1692 წ. - სითარხნის განახლების წიგნი ერეკლე I-ისა დავით-გარეჯისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი: Ad-89

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 85


ქ. ჩვენ იესიან-დავითიან-სოლომონიან-პანკრატიონმან მეფეთ-მეფემან და თვით ხელმწიფემან პატრონმან ჰერეკლემ, თანამეცხედრემან ჩვენმან დედოფალთ-დედოფალმან პატრონმან ანამ, პირმშომან და სასურველმან ძემან ჩვენმან პატრონმან იმამყულიმ და პატრონმან კონსტანტინემ მას ჟამსა, ოდეს მოიწივნენ უღმრთონი ლეკნი საფლავსა და მონასტერსა წმიდისა დავითისა, წმიდანი მღდელთ-მონაზონნი და კრებულნი მოსრეს და ყოველნი სახმარნი და ჭურჭელნი და სიგელნი მონასტრისნი იავარყუეს.

ძველთაგან მამა-პაპა ჩვენთაგან და ბედნიერთ ხელმწიფეთაგან დადებული სითარხნის და ლაშქარ-ნადირობისა და ყოვლისა საჩვენოს გამოსაღებისა და სამსახურისაგან და სამოურაოსაგანცა წმიდის დავითის ყმანი და მამული თარხანი და აზატნი იყუნენ და ყოფილიყუნენ.

რადგან სიგლები უღთოთა და ქრისტიანთ მტერთა ლეკთაგან წახდებოდა, წინამძღვარი მაჭუტაძე ონოფრე მოდგა კარსა დარბაზისა ჩვენისასა და დაგვეაჯა სიგლისა ამის გაახლებასა.

ჩუენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება მისი და გაუახლეთ სიგელი ესე და დაუმტკიცეთ საფლავსა და მონასტერსა წმინდისა დავითისასა, როგორათაცა ძველად თარხანი და აზატნი ყოფილიყუნენ მამულნი და ყმანი წმიდისა დავითისანი, არა საჩვენო გამოსაღები და ბეგარი, არა საური, არა ლაშქარ-ნადირობა, არა სამოურავო და სამოხელო არას ნივთისა სათხოვრისა და გამოსაღებისაგან წმინდის დავითის მამულსა, ყმასა არა ეთხოვებოდეს რა; თვინიერ თავის მონასტრის და წინამძღვრის სამსახურის მეტი ხელი არავის ქონდეს.

ჩუენცა ძველად ბედნიერთა ხელმწიფეთა პატრონთა მამა-პაპა ჩუენთაგან გარიგებული სითარხნე და აზატობა ასრე დაუმტკიცეთ და განვაახლეთ სიგლითა ამით ჩვენდა და ძეთა და ასულთა ჩუენთა სადღეგრძელოდ და კეთილად წარსამართებლად და ცოდვათა ჩუენთა შესანდობლათ.

და ერთი სიგელი კიდევ სრულ ერთობილთ კახთა დარბაზისერთა და ებისკოპოსთა დაედვათ და დაემტკიცებინათ, ჩუენცა დაუმტკიცეთ სიგლითა ამით.

დაიწერა სიგელი ესე ქორონიკონს ტპ (1692 წ.).

გვიანდელი დამტკიცებები:

  • ქ. ჩვენ, მეფეთ-მეფემან და თვით ხელმწიფემან პატრონმან იმამყულიხან ეს ბძანება ჩვენც ამ რიგათ დაგვიმტკიცებია და არავინ გვიბრძანებია მშლელად ამისად. მთიბათვის დამდეგს, ქორონიკონს ტჟვ (1708 წ. 3 ივნისი).


  • ქ. ჩვენ, კახეთის მპყრობელმან, ერევნის ბეგლარბეგმან და შამშადილ-ყაზახის მქონებელმან მეფემან კონსტანტინემ წიგნი და სიგელი ასე დავამტკიცეთ. რაგვარათაც კურთხეულის ხელმწიფების გარიგებული საფიცარი და სიგელი ესე იყო, ამვ წესით და რიგით ჩვენც ასე გაგვითავებია და დაგვიმტკიცებია. ქორონიკონს უია (1723 წ.).

პუბლიკაცია[edit]