზედ გაიჭრიან ქებინსა და დედაკაცნი მამალზედ რაზედმე და, ესრეთ ქორწინებულნი, ილოცვენ და მერეთ იწოდებიან აჯაბად. ქრისტიანთა მოტყუება ფიცით არ არის მათთვის ცოდვა, არცა სხვისა სარწმუნოებისა. ქრისტიანეთა და სხვათა აკლება და დატყვევება მადლია მათთვის და ალალია ნაქონები მათი და ცოლ-შვილი, რომელ თითონ შეირთონ, რომელ ამითი უცხო მრავალი ჯარი მოინადირა მახმადმან. სწამთ აჯალი (რომელ არის წერა) და იტყვიან - თუ წერა არ არის კაცისაო, განსაცდელი და სიკვდილი ვერ უფლებს მას ზედაო. და ამითაცა მრავალი ხალხი მოინადირა მაჰმადმან. ე ლ ი ა ზ ა რ: ამ თათრებშიაც არის განყოფილება, ვითარცა ჩვენ და სომეხთა შორის? ი ო ა ნ ე: არის აღმოსავლეთისა მხრის თათარნი, ესე იგი სპარსნი, არიან მახმადიანნი, ყურანიცა სწამთ და შემდგომად მაჰმადისა მოადგილედ ალია. ამათა თუმცა სწამთ აჯალი, გარნა ბოროტი არა სწამთ, რომ ღვთისა მიერ იყოს. ესენი უარყოფენ ოსმანსა, ომარსა, აბუბაქარს და სხვათა, რომელიც სწამთ ოსმალთა. შემდგომ მამადისა წმინდად სპარსთა სწამთ კვალად ქალბალა, ჯაფარ, ასეინ, უსეინ, რომელ ამა ორთა დღესასწაულსაც გარდიხდიან რამდენსამე დღეს და მოწამედ რაცხვენ, ვითამ თავის მამამან დახოცა მამულის გულისათვის უსამართლოდ. და ამის გულისათვის თავებსაც დაისერვენ სამართებლით და მრავალს სისხლს იდენენ, იგლოვენ და იტირებენ. და ესენი იწოდებიან შეიდად, და მისთვის სძაგთ ერთმანეთი ოსმალთა და ყიზილბაშთა, და არც დამოყვრდებიან ერთმანეთში და მწვალებელს ეძახიან ერთიმეორესა. აგრეთვე ოსმალნი შემდგომად მამადისა იტყვიან მემკვიდრედ და წმინდათ ოსმანს, სწამთ ომარ, აბუბაქარ მეეთი და სხვანი. სწამთ ავიცა და კარგიცა ღვთის მიერ იქნებოდეს, და თუმც არ ნებავდეს, არ შეეძლოს კაცს ავის ქმნა. ესენი გმობენ ალიასა და ზემოხსენებულთა სპარსთა წმინდათა და ამისათვის არს მათ შორის განხეთქილება და იწოდებიან სუნად. არიან კვალად თათარნი, რომელთაცა სწამთ მამადა, გარნა ჩვეულება აქვთ სხვადასხვა. და ამათ შორის ხირაათანად წოდებულნი, რომელთა ჩვეულება მოუღიესთ, რომელ წელიწადში ერთხელ მოუათ ესე დღეობა. საღამოს დროს სოფელში მცხოვრებნი ანუ ქალაქში შეკრბებიან, კაცნი ერთს სახლში, ხოლო დედაკაცნი მეორე სახლში. და ღამე განიხდიან დედაკცნი მიფხავთა და შთაყრიან, სადაცა არიან მამაკაცნი შეყრილნი, ბნელაში. და მაშინ ყოველი კაცი აღიღებს თითოსა მიფხავსა დედაკაცისასა და ვისიც მიფხავია, იგი უნდა იხმაროს მან კაცმან. იმ ღამეს მრავალჯერ მოხდება წყეულთაგან თვისთა მშობელთა და დათა და შვილთა თანა ამა მიზეზითა აღრევადა სხვათა ცოლებთა თანა. მაშინ ზ უ რ ა ბ მ ა ნ: იოანე! რატომ ერთხელ არ დაესწრები მაგ დღეობაში, ეგების შენც გერგოს ვინმე! და განიცინეს ყოველთა. ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! შე ავო კაცო, რას ამბობ? ე ლ ი ა ზ ა რ: დია განუსვენე აზრსა ჩემსა. და კერპთმსახურნიც მრავალგვარნი არიან? ი ო ა ნ ე: მრავალგვარნი, და უფრო ინდოეთსა კიტაიასა შინა. ინდოეთს ცეცხლის თაყვანისმცემელნი, აგრეთვე წყლისა, რომელნიც ყოველდღე შევლენ წყალში და დგანან განთიადიდამ მზის ამოსვლამდინ და ევედრებიან. ოდეს მზე ამოვა, გამოვლენ ხმელად. არიან კვალად ჩამოსხმულთა სპილენძთაგან, კაცთა სახითა, მაიმუნთა, თხათა, და ესევითართა ზედან ილოცვენ, აგრეთვე ამერიკასა შინაცა. ქურთნი მზეს თაყვანისცემენ ყოველდღე და ესენიც მზგავსნი არიან კერპთაყვანისმცემელთა.

