1658-1662 წწ. - პირობის წიგნი ვამეყ დადიანისა კათალიკოს სვიმონ ჩხეტიძისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი დაკარგულია.

გვაქვს პირი:

თ. ქართველიშვილი: საბუთი ფაქტიბრივად იგივეა, რაც ვამეყ მეფისა და დადიანის შეწირულობის წიგნი, რომელიც ს. კაკაბაძემ გამოაქვეყნა დასავლეთ საქართველოს ისტორიულ საბუთების I წიგნში, გვ. 65-67. ეს საბუთი დათარიღებულია 1661, ანუ ქორონიკონი სამას ორმოცდაცხრა. განსხვავება მხოლოდ ერთია, სადაც ჩვენ საბუთში ბიჭვინტის და ხოფის ღმრთისმშობელი წერია, გამოქვეყნებულ საბუთში მხოლოდ ბიჭვინტის ღმრთისმშობელია მითითებული.

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


საბუთის დასაწყისში მიწერილი აქვს: დადიანი ვამეყ, მეფეთ-მეფე.

(ვრცელი საღვთისმეტყველო შესავლის შემდეგ)

... შენ, შვიდ ცათა უმაღლესო, ქერობინთა უზეშთაესო, ქრისტიანეთა სასოებავო და შესავედრებელო, ტკბილო და მოწყალეო, მეოჴო და ნუგეშინისმცემელო, ბიჭვინტისა და ჴოფისა ღმრთისმშობელო, ჩვენ ცვა-ფარვათა შენთა მინდობილმან და მსასოებელმან ძისა მეუფისა შენისამან, ჩვენ, ჴელმწიფემან მეფეთ-მეფემან დადიანმან პატრონმან ვამეყ და თანამეუღლემან ჩემმან, გურიელის ასულმან, დედოფალთ-დედოფალმან პატრონმან ელენემ და ძეთა ჩვენთა გიორგი და ბაგრატ, კადრეთ და მოგახსენეთ თქვენ ცათა მობაძავსა ბიჭვინტისა ღმრთისმშობელსა და ჴოფისა ღმრთისმშობელსა და მას შინა დადგინებულსა ქუთათელ კათალიკოზსა ჩხეტიძესა პატრონსა სვიმეონს ასე რომე საკათალიკოზო მამულები სადაც იყო, ყოველგან მამულები და საყდრები ვინგინდავის სახელოთ ქონდა საპატიოს კაცებს და აწ ბატონო კათალიკოზო თქვენ მოინდომეთ და დაგვეაჯენით და ჩვენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და გარდაგვიგდია საკათალიკოზო მამულზე და ალაგზედ ყოველგან მოურავი ჩუენს ბატონობა, ასე რომე ვერავინ ჩვენმა შემდგომან პატრონმან დადიანმან, ანუ დედოფალმან და კათალიკოზმან ბიჭვინტისა ღმრთისმშობელს და ჴოფისა ღმრთისმშობელისა ადგილზე და ალაგზედ თუ არა იმ ხატის ყმა, სხვა კაცი მოურავად არ დავსვათ და არცა ვის სახელოს მივსცეთ და არცა ვის ბიჭვინტისა და ხოფისა ღმრთისმშობლის მამული და ყმები ჩვენ საბოლოვოთ და საუკუნოდ არავის დავანებოთ, და ამას გარეთ სამართლიანიც ასეა და ძველთაგანაც ასე ყოფილიყო, რომ კათალიკოზის უკითხავად და უნებურად ეფისკოპოზობა არ გაცემულა და არც ჩვენგან დღეის ამას იქეთ თქვენდა უკითხავად და უვნებელად ჩვენ ეფისკოპოზი არ დავსვათ და არცა ეფისკოპოზობა გავცეთ, და ვინც ამის სასჯულოს საქმეზედ თქვენ წინა აღგიდგეს და გაუწყრეთ, ჩვენ სამართლიანის საქმით თქვენ მოგიდგეთ და სანამდის თქვენ შენდობა არ უბოძოთ და შეირიგოთ, მანამდის არც ჩვენ შევიწყნაროთ და როგორათაც მის დღეში ჩვენ სასახლეზე და საბატონოში სხვა კათალიკოზებს ჩვენგან და ამ სახლის ბატონისაგან პატივდებოდეს არც ის მოგიშალოთ და ჩვენც მწყალობელი და კარგნი კარგის მდომნი ვიყუნეთ თქვენთვის.

და აწ, ვინც და რამანც ძემან კაცისამან დიდმან, ანუ მცირემან, მეფემან, ანუ დადიანმან, ანუ დედოფალმან, ანუ კათალიკოზმან და ანუ ვინმე სხვამან ბატონმან ჩვენგან დადებული სიგელი და გარიგებული საქმე მოშალოს ბიჭვინტისა ღმრთისმშობლისა და ხოფისა ღმრთისმშობლისა და ამისად შლად და გამოხვად ხელყოს მასამც რისხავს თავათ დაუსაბამო ღმერთი, მხოლოდშობილი უფალი იესო ქრისტე, ძე ღმრთისმშობლისა და სული წმინდა, ცხოველსმყოფელი, მამისაგან გამოსრული. შე-მცა-ედების ძრწოლა კაენისა, შიშთვილი იუდასი, მეხისტეხა დიოსკორესი, სირცხვილი კარისკენტი და საბიანესი, დანთქმა დათან და აბირონისი, მასამც მოიწევის წყევლა მეასედ რვისა ფსალმუნისა, დამცა-ისჯების სული და ჴორცი მისი და ნურცა სინანულითა არს ხსნა სულისა მისისა. დამამტკიცებელნი ამისნი ღმერთმან აკურთხნეს და ბიჭვინტისა ღმრთისმშობელმან, და მომშლელნი ამისნი წყეულ, კრულ და შეჩვენებულყოს ხოფისა ღმრთისმშობელისაგან, ცათა შინა და ქვეყანასა ზედა.

დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ქრისტესსა სამას მეაჩვიდმეტესა.

საბუთის დათარიღება[edit]

თ. ქართველიშვილი: საბუთი თ ა რ ი ღ ი ა ნ ი ა , ქორონიკონი 317, არის 1629 წელი. ამ დროს ოდიშის მთავარია ლევან II დადიანი. ამდენად თარიღი არარეალურია. ვფიქრობთ, გადამწერის შეცდომა უნდა იყოს. ვამეყი ოდიშს მართავდა 1658-1662 წწ. და საბუთის თარიღიც, შესაბამისად, ამ წლებით განისაზღვრება.
2007 - პირთა ანოტირებული ლექსიკონი - ტომი IV - გვ.167 - საბუთს 1660 წლით ათარიღებს.

პუბლიკაცია[edit]