[მერე მიჰყვება ტრაქტატი სხვადასხვა სარწმუნოების შესახებ].

ზ უ რ ა ბ ა: ეგეცა კმარა ქადაგებად, თუ დაგიჯერა ვინმე, და ახლა ვახშამი ვჭამოთ! ი ო ა ნ ე: ზურაბ, ნასომხარი ხარ და მუცელი გძლევს ისევ! და გაეცინათ ყოველთა. და მოიღე ვახშამი. ამ დროს ერთი მორთული მანდილოსანი შემოვიდა, ყოველნი სხვანი ფალავანდისშვილები აღსდგნენ და სალამი მიართვეს. მაშინ ელიაზარმან აცნობა მეუღლეობა თვისი. იოანე წარდგა, სალამი მიართო და ჰრქვა: - მშვიდობა თქვენდა, ბრწყინვალავ თავადინავ! მან მადლი უბრძანა და დასხდენ. რა მცირეს საჭმელსა ხელჰყვეს, მაშინ იოანემ თქვა: - ბრწყინვალავ თავადინავ! თქვენც მიბრძანდებით ევროპიასა შინა? თ ა ვ ა დ ი ა ნ ა: არა, მამაო! ი ო ა ნ ე: ევროპიაში რადგან ჩვეულება არს დესპანთაგან თვისთა მეუღლეთა თანა წარყვანა, ამისათვის ვიკადნიერე. თ ა ვ ა დ ი ა ნ ა: ამისათვისაც ვწუხვარ, არათუ მეც წავიდე. ი ო ა ნ ე: ურთიერთარს სიმძიმე უნდა იტვირთოთ. თ ა ვ ა დ ი ა ნ ა: უჩემობას დაითმენს. ი ო ა ნ ე: მაშასადამე, ჩანს, სარწმუნო ბრძანდებით თქვენის მეუღლისა. თ ა ვ ა დ ი ა ნ ა: უეჭველად. ი ო ა ნ ე: ესე დიაღ კეთილი საქმეა და სჯულის დაცვაა. თ ა ვ ა დ ი ა ნ ა: აქ ასე ვიცნობ. ი ო ა ნ ე: ვაჲ თუ ეგ მცნება დაავიწყდეს, იქ დიაღ გრილი ქვეყანაა! თ ა ვ ა დ ი ა ნ ა: ვითარ? ი ო ა ნ ე: ასეთი ჰაერია მუნ, რომ გულს მალე გაუგრილებს კაცს. თ ა ვ ა დ ი ა ნ ა: კაცისაგან ყოველივე შესაძლებელ არს, მაგრამ ვსასოებ, კარგნი ამხანაგნი მიზდევენ და მცნებას არ დააკლებენ. ი ო ა ნ ე: გლეხური ანდაზაა: ცხენი ცხენთან დააბით, ან ზნეს გამოიცვლის, ან ფერსაო. თ ა ვ ა დ ი ა ნ ა: ფერისა რა მოგახსენო და ზნეობაში კი არა უჭირთ რა, ვიცნობ მათ. ი ო ა ნ ე: ზნეობითის ფილასოფიიდამ კი იციან ესე: „ჰქმენ იგი, რაჲცაღა სრულგყოფს შენ და მდგომარეობასა შენსა“. ამ სიტყვის ჰაზრისა და განმარტებისა კი რა მოგახსენო. თ ა ვ ა დ ი ა ნ ა: მაშა ესე უნდა იცოდნენ: ნუ იქმ მას, რაიცაღა შენ და მდგომარეობასა შენსა არა სრულჰყოფდეს. ი ო ა ნ ე: ჭეშმარიტად მომიგე, გაქებ გონიერებასა თქვენსა ამა მცნებისათვის მეუღლისა თქვენისა დასამარხველად. და მერეთ შესვა ღვინო იოანემ სადღეგრძელო მათი. და ესრეთ უბნობითა ამით დაასრულეს ვახშამი და წარვიდა იოანე თვისსა გამზადებულსა სადგომსა შინა.